რა დაპირისპირებაა მოსალოდნელი სამინისტროსა და ფედერაციას შორის?!

2

სანამ ლევან ყიფიანი თავის ყოვლად სამარცხვინო ისტორიულ ფრაზას: „იქნებ, იმ 14 ათას მეჩირაღდნეს შორის საქართველოს მხარდამჭერიცაა?“ _ იტყოდა, ბევრი რამ თქვა და მოიმოქმედა ისეთი, რაც, ზოგადად, კარგად მიანიშნებს მის რჩეულ პოლიტიკურ ორბიტაზე. მაგალითად, სოჭის ოლიმპიადის შესაძლო ბოიკოტირების თემაზე დაწყებული განხილვების დროს სწორედ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ლამის დოქტრინად გამოაცხადა, _ საქართველო რუსეთს არ უნდა დაუპირისპირდეს, ამას მსოფლიოში არავინ აკეთებს და ჩვენ რატომ ავიტკიოთ აუტკივარი თავიო?

არაფერს ვიტყვით იმაზე, რამდენად სწორი ანალიტიკოსი აღმოჩნდა ლევან ყიფიანი, მაგრამ მის საჯარო გამოსვლებში ეს დამოკიდებულება ერთადერთი ლაფსუსი არ არის: სწორედ სოჭის თემის განხილვის დროს ამტკიცებდა მინისტრი, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ და სპორტთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას არ უნდა მივიღოთ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები.

ამ განცხადებიდან გადის სულ რამდენიმე თვე და მინისტრი ამბობს: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ბუდედ იქცა“, _ რასაკვირველია, მისთვის „მაესტროს“ ეთერში ნათქვამი ამ ფრაზის დროს არავის შეუხსენებია, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს და ეს მისივე სიტყვებია…

ცნობილი ამბავია, რომ ლევან ყიფიანს ზვიად სიჭინავა არ მოსდის თვალში. რასაკვირველია, მინისტრი ამ ანტიპათიის გამოვლენაში სულაც არაა მარტო _ სიჭინავა დიდად არ ეპიტნავებოდა ივანიშვილს, რასაკვირველია, ღარიბაშვილსაც და, ესე იგი, სრულიად მთავრობასაც.

ამის მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ ზვიად სიჭინავამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, როგორც ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზების შემდეგ იყარა კენჭი: ავი ენები იმასაც ამბობენ, რომ როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, სიჭინავას შესთავაზა, ვიცე-პრეზიდენტად ჩემს კაცს თუ ჩამისვამ, არანაირ პრობლემას არ შეგიქმნიო, თუმცა ამაზე სიჭინავამ უარი განაცხადა.

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, როგორ იცის წყენის გულში ჩახვევა ივანიშვილმა და სიჭინავას წინააღმდეგ ლაბირინთული სვლებიც დაიგეგმა. შემოწმებამ და ფინანსებში ქექვამ შედეგი ვერ გამოიღო და ანტიპიარიც სწორედ იმაზე აგორდა, რასაც მოსახლეობის `ნაციონალთმოძულე~ ნაწილი აიტაცებდა _ სიჭინავა სააკაშვილის სურვილით გახდა პრეზიდენტი, ის არაპროფესიონალია და ფეხბურთის არაფერი გაეგება, ის ღუპავს ქართულ ფეხბურთს, თორემ ყველაფერი ბევრად უკეთ იქნებოდა _ ასეთი იყო გზავნილები.

რატომ შეაჩერა თავის დროზე არჩევანი ზვიად სიჭინავაზე მიხეილ სააკაშვილმა? ზუგდიდში, სადაც სააკაშვილისა და სიჭინავას გაცნობა მოხდა, ამ ამბავს დაწვრილებით ყვებიან:

ზვიად სიჭინავა, უმეტესწილად, რუსეთში იყო და მშობლიურ ქალაქში იშვიათად ჩადიოდა. სამაგიეროდ, მის მიერ შერჩეული ერთგული ადამიანების მეშვეობით მან შექმნა საფეხბურთო გუნდი, შემდგომში კლუბი „ლაზიკა“. რაც მთავარია, მისი ინიციატივითა და უშუალო ზედამხედველობით ზუგდიდში აშენდა სუპერთანამედროვე საფეხბურთო ბაზა. ბაზა დიდი მოცულობის არ იყო, მაგრამ ორი ხელოვნურსაფარიანი მინდორი, სავარჯიშო მოედნები, სასტუმრო ოთახების კომპლექსი, საშხაპეები, დარბაზები, ბარი და, რაც მთავარია, სამაგალითო დისციპლინა და სისუფთავე ის იყო, რაც ამ ბაზას ქართული რეალობიდან გამოარჩევდა.

ერთხელაც, ზუგდიდში ჩასული პრეზიდენტი სააკაშვილი ამ ბაზაზე მოხვდა და, როგორც ამბობენ, პირი ღია დარჩა _ ასეთი ბაზა აქ თუ იყო, აქამდე როგორ არ ვიცოდიო? შეუმცდარი ალღოთი სააკაშვილი, ალბათ, იმასაც მიხვდა, რომ ამ ყველაფრის შემქმნელი და დამფინანსებელი გამოადგებოდა და ზვიად სიჭინავას გაცნობა მოინდომა, გაცნობიდან ცოტა ხანში კი ცნობილი გახდა, რომ სიჭინავას კანდიდატურა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე განიხილებოდა.

საბოლოოდ, ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2009 წლის 1-ლ ოქტომბერს გახდა. ამ დროისთვის ფედერაციას 20 მილიონზე მეტი გარე და თანამშრომელთათვის ორი წლის განმავლობაში გაუცემელი ხელფასების გამო, სოლიდური შიდა ვალი ერიცხებოდა. ხოლო ძველი პრეზიდენტი, საერთოდაც, გაქცეული იყო ქვეყნიდან…

როგორი გახდა ფედერაცია, სულ რაღაც, ორ წელიწადში, ყველამ დაინახა: ბიზნესიდან მოსული პირის სათავეში მოსვლამ გაამართლა, რადგან ბიზნესმენმა ფეხბურთს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს შეხედა, როგორც ბიზნესსაქმიანობას და მენეჯმენტის სწორად დაგეგმვის შემდეგ შედეგიც მიიღო.

თუმცა, რასაკვირველია, აწყობილი სისტემის გადაბარება „ქართულ ოცნებას“ მოუნდა. საინტერესოა, რომ ფეხბურთისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა არ გაზრდილა და 7 მილიონი დარჩა, ეს მაშინ, როცა ჭადრაკის ფედერაციის ბიუჯეტი 32 მილიონით განისაზღვრა და არანაკლებ სოლიდურია რაგბის ფედერაციის ბიუჯეტი…

ლევან ყიფიანსა და ზვიად სიჭინავას შორის პირველი „სპარინგი“ სიჭინავამ, ჯერ კიდევ, 2012 წლის ნოემბერში გაახმიანა: მაშინ ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლევან ყიფიანთან ერთსაათიანი შეხვედრის დროს ამ უკანასკნელმა მას „საკუთარ სულსა და სინდისში ჩახედვა“ და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა ურჩია.

„ჩავიხედე ჩემს სინდისშიც და სულშიც, ვერაფერი დავინახე ცუდი, რადგან მე ვარ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ამიტომაც ვრჩები თანამდებობაზე“, _ თქვა მაშინ ზვიად სიჭინავამ, დღეს კი ამატებს:

„მე არ მოვსულვარ ამ თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობიდან“, ან რომელიმე სხვა პარტიიდან, იმ უბრალო მიზეზით, რომ არ ვარ და არც ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. დიახ, მე მყავს მეგობრები „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე, „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ არასდროს განმისხვავებია და დამიხარისხებია ისინი იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან“.

„ქრონიკა+“-ის კითხვაზე, _ აპირებს თუ არა სიჭინავა, ხელახლა იყაროს კენჭი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, ის ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ლევან ყიფიანი თავიდანვე უარყოფდა და ახლაც უარყოფს ფედერაციაზე ზეწოლის ფაქტს. 2012 წლის ნოემბრის შეხვედრასთან დაკავშირებით მან დაადასტურა, რომ სიჭინავას მართლაც შეხვდა, თუმცა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა კი არ მოუთხოვია, არამედ შესთავაზა, ისევე როგორც სხვა ფედერაციებს.

საბოლოოდ, ფეხბურთის ფედერაციაზე აშკარა ზეწოლა ვერ გამოვიდა _ ის დამოუკიდებელი სუბიექტია, არის უეფას და ფიფას წევრი, ეს ორგანიზაციები კი საკმაოდ სენსიტიურები არიან სახელმწიფოს მხრიდან ფედერაციების საქმიანობაში ჩარევის მიმართ.

ამ ბოლო დროს ყიფიანისა და სიჭინავას უწყებების მხრიდან დაპირისპირების ახალ საგნად იქცა საპრეზიდენტო არჩევნების თემა, რომელიც წელს უნდა ჩატარდეს ფედერაციაში. ძაღლის თავი სწორედ იქაა დამარხული, რომ არჩევნების თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა და ფედერაციის წესდების მიხედვით, არც არანაირი ვალდებულება არ არსებობს თარიღის მხრივ, ანუ კონკრეტული თვე მითითებული არ არის. სავარაუდოდ, პრეზიდენტის არჩევნები მას შემდეგ დაინიშნება, რაც თბილისში სუპერთასის ფინალი ჩატარდება. ეს პოლიტიკური გათვლაცაა: სუპერთასის ფინალის თბილისში ჩატარება ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელების დამსახურებაა და ისინი არ მისცემენ საშუალებას ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავად მიიწერონ ეს დამსახურება (რისი მაგალითებიც უხვად გვაქვს, როცა პრემიერი ზოგჯერ წინა ხელისუფლების დროს დასრულებულ მშენებლობებს თამამად მიიწერს ხოლმე).

„ამაზე წელიწადი და შვიდი თვე ვმუშაობდით უეფასთან და ბოლოს გარჯა დაგვიფასდა“, _ აღნიშნავდა უეფას გადაწყვეტილების შემდეგ ზვიად სიჭინავა, თუმცა, მოქმედი ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებაში არათუ ფედერაციის როლის ხსენებას, საერთოდ, იმის აღნიშვნასაც კი გაურბის, რომ სუპერთასის ფინალი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ჩატარდება. მაგალითად, ეს მოვლენა ვერ მოხვდა 2015 წელს მოსალოდნელ მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორის ვერც პრემიერ-მინისტრისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც სპორტის მინისტრის წინასაახალწლო მოხსენებებში…

არადა, ევროპის სუპერთასის ფინალი სულაც არაა მცირე მონაპოვარი. რასაკვირველია, ევროპისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, სად ჩატარდება ის, მაგრამ ფაქტია, რომ უეფამ საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ თავად თამაშის (ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან) გარდა, იმართება უეფას გალა საღამო, რომელზეც ევროტურნირების საუკეთესო ფეხბურთელები ჯილდოვდებიან. ამ გალა საღამოზე ევროპული ფეხბურთის ელიტა იკრიბება. გარდა ამისა, სუპერთასის მონაწილე გუნდები თბილისში თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოდიან და, სავარაუდოდ, საფეხბურთო სკოლებში მასტერკლასებსაც გამართავენ.

მოკლედ, დაპირისპირების ახალი ტალღა არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის ჯერაც წინაა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ საქმეში უკვე დეპუტატებიც ჩაერთნენ უმრავლესობიდან: საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, დავით ლორთქიფანიძის თქმით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა, ფედერაციის წესდებას არღვევს. დეპუტატი ამტკიცებს, რომ სიჭინავას 2015 წლის 22 იანვარს პრეზიდენტად ყოფნის 4 წლის ვადა ეწურება, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნას კი ოქტომბერ-ნოემბერში გეგმავს.

დეპუტატს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობით მეტი დაინტერესება და ფეხბურთის ფედერაციისთვის თავის განებება ურჩია ზვიად სიჭინავამ:

„2009 წლის 1-ლ ოქტომბერს ჩატარდა ვადამდელი არჩევნები და არჩეულ იქნა სფფ-ს პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილების ვადა ასევე 4 წლით განისაზღვრებოდა. თუმცა მიუხედავად ამისა, შემდგომი არჩევნები 2011 წლის 22 იანვარს ჩატარდა და საპრეზიდენტო ვადა, ფაქტობრივად, განახევრდა.

ფეხბურთის ფედერაციის წესდების თანახმად, ფედერაციის პრეზიდენტი არჩეულია ფედერაციის სუბიექტების მიერ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომლის საქმიანობას განსაზღვრავს ყრილობა და არჩევნების საკითხს, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევნებს, ხოლო არჩევანის გაკეთების უფლებამოსილება აქვს ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტებს და მხოლოდ ისინი ფლობენ ლეგიტიმურ უფლებას, ისაუბრონ არჩევნებზე, წესდებაზე, მართვაზე და სხვა საკითხებზე, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდებით არის განსაზღვრული.

არჩევნები ჩატარდება ფეხბურთის ფედერაციის წესდების სრული დაცვით, ხოლო თუ დეპუტატი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა არღვევს კანონს, ამისთვის არსებობენ შესაბამისი სტრუქტურები და დეპუტატს შეუძლია, მათ მიმართოს“, _ ამბობს სიჭინავა.

დაბოლოს, კიდევ ერთი დეტალი, რომელიც კარგად წარმოაჩენს ყიფიანი-სიჭინავას დაპირისპირების სიმძაფრეს და გასაგებს ხდის, რატომ ეჩხირება თვალში მინისტრს ფედერაციის პრეზიდენტი:

თავის დროზე ლევან ყიფიანმა მთავრობის სხდომაზე ზვიად სიჭინავას უთხრა, _ სტადიონს ვაკეთებ მილიონ ნახევრად წყალტუბოშიო, რაზეც სიჭინავამ უპასუხა, _ მაგის ნახევარი მომეცი და მე გავაკეთებ, კარგ ფულს შოულობ შენ, ხო იციო…

 

                                                                                               დოროთე გითოლენდია