გაჰყვება თუ არა ივანიშვილს გახარია?

პრემიერის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილისა და მაია ცქიტიშვილის კანდიდატურები განიხილება

პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლა „ქართული ოცნებისთვის“ უმტკივნეულოდ რომ არ ჩაივლის, ამას ყველა ხვდება. მმართველ გუნდში, რომელიც  ერთმანეთთან დაპირისპირებული რამდენიმე კლანისგან შედგება, უკვე დაიწყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ახლო მომავალში შესაძლოა, პრემიერის პოსტისთვისაც გაჩაღდეს ომი. „ქრონიკა+“-ს სახელისუფლებო კულუარებში უთხრეს, რომ წასვლას გიორგი გახარიაც აპირებს. ამჯერად – საკუთარი ნებით. „ოცნების“ ერთ-ერთი დაჯგუფება მას მთელი წელი ებრძოდა, მაგრამ ვერაფერი დააკლო. ის ბრძოლა გახარიამ მოიგო, თუმცა იმით დაისაჯა, რომ საპარლამენტო სიაში თავისი ხალხი არ ჩააწერინეს.

გიორგი გახარიას უჭკუობას ვერავინ დასწამებს და ის  კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ საქმეები კარგად არ წავა. არავინ იცის, რა პოზიციას დაიკავებს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ასეთ დროს გაცლა სჯობს. თან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გახარიას, ფაქტობრივად, გუნდი  არ ჰყავს. მას მართალია, მთავრობის მეთაურის პოსტი უკავია, მაგრამ მინისტრების გადაადგილების უფლებაც კი არ აქვს.  ის რამდენჯერმე შეეცადა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოხსნას, მაგრამ ვანო ჩხარტიშვილის ჩარევის შემდეგ თურნავა თავის ადგილზე დარჩა.

გახარია თუ წავიდა, ახალი მთავრობის დამტკიება გახდება საჭირო. „ქართულ ოცნებაში“ ახლო მომავალში სამთავრობო ცვლილებებს გახარიას დარჩენის შემთხვევაშიც ელოდებიან. როგორც ამბობენ, ფინანსთა მინინისტრ ვანო მაჭავარიანს პოსტს დაატოვებინებენ. მას ნათია თურნავაც თუ მიჰყვა, ეს იმას ნიშნავს, რომ გახარიამ პოზიციები გაიმყარა. ამ შემთხვევაში ის თანამდებობას აღარ დატოვებს. მართალია, მას საკუთარი გუნდი არ ჰყავს, მაგრამ იმ ვიწრო წრეს წარმოადგენს, რომელთანაც წასულ ბიძინა ივანიშვილს კონტაქტი ექნება.

„ქართული ოცნების“ ექსთავმჯდომარემ თანაგუნდელები გააფრთხილა, რომ მხოლოდ რამდენიმე კაცთან ექნება კონტაქტი და სხვებმა მასთან დაკავშირება არც კი უნდა გაბედონ.

ვიწრო წრეში, რომელსაც ივანიშვილთან კავშირის უფლება აქვს, სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც შედიან. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი პრემიერის პოსტზე მოიაზრება. ერთიც და მეორეც ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირებად მიიჩნევიან.

პრემიერობა თბილისის მერ კახა კალაძესაც უნდა, რომელსაც მერის უფლებამოსილების ვადა შემოდგომით ეწურება. ამავე პერიოდშია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები. ამ არეულ სიტუაციაში კალაძეს არჩევითი თანამდებობის დატოვება არ უნდა აწყობდეს. თან საქმე ისე მიდის, კაცმა არ იცის, რა მოხდება.

ივანიშვილი მართალია, ამათ მთლად უყურადღებოდაც არ დატოვებს, მაგრამ დროებით „ქართული ოცნება“ თავის ნებაზე მიუშვა. ისინი დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას მიჩვეულები არ არიან და ბევრჯერ გაიჭედებიან. ისევე გაიჭედებიან, როგორც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს მოხდა. მაშინ ივანიშვილმა მათ უთხრა, დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ, თუ ვინ იქნებოდა თბილისის მერობის კანდიდატი და კახა კალაძის კანდიდატურა ძლივს შეარჩიეს. 2017 წელს თბილისის მერობის კანდიდატი ყველაზე გვიან „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა.

ახლა კიდევ უფრო რთულად აქვთ საქმე – ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ. საქმეებს ვეღარც ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მოუგვარებს. ის „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ რუსეთში გაამგზავრა და აქაურ საქმეებში ჩარევა კატეგორიულად აუკრძალა. სერიოზული გაფრთხილება აქვს მიღებული ვანო ჩხარტიშვილსაც, რომელიც ივანიშვილის კარზე მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობდა.

შორენა მარსაგიშვილი