მთავარი საზოგადოება EMC – მთავრობას: გაუქმდეს რელიგიის სააგენტო

EMC – მთავრობას: გაუქმდეს რელიგიის სააგენტო

186
0
გაზიარება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დღეს, 18 იანვარსრელიგიურ ორგანიზაციებთან და აქტივისტურ ჯგუფებთან ერთად, ბუკნარში მიმდინარე მოვლენების შესახებ, პრესკონფერენციას გამართავს

EMC-ის ცნობითორგანიზაციები მთავრობასა და პარლამენტს   რელიგიის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმებისკენ მოუწოდებენ.

მათ მიერ გავრცელებული განცხადება:

„ბუკნარში გამოვლენილი რელიგიური შევიწროების შემთხვევაზე სახელმწიფოს შედარებით აქტიური რეაგირება ჰქონდა, წინა გამოცდილებებისგან განსხვავებით. რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის სასარგებლო განცხადებები გაკეთდა მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან. ადგილზე მედიაციის პროცესი ხარვეზებით, თუმცა მაინც დროულად დაიწყო და გამოჩნდა პოლიციის სამართლებრივი რეაგირებაც. თუმცა დომინანტური რელიგიური თემის შიგნით გამოვლენილი პრობლემური ხედვებისა და სენტიმენტების, ასევე ჩვენს გარემოში გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიის გათვალისწინებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა გაატაროს სოფელ ბუკნარის თემსა და ასევე რელიგიურ-ეთნიკური კონფლიქტის გამოცდილების ან ამგვარი რისკის მქონე თემებში.

არსებითია იმის აღნიშვნაც, რომ კიდევ რთხელ გამოჩნდა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მკვეთრად არაეფექტიანი როლი და წლების განმავლობაში მისივე ორგანიზებული პოლიტიკის მძიმე შედეგები.  მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყების კომპეტენციაში რელიგიური დაპირისპირების გადაჭრის ხელშეწყობა შედის, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კონფლიქტების გადაჭრაში უწყება აქტორი არ ყოფილა და მათი მონაწილეობა მედიაციის პროცესში ხილვადი არ იყო, რაც ამ უწყების მიმართ არსებული მკვეთრი კრიტიკითა და უნდობლობით უნდა აიხსნას. მეტიც: მედიაში უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ
აჩვენებს, რომ ის რეალურ გამოწვევებსა და რელიგიური თემების საჭიროებებს ღიად უგულებელყოფს.

წლების განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციები, ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორები, მათ შორის, სახალხო დამცველი, ვუთითებთ რელიგიის თავისუფლების სფეროში დაგროვებული არაერთი სისტემური გამოწვევის შესახებ, რომელიც კანონმდებლობის, ადმინისტრაციული პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის დონეზე, ასევე მიკრო სოციალურ/სათემო დონეზე არსებობს. 2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნების შემდეგ არც ერთი ეს მნიშვნელოვანი საკითხი არ გადაჭრილა. ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ მუდმივად ვხედავდით სააგენტოს მკვეთრად რეგრესულ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებს.

ჩვენი დაკვირვებით, ცვლილებების პროცესს არსებითად აფერხებს მთავრობის მიერ რელიგიის თავისუფლების სფეროს დანახვის პრობლემური პერსპექტივა და მისი ინსტიტუციური მოწყობა, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამ სფეროში მთავრობის ექსკლუზიურ აქტორად განიხილება. ჩვენთვის წარმოუდგენელია ამ უწყებისა და მისი პოლიტიკის არსებობის  პირობებში რელიგიის თავისუფლების სფეროში პოლიტიკის პოზიტიური ცვლილება და ამისთვის
აუცილებელი დემოკრატიული კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან. აღსანიშნავია, რომ ამ უწყების მიმართ მკვეთრი კრიტიკა აქვთ დაფიქსირებული საერთაშორისო ორგანიზაციებს (FCNM, ECRI) და ავტორიტეტულ ექსპერტულ წრეებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კიდევ ერთი კრიზისის ფონზე მაინც, გამოხატონ მაღალი ინტერესი  რელიგიის თავისუფლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი მძიმე უფლებრივი და სოციალური შედეგების მიმართ და:

  1. შეცვალოს რელიგიურ ორგანიზაციებთან და თემებთან მუშაობის არსებული პერსპექტივა და ის თანასწორობის, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიის თავისუფლების სტანდარტების განუხრელ დაცვას დააფუძნოს. ამ კუთხით არსებითია შეწყდეს ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათ ავტონომიაში ჩარევის პრაქტიკა, რომელსაც უნდობლობისა და არაფორმალური ორგანიზების ნეგატიური პრაქტიკები მოჰყვება; 
  2.  შეიმუშავოს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშრისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება; 
  3.  გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის  ახალ მოდელებზე იმუშაოს, რომელიც შექმნილი ნეგატიური გამოცდილებების კრიტიკულ ანალიზსა და შესაბამის აქტორებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება“. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია 
ქართველ მუსლიმთა კავშირი 
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
ევანგელისტური ეკლესია 
პლატფორმა სალამი 
სოლიდარობის პლატფორმა

ნენე ინჯგია

დატოვეთ კომენტარი