ბათუმში აფეთქებისას 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, _ უცხო ქვეყნის მოქალაქე

გუშინ ღამით ბათუმში მირიან მეფის ქუჩაზე აფეთქების დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთია მეხანძრე-მაშველი, რომელიც ცეცხლის ჩაქრობის დროს მეორე სართულიდან ჩამოვარდა, ის კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

კიდევ ორი _ დაშავებული ცოლ-ქმარი, რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო მეოთხე, თურქეთის მოქალაქე, კლინიკა BMC-ში იმყოფება.

როგორც „მედინაში“ „ქრონიკა+“-ს განუცხადეს, მაშველმა კლინიკა უკვე დატოვა.

„ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აფეთქების დროს დაშავებული ერთ-ერთი მეხანძრე შემოიყვანა. პაციენტს კლინიკაში გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევა. დაზარალებულს აღენიშნებოდა გულ-მკერდის ზედაპირული დაზიანება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური, არ საჭიროებდა დამატებით ჩარევას, ამიტომ სამედიცინო დაწესებულებიდან  რამდენიმე საათში გაეწერა“, – აცხადებენ კლინიკაში.

რაც შეეხება რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული ცოლ-ქმრის ჯანმრთელობას,  კლინიკის ინფორმაციით, ქმარი უკვე გაეწერა, ქალბატონის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა _ მან  დამწვრობა მიიღო.

მეოთხე დაშავებული, თურქეთის მოქალაქე, კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მან ძლიერი დამწვრობა მიიღო.

„ჩვენთან შემოვიდა ერთი პაციენტი _  თურქეთის მოქალე, მას ტრავმული შოკი ჰქონდა. იგი აგრძელებს მკურნალობას. მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – აცხადებენ კლინიკა „ბიემსიში“.

შეგახსენებთ: გუშინ გვიან ღამით, სავარაუდოდ,  ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ძლიერი აფეთქების  დროს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაინგრა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.

შსს-მ  ,,ქრონიკა+“-ს  განუცხადა, რომ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით.

ხვიჩა მამულაძე