როგორია ემიგრანტი მსახიობის ცხოვრება ესპანეთში?

ორი წლის წინათ ის ოჯახთან ერთად შორეულ ემიგრაციაში წავიდა. მისი თქმით, ემიგრაციაში ყოფნა დევნის გამო უწევს. იყო რთული ეტაპები როგორც საქართველოში, ასევე _ ესპანეთში, თუმცა დღეს მას სამსახურიც აქვს და ბარსელონაში საკუთარი პროფესიითაც აპირებს მუშაობის გაგრძელებას.
მსახიობი ნანა კუხალეიშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ კრიმხილდას როლით გაიცნო, თავისი ოჯახის მძიმე ისტორიას „ქრონიკა+“-ის მკითხველს უყვება.
ჩვენი გამოცემა მსახიობს ბარსელონაში დაუკავშირდა.

ნანა კუხალეიშვილი, მსახიობი:
_ ორი წლის წინათ დავტოვე საქართველო, ზუსტად ნოემბერში მომიწია ქვეყნიდან წამოსვლა. ჩემი ემიგრაცია არ უკავშირდება ფინანსურ მხარეს, რადგან საკმაოდ ბევრ ადგილას ვმუშაობდი: თეატრში, „სანო სტუდიაში“ გახმოვანებაზე ნორმალური შემოსავლით, ასევე მქონდა სტუდია, პარალელურად სერიალი. მოკლედ, ბავშვები მშიერი არ მყოლია.
ჩემი მეუღლე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და „თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს კაცი ქვეყანას დაანგრევდა.
ჩემი ოჯახი მთელი ექვსი წელი ლანძღვა-გინების, ფურთხებისა და მუქარის ობიექტი გახდა. ყოველდღე მიწევდა ბავშვების დაწყნარება. არაჩვეულებრივი დამრიგებელი ჰყავდათ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი სიცოცხლეს უმწარებდა, ამიტომ სხვა სკოლაში გადავიყვანე.
მერე პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე დაიწყო მუქარები, ბავშვების გამო ძალიან მეშინოდა. რამდენჯერმე მომსვლია მესიჯი: უი, რა კარგი შვილი გყავსო. ჩემი მეუღლე აქციების ორგანიზატორი იყო და ამიტომ გვდევნიდნენ. არა მარტო მას, ბავშვებსაც სუსის აგენტები დაჰყვებოდნენ უკან. ვეღარ გავუძელი, ყველაფერს აქვს საზღვარი. ფაქტობრივად, შვილები გავწირეთ ამ სტრესისთვის. სხვა გამოსავალი არ გვქონდა. აქ შანსი გვაქვს, ჩვენს შვილებს რაღაც გავუკეთოთ. ჩემი მეუღლე სულ იდევნებოდა, რაღაც პერიოდით უკრაინაში წავიდა და იქიდან დაბრუნებულს იგივე სიტუაცია დახვდა.
_ პოლიტიკური აქტივობების გარდა თქვენი მეუღლე სად მუშაობდა?
_ კომპანია „მადნეულში“. აღიქვეს ისე, თითქოს „მადნეულის“ თანამშრომლებს აქციაზე წასვლას აძალებდა, ვითომ ინფორმაციები გაჰქონდა და ათასი ტყუილი შეთხზეს, რათა სამსახურიდან გაეშვათ. ჩვენ ასევე გვქონდა ცალკე პატარა ბიზნესი, რომელიც დავხურეთ, რადგან სამსახურის დაკარგვის შემდეგ ვეღარ შევძელით კრედიტის გადახდა. ბინაც ბანკმა გაგვიყიდა და ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რომ თუ ჩემი ქმარი უარს იტყოდა პოლიტიკურ აქტივობებზე, არ იყვირებდა, აქციებზე არ ივლიდა და თავის შეხედულებებს ხმამაღლა არ გამოთქვამდა, მაშინ სამსახურს შეინარჩუნებდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა ჩემი მეუღლე ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, არ წავიდა.
_ ესპანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეთ?
_ დიახ, როგორც კი წარვადგინეთ დოკუმენტაცია, მეორე დღესვე დაგვინიშნეს ინტერვიუ. თავიდან ძალიან ცუდად ვიყავი, საკუთარ თავში ჩავიკეტე, ვიხრჩობოდი, სული მეხუთებოდა, მაგრამ მერე რაღაც მოხდა, ალბათ, ღმერთი მეხმარებოდა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ახლა დაცემა არ შეიძლებოდა, შვილებისა და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობები მქონდა. საბედნიეროდ, მუშაობა დავიწყე. ერთ-ერთ უზარმაზარ, „იუთუბის“ მსგავსს კომპანიაში დავსაქმდი, სადაც მოდერატორი ვარ. მაშინ, როდესაც პანდემია და გაგანია კორონობის ჟამი იყო, ღამე ქუჩაში მარტო დავდიოდი.
ცრემლები მდიოდა, ისე მეშინოდა, მაგრამ მოვასწარი და ტრენინგებს მაინც არ ვაცდენდი. მოთხოვნა იყო რუსულისა და ინგლისურის ცოდნა. რუსული ვიცი, ინგლისური კი არ ვიცოდი, მხოლოდ გაქცეულის მობრუნება შემეძლო. აქ ესპანურის სწავლა როცა დავიწყე, ყველაფერი დამავიწყდა, თუმცა ვიმეცადინე, გავიხსენე და გამიმართლა. ჩემს დასაქმებაში დიდი წვლილი მიუძღვის არაჩვეულებრივ ნინა ახვლედიანს, რომელიც ბალერინაა და აქ სამსახიობოზე სწავლობს. უნიჭიერესი გოგონაა, მის სპექტაკლსაც დავესწარი და ყველაზე კარგი ნინა იყო. იგი დამეხმარა ჩV-ის სწორად შედგენაში და ა. შ. დიდი ხნის მანძილზე ვგზავნიდი ჩV-ის თხოვნით, თქვენთან მუშაობის დაწყება მინდა-მეთქი.
დავიწყე ინგლისურში მეცადინეობა, აღვიდგინე, რაც დავიწყებული მქონდა, ახალიც ავითვისე. როგორც იქნა, მომწერეს მეილზე და გასაუბრებაზე დამიბარეს, რომელიც ინგლისურ ენაზე წარმატებით გავიარე. ყველა ეტაპი გადავლახე, ტესტებიც შევავსე და სამსახურში ამიყვანეს.
_ ოჯახთან ერთად წახვედით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად ემიგრაციაში?
_ პირველი სამი თვე უნდა დავრჩენილიყავით წითელი ჯვრის ერთ-ერთ სოციალურ სახლში. იმდენად დიდ დეპრესიაში ვიყავი, რომ სულ ვტიროდი, არაფერი აღარ მინდოდა, არც ჭამა, არც სმა, დავიკარგე, ნული ხარ, არაფერი აღარ ხარ, გესმის სხვა ენა, ირგვლივ არ გყავს შენიანი, ამ დროს შენი თვითშეფასების დონეც ეცემა და მოკლედ, საშინელება მჭირდა. ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი, თბილისში რომ გაჰყვირიან, _ ჯართს ვიბარებ! _ ეგ ხმები მენატრება-მეთქი. ახლა არაფერი მიჭირს, სამსახური მაქვს. კოვიდის მიუხედავად, როგორც მინდა, ისე ვერთობით. ძალიან კარგი მეგობრები გვყავს, მაგრამ ანსამბლ „მეტეხის“ სიმღერა „იავნანა“ ჩამირთო ვიღაცამ და ერთი კვირა მოვთქვამდი. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ არის რაღაც ისეთი ამ სისხლში, რომელიც გკლავს, _ სულ სხვაა ქართული. ფსიქოლოგთანაც ვიყავი, რომელიც მეუბნება: შენ თუ არ დატოვე ეს ყველაფერი, მთელი ცხოვრება ვერ წამოხოვალ შენი ქვეყნიდან, ჩათვალე, რომ შენ ისევ იქ ხარ და იტანჯებიო.
_ თან ორმაგად რთულია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში გაქვს სტატუსი, სამსახური, გაფასებს ხალხი, უყვარხარ, პოპულარული ხარ და უცებ აღმოაჩენ, რომ სრულიად უცხო ქვეყანაში არავინ ხარ.
_ ნამდვილად, უცხო ქვეყანაში ნული ხარ. აქ თუ დანებდი, საშინელება იქნება. მე კიდევ დანებების უფლება არ მქონდა, ამიტომ ყველაფერი გავაკეთე, რომ ამ სიტუაციას მოვრგებოდი და კომფორტულად მეგრძნო თავს.
_ დღეს რა გიჭირთ ყველაზე მეტად?
_ არაფერი მიჭირს. ერთდერთი, ძალიან განვიცდი იმ ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება.
_ ამ თემაზე ვისაუბრებთ, მაგრამ იქამდე გვითხარით, თუ რა ხდება პანდემიის მხრივ ბარსელონაში?
_ აბსოლუტურად ყველაფერი დაკეტილია: რესტორნები, ბარები, კაფეები.
_ დღისითაც?
_ დღისითაც და ღამითაც. 3 კვირა იქნება ჩაკეტილი და მერე გავხსნითო. გარეთ უპირბადოდ ვერ გახვალთ, მაშინვე დაჯარიმდებით 300, 600 ან 1000 ევროთი.
_ კომენდანტის საათი მოქმედებს?
_ 10 საათიდან კომენდანტის საათია.
_ ქალბატონო ნანა, რა ხდებოდა არჩევნების დღეს ესპანეთში, როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი?
_ ჩემი მეუღლე დამკვირვებელი იყო. აქ ცხოვრობენ ადრე წამოსული ადამიანები, რომლებიც კრიმინალური განშტოების წევრები არიან. არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე აქტიურად საუბრობდნენ, რომ არჩევნები „ქართულ ოცნებას“ უნდა მოეგო, მაგრამ ბარსელონაში ძალიან პატრიოტი ქართველებიც მოღვაწეობენ, რომლებმაც ემიგრანტების ჯგუფში ასეთი რამ დაწერეს: თუ ვინმეს გაქვთ საბუთი და შეგიძლიათ, რომ დააფიქსიროთ თქვენი ხმა, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ბარსელონაში, არ აქვს მნიშვნელობა, ვის მისცემთ ხმას, მთავარია, მოხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი. ასე გავავრცელეთ ხმები ყველგან. შარშან 200 კაცი იყო, ძალიან ცოტა მივიდა არჩევნებზე, მაგრამ წელს თვალებს ვერ ვუჯერებდი, 5 საათი ვიდექი რიგში. ხალხი ბასკეთიდან ჩამოვიდა იმისთვის, რომ მიშასთვის მიეცა ხმა, შვილებს გეფიცებით. 700 კილომეტრი გაიარა ამომრჩეველმა იმისთვის, რომ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინა, მოესწრო და ისევ უკან დაბრუნებულიყო კომენდანტის საათის დაწყებამდე. ძალიან ბევრი არ მიდიოდა სახლში იმის გამო, რომ ვერ დარეგისტრირდა. ხმამაღლა ამბობდნენ, რომ მიშას აძლევდნენ ხმას და ვინც თავდახრილი იდგა, ვიცოდით, რომ „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ. 200 კაცი უკან გაბრუნდა, ანუ ვერ გაიარა რეგისტრაცია და დაიკარგა ხმები, ხალხი ვეღარ ასწრებდა სახლებში მისვლას, რადგან კომენდანტის საათი იწყებოდა. საბოლოო ჯამში, 600 კაციდან 467 ხმა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და 147 _ „ქართული ოცნების“.
_ როგორ შეაფასებთ გაყალბებულ არჩევნებს და მიმდინარე პროცესებს საქართველოში?
_ ის, რომ ადამიანს არჩევანის უფლებას არ გაძლევენ, ფსკერზე ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვაძლევთ ხმას, ჩვენს ქვეყანაში ეს სანამ არ მოიშლება, არაფერი გვეშველება. ევროპაში ასმაგად მივხვდი, თუ რა მაგარი ქვეყანა აგვიშენა სააკაშვილმა. სულ არ ჩამოვალ, ოღონდ ჩემი ქვეყანა მაღალ საფეხურზე იყოს, ისე როგორც ეკუთვნის და ვიღაცამ არ თქვას, თქვენ კრიმინალური ქვეყანა გაქვთო, ისე როგორც დღეს ამბობენ ამას. ჩემმა შვილმა თავის კლასელს ჰკითხა, _ ვისი უფრო გეშინიათ, ქართველების თუ მაროკოელებისო? და _ თქვენიო, რადგან თქვენ ხომ ბანდიტები ხართო.
ელემენტარულ რაღაცას გეტყვით: აქ რამე საბუთის გაკეთება რომ დაგჭირდება, თვეები უნდა ელოდო, საქართველოში კი მიხვალ იუსტიციის სახლში, ერთ შენობაში და 15 წუთში გაქვს საბუთი. აქ რომ ეს ჩემს პროფესორს ვუთხარი, არ დაიჯერა. ეგეთი რამე არ არსებობსო და ახლა გეკითხებით, რომელია ევროპა _ საქართველო თუ ესპანეთი? ამიტომ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა თავის საფეხურზე იდგეს ყოველთვის და უფრო განვითარებული ვნახო. ეს არის ქაღალდების ქვეყანა, ბიუროკრატიაა.
_ თქვენ იძულებით წახვედით ემიგრაციაში. ხელისუფლების შეცვლისა და სიტუაციის დალაგების შემთხვევაში საქართველოში დაბრუნდებით?
_ რა თქმა უნდა! თუ სიტუაცია დალაგდება და თუ ვნახავ, რომ ქვეყანა წინ მიიწევს, აუცილებლად ჩამოვალთ. თუ ისევ დაიწყება ქვეყნის შენება და აღმშენებლობა, როგორც სააკაშვილმა დაიწყო, აუცილებლად ჩამოვალ, აბა რა მინდა სხვის ქვეყანაში. ქართული სიმღერა რომ მესმის, ტირილით ვკვდები.
_ სცენა, მაყურებელი, მხურვალე აპლოდისმენტები არ გენატრებათ?
_ არ მკითხოთ. ტკივილამდე მენატრება სცენა. აქ საბავშვო თეატრალური სტუდია ჩამოვაყალიბე, ასევე მყავს მოყვარული და პროფესიონალი მსახიობები და ვაპირებდი სპექტაკლის დადგმას, თუმცა ამ კოვიდმა ყველაფერი ჩაგვიშალა. მინდა, რომ ორ ენაზე დავდგა სპექტაკლი, რადგან ყველას დავანახო, თუ ვინ ვართ ქართველები.

გიორგი საკარული