რატომ იჭერდნენ ლექსო თამაზაშვილს?

41

თვითმხილველები ამბობენ, რომ მას პარიზში ქუჩაში ხშირად ნახავთ „რუგზაკით“.

არ უყვარს დაცვით სიარული და ფუფუნების საგნებით „მარიაჟი“. არ აწუხებს მილიარდერის შვილის კომპლექსები ძალიან ბევრ დროს უთმობს სწავლას და წიგნებს.

ის ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი _ უტა ივანიშვილია. მამისთვის მის აზრს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს, საქართველოდან წასვლა მამას სწორედ უფროსმა შვილმა გადააფიქრებინა, _ თუ მამა პოლიტიკაში ჩარევაზე უარს იტყოდა, მაშინ ის დამოუკიდებლად აპირებდა ამ ნაბიჯების გადადგმას:

„მართალია, მე იმ შედეგებს ვერ მივაღწევდი, რასაც მამა აკეთებს, მაგრამ მე ჩემი ქვეყნისთვის რაც შემეძლება, იმას აუცილებლად გავაკეთებ, მამაჩემი უკან არ დაიხევს, ეს გამორიცხულია. ჩვენ რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. თუ საჭირო გახდება, პოლიტიკაში ყველა ფორმით ჩავერთვები და ყველა ფორმით დავეხმარები ჩემს ქვეყანას“, _ აცხადებდა უტა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

მას პოლიტიკაში ჩართვა აღარ მოუხდა, ისევე როგორც, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ბერასგან განსხვავებით, არ ერევა საკადრო გადაწყვეტილებებში.

კულუარებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უტა ივანიშვილის მეგობარი, მამუკა ბახტაძე შეცვლის და მას მამასთან რეკომენდაცია სწორედ უტა ივანიშვილმა გაუწია.

მამუკა ბახტაძე საქართველოს რკინიგზის დირექტორია და ამ თანამდებობაზე დანიშვნისას პრემიერის მაშინდელი მრჩევლის, გია ხუხაშვილის კანდიდატურად მოიაზრებოდა. იგი ამ თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა.

მამუკა ბახტაძე საკმაოდ ახალგაზრდაა. 1982 წელს დაიბადა თბილისში, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები. შემდეგ მის ბიოგრაფიაში რუსული კვალი ჩნდება _ ის ფლობს მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს,

2010 წელს INSEAD -ის ბიზნესსკოლაში მიენიჭა MBA -ს კვალიფიკაცია. სწორედ ამ დროს გაიცნეს ერთმანეთი უტა ივანიშვილმა და მამუკა ბახტაძემ. ბახტაძე 2013 წლამდე მუშაობდა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნული კომპანია დავით ბეჟუაშვილის „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შედიოდა“. სწორედ ამიტომ მამუკა ბახტაძე, დავით ბეჟუაშვილის კადრად მოიაზრება. მცირე ხნის განმავლობაში ბახტაძე  „ცენტრპოინტ ჯგუფშიც“ მუშაობდა. „საქართველოს რკინიგზა“ მისი მესამე სამსახურია, მეოთხე სამსახური კი, შეიძლება, პრემიერ-მინისტრის პოზიცია გახდეს. მამუკა ბახტაძის გაპრემიერებაზე ბიძინა ივანიშვილი პოსტიდან წასვლის შემდეგაც ფიქრობდა. „თქვენ კარგად მიკარნახეთ, კარგი ბიჭია მამუკა ბახტაძე. სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს“, _ განუცხადა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, მაგრამ პოსტიდან წასვლის წინ არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილზე შეაჩერა, რადგან, ჯერ კიდევ, შვილივით უყვარდა ამჟამინდელი პრემიერი და ვერც კი წარმოედგინა, რა მადა შეიძლებოდა აღმოჩენოდათ პირველი ლედის ნათესავებს…

„ქრონიკა+“ ლამის ერთადერთი მედიაგამოცემა იყო, რომელიც პრემიერის სიმამრისა და პირველი ლედის მამიდაშვილის გაზრდილ მადასა და ბიზნესინტერესებზე სისტემატურად წერდა, ამიტომ დეტალებზე ამჯერად აღარ შევჩერდებით. პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს სისტემატურად მიდიოდა ხმები მათი საქმიანობის შესახებ, რამდენჯერმე განსაკუთრებით სერიოზულად განაწყენებულა პრემიერის სიმამრზე, თამაზ თამაზაშვილზე და უთქვამს კიდეც, _ დამიღუპავს ეგ მე ამ ჩემს შვილივით გაზრდილ ბიჭსო. რამდენჯერმე ირაკლი ღარიბაშვილი პირადადაც დაუბარებია და უმკაცრესად გაუფრთხილებია, _ შენი სიმამრი გააჩერე, თორემ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებაო. სამწუხაროდ, პრემიერის ცოლის ნათესავებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკუთარი ფინანსური კეთილდღეობა და ბიზნესწილები აღმოჩნდა, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური კარიერა.

ბიძინა ივანიშვილისთვის კი ბოლო წვეთი ის ინფორმაცია და ჩანაწერი ყოფილა, რომელიც მას, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ნიკუშა შენგელაიამ მიუტანა, იგივე ინფორმაცია ყოფილ პრემიერს ჭუტა წერეთლისგანაც მიუღია.

საქმე ეხება ბიზნესმენ თემურ უგულავას და „აჭარაბეთის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს:

ბიზნესმენი თემურ უგულავა მდიდარი ქართველების ხუთეულში შედის. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ქონება 60 000 000 დოლარს შეადგენს. იგი იყო კაზინო „აჭარის“ მფლობელი. მის საკუთრებაშია სასტუმროების ქსელი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

კაზინო „აჭარას“ პირველი პრობლემები 2013 წელს შეექმნა, როცა ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრმა, ივა ჩიღვინაძემ, ოფიციალური განცხადება გააკეთა და თემურ უგულავას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა. მაშინ ჩიღვინაძე აცხადებდა, რომ კაზინო „აჭარის“ წილი იძულებით მას შემდეგ დაათმობინეს, რაც „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი გახდა და სააკაშვილის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა. ჩიღვინაძის ამ განცხადებას მაშინ თემურ უგულავა გამოეხმაურა და მას  ამაზრზენი ტყუილი უწოდა.

კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება თემურ უგულავას ფულის გადახდას სთხოვდა, უგულავა კი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობდა. როგორც ჩანს, გავრცელებული ხმები სიმართლესთან ახლოს იყო, რადგან ჩიღვინაძის განცხადებას იმ ეტაპზე მხოლოდ კაზინო „აჭარის“ ქონების დაყადაღება მოყვა და დაკავებით არავინ დაუკავებიათ.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც თემურ უგულავასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები არ შედგა, 2014 წლის ნოემბერში ონლაინ კაზინო „აჭარაბეთში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ეს ინფორმაცია გასული წლის 18 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახურის უფროსმა, გიორგი გრძელიშვილმაც დაადასტურა. მისივე თქმით, გამოძიება 218-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გადასახადებისგან თავის არიდებას ითვალისწინებს. პირველადი ინფორმაციით, „აჭარაბეთს“ ბიუჯეტის სასარგებლოდ 80 მილიონი ლარის გადახდა მოუწევდა. მოგვიანებით თანხის რაოდენობა გაორმაგდა და ამ ციფრმა 150 მილიონი ლარი შეადგინა.

აი, სწორედ აქ იწყება ისტორია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი წყობიდან გამოიყვანა, რადგან ორი დამოუკიდებელი წყაროდან ერთი და იგივე ინფორმაცია მიიღო.

თემურ უგულავასთან არაოფიციალური მოლაპარაკებები, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ზვიად ჯანყარაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმას, პარლამენტარ ლექსო თამაზაშვილს დაუწყიათ.

პირველსავე შეხვედრაზე თემურ უგულავასთვის ზვიად ჯანყარაშვილს უთქვამს, _ თუ გინდა, ფინანსურ პოლიციას და დარიცხულ 150 მილიონს თავი დააღწიო, მოვილაპარაკოთო. _ რაზე მოვილაპარაკოთო? _ დაუკონკრეტებია თემურ უგულავას. _ დარიცხული ჯარიმის ნახევარი, 75 მილიონი, არაოფიციალურად გადაიხადე და ფინანსური პოლიცია შემოწმებას შეაჩერებსო. ჯანყარაშვილის შეთავაზებაზე უგულავას გასცინებია, _ სასამართლოში მაქვს გასაჩივრებული დარიცხული ჯარიმა და საერთოდ არ ვაპირებ არაფრის გადახდასო! რაზეც, ამჯერად, უკვე ლექსო თამაზაშვილს უპასუხია, _ ყ…ზე გვკიდია შენი გასაჩივრებაც და სასამართლოც, გადაიხადე ნახევარი და პრობლემებიც მოგიგვარდებაო! როგორც ჩანს, თემურ უგულავა იმაზე უფრო ფრთხილი აღმოჩნდა, ვიდრე ჯანყარაშვილს წარმოედგინა. მას კონკრეტიკა მოუთხოვია, _ შენ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ხარ, თანამდებობით გარანტიების მოცემა არ შეგიძლია, დარიცხული ჯარიმის ნახევარი რომ გადავიხადო, ისიც არაოფიციალურად, რა გარანტია მაქვს, რომ ფინანსურ პოლიციაში პრობლემები მომიგვარდება და თანხა აღარ დამერიცხებაო?

პრემიერის ცოლის ნათესავებმა აქ დაუშვეს საბედისწერო შეცდომა _ „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მათ თემურ უგულავას უთხრეს, _ ხომ არ დაგავიწყდა, ვისი ნათესავები ვართ, გარანტი სწორედ პრემიერ-მინისტრია, რომელიც საქმის კურსშია და რა პირობასაც გეუბნებით, ის პირობა აუცილებლად შესრულებული იქნებაო.

როგორც ჩანს, თემურ უგულავა არც ღარიბაშვილის ცოლის ნათესავებს ენდობოდა და არც ვაჭრობის გამართვას აპირებდა, არც ფულს აიხევდა კახელებისგან და ჯარიმების ანულირებისთვის ბრძოლას სწორედ სასამართლოში აპირებდა. ის ბევრად უფრო ჭკვიანი და ფრთხილი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი ლედის მამიდაშვილს წარმოედგინა. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში მათი შეხვედრის და საუბრის ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში ნიკუშა შენგელაიამ მიუტანა, რომელიც თემურ უგულავას უახლოესი მეგობარია. იგივე ინფორმაცია ყოფილი პრემიერისთვის ჭუტა წერეთელსაც დაუდასტურებია. იმის მიუხედავად, რომ თემურ უგულავა სააკაშვილის ბიზნესმენთა და დამფინანსებელთა სიაშია, ბიძინა ივანიშვილი მისი გაწეწვის ამ ფორმას წყობიდან გამოუყვანია. იმავე წამს შუშის სასახლეში შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი დაუბარებია. ამ შეხვედრისა და „რაზბორკის“ თაობაზე მედია უკვე წერდა. ყოფილ პრემიერს მოქმედი პრემიერისთვის და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ლექსო თამაზაშვილის დაუყოვნებლივ დაჭერა მოუთხოვია, რადგან უგულავასთან საუბარში ყველაზე ხშირად მოქმედი პრემიერის სახელით გარანტიებს, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით,  სწორედ თამაზაშვილი გასცემდა. „უმადურობასაც აქვს საზღვარი, ირაკლი, ეს ლაწირაკი, რომელიც დეპუტატი არაფრისგან გავხადეთ, რას ბედავს შენი სახელითო?! _ უთქვამს ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილისთვის.  მოქმედი პრემიერი ყოფილს ფეხებში ჩავარდნია, _ იქნებ, ეს ამბავი არ გახმაურდეს და ამის შემდეგ ჩემი ცოლის ნათესავებს პირადად მივხედავო. ირაკლი ღარიბაშვილი დიდხანს უმტკიცებდა ბიძინა ივანიშვილს, ჯანყარაშვილისა და თამაზაშვილის ქმედებების შესახებ არაფერი ვიცოდიო, მაგრამ ივანიშვილი არც ისე გულუბრყვილოა, რომ ღარიბაშვილის ეს ფიცი-მტკიცი დაეჯერებინაო“, _ უყვება „ქრონიკა+“-ს სახელისუფლებო წყარო. ეს შემთხვევა ყოფილა ბოლო წვეთი, სწორედ ამ ფაქტის მერე მიუღია ბიძინა ივანიშვილს თანამდებობიდან ყველა იმ პირის გადაყენების გადაწყვეტილება, რომელიც ზვიად ჯანყარაშვილის სახელთან პირდაპირ თუ ირიბად იყო დაკავშირებული. პრემიერის ცოლის ძმას კი „პრავები“ ჩამორთმევია, სადღესასწაულო მილოცვების გარდა, „ფეისბუქზე“ პოსტების წერაც კი აკრძალვია.

ყოფილი პრემიერი არა მხოლოდ ძალიან გაბრაზებული, არამედ ძალიან გულდაწყვეტილიც ყოფილა, _ ჩემ გვერდით და თვალწინ გაზრდილი ბიჭიც თუ მიღალატებდა, ამას ვერ წარმოვიდგენდიო. როგორც ჩანს, ყოფილ პრემიერს მოქმედის ცრემლების არ სჯერა, არც იმის სჯერა, რომ ცოლის ნათესავები უმისოდ რისკავდნენ და ითხოვდნენ ბიზნესწილების ახევას. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს მისი ახლო გარემოცვისთვის უკვე მიცემული აქვს დავალება და აქტიური მუშაობა მიდის ინფორმაციის შესაგროვებლად, კიდევ ჰქონდა თუ არა ბიზნესის ტერორისა და ფულის ახევის ფაქტებს ადგილი პრემიერის ცოლის ნათესავების მხრიდან.

რაც შეეხება გაზაფხულზე დაგეგმილ სახელისუფლებო ცვლილებებს, ბევრი რამ დამოკიდებულია პოლიტიკურ პროცესებზე და კოალიაცია „ქართული ოცნების“ მომავალზე.

კარგად ინფორმირებული ადამიანები ამბობენ, რომ მამუკა ბახტაძე არ იქნება პრემიერის პოსტზე ურიგო კანდიდატურა. ის გაწონასწორებული ადამიანია, არ აწუხებს პოლიტიკური კომპლექსები და არასოდეს დაუძახებს კოლეგა მინისტრს, თუნდაც ყოფილს _ სულელს და უტვინოს. იგი მისაღები კანდიდატურაა პოლიტიკური ოპონენტებისთვის და მისი დანიშვნა ქვეყანაში ცივი ომის დასრულების დასაწყისი იქნებაო.

გაზაფხულამდე არც ისე დიდი დროა. ან ივანიშვილი პოლიტიკური სიტუაციის გადარჩენას შეძლებს, ან სააკაშვილი შეასრულებს დაანონსებულ დაპირებას და საქართველოში დაბრუნდება. ამასობაში, დედაქალაქის ყოფილი მერი, რომელიც ამჟამად „მატროსოვის“ ბინადარია, პირველ პროფესიას _ ფილოსოფიას უბრუნდება და სატელევიზიო პროექტს იწყებს. მას არ ტოვებს თვითირონიის განცდა და ამბობს, რომ მიუხედავად გაკეთებული საქმეებისა, ყველაზე პოპულარული მაინც მისი დიეტაა და ისტორიაშიც ამით შევა, თუმცა პატიმარი #X პირველი სიუჟეტის ბოლოს საინტერესო მინიშნებას აკეთებს, _ ჩემი საკნის ორმაგი გისოსებიდან იასამანი ჩანს, ის ახლა ერთი შეუხედავი ხე თუ ბუჩქია, მაგრამ იასამანი გაზაფხულზე აყვავდებაო.

გაზაფხულამდე დარჩა… ზუსტად 40 დღე!!!

 

ელისო კილაძე