რა ხდება ქართულ ფერმაში?

რა გავლენას ახდენს კორონაპანდემია მეცხოველეობის დარგის განვითარებაზე? ეხმარება თუ არა სახელმწიფო ფერმერებს? ან, საერთოდ, დგას თუ არა დღის წესრიგში ამ სფეროში მომუშავეთა სუბსიდირების საკითხი? მზარდი ინფიცირების პირობებში თითქოს ამ თემისთვის არავის ცხელა, მაგრამ პრობლემა რეალურია და მისი უყურადღებოდ დატოვება სატკივარს უფრო გააღრმავებს.

საქართველოში 2020 წლის II კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამისს მაჩვენებელთან შედარებით, 2.6 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა.
აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 471.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისს მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია; ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12.1 პროცენტით შემცირდა და 984.2 ათასი სული შეადგინა;
ღორის რაოდენობა 205.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 1.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისს მაჩვენებელს; ფრინველის რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 16.9 პროცენტით გაიზარდა და 12.5 მილიონ ფრთას მიაღწია.
წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 197.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 16.3 ათასი ტონა შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მე-2 კვრტალის განმავლობაში წარმოებულია 167.5 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.4 პროცენტით ჩამორჩება.
ყველა ფერმერსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ-მიმწოდებელს მშვენივრად მოეხსენება, რომ დღეს საქართველოს აგროსექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, მეცხოველეობა, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ის მოძრაობაშია და მისი წარმატების ფორმულა სწორად შრომა, დროისა და ფულის მაქსიმალურად მართლზომიერად დახარჯვაა.
არადა, ჩვენსავე ახლო მეზობლად მყოფ ისრაელს, რომელსაც არც მიწა აქვს და არც საძოვრები, ბოლო მონაცემებით, ჰყავს 130 000-მდე მეწველი ფური, რომლის საშუალო წველადობა არის 11700-12500 ლიტრი რძე ერთ 350 დღეზე. ქვეყანა, რომელსაც ძალიან მწირი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები აქვს და ცხოველთა საკვების ძირითადი ნაწილის იმპორტი უწევს, მაგალითად, სილოსი და თივა უკრაინიდან შეაქვს, მისი მეცხოველეობა ყველაზე მაღალ დონეზეა განვითარებული.
ეს ყველაფერი ფურცელზე, სინამდვილეში კი რა ხდება ქართულ ფერმაში? რა უჭირთ და ულხინთ ადამიანებს?
ფერმაში დილა იწყება 5 საათზე საქონლის დაბანით, შემდეგ მოწველით, საკვების გამოცვლითა და განახლებით.
პირველ რიგში, მეტი განათლება სჭირდება ამ სფეროს, საქართველოში ფერმერული მეურნეობა ახლა იკიდებს ფეხს. შესაბამისად, დამწყებ ფერმერებს ნაკლები ცოდნა აქვთ, ვიდრე სხვა გამოცდილი ქვეყნების ამავე დარგის სპეციალისტებს. ფერმერული მეურნეობებს განვითარებისა და განათლების გარდა, სახელმწიფოსგან დახმარება ტექნიკისა და ფასების დარეგულირების მხირვაც სჭირდებათ. ფერმერულ მეურნეობებში ჩართულ ადამიანებს იმედი აქვთ, რომ ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობა უკეთესობისკენ მალე შეიცვლება. საკუთარი ძალისხმევით და სახელმწიფოს ჩართულობით ფერმერების პრობლემების მოგვარება მოხერხდება.
ფერმერი მამუკა კობახიძე პანდემიის გამოწვევებსა და ახალი კორონავირუსით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, მსხვილფეხა საქონლის საკვების თვითღირებულება ძალიან ძვირია, რაც შეეხება ხორცს, ფასი იგივე დარჩა და მისი ღირებულების ზრდის პერსპექტივაც არ არსებობს. ხორცის ფასი კი ამ ხარჯს ვერ ფარავს. ასევე შემცირებულია პროდუქტის რეალიზებაც. ფერმერის აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ პანდემიის გამო დაიკეტა ის ადგილები, სადაც მათი პროდუქტი რეალიზდებოდა:

მამუკა კობახიძე, ფერმერი:
_ პრობლემები ფერმაში ძალიან ბევრია, ადრეც იყო და პლუს აპანდემიასთან დაკავშირებით რიგი საკითხებიც დაემატა. საკვები ძვირი გვიჯდება, რაც საზღვარგარეთიდან შემოდის. საკვების თვითღირებულება უკიდურესად გაიზარდა.
ერთი და იგივე პრობლემის წინაშე დგას როგორც რძის პროდუქტი, ასევე ხორცის. ხორცის ფასიც იმდენად დაბალია, დღეის მდგომარეობით რომ დათვალო, რასაც საქონელს კვებავ, იმის ფასსაც ვერ იღებ. შესაბამისად, რეალიზაციაც ჭირს. გასათვალისწინებელია, რომ მასობრივად დაიკეტა რესტორები და სასტუმროები.
_ პანდემიის ფონზე სახელმწიფო თუ გეხმარებათ?
_ პანდემიასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არანაირი დახმარება არ ყოფილა. სახელმწიფო მხოლოდ შეღავათიანი აგროკრედიტით დაგვეხმარა, რომელსაც (გარკვეულ პროცენტს) სოფლის მეურნეობის სამინისტრო იხდის. თავიდან სესხი დოლარში ავიღეთ, მერე ინფლაციით დიდი ცვლილება იყო და ეს პროცესი მაშინ ხელისუფლებამ დაარეგულირა _ ახლა ლარში ვიხდით. სხვა სახის დახმარება პანდემიის დროს არ გქვონია, თუმცა ურიგო არ იქნება, რომ დასუბსიდირდეს საკვები ან საკვების ფასი ან დარეგულირდეს. ახლა ეს სრულიად მსოფლიოს პრობლემაა და არა მხოლოდ საქართველოსი. იმედი მაქვს, რამე დახმარებას მოიფიქრებენ.

ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრების განმსაზღვრელ ფაქტორთა შორის მეცხოველეობის პროდუქტებით უზრუნველყოფას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მეცხოველეობის აღმავლობის ერთ-ერთ ძირითად და გადამწყვეტ მატერიალურ საფუძველს საკვები წარმოადგენს. საქართველოში, სადაც საკვები კულტურებისთვის სახნავი მიწების გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდულია, საკვების წარმოების ძირითად საშუალებად ბუნებრივი საკვები სავარგულები რჩება.
COVID-19 ჯერ კიდევ სწრაფად ვრცელდება და საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე უდიდეს უარყოფით გავლენას ახდენს სურსათის მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვებზე. სასურსათო კრიზისის რისკები სულ უფრო იზრდება, განსაკუთრებით, ღარიბი და მოწყვლადი ქვეყნებისთვის. საზღვრების ჩაკეტვა, კარანტინები, დახურული ბაზრები და, ზოგადად, ვაჭრობის შეფერხება განსაკუთრებით ვირუსისგან მძიმედ დაზარალებულ და სასურსათო უსაფრთხოების არმქონე ქვეყნებზე აისახება. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მთავრობების მიერ სწრაფი ნაბიჯების გადადგმა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სასურსათო უსაფრთხოების რისკი მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში.
კორონავირუსის გამო მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში რესტორნების, სასტუმროების, კაფეების, სკოლების, სხვადასხვა დაწესებულების, ფესტივალებისა და ღონისძიებების გაუქმების გამო სურსათზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა და ზოგან ფერმერებს პროდუქტის განადგურება უწევთ.
საზღვრების ჩაკეტვამ სეზონური მუშახელის გადაადგილება, ფაქტობრივად, შეაჩერა, რის გამოც ევროკავშირისა და ამერიკის ფერმები დასაქმებულების მკვეთრი დეფიციტის წინაშე დააყენა;
რადგანაც ამ ყველაფრის გამო ნაკლები ფული ტრიალებს სექტორში, ზოგიერთ ქვეყანაში ფერმერებს ფულის დეფიციტი შეექმნათ, ხოლო განვითარებადი ქვეყნები სურსათის მწვავე უკმარისობის რისკის საფრთხის წინაშე დადგნენ.
ამ დროს დარგის გადარჩენის ერთადერთი რეცეპტი სახელმწიფოს ჩართულობაა.

მაკა მოსიაშვილი