მაია ბუწაშვილი: „თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი აუცილებელი არ არის“

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო.

„უკვე საკმარისი დრო გავიდა იმის დასამტკიცებლად, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო. სოციალურ ქსელში სულ ტყუილად შეაჩვენებდნენ იმ ხალხს, ვინც მაღაზიებში დადიოდა“.

ინფექციონისტი მოსახლეობას წსების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი:

„ასე რომ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი. არც შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება მგონია გამართლებული. შეუძლებელია, ჩვეულებრივ დღეებში იმდენი ადამიანი გაეშუროს სავაჭრო დაწესებულებებისკენ, რამდენიც დეკემბრის ბოლოს იყო. ცალკეულმა ადამიანებმაც და ბიზნესმაც ყველა პირობა შეასრულეს. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ტრანსპორტს, კარგა ხანია ვიმეორებ:  უნდა გამონახულიყო გზები (და ამისთვის საკმაო დრო გვქონდა), რომ ავტობუსების რაოდენობა დამატებულიყო, რითაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. ასევე თითო ავტობუსი ერთი ისეთი კონტროლიორით უზრუნველგვეყო, რომელიც ნამდვილად გაუწევდა ზედამხედველობას წესების დაცვას. ასე ავირიდებდით თავიდან ამ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ შეზღუდვას, რაც ზუსტად იმ სეგმენტს აზარალებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“, – წერს ინფექციონისტი.

ნენე ინჯგია