მთავარი ინტერვიუ კონსტანტინე ფორჩხიძე: „რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულმა დაპირისპირებამ შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგი მოიტანოს!“

კონსტანტინე ფორჩხიძე: „რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულმა დაპირისპირებამ შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგი მოიტანოს!“

292
0
გაზიარება

ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის განხილვის ერთერთი მთავარი თემა ისევ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაა, ანუ ყველა, ვისაც არ ეზარება, იმაზე მსჯელობს, „ოცნებისდამფუძნებელი პოლიტიკიდან რეალურად წავიდა თუ  რაღაც ახალ ტრიუკთან გვაქვს საქმე. ყველაფერი ეს კი, მომიტევეთ და, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ იგივე ოპოზიციას ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე თითქოს გული წყდება. მოკლედ, რა ცვლილებები მოჰყვება ივანიშვილის ზემოხსენებულ ნაბიჯს ქართულ პოლიტიკაში და რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია? – ამ თემებზე უშიშროების თადარიგის ოფიცერი, უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტანტინე ფორჩხიძე საუბრობს, რომელიცქრონიკა+“-სთან ინტერვიუში რამდენიმე სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს და იმის ალბათობას უშვებს, რომ ოლიგარქის მსგავსი ნაბიჯი თავად მიხეილ სააკაშვილმაც გადადგას.

ბატონო კოტე, იზიარებთ მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ფორმალურად წავიდა?

– დიახ, არ მჯერა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან გავიდა.

დამისაბუთეთ, რატომ არ გჯერათ?

– იმდენად დიდი კავშირები აქვს და „ქართული ოცნება“ მისი პირმშოა, რომ არ მგონია, მათ შორის ძაფები ასე იოლად გაწყდეს.

აბა, ეს რა ტრიუკია?

– რაც მოხდა, ალბათ, უფრო პასუხისმგებლობასა და ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებასთანაა დაკავშირებული. სხვათა შორის, ეს ჩვეულებრივი პროცესია.

ანუ?

– ივანიშვილს, ალბათ, ცხოვრების ის წესი ურჩევნია, რომელსაც თითქმის 30 წელი ეწეოდა და, როგორც ჩანს, იმ ეპოქას უბრუნდება, სადაც თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი – წყალში, თუმცა ყველაფერი ეს ფორმალობა იქნება და პოლიტიკაში რეალურად დარჩება, მით უმეტეს, თუ  გავითვალისწინებთ, „ოცნებაში“ როგორი პოლიტიკური შემადგენელი დარჩა.

რას გულისხმობთ?

– მაგალითად, ძალოვან მინისტრებს, რომლებიც რეალურად ივანიშვილის გავლენის ქვეშ არიან. სწორედ ეს ძალოვანი ბლოკი უზრუნველყოფს გარანტიებს, რომ ივანიშვილის მმართველობა შენარჩუნდეს.

ცხადია, არც უამისობაა, მაგრამ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა საგარეო კონტექსტში განვიხილოთ. ბატონო კოტე, იზიარებთ მოსაზრებას, რომოცნებისექსლიდერი სანქციებს ელის და ზემოხსენებული ნაბიჯი ამიტომ გადადგა? სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ თითქმის მთელი ქონებაქართუ ფონდსგადასცა

– „ქართუც“ მისი პირმშოა და ამ გადაცემას რა მნიშვნელობა აქვს? საერთოდ, ასეთი რაღაცების არ მჯერა.

რატომ?

– როცა ადამიანი იმპერიას წლების განმავლობაში ქმნი და უფრთიხლდები, ამ იმპერიის დაშლას არ ეცდები.

ე. ი., რეალურად გეჩვენებათ მოსაზრება, რომ ივანიშვილს საგარეო სანქციების ეშინია?

– დიახ, საგარეო ფაქტორიც შეიძლება, არსებობს, რომელიც მხოლოდ მასთან არაა დაკავშირებული.

აბა, კიდევ ვისთანაა?

– პოლიტიკურ სპექტრში მოღვაწე ყველა პერსონასთან.

უფრო კონკრეტულად?

– საგარეო ფაქტორი შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ უკავშირდებოდეს და ასევე იმ პარტიებსაც, რომლებიც დიდი ხანია, არსებობენ.

გამორიცხული არაფერია, მაგრამ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როცა ტრამპს პრობლემები ექმნება. შალვა ნათელაშვილის ცნობით, ტრამპის სიძესა და ივანიშვილს შორის პირდაპირი კორეალცია არსებობს

– ტრამპი მიშასთანაც კარგადაა.

კი, მაგრამ მიშასჯილამაინც ბაიდენია

– მარჩიელობას ნამდვილად ვერ დავიწყებ, მიშა ბაიდენთან კარგადაა თუ ცუდად. აქცენტს ფაქტებზე ვაკეთებ და ერთიც არ უნდა დაგვავიწყდეს.

რაზე მიანიშნებთ?

– როცა ერთი პოლიტიკური ფიგურა ამბობს, რომ ჩრდილში გადადის, ამას მეორე ფიგურის გასვლაც უნდა მოჰყვეს. ჩემი აზრით, ანალოგიურ ნაბიჯს ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილიც გადადგამს.

ეს, მგონი, პოლიტიკური ფანტასტიკაა, თუმცა დაველოდოთ, რა მოხდებაისე, ბატონო კოტე, ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლა პუტინალიევფაშინიანის შეხვედრასა და ერდოღანის ექვსთა კავშირის შექმნის ინიციატივას დაემთხვა. ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ერდოღანის ინიციატივაში საქართველო მთავარი ფიგურა არაა

– მნიშვნელობა არ აქვს, ამ ექვსთა კავშირში საქართველო მთავარი ფიგურა იქნება თუ არა, რადგან ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს მხოლოდ ეკონომიკური კი არა, სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებებიც აკავშირებთ.

კი ბატონო, მაგრა ბევრს ექმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში ლიდერის გავლენას და სტატუსს კარგავს

– საქართველომ სამხრეთ კავკასიაში გავლენა დიდი ხანია, დაკარგა. ისე არ გამიგოთ, რომ თითქოს თავს ვიქებ, მაგრამ იგივე ყარაბაღის ომთან დაკავშირებით ზუსტად ის სცენარი განვითარდა, რასაც ვვარაუდობდი – ამ ომით მოგებული რუსეთი დარჩა, ანუ იგი კავკასიაში უფრო ღრმად შემოვიდა: აზერბაიჯანში 2400-კაციანი კონტინგენტი გაიჩინა და ამის შემდეგ ფართომასშტაბიანი ბაზის შექმნაც პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუმცა ყველაფერი ეს საერთაშორისო სამართლის მიხედვით გამყარებული არაა – იმისთვის, რომ რუსეთს აზერბაიჯანში სამშვიდობო ძალების სტატუსი ჰქონდეს, გაერო-ს მანდატი სჭირდება. სწორედ ეს ფაქტორი მაფიქრებინებს, რომ რუსეთი აზერბაიჯანში სამშვიდობო მისიით კი არაა შესული, არამედ უფრო დიდი, ფართომასშტაბიანი გეგმა აქვს და არ გამოვრიცხავ, ეს ტერიტორია ისეთივე სამხედრო ბაზად გადაიქცეს, როგორადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო გადაიქცა.

თუ ხელისუფლება შეიცვლება, საქართველო სამხრეთ კავკასიაში თავის გავლენას დაიბრუნებს?

– ძალიან დიდი დრო დაიკარგა და სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში პროდასავლურად განწყობილი ძალები და პარტიები თითქმის არ არსებობენ!

პროდასავლური არცნაციონალური მოძრაობაა“?

– როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობაზე“ თქვა, პროდასავლურიაო, როცა მისი საარჩევნო სიის პირველ ათეულში რუსეთის სპეცსამსახურის სამი წარმომადგენელია?

გრიგოლ ვაშაძეზე მიანიშნებთ, რომლის შესახებაც ანალოგიური ხმა სხვა დროსაც გავრცელებულა?

– არა მარტო.

აბა, კიდევ ვისზე?

– ჩემი ყოფილი საქმიანობიდან გამომდინარე, ყველაფერი ეს ჩემთვის ძალიან კარგადაა ცნობილი. მართალია, ახლა გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ეს ადამიანები, თავის დროზე, ანუ 90-იან და 2000-იან წლებში, ოპერატიული თვალთახედვის არეში იყვნენ მოხვედრილნი.

ამ ადამიანების ოპერატიულ თვალთვალს უშუალოდ თქვენ ახორციელებდით?

– დიახ, სამხედრო კუთხით, ანუ საუბარია სამხედროებსა და მათთან დაკავშირებულ პირებზე.

ისე, გრიგოლ ვაშაძისნაციონალური მოძრაობიდანმოულოდნელი წასვლა ამ კონტექსტში ხომ არ უნდა განვიხილოთ?

– ეს  პატრონებმა უკარნახეს, რაც გასაკვირი არაა. საერთოდ, მომავალს წარსული განსაზღვრავს, ამიტომ წარსულის ერთი ხელით გადასმა არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ კავშირები არასოდეს წყდება. არ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან კავშირი გაუწყდეს. ასევე არ შეიძლება, რომ ეს კავშირი გრიგოლ ვაშაძესა და, სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილსაც გაუწყდეს…

გასაგებიაბატონო კოტე, კიდევ ერთ თემას შევეხოთ, რომელსაც კარგად იცნობთ, ბუკნარის ინციდენტს ვგულისხმობ

– ძალიან საინტერესო იყო ტარიელ ნაკაიძის განცხადება, რაც ყურში მომხვდა.

რას გულისხმობთ?

– ჟურნალისტმა კითხვა ვაჰაბიზმზე დაუსვა, თუმცა ნაკაიძემ ეს მიმდინარეობა არაფრად ჩათვალა. არადა, ის პოლიტიკური ფიგურაა და ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ვაჰაბიზმი მხოლოდ აზერბაიჯანში კი არა, თურქეთშიც აკრძალულია და ისიც უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ვაჰაბისტური მეჩეთების მშენებლობას შესაძლოა, ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს!

ასევე, ყურში მომხვდა ნინო წილოსანის განცხადება, ქართველ და მუსლიმან ადამიანებს გასაყოფი არაფერი აქვთო. ასეთი რაღაცების თქმა არ შეიძლება, თუმცა მსგავსი ამბების ძირითადი შემადგენელი მაინც სპეცსამსახურია ხოლმე.

ანუ?

– როცა დაპირისპირება ზედაპირზე ამოდის, ეს სპეცსამსახურების არასათანადო მუშაობის შედეგია. საერთოდ, ვაჰაბიზმის მიმდინარეობა საქართველოში დღეს არ გაჩენილა – ყველაფერი ეს 90-იან წლებში დაიწყო…

იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ იგივე ბუკნარის ინციდენტი რომელიმე უცხო ქვეყნის, მაგალითად, რუსული სპეცსამსხურების მიერ იყო ინსპირირებული?

– არა… საერთოდ, ასეთი რაღაცები საშიშია, რადგან რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულმა დაპირისპირებამ რეგიონში შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგი მოიტანოს. ეს კი, სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთის ინტერესშიც შედის.

რატომ?

– არ დაგვავიწყდეს, რომ წელს ყარსის ხელშეკრულებას ასი წელი უსრულდება. ამიტომ რეგიონში ნებისმიერი ასეთი დაძაბულობა სიტუაციას კიდევ უფრო გაამძაფრებს და ჩვენს მდგომარეობასაც დაამძიმებს.

ბოლოს, ბატონო კოტე, მითხარით, თქვენი პროგნოზით, გაზაფხულზე საქართველოში პოლიტიკური ვითარება დაიძაბება?

– არა. ოპოზიციამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა 8 მარტის შეთანხმების დროს ვა-ბანკზე არ წავიდა და ბოიკოტირება არ დაიწყო, რათა შედეგისთვის მიეღიწა. ეს შედეგი კი ის იქნებოდა, რომ 2020-ის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო. მოკლედ, მაშინ ოპოზიციამ დათმო. არადა, კარგად იცოდა, რომ გაყალბებაც იქნებოდა და „ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსსაც გამოიყენებდა.

მოკლედ, ოპოზიციამ ბრძოლა 31 ოქტომბერს კი არა, მაშინ წააგო, როცა მარტში მთლიანად პროპორციული არჩევნების თემა დათმო. ამიტომ დღეს იმაზე წუწუნი, აი, არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში არ შევალთო, არასერიოზულია! ადამიანს პოლიტიკოსი მაშინ ჰქვია, როცა ყველაფერს წინასწარ გათვლის…

გიორგი აბაშიძე

დატოვეთ კომენტარი