სკანდალური მიმოწერის შესახებ – გოჩა ბახია და ირმა ნადირაშვილი!

2

მას შემდეგ, რაც „ქრონიკა+“-მა საჯარო გახადა სოციალური ქსელის მეშვეობით განხორციელებული მიმოწერა ბახია-მაზმიშვილს შორის, სადაც საუბარი იყო ფოთის პორტში დოკერების გაფიცვაზე და პარალელურად, ვინმე დალილას მეშვეობით იპოთეკართა აქციის ორგანიზებაზე, გამოხმაურება რეზონანსული აღმოჩნდა.  მაცაცო მაზმიშვილის განცხადებით, თემურ იაკობაშვილთან ყველაფერი შეთანხმებულია და თავის მხრივ იაკობაშვილიც მზად არის „სკაიპის“ მეშვეობით მიხელ სააკაშვილსაც ესაუბრნონ ე.წ. „საგაფიცვო კომიტეტის“ წევრები. მიმოწერითვე ცნობილი გახდა, რომ საპროტესტო ტაღლის აგორებისთვის გოჩა ბახიას ანგარიშზე სოლიდური თანხის გადარიცხვის შეთანხმებაც მიღწეულია.

დეტალების გასარკვევად „ქრონიკა+“ სკანდალური მიმოწერის ერთ-ერთ მონაწილეს გოჩა ბახიას დაუკავშირდა და კომენტარი ჩაწერა:

_ გოჩა, აპირებთ თუ არა უახლოეს პერიოდში საქართველოში დაბრუნებას?

_ დიახ, ვაპირებ და აუცილებლად დავბრუნდები, იმერლები ცოტა ზედმეტად თავმოყვარე ხალხი ვართ.

_ მაცაცო მაზმიშვილს იცნობთ თუ არა და გქონდათ თუ არა მასთან მიმოწერა ფოთის პორტის გაფიცვისა და იპოთეკართა აქციების მოწყობაზე?

_ ასეთ პიროვნებას არ ვიცნობ და არც არსებობს, მგონი. ესენი არიან ფსბ-ს რობოტები და სისტემატურად დაძრწიან ინტერნეტში.

_ გაუგზავნეთ თუ არა მას თქვენი საბანკო ანგარიშები და ჩაგერიცხათ თუ არა გარკვეული თანხა ამ ანგარიშებზე?

_ ჩემი ფოსტა და ფეისბუქი გატეხეს 28 სექტემბერს. მე განახებთ ადმინისტრატორის წერილებს, რომ მას დაეუფლნენ უცხო პირები. ისინი იქექებოდნენ ჩემს კომპიუტერში.

_ იყო თუ არა ის პიროვნება, ვინც თქვენი ფოსტა და ფეისბუქი გატეხა, ზაზა გაბედავა? მიმოწერის ასლები სწორედ მან გადმოგვცა. უჩივლებთ ზაზა გაბედავას?

_ ზაზა გაბედავა, სამწუხაროდ, იმყოფება რუსეთში და ცივილიზებული სამყაროსთვის ძნელია მისი განსასჯელის სკამზე დასმა. ჩემი ფოსტა და ფეისბუქი გატეხა ჰაკერთა ჯგუფმა ქალაქ დუბნიდან სახელად „ანონიმუს“. ზაზა გაბედავა არის კრიმინალი, რომელსაც ამის არც ცოდნა და არც განათლება გააჩნია. საერთოდ, ამ გაურკვეველი პიროვნების კომენტირებას არ ვაპირებ. ქვეყანამ იცის, რომ გაბედავა არის ზუგდიდელი, გაურკვეველი პროფესიის კრიმინალი, რომელიც არის პუტინისტი და ქართველი ხალხის მტერი. მან ათასჯერ გამოავლინა საკუთარი სახე და მიჩნეულია, რომ არის ფსბ-ს დაქირავებული პროვოკატორი. მას საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია და ამიტომ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, მუდამ სხვის ნეხვში იქექება.

თქვენი ინფორმირებულობის დონის ადამიანს, ქ-ნო ელისო, არ გაგიჭირდებათ, მოიძიოთ ზუგდიდში მისი საქმენი საგმირონი და, უბრალოდ, ნებისმიერი ზუგდიდელი გაგაფრთხილებთ, რომ მასთან ურთიერთობებისგან თავი შეიკავოთ. ის არასოდეს ყოფილა ეროვნულ მოძრაობაში და არც ერთ ბრძოლაში ჩვენს გვერდით არ მდგარა და არის ეროვნულ მოძრაობას მიკრული ტკიპა. სამარცხვინოა, რომ ქართული მედია ციტირებს მის ნაბოდვარს.

უბრალოდ, მინდა დავამატო, რომ ჩვენი ქვეყანა დგას მონუმენტალური პრობლემების წინაშე და სხვა პრიორიტეტებია მნიშვნელოვანი. გვინდა, რომ ფიზიკურად გადავრჩეთ. ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დევს სასწორზე. გთხოვთ, ერთად დავირაზმოთ ამ მომავალი განსაცდელის წინაშე.

დიდი მადლობა თქვენ, რომ მომეცით საშუალება, პასუხი გამეცა ამ ცილისწამებაზე.

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს ირმა ნადირაშვილს დაუკავშირდა, რომელიც თემასთან დაკავშირებით მიწოდებულ კითხვებს გაეცნო და პასუხიც იმავე ფორმით დააბრუნა:

„არც მე და არც არავინ, ამ თემაზე არ გააკეთებს კომენტარს. საერთოდ, არ ვიცი, რაზეა ლაპარაკი. უკაცრავად!“