მთავარი პოლიტიკა რატომ გაათავისუფლა წულუკიანმა სკანდალურად ცნობილი ნოტარიუსი თანამდებობიდან?

რატომ გაათავისუფლა წულუკიანმა სკანდალურად ცნობილი ნოტარიუსი თანამდებობიდან?

3227
0
გაზიარება

err

ნოტარიატის ინსტიტუტი ძველი რომიდან იღებს საფუძველს. ნოტარიუსად, რომელიც გადამწერის ფუნქციას ასრულებდა, მხოლოდ რომის მოქალაქე ინიშნებოდა და თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა. იურიდიული მასალის ჩაწერასთან ერთად, გადამწერის მოვალეობაში შედიოდა საჯარო დოკუმენტების მომზადება, საზოგადოებრივი ანგარიშების წარმოება, საჯარო დოკუმენტებიდან ამონაწერისა და ასლების დამზადება და ა. შ. არსებობს მოსაზრება, რომ ნოტარიუსის ინსტიტუტს საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს და ძველი რომის `გადამწერთა~ მსგავსი ორგანიზაცია ჩვენთანაც არსებობდა.

თანამედროვე საქართველოში ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს. 1996 წლიდან, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, განისაზღვრა ნოტარიუსის, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლის სამართლებრივი სტატუსი: ნოტარიუსი არის თავისი კლიენტის მიუკერძოებელი და სანდო მრჩეველი და მის მიერ დამოწმებულ დოკუმენტს უდავო მტკიცებულებითი ძალა აქვს. საყურადღებოა, რომ ნოტარიუსი ვალდებულია, საიდუმლოდ შეინახოს ცნობები, რომლებიც სამსახურებრივი საქმიანობის დროს გახდა ცნობილი და ეს ვალდებულება ნოტარიუსის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგაც ძალაში რჩება.

ყოფილი ნოტარიუსის, ბონდო ამყოლაძის თქმით, თანამედროვე ცხოვრებაში ნოტარიუსს მნიშვნელოვანი მისია აკისრია, ამდენად, მასშტაბურია მისი არასწორი საქმიანობის შედეგად საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი. ყოფილი ნოტარიუსის მონაყოლიდან ირკვევა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში არსებობდა ხელისუფლებასთან დაახლოებულ ნოტარიუსთა კასტა, რომელიც საეჭვო ვითარებებში ქონების გადაფორმებებისა და არარსებული ტენდერების „გასაპრავებლად“ გამოიყენებოდა. რატომ უნდა შეუჩერდეს ნოტარიუსთა ნაწილს უფლებამოსილება და რატომ უნდა იქნას ბათილად ცნობილი მათ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები?

„ქრონიკა+“ -ს ესაუბრება ბონდო ამყოლაძე:

_ დღეისთვის საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 225 მოქმედი ნოტარიუსია. საყურადღებოა, რომ მათ ნაწილს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო გამოცდები არ ჩაუბარებია. შესაბამისად, ამ ადამიანების მიერ გამოტანილი თუ გამოსატანი გადაწყვეტილებები უკანონოა. საქართველოში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები 90-იანი წლებიდან მოქმედებს. 1996 წლის 3 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნოტარიუსების შესახებ. „ნოტარიატის შესახებ კანონი“ ძალაში შევიდა იმავე წლის აგვისტოდან. კანონში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ედვარდ სურმანიძე აწერს ხელს წერია, რომ სახელმწიფო ნოტარიუსი თანამდებობაზე დანიშვნამდე მუშაობას არსებული წესით განაგრძობს და ორი წლის განმავლობაში საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებს. იუსტიციის სამინისტროს დაევალა 1997 წლის 1-ლი იანვრამდე მოეხდინა ნოტარიატის სისტემის რეორგანიზაცია და 1997 წლის 26 მარტს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გამოვიდა საგამოცდო დებულება. ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტებით ნოტარიუსი ნუნუ გინტური, ელენე ყიზილაშვილი და სხვები ნოტარიუსის თანამდებობაზე 1997 წლის 16 იანვარს ჩატარებული გამოცდის საფუძველზე დაინიშნენ, მაგრამ ეს სრულიად შეუძლებელი იყო, ვინაიდან იმ დროისთვის არ არსებობდა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ გამოცემული მინისტრის დებულება და უცნობი იყო, თუ რა საკითხებში უნდა მომზადებულიყვნენ კონკურსანტები. ჩემთვის ცნობილია, რომ ნოტარიუსებს ლელა ინწკირველს, გიგა გაბარაშვილს, მაია წიკლაურს, ელენე ყიზილაშვილსა და ნუნუ გინტურს საერთოდ არ გააჩნიათ საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული სერტიფიკატები.

_ თქვენი ეჭვების შესახებ იუსტიციის სამინისტროს თუ აცნობეთ?

_ ამ ადამიანების საგამოცდო სერტიფიკატების ასლების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს მივმართე, მაგრამ 2014 წლის 22 ივლისს პასუხად მივიღეთ, რომ ზემოთ ხსენებული ადამიანები ნოტარიუსებად კანონის სრული დაცვით დაინიშნენ, თუმცა მათ მიერ ნოტარიუსობის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატები და საკვალიფიკაციო-საგამოცდო დასკვნები იუსტიციის სამინისტროს არქივში დაცული არ არის. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, კანონი არ ითვალისწინებდა გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ სერტიფიკატის გაცემას. თურმე, ვერ მოიძიეს ნორმატიული აქტი, რომელიც სავალდებულოდ გახდიდა გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის არსებობას.

_ „ნოტარიატის შესახებ კანონის“ თანახმად თუ დადგინდა, რომ ნოტარიუსი კანონდარღვევით არის დანიშნული, დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება და ბათილად გამოცხადდეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

_ ყველა გადაწყვეტილება ბათილია, რადგან ეს არის სისხლის სამართლის საქმე. მაგალითისთვის, თუნდაც ნოტარიუს ნუნუ გინტურის მიერ ყვითელ სამარშრუტოებზე გაფორმებული ხელშეკრულება ავიღოთ. საეჭვოდ არ გეჩვენებათ, როგორ მოახერხეს ასლარიანი საწესდებო კაპიტალისა და იდენტური წესდებების მქონე კომპანიებმა ნახევარმილიარდიანი ბიზნესის ხელში ჩაგდება?  შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ყველა დოკუმენტი ნოტარიუსმა ნუნუ გინტურმა დაამოწმა. თუ არ ვცდები, ამავე ნოტარიუსის დამოწმებულია `სითი პარკთან~ დადებული ხელშეკრულებაც. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ და ზოგიერთი სხვა ნოტარიუსის საქმიანობა შესაბამისი ორგანოების შესწავლის საგანი უნდა გახდეს და ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეფინოს ნათელი.

იუსტიციის სამინისტროდან 2014 წლის 22 ივლისს მიღებულ წერილში შავით თეთრზე წერია, რომ ნუნუ გინტური თბილისის ნოტარიუსად იუსტიციის მინისტრის 1997 წლის 16 იანვრის #3 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. სამინისტროდან გამოგზავნილ წერილში ასევე წერია, რომ კანონი არ ითვალისწინებდა გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ სერტიფიკატის გაცემას. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში ვერ მოვიძიეთ იმ პერიოდისთვის მოქმედი სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც სავალდებულოდ გახდიდა გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის არსებობას და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მის დაცვას. იუსტიციის მინისტრის 1997 წლის 26 მარტის #30 ბრძანებით დამტკიცებული დებულება ასევე არ ითვალისწინებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდგომ სერტიფიკატის გაცემას. ამასთან ზემოთ ხსენებული დებულების მე-20 პუნქტით დადგენილია საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილე პირთა ნამუშევრებისა და სხვა საკონკურსო დოკუმენტაციის შენახვის მხოლოდ ერთწლიანი ვადა. ამრიგად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, საზოგადოებას გააცნოს ზემოთ ხსენებული დოკუმენტების ასლები.

 

ბუნებრივია, დავინტერესდით, რას ფიქრობს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით თავად ნუნუ გინტური და, მისი საკონტაქტო ნომრის მოძიების მიზნით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დავუკავშირდით.

ნანა ქადაგიშვილი _ პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

_ ნუნუ გინტურს ამჟამად შეჩერებული აქვს უფლებამოსილება. ქალბატონ ნუნუს გათიშული აქვს კორპორაციული ტელეფონი და ნოტარიუსთა პალატაში მის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

_ რა გახდა ნუნუ გინტურისთვის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი?

_ გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა მიიღო და ნოტარიუსთა პალატა ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

სკანდალურად ცნობილი ნოტარიუსის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებისას გავარკვიეთ, რომ იუსტიციის სამინისტროში ნუნუ გინტურის სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებით უამრავი საჩივარია დაფიქსირებული. სამინისტრომ ნუნუ გინტურისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება შიდა მოკვლევისა და იმ კონკრეტული საჩივრების საფუძველზე მიიღო, რომელიც ნოტარიუსის მისამართით არსებობდა. კერძოდ, ნოტარიუსმა გინტურმა მილიონიანი სესხი ააღებინა ერთ მხარეს მეორისგან ისე, რომ თავად მოუძებნა სესხის ამღებს მსესხებელი, დაუმოწმა ამ მხარეებს გარიგება და მერე სხვა ნოტარიუსს დაამოწმებინა მისი პირადი თავდებობა, სადაც ჩაწერა, რომ წინა, მის მიერვე გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს _ სესხის ამღებს _ თავდებში უდგებოდა მსესხებლისთვის გარანტიის მისაცემად, რომ თუ სესხის ამღები ვერ გადაიხდიდა ვალს, თავად ნოტარიუსი გინტური საკუთარი ქონებით აგებდა პასუხს სესხის გადახდაზე. ეს არის შუამავლობა, რასაც ნოტარიუსს უკრძალავს კანონი. ნუნუ გინტურს 2014 წლის 17 მაისს შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება და ამოირიცხა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის რეესტრიდან.

როგორც გავარკვიეთ, უკვე ყოფილმა ნოტარიუსმა მინისტრის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და ამჟამად სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ვინაიდან ქალბატონ ნუნუსთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, მისი სურვილის შემთხვევაში, მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების საშუალებას სიამოვნებით მივცემთ.

 

                                                                                                 ნელი თორდია

 

 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი