ოთარ გამყრელიძე: „ამათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჰგონიათ!“

ot

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს, უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს უჩერდება. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თავმჯდომარის კანდიდატურას პრეზიდენტი არჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს უგზავნის. კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი დარჩა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი არ ჩქარობს პირველი მოსამართლის კანდიდატურის დასახელებას, რომელიც ამ პოსტს 10 წლით ჩაიბარებს.

პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებით, არც კონსტიტუციით და არც მოქმედი კანონმდებლობით, არ აქვს ვალდებულება, კონსულტაციები აწარმოოს. მიუხედავად ამისა, მან ღია კონსულტაციებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობას, არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს კონსულტაციებში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს დაეხმარება საუკეთესო კანდიდატის დასახელებაში, თუმცა გადაწყვეტილების სირთულე პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას დააწვება.

რა ნიშნით უნდა შეარჩიოს პრეზიდენტმა კუბლაშვილის შემცვლელი, რომ სასამართლო ხელისუფლება კვლავ არ მოექცეს ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ? ვინ უნდა ეხმარებოდეს პრეზიდენტს პირველი მოსამართლის სწორად შერჩევაში?

ამ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე:

_ ძალიან რთულია, საქართველოში შეარჩიო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა. აქ ყველა ცდილობს, როგორმე თავისი ახლობელი გაიყვანოს! პრეზიდენტმა უნდა შექმნას რაღაც ორგანო, პროფესიონალი იურისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს. პრესაში ამაზე ვერ ვიმსჯელებთ, ვერც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ყველას თავისი მოსაზრება აქვს, ეს საქართველოა და ასე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ გახლავთ. არ არის საზოგადოების განსახილველი საკითხი, ეს უფრო ვიწრო წრემ უნდა გააკეთოს, საქმეში კარგად ჩახედულმა ადამიანებმა. საზოგადოებამ რა იცის? კაცს, რომელსაც სასამართლოსთან საქმე არ აქვს, თუნდაც პროფესორი იყოს, იმან რა უნდა უკარნახოს? აქ მარტო სამართლის ცოდნა არ არის, არამედ, პრინციპულობა! ეს კიდევ ისეთი საკითხია, შეიძლება ამ პრინციპების დაცვას ყველამ ვერ გაუძლოს! საქართველო სამართლებრივად განვითარებული ქვეყანა ვერ არის, ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, ეს ძალიან რთული საკითხია!

_ კულუარულად სახელდება რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დღეს აქტიურ პოლიტიკაში მოღვაწეობენ. მაგალითად, საუბარია თინა ხიდაშელზე, ეკა ბესელიაზე, ირინა იმერლიშვილზე, ზაქარია ქუცნაშვილზე… თქვენი აზრით, ამ პოსტზე მისაღებია თუ არა პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანი და შეძლებს თუ არა ის ზეგავლენებისგან განთავისუფლებას?

_ წესით და რიგით, პოლიტიკასთან სასამართლოს კავშირი არ უნდა ჰქონდეს. არსებობს თვითონ სასამართლო პოლიტიკა, მაგალითად, სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს, როგორ დავსაჯოთ დამნაშავე და რა გზა ავირჩიოთ? არ შეიძლება, სასამართლო წარმოადგენდეს ადამიანთა რომელიმე ჯგუფის ინტერესებს. სასამართლო უნდა იყოს ყველას, მთელი საზოგადოების ინტერესში. სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს არა ჯგუფურ ინტერესს, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესს. ამიტომ ერთადერთი შტო სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა არის სასამართლო, რომელიც ყველას ემსახურება და, შესაბამისად, სამართლიანობის პრინციპს. არ შეიძლება, მოსამართლე იყოს პარტიული. ის ადამიანები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, რომ წამოსულიყვნენ პოლიტიკიდან დიდი ხნის წინათ და ამ სფეროში აღარ მოღვაწეობდნენ, სხვა საკითხია, მაგრამ ახლა ამთავრებენ ისინი პოლიტიკაში ყოფნას იმიტომ, რომ სასამართლოში გადადიან. მათი კანდიდატურები თუნდაც ამის გამოა მიუღებელი!

_ საუბარია ასევე მერაბ ტურავაზე, ლადო ჭანტურიას კანდიდატურა განიხილება ძალიან აქტიურად…

_ მიმაჩნია, რომ ჭანტურიაც შეიძლება და ტურავაც. ჭანტურია საკუთარი ნებით გადადგა 2004 წელს. აიძულეს! უზენაეს სასამართლოში ვესწრებოდი მისი გადადგომის ცერემონიალს, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო. ჭანტურიამ პირდაპირ განაცხადა, _ დავიღალე ამდენი დუმილითო! რამდენჯერმე გაიმეორა. ეს იმას ნიშნავდა, _ მავიწროებენ და მთხოვენ, ასე გადავწყვიტო საქმეო, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. პრეზიდენტს არაფერი უთქვამს. რაც შეეხება ტურავას, ის გადააყენეს, ბრალდებები წარუდგინეს დისციპლინური წესით. იქ ვიყავი და ვესწრებოდი, რაც ხდებოდა 2005 წელს. თუმცა ტურავას კანდიდატურა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, პარლამენტში ვერ გავიდა. ამ პარლამენტშიც ვინ ვინ არის, ვერ გაიგებ! პარტიული კუთხით უდგებიან, სამართლებრივი კუთხით კი არა! ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო! ერთი თვე დარჩა და კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება. ცოტაა დრო, მაგრამ ამ პერიოდშიც შეიძლება შემუშავდეს საღი აზრი. ისეთი კაციც რომ შევარჩიოთ, რომელიც 100%-იანი სამართლიანია, მაინც გაუჭირდება მას საქართველოში მუშაობა და სრულად შეიძლება ვერ გაართვას თავი! ამაში იმას ვგულისხმობ, რომ თვითონ ხომ არ იხილავს ყველა საქმეს, მას არ აქვს უფლება, უთხრას მოსამართლეს, როგორ გადაწყვიტოს საქმე. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორის მიმართვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისადმი: რამდენჯერმე მოგმართეთ ჩემს საქმეზე, უთხარით მოსამართლეს, მართალი ვარ და სწორად გადაწყვიტოს საქმეო! პრესითვე გამოვედი და ვუპასუხე, _ რა უფლება გაქვთ, ასე მიმართოთ სასამართლოს თავმჯდომარეს, იგივე უფლება ხომ თქვენს მოწინააღმდეგესაც აქვს-მეთქი? როდესაც არ იცის პროფესორმა, რომ არავის აქვს უფლება, მოსამართლეს მიუთითოს, როგორ გადაწყვიტოს საქმე, იმ ქვეყანაში რა სამართალი უნდა იყოს? მე რა უნდა მოვთხოვო უბრალო კაცს? თქვენ იტყვით, პროფესორი ხომ არ არის იურისტიო? მე, მაგალითად, არ ვარ ენათმეცნიერი, მაგრამ ენა იმდენად ვიცი, როგორ დავწერო ტექსტი. ასევე უნდა იცოდეს პროფესორმაც იმდენი სამართალი, რომ ასეთი სისულელე არ თქვას. მე ამით ის მინდა ვთქვა, რა ძნელია საქართველოში მოსამართლეობა! ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე გავლენები კიდევ რისი ბრალია, იცით? _ მოსახლეობის დაბალი ფენების დაბალი განათლების! სამართლებრივი ცხოვრება რომ განუვითარებელია და დაბალი დონეა, ამ ხალხიდან გადის მერე ის ხელისუფლებაში და ჰგონია, რომ ასე უნდა იყოს! ამათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჰგონიათ, რომ შეხვალ და რასაც გინდა, ეტყვი! სულ სხვა სფეროა სამართალი, არ შეიძლება, ვინმემ მიკარნახოს, როგორ გადავწყვიტო საქმე, ამაზე მხოლოდ მხარეებმა უნდა იდავონ! არ შეიძლება, განათლებულმა საზოგადოებამ არ იცოდეს იმდენი სამართალი, რომ მოსამართლისთვის დაუშვებელია ამის კარნახი, თუ როგორ მოიქცეს! ასარჩევია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, შემდეგ უამრავი მოსამართლე! ისეთი ადამიანი იპოვო, ღრმა პროფესიონალური ცოდნა ჰქონდეს, ასე ადვილი არ არის! პიროვნული თვალსაზრისით უნდა იყოს ღირსეული! მიუკერძოებელი! მტკიცე ხასიათი უნდა ჰქონდეს! საქართველოში ძალიან ძნელია, ასეთი ხალხის მოძებნა! ისტორიას რომ გადავხედოთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ასე ადვილი არ არის ამის გაკეთება! ამას სჭირდება წლები, რომ ადამიანები იზრდებოდნენ მოსამართლეებად! როდესაც ადამიანმა არ იცის, რომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს საქმე და არა სხვისი კარნახით, იმ საზოგადოებაში რა სიმტკიცეზეა ლაპარაკი?! ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ სამართლებრივად _ ჩამორჩენილები!

_ რა არის საჭირო, რომ საზოგადოებაში სამართლებრივი განათლება შევიდეს?

_ სამწუხარო ფაქტია: საბჭოთა პერიოდში, სტალინის სიცოცხლეში, სამართალს უარყოფდნენ. იყო იდეა _ სამართალი კვდება; გადავდივართ კომუნიზმში, როცა სამართალი საჭირო აღარ იქნება. იცით, ამან საზოგადოებაზე როგორი ზეგავლენა მოახდინა?! _ დასცა ჩვენი აზროვნება და გადაეცა თაობებს, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ საშუალო სკოლებშიც კი შემოიღეს სამართლის სწავლება. ლექციებს ვკითხულობდი უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, იყო ასეთი იდეა _ ვინც აპირებდა სამართლებრივ საკითხებზე მუშაობას, გარკვეული უნდა ყოფილიყო სამართალში. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო ეს, მერე წაიშალა, ახლა არავის აინტერესებს! ხელისუფლებაშიც კი არ იციან სამართლის მნიშვნელობა! ამაზე ბევრი ვიმუშავე და გამოკვლეული მაქვს ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძის შეხედულებები. ჩვენი საზოგადოება სამართლებრივად ჩამორჩენილია და საკუთარი თავის მეტი არაფერი აინტერესებს! აუცილებელია, სამართლებრივი განათლება შევიდეს სკოლებში, უნივერსიტეტებში… თუ ფიზიკას ვასწავლით საშუალო სკოლაში, რატომ არ ვასწავლით სამართალს? იურისტი ვარ, ფიზიკა და ქიმია საერთოდ არ მჭირდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე მჭირდება სამართლის ცოდნა! ამას არ ვასწავლით! აი, ეს არის ჩვენი ნაკლი და ეს ყველა სფეროში შეიმჩნევა, ამას სამართლებრივი ნიჰილიზმი ჰქვია, ანუ სამართლის არაფრად ჩაგდება! შეიძლება ამას ხელისუფლება შეგნებულად არ აკეთებს, მაგრამ არც ის აქვთ შეგნებული, რომ ეს გასაკეთებელია!

 

                                                                                         თამარ ბატიაშვილი