სომხური ტრაგედია

სომხეთი უმძიმეს სამხედრო-პოლიტიკურ მარცხს გლოვობს _ ყველაფერი, რითაც ქვეყანა ბოლო 30 წელი ცხოვრობდა, მთელი მისი ეროვნული იდეოლოგია და ფასეულობათა სისტემა, დაიმსხვრა, და აღმოჩნდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა, რაციონალურმა და შრომისმოყვარე ერმა 30 წელი სრულიად უსარგებლოდ დაკარგა.
ყველაფერთან ერთად სომხურმა ტრაგედიამ ყველას დაგვანახვა რამდენად საშიშია რუსეთი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი!!!

აშკარაა, რომ სომეხი ხალხი დაისაჯა _ როგორც მეტყველებს ომის სწრაფი და უეცარი შეწყვეტა. მოსკოვს აზერბაიჯანის მასიური შეტევის შეჩერება დიდი ძალისხმევის გარეშე შეეძლო, თუმცა პუტინმა ეს არ გააკეთა.
სომხეთი დაისაჯა _ არა იმიტომ, რომ რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლა მოინდომა ან დასავლეთზე ორიენტირის გადართვა დააპირა ან ნატოსკენ გამოიხედა _ არც ერთზე, არც მეორეზე და არც მესამეზე სომხებს არც კი უფიქრიათ.
მათ მხოლოდ ერთი რამ მოინდომეს _ საკუთარ ქვეყანაში მეტ-ნაკლები წესრიგის დამყარება და კორუფციასთან ბრძოლა. სულ ეს იყო, _ მეტი არაფერი!
მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორედ კორუფციასთან ბრძოლა არის მოსკოვის ფასეულობათა სისტემაში ყველაზე მძიმე და უპატიებელი დანაშაული.
აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სომხეთში კორუფციის ბურჯს წარმოადგენდნენ, პარალელურად მოსკოვის ჩახუტებული მეგობრები ყოფილან და მათზე იერიშის მიტანა პუტინმა პირად შეურაცხყოფად მიიღო.
ეს კარგი გაკვეთილია იმ ქართველებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ „რუსეთთან ურთიერთობების დალაგება“ შესაძლებელია „ნატოზე უარის თქმით“ _ რეალურად კი რუსეთის ორბიტაში ყოფნა ნიშნავს ქვეყანაში რუსული სისტემის განმტკიცებას, მთელი თავისი კომპონენტებით: კორუფციით, ერთპარტიულობით, ჩაკეტილი მედიასივრცით, კრიმინალური ავტორიტეტებით.
რაც მთავარია, რუსული სისტემა მთელი ამ სიმახინჯეების მოცილების არც ერთ შანსს არ ტოვებს.
ოღონდ არ მკითხოთ, _ რატომ? რატომ არაა საკმარისი რუსეთისთვის საგარეო პოლიტიკური ერთგულება და რატომ არის პარალელურად აუცილებელი რუსული თამაშის წესების დანერგვა? ალბათ იმიტომ, რომ იმპერია, ყველაფერთან ერთად, ფასეულობათა სისტემის ერთობა და მის ყველა შემადგენელ ნაწილში ერთიანი თამაშის წესების არსებობაა.
ზუსტად ასე რომაელები ნებისმიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე პირველი დღეებიდანვე ამფითეატრებსა და აბანოებს აშენებდნენ.
ყველგან, სადაც რუსეთია _ უნდა მოქმედებდეს ერთიანი სისტემა, მის სათავეებში უნდა იყვნენ ერთნაირად მოაზროვნე ადამიანები. ასე მიიღწევა იმპერიული ვერტიკალის მდგრადობა.
ვისაც სურს, საქართველომ „რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს“, უნდა მიხვდეს _ ეს არა მხოლოდ რიტორიკულად ნატოზე უარის თქმას, არამედ ყოველ სადარბაზოში კანონიერ ქურდს, ოფიციალურად და საბოლოოდ გაუქმებულ არჩევნებს და ერთპარტიულ მედიას ნიშნავს.
სომხეთს უმძიმესი თვეები ელის. დამარცხებულ ერს საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერება და მიღება მოუწევს. დღეს იქ ციებ-ცხელებაა, ემოციები და ადრენალინის მოზღვავება, ამიტომაც ტკივილი ჯერ ისე ძლიერად არ იგრძნობა. მალე ეს გაივლის, სიტუაცია ჩაწყნარდება, ომი დამთავრდება, ტერიტორიები დაიკარგება, ლტოლვილები დაბინავდებიან და ადრენალინიც იკლებს.
სწორედ მაშინ ქვეყანას სრულმასშტაბიანი, ეროვნული დეპრესია მოელის _ ისეთი, როგორიც საქართველოში 1993-1994 წლებში იყო. სრული უიმედობისა და სამყაროს დასასრულის შეგრძნება.
გავა თვეები და სომხებს ეროვნული ჩიხიდან გამოსვლის გზებზე ფიქრი მოუწევთ. ისინი მიხვდებიან, რომ მათ წინაშე სულ ორი ვარიანტია.
პირველი: სიარული იგივე წრეზე. ისევ ფიქრი მიწების დაბრუნებაზე, რევანშზე, იმაზე, რომ „რუსეთს დავუთმოთ ყველაფერი და იქნებ, დაკარგული მიწები დაგვიბრუნოს“. ისევ მოძრაობა ახალი ჩიხისკენ. მიწების დაბრუნება შეუძლებელია _ აზერბაიჯანი დღეს საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვება არავის დაუთმოს.
თანაც რუსეთი სომხების ნაცვლად არ იომებს, სომხებს კი გაძლიერებული აზერბაიჯანის დაჯაბნის რესურსი სრულიად ამოწურული აქვთ.
პირველი გზა ისევ ჩიხისკენაა. ისევ რუსული თამაშის წესები, ისევ კრემლის მეგობრები, ისევ კორუფცია და ქურდები, ისევ უიმედობა, გაათმაგებული მიგრაცია და საბოლოოდ, გადაშენების პირას მისული ქვეყანა უკვე ამ საუკუნეში.
არის მეორე ვარიანტიც: სომხები, ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდნენ, რომ არ შეიძლება ერთი ცალკე აღებული ტერიტორიის მთელ ქვეყანაზე მაღლა დაყენება. ყარაბახი უნდა იყოს სომხეთის გაგრძელება და არა სომხეთი _ ყარაბახის.
1993 წელს სომხებმა დიდი შეცდომა დაუშვეს _ 100 000 ადამიანით დასახლებული მთიანი ყარაბახი 3-მილიონიან სომხეთზე მაღლა დააყენეს. 30 წელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ერი ბანდიტებისა და კორუმპირებულების ბატონობას მორჩილად ითმენდა ერთადერთი რამის გამო _ ასე იყო საჭირო ყარაბახის შესანარჩუნებლად.
სომხეთმა თავის ეროვნულ იდეოლოგიაზე უარი უნდა თქვას და მკვეთრად განაცხადოს: _ ქვეყანა შემდგომ რეგრესსა და დაცარიელებას ყარაბახის ხათრით ვერ შეეგუება.
სომეხი ხალხის ადგილი ევროპაშია. და ეს უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვიდრე ერთი ცალკე აღებული ტერიტორიის შენარჩუნება.
ეს კარგი გაკვეთილია ქართველებისთვისაც _ აფხაზეთი და სამაჩაბლო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთლიანი ქვეყნის ჩაძირვისა და პერსპექტივის წართმევის ხარჯზე.
ამის აღქმა ქართველებსაც უჭირთ, სავარაუდოდ, გაცილებით იდეოლოგიზებულ სომხებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ. თუმცა ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა.