ლუკა კურტანიძე: „ისტორიული ქველმოქმედების მეფე პოლიტიკიდან წავიდა და მეც მივდივარ“

„ისტორიული ქველმოქმედების მეფე წავიდა პოლიტიკიდან, სადაც უძლიერესი ვიყავი მის გვერდით, როგორც ერთგული თანამებრძოლი და აღფრთოვანებული მისი იდეით საუკუნეების მანძილზე. „ქართული ოცნების“ ასრულების ენით გამოუთქმელი, ურიცხვი სიკეთის რეალური მთესველი ერის კაცი, ბიძინა ივანიშვილი!!!“ -ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, პოლიციის აკადემიის პრორექტორი, ლუკა კურტანიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას.

მისი თქმით, სწორედ ივანიშვილის წასვლის გამო თავადაც გადაწყვიტა ქვეყნის პოლიტიკური ველიდან წასვლა.

„ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და ზუსტად 12 წლის შემდეგ მივდივარ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველიდან…

არც ერთი პარტიის განცხადება იქნება თუ პოლიტიკური აქტიურობა, იქ მე, ლუკა-ელდარ კურტანიძე, არ ვიქნები! არც ფიზიკურად და არც განცხადებით!

ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან… რამეთუ მიმაჩნია, რომ ჩემი მისია, თუნდაც სიცოცხლის ფასად ვყოფილიყავი პოლიტიკაში, ისეთი ფორმით, როგორც ვმოქმედებდი, ამოიწურა.

რამდენიმე წლის წინათ ინტერვიუში ვთქვი, როცა ერის კაცი ბიძინა ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან, მეც, მისი უღალატო თანამებრძოლი და მეგობარი, ლუკა-ელდარ კურტანიძე, დავასრულებ პოლიტიკურ აქტივობას.

დიახ, დღეს ეს დროც დადგა… მადლობა უფალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც იყო იმედი, ძალა და ნუგეში ყოველი ხვალინდელი დღისა. მადლობა, ვისაც სჯეროდა ჩემი გულწრფელი სუფთა ბრძოლის სამშობლოსთვის!

დიახ, მე როგორც წლების წინათ ვიყავი შემრიგებელი, გამაერთიანებელი ყველასთვის, იქ ვბრუნდები! საქართველოს გამარჯვების სიხარულით გავაერთიანებ ყველას… გავზრდი მომავალ თაობას, სადაც ძმობა, ურთიერთგატანა და სამშობლო საქართველოს უსაზღვრო სიყვარული იქნება! ვიმოღვაწევებ იმ სფეროში, სადაც ყველას სიყვარულით მოვემსახურები! მე ასეთი ერთგულება მასწავლა უფალმა!

ხვალ ნათლისღებაა და ყველას, თითოეულ მოქალაქეს, ადამიანს, მეგობარსა თუ მოწინააღმდეგეს მუხლმოყრილი შენდობას ვითხოვ და გწამდეთ, თქვენი მსახური ვიქნები ჩვენი სამშობლო საქართველოსთვის!

გულსა და სულში ვილოცებ ყველასთვის, მიუხედავად მათი პარტიულობისა, მრწამსისა თუ აზრთა სხვადასხვაობისა, რომ ასრულდეს ჩვენი ერისთვის იდეა, რომელსაც ჰქვია და მყარი საძირკველი ჩაუყარა ერისკაცმა ბიძინა ივანიშვილმა, ასრულდეს ყველასთვის!.. ქართული ოცნება… ამინ“, – წერს კურტანიძე სოციალურ ქსელში.

ნენე ინჯგია