გია ნოდია: „ბიძინა ივანიშვილი კატათაგვობანას გვეთამაშება“

11 იანვარს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. ამის შესახებ მან ღია წერილში განაცხადა.

მართალია, ოპოზიციურ სპექტრსა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის არ სჯერა, თუმცა ივანიშვილი გვიმტკიცებს, რომ ის რეალურად წავიდა პოლიტიკიდან და მეტი დამაჯერებლობისთვის სატელევიზიო ინტერვიუში განაცახადა: „მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის პოლიტიკურ თემებზე. მათ ძალიან კარგად იციან და თვითონაც ამას შეასრულებენ, არ დამირეკავენ, არცერთნაირი კრიტიკა მათი ჩემგან არ მოხდება, არ იქნება ჩემი საჯარო გამოსვლა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

გაიქცა თუ კულუარებში გადაინაცვლა? რა იქნება იმის ინდიკატორი,რომ ივანიშვილი რეალურად ჩამოსცილდა პოლიტიკას? როგორ აისახება მისი პოლიტიკიდან წასვლა ოპოზიციაზე?

აღნიშნული თემების შესაებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა:

_ ბატონო გია, რა ხდება, ივანიშვილს შეეშინდა და გაიქცა თუ, უბრალოდ, ეს მისი მორიგი ტრიუკია?

_ ბიძინა ივანიშვილი, ჩემი აზრით, თითქოს კატათაგვობანას გვეთამაშება მსოფლიოს, საზოგადოებასა და საკუთარ პარტიას, შესაძლოა, იმ ადამიანებსაც, რომელთაც ახლა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ლიდერებად ვიცნობთ. შესაძლოა, ერთობა კიდეც ამით, რაღაცნაირად საგონებელში გვაგდებს და გვაიძულებს, რომ რაღაცები ვივარაუდოთ და მივხვდეთ, _ აბა, რას იზამს ბიძინა?

_ რისთვის სჭირდება მას ეს პოლიტიკური თამაში?

_ ნაწილობრივ შეიძლება, მართლა ერთობა. გასაგებია, რომ ჩვენ იძულებულები ვართ, რაღაც ვარაუდები გამოვთქვათ, მაგრამ ამ ვარაუდებში ერთადერთი ჩვენი მყარი დასაყრდენი არის ის, თუ აქამდე რა იყო. 2012 წლიდან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რაც იყო, ეს გვაჩვენებს, რომ ბიძინას უნდოდა იმ ტიპის მმართველობა, რომელიც იყო 2013-2018 წლებში, ანუ როდესაც მას ფორმალურად პასუხი არ მოეკითხებოდა და კერძო მოქალაქე იყო, რეალურად კი სიტუაციას აკონტროლებდა. ბევრჯერ მომიყვანია ეს მაგალითი და ასე მესმის მისი მიდგომა, რომ ის იქცევა, როგორც ბიზნესმენი, მან საკონტროლო პაკეტი შეიძინა საწარმოში, რომელსაც საქართველო ჰქვია. პირველი ერთი წელი, 2012 წელს, რაღაცნაირად, ვითარება დაალაგა ამ საწარმოში, შემდეგ კი ყოველდღიური მმართველობა „მენეჯერებს“ _ ღარიბაშვილსა და სხვებს გადააბარა. ამან არ დააკმაყოფილა, ჩათვალა, რომ  საქმე აირია და 2018 წელს დაბრუნდა. არა იმ აზრით, რომ მართლა იყო წასული, არამედ იმ აზრით, რომ უფრო უშუალო და პირდაპირი მონაწილეობა მიეღო მართვაში, ანუ ხელახლა დაელაგებინა სიტუაცია. ახლა ჩათვალა, რომ პარტიაშიც და ქვეყანაშიც შედარებით დაალაგა სიტუაცია და შეუძლია, ისევ გააგრძელოს მმართველობა, როგორც 2013-2018 წლებში. მაგრამ რადგან მაშინ არავინ უჯერებდა, რომ მართლა წასული იყო და ასევე სერიოზული საფუძველი გვქონდა იმის თქმისა, რომ ის მაინც იღებდა პრინციპულ გადაწყვეტილებებს, ახლა უფრო მკვეთრი განცხადებები გააკეთა, რომ ტელეფონის ზარებს არ უპასუხებდა და ა.შ.

_ ივანიშვილმა ეს განცხადება მეტი დამაჯერებლობისთვის გააკეთა?

_ დიახ, სურდა, რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო. თავისთავად, ცოტა სასაცილოა, რომ იმაზე დავიდა საქმე, ტელფონს უპასუხებს თუ არა, ვის უპასუხებს, როდის და ა.შ. პრაქტიკულად, ეს კრიტერიუმი თვითონ შემოგვთავაზა: თუ უპასუხებს ტელფონს, ე.ი. მაინც ის მართავს და თუ არ უპასუხებს, ე.ი. არ მართავს. თითქოს ეს არის კრიტერიუმი, წყალგამყოფი. ცხადია, ჩვენ ვერ შევამოწმებთ, ვის ტელეფონს პასუხობს ის  და ვისას _ არა, ამიტომ საგონებელში უნდა ვიყოთ და ვიჭორაოთ, რომ შეიძლება, გახარიასა და კალაძეს პასუხობს და სხვას – არა.

_ რა იქნება ინდიკატორი იმისა, რომ ივანიშვილი რეალურად წავიდა პოლიტიკიდან?

_ პირდაპირი მანიშნებელი ჩვეულებრივ არ არის ხოლმე, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ არაპირდაპირ მანიშნებელი იყო იმ წლებში, როდესაც ფორმალურად გახლდათ დამოუკიდებელი პიროვნება. მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრების ცვლილებები: ღარიბაშვილი შეიცვალა კვირიკაშვილით, ღარიბაშვილი უეცრად წავიდა  და წასვლის შესახებ განმარტებები არ გაუკეთებია, – ამის სხვა ახსნა არ არსებობს გარდა იმისა, რომ ის, უბრალოდ, დაითხოვა ივანიშვილმა. ასეთი არაპირდაპირი მტკიცებულება არსებობს ხოლმე და მაშინაც არსებობდა, რის მიხედვითაც შეგვეძლო დამაჯერებლად გვეთქვა, რომ, რეალურად, ბიძინა ივანიშვილი იღებს პრინციპულ გადაწყვეტილებებს. ახლაც იძულებულები ვიქნებით, ასეთი არაპირდაპირი ნიშნებით ვიმსჯელოთ.

_ რამდენად მომგებიანია ეს მოცემულობა ოპოზიციისთვის, როცა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ პოლიტიკიდან წავიდა? რას აძლევს ეს ოპოზიციას?

_ ოპოზიციას მაინცდამაინც ბევრს არაფერს. არ მგონია, რომ ივანიშვილი 2018 წლამდე პოლიტიკაში რომ „არ იყო“ და 2018 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა, ამით ოპოზიციისთვის ბევრი რამე შეიცვალა. ახლაც პრინციპულად არაფერი შეიცვლება. ცხადია, შეიძლება, საუბარი ისევ გახდეს პოპულარული არაფორმალურ მმართველობაზე, თუმცა, მეორე მხრივ, ოპოზიციის ბევრმა წარმომადგენელმა ამას უპასუხა იმით, რომ თითქოს ივანიშვილს შეეშინდა და გაიქცა, რაც, ჩემი აზრით, მაინცდამაინც დამაჯარებელი არ არის. აქედან გამოდის, რომ მათ დაიჯერეს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა. გამორიცხვა არაფრის შეიძლება და, რა თქმა უნდა, ესეც ჰიპოთეზაა, რომ ივანიშვილს შეეშინდა და ამიტომ გაიქცა, მაგრამ მგონი, ამ შემთხვევაში ოპოზიცია თავს იტყუებს, რომ თითქოს ბევრს მიაღწია და ივანიშვილი გააქცია, ამის თქმის საფუძველი, ჩემი აზრით, არ არსებობს.

ნენე ინჯგია