მეორედ წასვლა თუ გაქცევა _ რა გზას დაადგა ივანიშვილი?

„ქრონიკა+“ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიმალვასა და პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას აპირებდა. თავდაპირველად მას წასვლის შესახებ განცხადება ერთ-ერთი სახელისუფლებო არხის ეთერში უნდა გაეკეთებინა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, ეპისტოლური ფორმით დაგვმშვიდობებოდა.

პოლიტიკაშიც ასე მოვიდა _ ჯერ წერილი გამოაქვეყნა. ამ შემთხვევაში ოფიციალურად მოსვლაზე ვლაპარაკობთ, თორემ არაოფიციალურად ის ყოველთვის იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში. წლების მანძილზე „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი გახლდათ.

პირველად ღიად მოსვლა პოლიტიკაში მან 2003 წლის ბოლოს სცადა. ის აქტიურად უჭერდა მხარს შევარდნაძის ოპოზიციას, აფინანსებდა „ვარდების რევოლუციას“. მისი დაცვის ყოფილმა უფროსმა ელდარ გოგოლაძემ გაიხსენა, შევარდნაძის ჩამოგდების შემდეგ როგორ უნდოდა ივანიშვილს, პრეზიდენტად ეყარა კენჭი. ამბობდა, რომ ეს იდეა მას სურკოვმა მიაწოდა.

მეორედ ღიად პოლიტიკაში შემოსვლას ჟვანიას სიკვდილის მერე ეცადა. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამ დღის წესრიგში დააყენა ახალი პრემიერის არჩევის საკითხი. წლების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა გაიხსენა, რომ სააკაშვილი ივანიშვილის პრემიერობას უჭერდა მხარს. მას ეს გადაწყვეტილება ზურაბ ადეიშვილმა შეაცვლევინა.

პოლიტიკაში ღიად 2011 წელს მოვიდა. თავის წერილში გვითხრა, რომ პოლიტიკაში მოსვლა 2011 წლის 26 მაისის დარბევამ გადააწყვეტინა. არადა, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევას თავად უჭერდა მხარს. მეტიც: ვანო მერაბიშვილს იმის გამო გმობდა, მავანი ოპოზიციონერი რატომ არ დააკავეო.

პოლიტიკაში მოსვლამდე მან საქართველოდან თავის კერძო საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული ნახატები გაიტანა  და ისინი საფრანგეთში დააბინავა. აღსანიშნავია, რომ იგივე ნახატები მან გასული წლის დეკემბერშიც წაიღო საქართველოდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკაში მის წასვლა-მოსვლას რაღაცნაირად დაჰყვება ფრანგული კვალი. ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება თბილისში ნიკოლა სარკოზის ვიზიტის შემდეგ გააკეთა. სარკოზი თბილისს 2011 წლის შემოდგომაზე სტუმრობდა.

აგვისტოს ომის დროს მან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „ნაციონალებმა“ გადაწყვიტეს, საფრანგეთის პრეზიდენტისთვის ღირსეული დახვედრა მოეწყოთ. მთელი ქვეყნიდან ჩამოიყვანეს ხალხი თბილისში და სარკოზი აძახებინეს. სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას სარკოზიმ ივანიშვილზე ილაპარაკა და მიშას უთხრა, რომ ის უნდა წასულიყო. ყველას გემახსოვრებათ, რომ სარკოზი აეროპორტში თითქმის არავინ გააცილა. სააკაშვილი და „ნაციონალები“ მასზე ძალიან გაბრაზდნენ. რამდენიმე დღეში ბიძინას წერილები ვიხილეთ.

პოლიტიკიდან წასვლის წინ ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა. ივანიშვილმა იცოდა, რომ ამ ჯილდოს მიიღებდა და მისი მიღების შემდეგ ამჯობინა განცხადების გაკეთება.

არის ვარაუდი, რომ პარტია „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე საფრანგეთში გადასახლდება, სადაც მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე იყო აღძრული და მრავალი წლის მანძილზე ამიტომ ვერ ჩადიოდა იქ.

მას დასავლეთთან მთლად კარგად არ აქვს საქმე. ტრამპის სიძისა და, ამავდროულად, უფროს მრჩეველ კუშნერის წყალობით რაღაცები კი დაალაგა ამერიკასთან, მაგრამ „ჟღალმა მიმინომ“ სამარცხვინოდ დაასრულა თავისი საპრეზიდენტო მმართველობა. ბაიდენის ადმინისტრაციასთან ივანიშვილი, დიდი ალბათობით, ვერ დაალაგებს და პრობლემები შეექმნება.

მმართველ გუნდთან დაახლოებული წყარო „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ის ვადამდელ არჩევნებს დათანხმდება. პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი ისევ არაფორმალური მმართველი რომ იქნება, ამაში არავის ეპარება ეჭვი.

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე თავის გარემოცვას ანალიზის ჩატარების განკარგულებას ტყუილად არ მისცემდა. სათანადო ორგანოებმა უნდა დაადგინონ, რა შედეგს დადებს „ქართული ოცნება“, თუ 2021 წლის შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდება? ამ არჩევნებზე ის შეიძლება ახალი ძალით გამოვიდეს. ამაზე არაერთხელ გაუკეთებია განცხადება. თუმცა ბევრი რამე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იმოქმედებს ბაიდენის ადმინისტრაცია.

ბაიდენის ადმინისტრაციის კეთილგანწყობის იმედი ივანიშვილს არ აქვს და ამიტომაც წავიდა მეორედ. ბევრი ფიქრობს, რომ ის ჩრდილში გადავიდა, მაგრამ ეს უფრო გაქცევას ჰგავს. დასავლეთისთვის პოლიტიკაში ოლიგარქების ყოფნა უკვე ღიად მიუღებელი გახდა. ტრამპის დაცურებაც ამის ნათელი მაგალითია.

ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ივანიშვილმა ისევ მშვენივრად იცის, რომ გუნდი მოღალატეებით ჰყავს სავსე. კარგად ახსოვს, როგორ წამოიყვანა ისინი „ნაციონალებისგან“. იმასაც აცნობიერებს, რომ როგორც კი ფეხი დაუცდება, ეს ხალხი მას პირველი ჰკრავს ხელს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ ნაწილი პოლიტიკაში მის მეორედ მოსვლასაც ეწინააღმდეგებოდა.

პოლიტიკაში მეორედ 2018 წლის გაზაფხულზე მოვიდა. მაშინ პრემიერმა კვირიკაშვილმა და კალაძის დაჯგუფებამ დაჭამეს ერთმანეთი. მოგვიანებით, ივანიშვილი თავად მოყვა, რომ პარტიაში რამდენიმე კაცი ძალიან ეწინააღმდეგებოდა პოლიტიკაში მის დაბრუნებას.

წასვლის მიზეზად ივანიშვილი ასაკს ასახელებს, _ 65 წელს მივაღწიე და დავიღალეო. ეს ცოტა სასაცილოა, რადგან ძალიან ხშირად მიგვითითებდა, რომ 2030 წლამდე აპირებდა ქვეყნის მართვას. თან 65 წლის კაცისგან დაღლაზე საუბარი ცოტა სასაცილოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიო ზესახელმწიფოს პრეზიდენტის მოვალეობას 20 იანვრიდან 78 წლის ჯო ბაიდენი შეასრულებს.

ისე, ივანიშვილის დაღლის მთავარი მიზეზი სწორედ ბაიდენია.

შორენა მარსაგიშვილი