კახა მიქაია: „ივანიშვილმა დასავლეთის ინტერესებს ზიანი მიაყენა და ამას არ აპატიებენ“

სამოქალაქო აქტივისტ კახა მიქაიასთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მოულოდნელი არ აღმოჩნდა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, სავარაუდოდ, დასავლეთიდან გარანტიები მიიღო და ამიტომაც წავიდა.

ვის იმედად ვერ დარჩებოდა ივანიშვილი პოლიტიკაში? რა გარანტიებს მიიღებდა დასავლეთიდან იგი? რას არ აპატიებს მას ამერიკა? რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ? _ ამის შესახებ კახა მიქაია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ წავიდა პოლიტიკიდან. ის ყველას ვრცელი წერილით დაგვემშვიდობა. რას ფიქრობთ პოლიტიკიდან მის მეორედ წასვლაზე?

_ ბოლო წლების ქართული პოლიტიკის „რუხი კარდინალი“ ისევ გაუჩინარდა. რაც შეეხება მის წერილს, „რუხი კარდინალის“ წერილის შინაარსი საინტერესო არ არის. ის შეიძლება შევაფასოთ, როგორც ტყუილების კასკადი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა. აქ მთავარია, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილმა?

_ თქვენი აზრით, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი?

_ იმიტომ გადადგა, რომ ის „ქართულ ოცნებას“, როგორც დასრულებულ პოლიტიკურ პარტიას, ისე უყურებს. ის აცნობიერებს, რომ „ოცნება“ ვეღარ იქნება მმართველი ძალა. შესაბამისად, ივანიშვილი ვერ დარჩებოდა კობახიძის კულულების, კალაძის სელფის ჯოხის, მათიკაშვილის შემობრუნებული პირბადისა და დენდროპარკიდან გადმორგული ეგზოტიკური ედიშერ თოლორაიას პოლიტიკური ამბიციებისა თუ მერკანტილური ინტერესების მძევლად. მასზე მრავალი აზრი არსებობს საზოგადოებაში, მაგრამ ყველაზე უკეთ მაინც ის აფასებს იმ მდგომარეობას, რაც „ქართულ ოცნებაშია“.

პოლიტიკური პროგნოზი ძალიან საფრთხილო საქმეა და ამიტომ ჩვენ მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ იმის შესახებ, თუ რატომ წავიდა ივანიშვილი პოლიტიკიდან.  ის, როგორც უკვე გითხარით, შეიძლება წავიდა ჩრდილში და ცოტა ხანში პოლიტიკურ როქს გააკეთებს. პრინციპში, ახლო მომავალში მან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დააანონსა. ის შეინარჩუნებს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ პარალელურად შექმნის ახალ პოლიტიკურ ძალას, რომლითაც „ოცნებას“ ჩაანაცვლებს. არის მეორე ვარიანტიც: ის ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან, ოღონდ სანაცვლოდ მიიღებს მყარ გარანტიებს.

_  ვისგან და რა სახის გარანტიების მიიღებს?

_ დასავლეთიდან. მას უნდა, რომ პირადად ის და მისი ბიზნესი იყოს ხელშეუხებელი. ვნახოთ, რა მოხდება. არ მჯერა, რომ მისთვის მიცემული გარანტიები მყარი იყოს.

_ რატომ არ გჯერათ, რომ ეს გარანტიები მყარი იქნება?

_ ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკით ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიო აქტორებისა და, პირველ რიგში, ამერიკის ინტერესებს კავკასიაში. დასავლეთმა მას შეიძლება, რაღაც გარანტიები მისცეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხს არ მოსთხოვს. როგორც წესი, ასეთი ქმედებები პასუხგაუცემელი არ რჩება. ასეთ რამეებს რომ პატიობდეს დასავლეთი, დღეს ყადაფიც თავის სკამზე იჯდებოდა და  მუბარაქსაც არ შეეხებოდა არავინ. კიდევ ვიმეორებ: ივანიშვილმა კავკასიაში დასავლეთის ინტერესებს დიდი ზიანი მიაყენა, მას ამას არ აპატიებენ.

შორენა მარსაგიშვილი