პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა. 

უწყების ინფორმაციით, 1993 წელს დაბადებული ფ.მ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორებს: 1999 წელს დაბადებულ გ.შ.-სა და 1999 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს „TV პირველის” კუთვნილი მიკროფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი საკარული