„ქუჩის თეატრი“ მთლიანად დაიწვა – რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი?

გლდანი-მუხიანის გადასახვევთან, გობრონიძის ქუჩაზე მდებარე „ქუჩის თეატრი“ დაიწვა. როგორც თეატრის დირექტორმა ირაკლი ბიგვავამ „ქრონიკა+“-სთან განაცხადა, დამწვარია შენობის მეორე სართული და 6 წლის განმავლობაში ხელით ნაკეთი ყველა ნივთი.

მისივე თქმით, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

„ეს დიდი შენობაა, სადაც ერთ-ერთი ოფისი ჩვენ გვქონდა ნაქირავები, აქ გველაგა რეკვიზიტი, კოსტიუმები და აბსოლუტურად ყველა ნივთი დაიწვა. მხოლოდ რადენიმე ოფისი გადარჩა. ჯერჯერობით დადგენილი არაა, თუ რამ გამოიწვია ხანძარი. დაახლოებით 30 ათასი ლარის ზარალი მოგვადგა, თუმცა ყველაზე მეტად საწყენია ის, რომ ნივთები ხელნაკეთი იყო და, ფაქტობრივად, ნულიდან მოგვიწევს ყველაფრის აღდგენა“, – განაცხადა ირაკლი ბიგვავამ.

ცნობისთვის: „ქუჩის თეატრი“ 6 წლის წინათ დაარსდა. თეატრის შექმნის იდეა მსახიობ ირაკლი ბიგვავას ეკუთვნის. „ქუჩის თეატრში“ სხვადასხვა მიმდინარეობის მსახიობები არიან გაერთიანებულნი. თეატრის პორტფოლიოში უკვე არის არაერთი პროექტი, რომელიც განხორციელდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

TBC ბანკი – GE81TB7098136020100007

გიორგი საკარული