მთავარი ინტერვიუ ნესტან კირთაძე: „რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად რევოლუციას არავინ აპატიებს!“

ნესტან კირთაძე: „რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად რევოლუციას არავინ აპატიებს!“

195
0
გაზიარება

ისტორიკოსი და პოლიტიკოსი ნესტან კირთაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში ორპარტიული სივრცის გარღვევის შანსი არსებობდა, მაგრამ ოპოზიციამ ეს სტატუსკვო დატოვა. ამიტომაცქრონიკა+“-ის რესპონდენტი, მისივე სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ოპოზიციაზე გაბრაზებულია.

გთავაზობთ ინტერვიუს ნესტან კირთაძესთან, რომელსაც ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე განსხვავებული მოსაზრებები აქვს.

ქალბატონო ნესტან, აბა, მითხარით, რა ხდება, უკვე დიქტატურაა და ჩრდილოეთ კორეაში ვართ?

– არა, ასე ნამდვილად არაა. საერთოდ, მგონია, რომ ასეთი ტიპის კვალიფიკაცია და პოლიტიკური იარლიყი გადაჭარბებულია, თუმცა ოპოზიციის თვისება, რასაკვირველია, ასეთია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საკმაოდ რთული კრიზისული სიტუაცია მივიღეთ, რომლის მთავარი განმაპირობებელიც დღეს არსებული რეგიონული კონტექსტი და ის ბალანსია, რომელიც ყარაბაღის ომის შემდეგ მთელ რეგიონში შეიცვალა. ასეთი კონტექსტი კი, ცხადია, ბუზს აქლემად აქცევს. ამიტომაც ამ პროცესს სიფრთხილითა და მიყურადებით ვადევნებ თვალს.

ქათინაურად არ ჩამითვალოთ და ქართულ პოლიტიკაში ისეთები ცოტანი არიან, რომლებსაც თქვენ მსგავსად ბევრი უნახავ. ჰოდა, თქვენი ოპტიმიზმი ცოტა მაოცებს, მით უმეტეს, მაშინ, როცაოცნებაპარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების აკრძალვასა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას აკანონებს.

– ცნობილი ბანალური ფრაზა ხომ გახსოვთ, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო.

დიახ, მახსოვს, მაგრამ ეს რა შუაშია?

– მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის საჭეს კვლავ მიუჯდა, „ოცნების“ განცხადებები, რასაკვირველია, ბევრად უფრო მკვეთრი და რადიკალური იქნება, რათა ოპოზიციას თავისი შესაძლებლობებით, ასე ვთქვათ, გაუმასპინძლდეს, თუმცა არ ვფქირობ, რომ საკითხი, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ან მის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ეხება, მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებად უნდა დარჩეს.

ანუ?

– ამ საკითხს ჩვენი ის პარტნიორები ძალიან დიდ ყურადღებას მიაქცევენ, რომლებსაც რეგიონში პარტნიორად, და თუ ასე გააგრძელეს, სავარაუდოდ, მოკავშირედაც ერთადერთი ფორფოსტი დარჩათ.

ქალბატონო ნესტან, რაზე საუბრობთ?

– პარტნიორები დიდხანს ვერ დავრჩებით და ახალმოკავშირეობის ეტაპზე უნდა გადავიდეთ, რადგან სწორედ ამ მოკავშირეობის მანდატშია ნატოსა და იგივე შავ ზღვაზე აშშ-ის გაძლიერების ქეისი.

მოკლედ, ვინაიდან საქართველო სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული დასავლეთის ფორფოსტია, ამიტომ დასავლელი პარტნიორები ზემოხსენებული ტიპის კანონპროექტებს  განსაკუთრებულად მიადევნებენ თვალს და არ დაუშვებენ, რომ ბალანსი დაირღვეს და ჩვენ, მართლაც, აღმოსავლური ტიპის რაღაც დესპოტური რეჟიმი მივიღოთ.

კობახიძის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება სწორედ დესპოტური რეჟიმის დამყარებაზე მიანიშნებს

– ეს გამარჯვებულის პოზიციიდან რაღაც ყელყელაობაზე მიანიშნებს, თუმცა, მაგალითად, დაფინანსების საკითხში ლოგიკა არის.

ქალბატონო ნესტან, არ გაბრაზდეთ, მაგრამ მეჩვენება, რომოცნებისმიმართ ძალიან ლოიალურად ხართ განწყობილი.

– არა, „ოცნების“ მიმართ ლოიალობა არაფერ შუაშია.

აბა?

– ოპოზიციაზე ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ფრაზები – „რევოლუცია“ თუ „მშვიდობიანი რევოლუცია“ – მიუღებელია! თქვენ რომ რევოლუცია გინდათ წამოიწყოთ, ჩვენ, რა, მკვდრები ვართ? რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად რევოლუციურ გზას ვინ აპატიებს?!

ჯერ ერთი, მხოლოდ ალეკო ელისაშვილი ამბობს, ოპოზიციას რევოლუცია უნდაო. მეორეც, აჯანყება ხალხის კონსტიტუციური უფლებაა

– კონსტიტუცია არაფერ შუაშია.

რატომ?

– აჯანყებისა და რევოლუციის საკითხს სხვები აყენებენ. ელისაშვილის რევოლუცია კი არ მსმენია.

ალბათ, კარგად ვერ გამიგეთელისაშვილი ხაზარაძესა და ბოკერიაზე ამბობს, რევოლუცია უნდათო

– რისი გამკეთებელია და, საერთოდ, პოლიტიკაში ვინ ტიპაჟია, კარგად იცით. იმასაც კარგად დავინახავთ, მოღვაწეობას როგორ დაამთავრებს…

არ მინდა, საკითხი გავამწვავო და ამიტომ არ დავაზუსტებ, თუმცა ტელევიზიით, მათ შორის, პოლიტიკოსებისგანაც, მოვისმინე, თუმცა მინდა, თითოეულმა მათგანმა იცოდეს, რომ რევოლუციაზე ყოველი ფრაზა მათ წინააღმდეგ იქნება მიბრუნებული! მოსახლეობამ მშვიდობის ფასი კარგად იცის და ისიც ფაქტია, რომ მძიმედ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარების შანსი არსებობს. ამიტომ „ტროიკებს“, „დირექტორებსა“ და იმ გადანაწილების ომს, რომელიც განზრახული აქვთ, არავინ დაუშვებს!

მომიტევეთ და, რომელტროიკაზემიანიშნებთ?

– „რევოლუციური ტროიკები“ რევოლუციის კანონია. ახლა, ბიბლიოგრაფიას ხომ არ მიგითითებთ?!

ქალბატონო ნესტან, კამათს არ გავაგრძელებ და მითხარით, „ოცნებასგაყალბებული არჩევნები უნდა შერჩეს?

– არ ვიცი, არჩევნები ისე გაყალბდა თუ არა, რომ ამით საერთო შედეგი შეიცვალა.

ამას რა ცოდნა უნდა?

– როგორც ფასილიტატორი ელჩები და ექსპერტები ამბობენ, ოპოზიციამ ერთი ფაქტიც ვერ დადო.

ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რადგან იგივესტრატეგია აღმაშენებელმაგაყალბებული ფაქტები, როგორც ნივთმტკიცება, მთავარ პროკურატურაში წარადგინა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა

– პროკურატურაში ფაქტების შეტანა რა შუაშია? იმასთან დაკავშირებით, რა და როგორ გაყალბდა, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა არსებობდეს, მაგრამ ამის შესახებ ჯერ საზოგადოებამ არ ვიცით.

ქალბატონო ნესტან, საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით

– რატომ მეჩხუბებით?!

არ გეჩხუბებით

– გასაგებია, რომ პარტიულმა ტელევიზიებმა  მხარეებად დაიწყეს გამოცხადება, მაგრამ თქვენ ხომ პარტიული არ ხართ?!

პარტიული, ცხადია, არ ვარ, მაგრამ მხოლოდ მე კი არა, მთელმა საქართველომ ნახა კადრები, როცა ქოცკოორდინატორი ბიულეტენებს უბეში იტენიდა

– დიახ, ჩემი ოჯახის წევრის ინტერესებსაც ვითვალისწინებდი – ძალიან ბევრი დარღვევა და ხმის მიტაცება იყო. ყველაზე მეტად პატარა პარტიები დაიჩაგრნენ, რადგან მათ ხმებს დიდი პარტიები თავიანთ ყულაბაში იყრიდნენ, თუმცა ახლა ჩვენ სერიოზულად ვსაუბრობთ და არა – ემოციურად. ამიტომ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვიღაცის ხმამაღალ შეძახილ-შემოძახილს კი არა, არჩევნების გაყალბებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდები.

იმისთვის, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანოს, თავისუფალი უნდა იყოს. ქალბატონო ნესტან, ჩვენი სასამართლოსი გჯერათ?

– ამ ეტაპზე სასამართლოს, მგონი, ბოქლომი არ ადევს. პროცესები მიდის და მანტიამოსხმულ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის ვერდიქტი გამოაქვთ.

მაინც, ხაზს გავუსვამამ წუთას მურუსიძის სასამართლოზე ვსაუბრობთ!

– ერთი წამით, მომისმინეთ… ეს ყველამ იცის, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობდეს. გაყალბებული არჩევნების შედეგების გამოცხადების სტანდარტი ასეთია…

გასაგებია, მაგრამ ქალბატონო ნესტან, რასაც ახლა გკითხავთ, შესაძლოა, არ გესიამოვნოთ: ოპოზიციაზე გაბრაზებული, იქნებ, იმიტომ ხართ, რომ თქვენი ოჯახის წევრი, რომელიც სახალხო მოძრაობის ლიდერია, დიდი ოპოზიციური ერთობის მთავარი ფიგურანტი ვერ გახდა?

– ესეც ბავშვური კითხვაა.

რატომ?

– ჩემი ოჯახის წევრის კი არა, ქალიშვილის გადაწყვეტილება იყო, რომ თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკური პლატფორმა შეექმნა. შექმნა კიდეც და თანამოაზრეებთან ერთად მომავლისკენ სვლას გააგრძელებს! საერთოდ, მომავალს 90-იანი წლების ხანდაზმული პოლიტიკური ლიდერები ეპოტინებიან… ახალგაზრდა ლიდერები კი მომავლისკენ სვლას კიდევ უფრო თავდაჯერებით გააგრძელებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, თქვენი კითხვა ყველაფრისგან ამოვარდნილი იყო და, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა კიდეც.

კითხვის დასმა ჩემი უფლებაა, მით უმეტეს, რომ არჩევნებამდე სრულიად სხვა განწყობა გქონდათ და არჩევნების გაყალბებასაც არ გამორიცხავდით

– არჩევნების წინ მოლოდინის განწყობა იმ კუთხით მქონდა, რომ ბევრად უფრო საინტერესო დემოკრატიული პროცესი იქნებოდა. იმასაც გეტყვით, რომ ახალგაზრდა ლიდერების პლატფორმას ვგულშემატკივრობდი, არჩევნების შემდეგ კი შესაბამისს დასკვნებს ვაკეთებ…

ქალბატონო ნესტან, ასეა თუ ისე, ფაქტია: მეათე მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ეს კრიზისული ვითარება, თქვენი აზრით, როგორ და რით განიმუხტება?

– მხოლოდ მოლაპარაკებით განიმუხტება და მისასალმებელია, რომ ელჩების შუამდგომლობითა და მონაწილეობით მოლაპარაკების ასეთი მაგიდა არსებობს. საერთოდ, არ შეიძლება, მოლაპარაკება ცალმხრივი იყოს. კომპრომისზე ორივე მხარე უნდა წავიდეს და ამ კომპრომისის მთავარი მაგისტრალი ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება უნდა იყოს ყოველგვარი რევოლუციისა თუ ქარტეხილის გარეშე.

რევოლუციას არც მე ვემხრობი, მაგრამ დათმობაზე ორივე მხარე უნდა წავიდეს.

– რასაკვირველია. ამის მოლიდინი მხოლოდ ორივე მხარეს კი არა, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, ასევე მოსახლეობასაც აქვს.

ვთქვათ, „ოცნებამუკან არ დაიხია და ოპოზიციაც არ წავიდა კომპრომისზე. აი, ასეთ შემთხვევში, სადამდე მივალთ, ანუ ამ კრიზისის კულმინაცია რა იქნება?

– ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება. ეს მოლაპარაკება ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარეს, რადაც უნდა დაუჯდეს, ყველაფერს შეათანხმებს.

დამიკონკრეტეთ: თქვენი აზრით, „ოცნებახელისუფლებაში ყოფნის მესამე ვადას ამოწურავს?

– არა, ასე არ მგონია. შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ჩემი აზრით, საარჩევნო რეფორმა, ანუ ნულოვანი ბარიერი და სრულად პროპორციული არჩევნები იქნება. ამით იმიტომ ვარ დაინტერესებული, რომ ახალ პარტიებსა და ლიდერებს ქართულ პოლიტიკაში მოსვლის საშუალება მიეცეთ და ამ ქვეყნის მომავალი ახალი ხედვითა და ევროპულ-ამერიკული განათლებით შექმნან.

თუ საარჩევნო კანონმდებლობა არ შეიცვალა, მაშინ 2024 წელს ისევ ორპარტიული სივრცე დარჩება. ოპოზიციაზე გაბრაზებული იმიტომაც ვარ, რომ ამ ორპარტიული სივრცის გარღვევის შანსი არსებობდა, მაგრამ ისევ ეს სტატუს-კვო დატოვა. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალი არჩევნები, 2021 წელს ჩატარდება, 2022-ში თუ შემდეგ წელს, აუცილებლად ნულოვანი ბარიერით და სრულად პროპორციული სისტემით უნდა ვიხილოთ.

ოპოზიცია ფართო ცნებაა. იგივე ერთიან ოპოზიციაში .. გამწევი ძალა არის ენმ. ჰოდა, მითხარით, მთელ ოპოზიციაზე ხართ გაბრაზებული თუ, ვთქვათ, „ნაცმოძრაობაზე“?

– რა დაგემართათ, ხომ არ დაბერდით? ლაპარაკია ოპოზიციაზე, როგორც პროცესზე და არა – კონკრეტულ ინდივიდებზე.

მესმის, რომ თემის განვრცობა არ გინდათ. ორ კითხვას კიდევ დაგისვამთ და დაგემშვიდობებით: ქალბატონო ნესტან, დეპუტატი რომ იყავით, პარლამენტში როიალი იყო?

– არ მახსოვს…

ალბათ, მიხვდით, საუბარი საითკენაც მიმყავს: ხომ არ ფიქრობთ, რომ ელისო ბოლქვაძეოცნებისახალი ოდიოზური სახეა? აქვე, შეგახსენებთ, ქალბატონ ბოლქვაძე ითხოვს, პარლამენტმა ინსტრუმენტი იყიდოს, რადგან ბეთჰოვენი დაუკრას. ამასთან, ბოლქავაძის რწმენითვე, საქართველო აფრიკა არაა, ე. ი., აქ ადამიანები არ შიმშილობენ

– ქალ პოლიტიკოსს მაინცდამაინც ნუ გალახავთ…

პოლიტიკაში სქესს რა მნიშვნელობა აქვს?

– ნუ დაარქმევთ მას ოდიოზურს, რადგან გაეროს კეთილი ნების ელჩია, თუმცა რიტორიკაში, რასაკვირველია, ლაფსუსები ჰქონდა და საქართველოში დიდხანს რომ იცხოვრებს, თავადვე მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა.

ისე, აფრიკის დასახლებაში მოწყობილი ეგზეკუციაოცნებისკიდევ ერთი ფატალური შეცდომა იყო?

– დიახ, ეს, რასაკვირველია, შეცდომა იყო და აქ კანონის მოხმობა ძლიერი არგუმენტი არაა, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილების დროს ქვეყნისა თუ ქალაქის ადმინისტრაციამ დრო და ქვეყანაში არსებული თუნდაც ეპიდვითარება უნდა განსაზღვროს.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ თუ ქალაქისთვის ამ ტიპის მშენებლობა მიუღებელი იყო, ეს ადამიანები ჯერ უნდა დაებინავებინა, თორემ ის, რაც აფრიკის დასახლებაში მოხდა, ანტიჰუმანური აქტია!

ბოლოს, ქალბატონო ნესტან, რა გაქვთ სათქმელი ივანიშვილთან და რასააკაშვილთან?

– არც ივანიშვილთან და არც სააკაშვილთან ბევრი სათქმელი არ მაქვს. ჩემს ქვეყანასა და ხალხს კი ვეტყვი: მოდით, ჩვენი ცხოვრება ისე გავაგრძელოთ, რომ მომავალ წელს, როცა ინტერვიუს კიდევ მოგცემთ, სიამაყით ვთქვა, – ჩემი ქვეყანა წელში იმართება და განვითარების გზაზე ძალიან ღირსეულად მიდის!

გიორგი აბაშიძე

დატოვეთ კომენტარი