ნიკა ვარდოშვილი: „ახლა პარლამენტში შესვლა სამშობლოს ღალატია“

ოპოზიცია არჩევნების გამყალბებლების დასჯის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. ლეიბორისტული პარტიის წევრი ნიკა ვარდოშვილი ფიქრობს, რომ ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად სხვებმაც უნდა აგონ პასუხი არჩევნების გაყალბების გამო. ოპოზიციონერის აზრით, გამყალბებლები ეპოქალურ დანაშაულს სჩადიან და ისინი სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. ვარდოშვილის თქმით, ის ოპოზიციონერებიც სამაგალითდ დაისჯებიან, რომლებიც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტენ.

რატომ არის გამყალბებლების დასჯა აუცილებელი? რატომ ლანძღავს წულუკიანი ოპოზიციას? რა ფასი აქვს მინისტრებისა და პრემიერის სიტყვას? რატომ ვეღარ იძინებს ივანიშვილი? რისი ეშინია მას? რისი ტოლფასია ახლა პარლამენტში შესვლა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ნიკა ვარდოშვილი ესაუბრება:

-ნიკა, ოპოზიცია იმედოვნებთ, რომ ხელისუფლებას დათმობაზე წაიყვანთ. ზოგიერთი მათგანის რიტორიკიდან ნათლად ჩანს, რომ მათთან დიალოგს აზრი არ აქვს. მაგალითად, თეა წულუკიანი ამბობს, ოპოზიცია მიწაზე გორაობს და ოქროს თევზს ითხოვსო.

-უზრდელ ადამიანს რა პასუხი უნდა გავცე. თეა წულუკიანი არის უზრდელი. ის ყოველთვის ქალისთვის შეუფერებელი ტერმინოლოგიით საუბრობს. რა უნდა ველაპარაკო იმ ქალს, რომელიც ადამიანების მიერ გამოხატულ პროტესტს ძირს გორაობას ეძახის?! ალბათ, წულუკიანმა არ იცის, რომ ქუჩაში ათასობით ადამიანია გამოსული. ამდენი ხალხის პროტესტს მხოლოდ ძალიან უზრდელი ადამიანი აღიქვამს ძირს გორაობად. არ შეიძლება, ათასობით ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო მხოლოდ იმის გამო, რომ შენგან განსხვავებული პოზიცია აქვს.
_ ამის გამო არც ათასობით ადამიანს უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და არც 2 და 3 კაცს. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი.
_ ყველა ადამიანს აქვს თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება. ამის გამო ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა გალანძღონ. ამას არც ერთი ნორმალური ქვეყნის ხელისუფლება არ იკადრებს. ჩვენთან კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. საზოგადოებასა და ოპოზიციას ხელისუფლების ყველა წევრი აყენებს შეურაცხყოფას. ამათგან წულუკიანი გამორჩეულად აგრესიული და უზრდელია. მისგან კიდევ უარესს შეფასებებს ველოდები.
_ რატომ საუბრობს წულუკიანი ასე, მაშინ როცა პრემიერი დაგიტკბათ? მართალია, თქვენი თანაპარტიელი ბეჟან ნათელაშვილი ამბობს, რომ გახარიას კონსტრუქციულობა ისეთივე ხელოვნურია, როგორც პამელა ანდერსონის მკერდიო, მაგრამ ფაქტია, რომ წულუკიანივით არ ილანძღება.
_ წულუკიანი არასდროს დატკბება ოპოზიციის მიმართ. მან თავიდანვე ასეთი ნიშა დაიკავა. ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუმტკიცოს, რომ მაგაზე დიდი „ქოცია“. მართალია, უზრდელია, მაგრამ მაგ ქალზე ვერავინ იტყვის, რომ გაუნათლებელია. გამოცდილებაც აქვს და არც ჭკუას უჩივის.
_ ჭკუა რომ არ ჰქონოდა, 8 წელი მინისტრის პოსტზე არ იჯდებოდა.
_ სერიოზული ჭკუა აქვს და ამას პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს. ასე აგრესიულად და აგდებულად სპეციალურად საუბრობს ოპოზიციაზე. ისეთი სურათის დახატვას ცდილობს, თითქოს არაფერი ხდება. არადა, ყველაზე უკეთ ამ ქალმა იცის, როგორ გაყალბდა არჩევნები.
ის იმასაც კარგად ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ დასასრულისკენ მიდის და როგორც შეუძლია, ისე ამხნევებს თანაგუნდელებს და მხარდამჭერებს. ისე უჭირავს თავი, თითქოს არაფერი ხდება და ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის.
_ გახარიას, თალაკვაძისა და მისთანების სხვა ხმაზე აჭიკჭიკებაზე რას ფიქრობთ? რას ნიშნავს ეს ფერისცვალება? თუ ამას მხოლოდ დასავლეთის დასანახად აკეთებენ?
_ გახარია და სხვები ბევრს ლაპარაკობენ ოპოზიციასთან დიალოგის აუცილებლობაზე. სინამდვილეში, არანაირი დიალოგი არ უნდათ. ამ განცხადებებით ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს აწონებენ თავს. კეკლუცობენ, ვითომ ასეთი კონსტრუქციულები არიან. დიალოგის სურვილი ნამდვილად არ აქვთ. მათთვის ახლა მთავარია, დასავლეთი დაარწმუნონ, თუ როგორი დემოკრატები და კონსტრუქციულები არიან.
_ დიალოგის აუცილებლობაზე მხოლოდ იმიტომ ალაპარკდნენ, რომ დასავლეთს მოაწონონ თავი? ოპოზიციის პროტესტი აქ არაფერი შუაშია?
_ ოპოზიცია გულხელდაკრეფილი რომ დამჯდარიყო, დიალოგის აუცილებლობაზე ხმასაც არ ამოიღებდნენ. პროტესტმა თავისი შედეგი გამოიღო. დასავლეთი აქ მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდა და ხელისუფლებამაც კონსტრუქციულად დაიწყო ჭიკჭიკი.
შარშანდელი ნოემბერი გემახსოვრებათ, როცა ვითომ ამბოხებულმა დეპუტატებმა ივანიშვილთან შეთანხმებით ჩააგდეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ამ ცვლილებების თანახმად არჩევნები სრულად პროპორციულად ჩატარდებოდა. როცა საპროტესტო აქციები დავიწყეთ, ხელისუფლებამ თქვა, რომ არაფერი შეიცვლებოდა. კახა კალაძე გამოიყვანეს და ათქმევინეს, რომ დიალოგის კარი დახურული იყო. ოპოზიციას პროტესტი არ შეუწყვეტია, საქმეში დასავლეთიც ჩაერია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ძალიან მალე აქეთ დაგვიწყეს ხვეწნა-მუდარა, მოდით, დავილაპარაკოთო.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის კახა კალაძე ან გიორგი გახარია. არც ის არის საინტერესო, რას წაიუზრდელებს თეა წულუკიანი. მთავარია, რას იტყვის ბიძინა ივანიშვილი. ის ხშირად იცვლის პოზიციებს. ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი განცხადებების უკან წაღება უწევთ. სათვალავიც კი ამერია, რამდენჯერ შეცვალეს პოზიცია. თან ამისი არც რცხვენიათ. უთავმოყვარეო ხალხი არიან და რისი უნდა შერცხვეთ? მთავრობა კი ჰქვიათ სახელად, მაგრამ იმაზე არიან დამოკიდებული, თუ რა ხასიათზე გაიღვიძებს ივანიშვილი და რა სიზმარი ექნება მას ნანახი.
_ ბოლო დროს ისე მიდის საქმეები, ბიძინა ივანიშვილი მისთვის საამურ სიზმრებს ვერ უნდა ხედავდეს.
_ ვეჭვობ, „ქართული ოცნების“ ლიდერი ვერანაირ სიზმრებს ვეღარ ხედავს. ის, უბრალოდ, ვეღარ იძინებს და სად უნდა ნახოს სიზმარი?
_ რატომ ვერ იძინებს, ოპოზიციის პროტესტი უშლის დაძინებაში ხელს?
_ არ იმჩნევს, მაგრამ ოპოზიციამ სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა. შეიძლება, წათვლიმოს, მაგრამ როგორც წესად ჰქონდა გადაქცეული, 22.00 საათზე ნამდვილად ვეღარ დაიძინებს. ვინ-ვინ და მან ყველაზე კარგად იცის, რა ელოდება. მან ყველაზე კარგად უწყის, თუ რა ეპოქალური დანაშაული აქვს ჩადენილი.
_ ეპოქალურ დანაშაულში რას გულისხმობთ?
_ მას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. ამ შემთხვევაში არჩევნების გაყალბებაზე მოგახსენებთ. ამ დროს როგორ გინდა, რომ მშვიდად დაიძინო? მას უამრავი მონა ახვევია გარს, რომელიც ატყუებს, რომ „ოცნების“ რეიტინგი ცაშია ატყორცნილი, მაგრამ ივანიშვილი არც მათ ენდობა ბოლომდე და შესანიშნავად იცის, თუ როგორია მისი პარტიის რეიტინგი სინამდვილეში.
მონების პარალელურად მას ჰყავს ისეთი ხალხიც, ვინც მას რეალურ ინფორმაციას აწვდის. მათგან იცის ივანიშვილმა, რომ არც მას და არც „ქართულ ოცნებას“ ხალხის მხარდაჭერა აღარ აქვს. შესაბამისად, მან იცის, თუ რა მასშტაბით გაყალბდა ეს არჩევნები. ხალხის უკმაყოფილებაზეც აქვს ინფორმაცია და დღეს თუ რამის ეშინია, ესაა ხალხის მრისხანება. ყველანაირად ცდილობს, ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს.
_ ხალხი და ოპოზიცია უკვე გამოვიდა ქუჩაში. გამართეთ რამდენიმე აქცია. კმაყოფილი ხართ ამ აქციებით?
_ უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ძალიან კარგია, რომ არც ხალხი და არც ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას აღარ ეგუება. 17 წელია, რაც პოლიტიკაში ვარ. 17 წელია, სხვადასხვა ფორმით არჩევნებში ვმონაწილეობ. ბევრი რამე მაქვს ამ დროის მანძილზე ნანახი და წესით, აღარაფერი უნდა გამკვირვებოდა. 31 ოქტომბრის არჩევნებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მსგავსი მართლა არაფერი მინახავს. ივანიშვილი ყველაფერს რომ იკადრებდა ვიცოდი, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, ამდენს თუ გაბედავდნენ.
31 ოქტომბერს გამოყენებული იყო ყველა ის ბინძური მეთოდი, რასაც „ოცნების“ წინამორბედი ხელისუფლებები არჩევნების გასაყალბებლად იყენებდნენ. ამას დამატებული ჰქონდა გაყალბების ახალი მეთოდები. ეს არჩევნები პირადად ჩემთვის იყო „ვენერა დეიდების“ ჩატარებული არჩევნები.
_ „ვენერა დეიდების“ რატომ?
_ კოორდინატორებში ვგულისხმობ „ვენერა დეიდებ“ს. „ვენერა დეიდებს“ ვეძახი უბნის კომისიის თავმჯდომარეებს. ისინი წლების განმავლობაში სჩადიან ეპოქალურ დანაშაულს. ეს ხალხი მომავალი თაობებისა და ქვეყნის წინაშე სჩადის დანაშაულს. ეს „ვენერა დეიდები“ ვიხილე მე 31 ოქტომბრის ღამეს თელავის საოლქო კომისიასთან. ზოგიერთი საერთოდ ვეღარ ვიცანი _ დაბერებულან. 2003 წელსაც გააყალბა შევარდნაძემაც არჩევნები. „ვენერა დეიდების“ ნაწილი იმ არჩევნების გაყალბების მონაწილე გახლავთ.
ახლა ყველანი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ვლანძღავთ. მან არჩევნების გაყალბებაში ლომის წილი შეიტანა, მაგრამ მარტო ვერაფერს გახდებოდა. მასთან ერთად არჩევნებს „ვენერა დეიდებიც“ აყალბებდნენ. ამ ვენერა დეიდებმა უნდა აგონ პასუხი. ეს ადამიანები ქვეყნისა და ერის წინაშე სჩადიან დანაშაულს და ისინი ციხეში უნდა წავიდნენ. სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, რათა შემდეგში სხვებმა არ გაბედონ არჩევნების გაყალბება. არჩევნების გაყალბება, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის ჩადენაც ადამიანს შეუძლია. გახარიები, კობახიძეები და ივანიშვილები ქვეყნის განვითარებას აფერხებენ. მათთან ერთად ქვეყანას უფსკრულისკენ „ვენერა დეიდებიც“ მიაქანებენ.
ხელისუფლება რომ შეიცვლება, ვენერა დეიდები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. ციხეში შეიძლება ყველა არ გაუშვა, მაგრამ საარჩევნო ადმინისტრაციასთან ახლოს მიკარებაც უნდა აეკრძალოთ. მხოლოდ ხმის მიცემის უფლება უნდა დავუტოვოთ.
_ იმედია, აქამდე ოდესმე მივალთ.
_ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველი ეს უნდა გავაკეთოთ, რათა სხვებმა აღარ მოინდომონ არჩევნების გაყალბება. დარწმუნებული ვარ, დაწყებული პროტესტი შედეგს გამოიღებს. ივანიშვილს ყველაზე მეტად ხალხის რისხვის ეშინია.
_ მართალია, ხალხში დიდი უკმაყოფილებაა, მაგრამ ქუჩაში მაინც არ გამოვიდა ბევრი ადამიანი.
_ ძალიან ბევრი არაა, მაგრამ არც ცოტა გამოსულა. არ დაგვავიწყდეს, რომ კორონა ვირუსი მძვინვარებს.
_ ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობით უკმაყოფილო არ ხართ?
_ კარგი იქნებოდა, უფრო ბევრი გამოსულიყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ცოტა გამოვიდა. მიმაჩნია, რომ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, პროტესტი არსებობს.
_ რაოდენობას არც ჩემთვის აქვს მნიშვნელობა. ამაზე მხოლოდ იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს თავების დათვლა უყვართ. თავების თვლა კობახიძის საყვარელი საქმიანობაა.
_ ითვალოს და იყოს. კორონაპანდემიის ფონზე ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ამ ადამიანების ქმედება არის დასაფასებელი. თმაგაჩეჩილი და უთავმოყვარეო ირაკლი კობახიძე რას მობოდავს, არ მაინტერესებს. სხვებსაც ვურჩევ, რომ მის გამო ნერვები არ მოიშალონ. ამ ადამიანს ხმა არ ამოეღება და თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ.
_ ხმა რატომ არ ამოეღება, გავრილოვის მასპინძელი რომ იყო?
_ ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. მარტო ამის გამო უნდა გაგვეძევებინა პოლიტიკიდან, მაგრამ ივანიშვილი ვერ შეელევა. იმ სიბინძურეებს ყველა არ იტყვის, რასაც ეს ლაპარაკობს. ოპოზიციაზე საუბარს ის ურჩევნია, მამამისის ბინები დაითვალოს, ერთ კორპუსში ათი ბინა რომ აქვს. საიდან მოიტანეს ამდენი ფული? რომელი ბიზნესმენები ეგენი მყავდნენ. ამიტომ ვურჩევ კობახიძეს, მორჩეს ადამიანების თავების თვლას და მისი ოჯახის მიერ დატაცებული ქონება დაითვალოს.
კობახიძის გასაგიჟებლად ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ხალხია გარეთ გამოსული. კიდევ ბევრი გამოვიდოდა, მაგრამ კორონა მძინვარებს და ბევრს ეშინია. ქართველ ხალხს ბევრის ატანა შეუძლია, მაგრამ დგება მომენტი, როცა მისი მოთმინების ფიალა ივსება. ეს გაყალბება ქართველი კაცის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი იყო. არჩევნების გაყალბება აქ აღარ გატარდება. არჩევნები არის ცვლილებების შესაძლებლობა. არჩევნები არის დღე, როცა ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს , ადამიანები ელოდნენ ცვლილებებს და ამ იმედით წავიდნენ არჩევნებზე.
ამ რვა წლის მანძილზე, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია, ქვეყანა უკან-უკან მიდის. „ოცნებამ“ ხალხს არც ერთი დაპირება არ შეუსრულა. ხალხი გაბრაზებულია და სურდა, ეს ყველაფერი დაესრულებინა, არჩევანიც შესაბამისი გააკეთა, მაგრამ ცვლილებები არ შედგა _ საქართველოს მოქალაქეებს არჩევანი მოპარეს. „ქართულმა ოცნებამ“ მათ პირდაპირ უთხრა, თქვენი არჩევანი არჩევანი არ არის, მე გადავწყვეტ, ვინ იქნება ხელისუფლებაშიო. ამას ჩვენი მოსახლეობა არ აიტანს. კიდევ ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში. მიზნის მიღწევამდე ეს პროტესტი არ უნდა შეწყდეს. ერთადერთი, რისიც რუს ოლიგარქს ეშინია, ეს არის ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ხალხი.
ვთქვათ, თამარ ჟვანიას პატიოსნება დავიჯერე, მაგრამ ლოგიკითაც კი არ შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ იმდენი ხმა აეღო, რამდენიც დაუწერეს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ „ოცნებამ“ იმაზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2012 წელს. ეს, უბრალოდ, შეუძლებელია.
_ შეუძლებელი რატომ არის? საქართველოში ყველაფერი შეიძლება, მოხდეს.
_ საქართველოში ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, მაგრამ „ოცნება“ იმაზე მეტ ხმას ვერ აიღებდა, ვიდრე 2012 წელს აიღო. ამ რვა წლის განმავლობაში ქვეყანა კორუფციის ჭაობში ჩაიძირა, ხალხი გაღარიბდა, კრიმინალი აყვავდა. ე. ი. ხალხმა ქვეყნის უკუსვლას მისცა ხმა. იმ შედეგის მითვისება, რაც „ოცნებამ“ დაიწერა, ნებისმიერი ჩვენგანისთვის სულში ჩაფურთხებაა. იმედი მაქვს, რომ ამისთვის საკადრისს პასუხს მიიღებენ. თან ეს პასუხი ისეთი იქნება, რომ ვერც ერთი შემდეგი ხელისუფალი არჩევნების გაყალბებას ვერ გაბედავს.
_ კარგი იქნებოდა, ოპოზიციას საკადრისი პასუხი გაეცა გამყალბებლებისთვის, მაგრამ შეძლებთ?
_ ვფიქრობ, შევძლებთ. ერთობით და ერთად დგომით ივანიშვილისთვის საკადრისი პასუხის გაცემას მოვახერხებთ.
_ ოპოზიცია ერთიანია? გარედან სულ სხვანაირად ჩანს.
_ ოპოზიცია ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა. ამით მე ძალიან ვამაყობ. ოპოზიცია არც ასეთი პრინციპული და შეუვალი ყოფილა. იმედი მაქვს, ბოლომდე ასე მივალთ. საქართველოს გადარჩენა ახლა ჩვენს ერთიანობაზეა დამოკიდებული.
_ ოპოზიციის ერთიანობაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. შეძლებთ ამ ერთობის შენარჩუნებას? უკვე აშკარად ჩანს, რომ დაპირისპირება არსებობს.
_ ამდენი პარტია ვდგავართ ერთად და ყველა ერთ აზრზე ვერ ვიქნებით. ყველას ჩვენი აზრი გვაქვს, მაგრამ ერთ რამეში ყველა ვთანხმდებით _ საქართველოში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
_ ამ მიზნის მიღწევა იოლი არ არის, თან მაშინ, როცა მოწინააღმდეგეს ბევრი ფული აქვს. ბევრი ფულით მოსყიდვაც შეიძლება.
_ როგორ არ შეიძლება. ვიცით, რომ რაღაც შეთავაზებები კეთდება ოპოზიციონერების მიმართ. იმედი მაქვს, არავინ აიღებს ივანიშვილის ფულს და პარლამენტში არ შევა.
_ და თუ მაინც შევიდა ვიღაცა, მერე რა ხდება?
_ ამის წარმოდგენაც არ მინდა. ვინც ამას გააკეთებს, ჩათვალეთ, რომ სამუდამოდ გაქრება პოლიტიკური ველიდან.
_ დარწმუნებული ხართ, რომ გაქრება?
_ ეჭვიც არ მეპარება. დღეს ერთიანობიდან გასვლა საქართველოს ღალატის ტოლფასი იქნება. სამშობლოს ღალატს კი ყველა ერიდება. შეთავაზებები აქამდეც იყო, მაგრამ არავინ მიიღო, ცდუნებას ყველამ გაუძლო. მომავალშიც ასე გაგრძელდება. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე.
_ ამბობთ, ერთიანობიდან გასვლა სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნება და ამას ვერავინ გაბედავსო. ეგრე, არც ივანიშვილს უნდა გაეყალბებინა ამ დონეზე არჩევნები, მაგრამ გაბედა.
_ გაბედა იმიტომ, რომ აქამდე ყველაფერი გასდიოდა. საყდრისის ხელში ჩაგდება მოინდომა, ჩაიგდო და ეს უნიკალური ძეგლი ააფეთქა. ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შემიძლია. ამ კაცს ბევრი რამე გაუვიდა და ჩათვალა, რომ ეს გაყალბებაც გაუვიდოდა. ის არის პოლიტიკური ცხოველი და თუ დაინახავს, რომ აღარ გაუვიდა და ხალხმა პროტესტი ქუჩაში გამოხატა, უკან დაიხევს. დიდი ალბათობით, მოუწევს უკან დახევა. საქმეში დასავლეთიც ჩაერია და გაყალბების გამართლება ძალიან გაუჭირდებათ.
_ დასავლეთი ოპოზიციას დიალოგისკენ მოგიწოდებთ?
_ აბა, რისკენ უნდა მოგვიწოდოს? მათგან ასეთი პოზიცია მოსალოდნელიც იყო. 2003 წელსაც არჩევნების გაყალებების გამო გამოვიდა ხალხი და ოპოზიცია ქუჩაში. მაშინდელი დიპლომატები სააკაშვილს ეუბნებოდნენ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯექიო. საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატები ოპოზიციას არასდროს მოუწოდებენ იმისკენ, რომ ხელისუფლება ჩამოაგდეთო.
დასავლეთი მოლაპარაკებებისკენ იმიტომ მოგვიწოდებს, რომ ის ღელავს აქ მიმდინარე პროცესებზე. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილთან ბრძოლაში მარტო არ ვართ. დასავლეთის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. ჩვენ მტკიცედ თუ ვიდგებით, მიზანს მივაღწევთ. ოპოზიციის ერთიანობას ეჭვქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი, _ ახლა პარლამენტში შესვლა სამშობლოს ღალატს ნიშნავს!

შორენა მარსაგიშვილი