საქართველოს ამერიკული ოცნებები

აშ, ასე: ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს!

მრავალთვიანი საარჩევნო და პოსტსაარჩევნო ციებცხელება მშვიდობიანად და სერიოზული ექსცესების გარეშე დასრულდა. ამერიკულმა სისტემამ და ინსტიტუტებმა სიმყარე და სტაბილურობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ვინ იქნება უკეთესი პრეზიდენტი – ტრამპი თუ ბაიდენი? – ამას დრო და, რაც მთავარია, ამერიკელი ხალხის განწყობები გვიჩვენებს და ეს სწორედ მათი და არა ქართველების, რუსების, ევროპელების ან ჩინელების საქმეა.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ზესახელმწიფოსთან გვაქვს, მისი შიდა პოლიტიკაც კი მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის.

ამერიკა არის  სახელმწიფო, რომელიც მსოფლიო თამაშის წესებს აყალიბებს, ამიტომაც ვინ იქნება მის სათავეში, ყველასთვის მნიშვნელოვანია.

საქართველოში ამერიკულ გავლენას ყოველთვის გადაჭარბებულად აფასებდნენ. საშუალოსტატისტიკური ქართველი დარწმუნებულია, რომ ჩვენთან ყველაფერს ვაშინგტონი წყვეტს და როგორც აშშ-ის ელჩი იტყვის – ისე იქნება.

საქართველოში ამერიკის პრეზიდენტებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე თავად ამერიკაში. რაც გასაგებია – 250 წლის მანძილზე მეურვის ქვეშ ცხოვრებას მიჩვეული ქართველი ხალხი ახლაც მეურვისა და არა პარტნიორის ძიებაშია.

პარალელურად, იგივე ქართველები ამერიკის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში რეალურ და წარმოსახვით ჩარევას ხმამაღლა აპროტესტებენ. ეს ორი უკიდურესობა არარაციონალურ ქართულ გონებაში ძალიან ჰარმონიულად თანაარსებობს.

დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, 80-ანი წლების ბოლოს, ქართველები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამერიკა საქართველოს ნატოში შეიყვანდა და ქვეყნის ტერიტორიაზე თავის ბაზებს განათავსებდა _  ამით უსაფრთხოების  პრობლემაც სამუდამოდ გადაგვიწყდებოდა.

და ეს მაშინ, როდესაც აშშ-ს იმ დროს სსრკ-ის დაშლა სულაც არ  სურდა – პირიქით, ვაშინგტონი დემოკრატიული და კაპიტალისტური, დასავლეთთან პარტნიორობაზე ორიენტირებული საბჭოთა კავშირის, თუნდაც, დროებით შენარჩუნების მომხრე იყო.

წლების მანძილზე რეალობამ დაადასტურა, რომ არის საკითხები, სადაც ამერიკაც კი უძლურია – მაგალითად, საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება, ქვეყნის ნატოში შესვლა და მის მიწაზე ამერიკელი ჯარისკაცების შეყვანა.

ნელა-ნელა მადა მცირდებოდა და მხოლოდ შიდა თემატიკამდე დაეშვა. სააკაშვილის მოწინააღმდეგეები დარწმუნებულები იყვნენ, რომ 2003 წლის რევოლუცია ამერიკელების ორგანიზებული იყო. ამან კიდევ ერთი ილუზია შექმნა – ქართველებს ურყევად სწამთ, რომ ქვეყანაში ძალაუფლების  საკითხს ამერიკა წყვეტს.

2004-2008 წლებში ოპოზიცია დარწმუნებული იყო, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციას პირადად აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში პატრონობდა, ამიტომაც მის შეცვლაზე დიდ იმედებს ამყარებდა.

ბარაკ ობამას არჩევა, ალბათ, ამერიკაში არ გაუხარდათ ისე, როგორც – საქართველოში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მისი კონკურენტი სააკაშვილის მართლა პირადი მეგობარი ჯონ მაკკეინი იყო.

პირველი შავკანიანი პრეზიდენტის არჩევამ იმდროინდელ ოპოზიციას დიდი იმედები ჩაუსახა – აი, მიშას პატრონი წავიდა, მოვიდა ობამა და ის მას მალე გააგდებს.

თუმცა რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა  – აშშ ინსტიტუტებისა და სისტემების ქვეყანაა, რომელიც პირველი პირის ხუშტურებზე ნაკლებადაა დამოკიდებული, შესაბამისად, გარკვეული პარტიული სხვაობის გათვალისწინებით, პოლიტიკა საქართველოს მიმართ თითქმის უცვლელი გახდა.

სააკაშვილს ობამამ კი  არა, ბიძინას მილიარდებმა მოუღო ბოლო – დემოკრატებმა არა „ქართულ ოცნებას“, არამედ სამართლიან არჩევნებს დაუჭირეს მხარი. არავინ იფიქროს, რომ პრეზიდენტი მაკკეინი 2012 წელს საქართველოში არჩევნების გაყალბებასა და მასობრივი პროტესტის უხეში, ძალისმიერი ხერხებით ჩახშობას მხარს დაუჭერდა.

დღეს ვითარება მეორდება, ოღონდ ამჯერად მიშა ოპოზიციაშია, ბიძინა კი – ხელისუფლებაში.

ოპოზიციას სწამს, რომ  ბაიდენის ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ მიმართ მიდგომას გაამკაცრებს და ხალხს მის მოცილებაში დაეხმარება. დღეს ბიძინა ივანიშვილის წასვლასთან დაკავშირებულ ტრიუკსაც სწორედ ვაშინგტონში ადმინისტრაციის შეცვლას უკავშირებენ.

თუმცა გავა დრო და დავინახავთ  – ისევე როგორც ობამას დროს, მიდგომა არ შეიცვლება და აქცენტი არა პერსონებსა და პოლიტიკურ პარტიებზე, არამედ სამართლიან არჩევნებსა და მოსახლეობის აქტიურობაზე გაკეთდება.

ამერიკა სხვა ქვეყნებში ხელისუფლებებს არ ცვლის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად ქვეყნების მოსახლეობა ამ საკითხში დიდ აქტიურობას არ იჩენს.

ამერიკა არ მუშაობს წუთიერ მოგებაზე, მისი ძლიერი მხარე სტრატეგიული დაგეგმარებაა. პრიორიტეტი გახლავთ არა ხელისუფლების რევოლუციური ცვლილებები, არამედ საზოგადოების აღზრდა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება.

ამერიკა აუჩქარებლად  ცვლის ვითარებას მის პასუხისმგებლობაში მყოფ ქვეყნებში და ადგილობრივ პროდასავლურ ელიტას გეგმაზომიერად ზრდის.

სწორედ ეს არის ამერიკის პოლიტიკა, მათ შორის, საქართველოში. ვაშინგტონი რევოლუციებს არ აწყობს  – ის ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონტაქტზე იმყოფება და ყველასთან თანამშრომლობს.

ხელისუფლების შეცვლა კი მხოლოდ ქართველი ხალხის საქმეა. ბაიდენის ადმინისტრაცია ამას  მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ ქვეყნის მოსახლეობისგან ამ კუთხით ურყევ ნებასა და მზადყოფნას დაინახავს.

სანამ საპროტესტო აქციებზე ერთჯერადად მხოლოდ 15 000 ადამიანი მოდის – ვერავითარი ბაიდენი ვერაფერს შეცვლის.

თენგიზ აბლოთია