გიგლა ბარამიძე: „კალაძე ივანიშვილის ჩასანაცვლებლად ემზადება“

არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული „ქართული ოცნება“ გამარჯვებულივით ვერ გამოიყურება. მათ გამარჯვებულის იერი მაშინ წაეშალათ სახიდან, როცა გაიგეს, რომ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აპირებდა ჩამოსვლას. როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა, ოპოზიციას მაშინვე დაუტკბნენ და დიალოგისკენ მოუწოდეს. აცხადებენ, რომ ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში. ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს.

„ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლა მაინც მოუწევს. ის დიდ იმედებს ამყარებს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტზე. მისი თქმით, დღეს ივანიშვილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და მას არჩევანის გაკეთება მოუწევს.
რა არჩევანის წინაშე დგას ოლიგარქი? ვინ უთხრის მას ძირს? რა მოხდა არჩევნების ღამეს „ქართული ოცნების“ ოფისში? რა შედეგით დასრულდება მაიკ პომპეოს ვიზიტი? _ ამ თემების შესახებ გიგლა ბარამიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო გიგლა, სანამ პოლიტიკურ პროცესებს შევეხებოდეთ, მაინტერესებს, რას ფიქრობთ იმაზე, რაც საქართველო-მაკედონიის მატჩზე მოხდა _ მაყურებელი რომ არ შეუშვეს და მხოლოდ თავად განლაგდნენ ტრიბუნებზე?
_ ეს იყო „ქართული ოცნების“ მორიგი სამარცხვინო საქციელი. ნამდვილი ქომაგები სტადიონზე არ შეუშვეს, სამარცხვინო კალაძე და კობახიძე კი ვიპლოჟაში შვილებთან ერთად გამოიჭიმენ.
_ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება თავიდან გამარჯვებულის პოზიციიდან გელაპარაკებოდათ ოპოზიციას, ახლა ძალიან დატკბა. ასეთი დატკბობა რას უნდა უკავშირდებოდეს?
_ ეს მათი მდაბიო ვირეშმაკობის გამოხატულებაა. სახელისუფლებო კულუარებიდან 100%-იანი ინფორმაცია მაქვს, თუ როგორ გაუსკდათ გულები „ოცნებაში“, როცა გაიგეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას.
_ კონკრეტულად, ვის „გაუსკდა გული“ პომპეოს გამო?
_ მთელ „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით მის ხელმძღვანელობას. რასაც აქამდე საგულდაგულოდ მალავდნენ, ახლა ყველაფერი წინა პლანზე წამოვა. ამიტომ არიან ასე გულგახეთქილები. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გამოსამშვიდობებელი ტურნე მოიცავს არაბულ სამყაროს, ისრაელს, თურქეთსა და საქართველოს. როგორც წესი, აშშ-ის მაღალი თანამდებობების პირები წასვლამდე ცოტა ხნით ადრე სტუმრობენ ხოლმე სტრატეგიულ პარტნიორებს და ეუბნებიან, _ აი, ჩვენ კი მივდივართ, მაგრამ ამერიკის პოლიტიკა სტრატეგიული პარტნიორების მიმართ უცვლელი დარჩებაო. მაიკ პომპეოც ამას ეტყვის სტრატეგიულ პარტნიორებს.
არ ვიცი, რა შეიცვლება მას შემდეგ, რაც აქ მაიკ პომპეო ჩამოვა, მაგრამ იმ დროისთვის, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა ოპოზიციასთან არ იგეგმება.
_ აბა, ხელისუფლება რატომ არის შეშინებული?
_ იმიტომ, რომ ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაინც მიაწვდენს ხმას. ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ეტყვის, _ მოგვაცილეთ რუსი ოლიგარქი საქართველოდან! ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ამერიკისთვის, განსაკუთრებით ახლა, როცა რეგიონში მესამე რუსული სამხედრო ბაზა გაჩნდა. ყარაბაღს ვგულისხმობ, სადაც გასულ კვირას შევიდნენ რუსი სამშვიდობოები.
ოპოზიცია არჩევნების გაყალბებასა და ხმების მიტაცებაზეც ისაუბრებს, მაგრამ მთავარი აქცენტი იმაზე გაკეთდება, რომ საქართველოს რუსი ოლიგარქი მართავს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: ეს იქნება ჭრილობაზე მარილის დაყრა. ბუნებრივია, ეს „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის. ამიტომ აჭიკჭიკდა სხვანაირად საკუთარ კარში გოლების გამტანი პიროვნება; სხვანაირად ჭიკჭიკებს კომოს ტბაზე მეოცნებე თალაკვაძეც; სხვა ხმაზე საუბრობს ბოროტი ბავშვის ფსიქიკის მქონე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.
_ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არის რუსი ოლიგარქი, მაგრამ „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლისგან ამის თქმა შეიძლება, ეწყინოთ „ოცნებაში“, თქვენი პარტია ხომ პრორუსულად ითვლება?
_ რატომ ვითვლებით პრორუსულად? ჩვენთვის ყოველთვის საქართველოს ინტერესი იყო მთავარი. დაბრალებით ფეისბუქის ლომებმა შეიძლება, ყველაფერი დაგვაბრალონ. 24 საათი ფეისბუქზე სხედან და აკაკუნებენ. ასეთი ადამიანებისთვის პასუხის გაცემას დიდი ხანია, თავი დავანებეთ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ სადაც არის საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების გასაღები, იმის მორგებას ვეცდებით კარზე. ეს არის და ეს. ლოზუნგებით საუბარი არ გვიყვარს და რა ვქნათ.
_ თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიცია სახელმწიფო მდივანს ეტყვის, რუსი ოლიგარქი მოგვაცილეთო. ეს ძახილი რა შედეგს მოიტანს?
_ ახლავე მოგახსენებთ, რას იტყვის პომპეო აქ ჩამოსვლისას: ის იტყვის, რომ არ უნდა იყოს დაძაბულობა. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ასევე _ ოპოზიციას. იტყვის იმასაც, რომ ქუჩაში სირბილს მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდომა სჯობს. მოგვიწოდებს, რომ არ დავაზიანოთ დემოკრატიის მონაპოვარი. შეგვახსენებს, რომ საქართველო ამერიკის მოკავშირეა. იქნება სხვა ზოგადი ფრაზებიც, მაგრამ ეს ზოგადი ფრაზები დიპლომატიაში არაფერია. აქ სხვა რამეა მთავარი.
_ რა არის მთავარი?
_ რას დაინახავს და რა ამბავს ჩაიტანს ამერიკაში. მთავარ სათქმელს პომპეო ვაშინგტონში იტყვის. დიდი ალბათობით, ის უკან დაბრუნებისას ასეთ რამეს განაცხადებს, _ მორჩა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! სამხრეთ კავკასიაში ისეთი პროცესები მიდის, რომ შეიძლება, საქართველო დავკარგოთ, დემოკრატებსაც და რესპუბლიკელებსაც ერთი სახელმწიფოებრივი მიდგომები აქვთ. იტყვიან, მილიარდები გვაქვს ჩადებული, გარდა იმისა, რომ საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნორია, მისი ტერიტორიაც გვჭირდება და დასვამს კითხვას, _ ეს ყველაფერი ერთ კაცს გადავაყოლოთ? ვერანაირი ლობისტები ამას ვერ შეცვლიან.
დღეს საქართველოში არ არის არც დიქტატურა, არც ტირანია და არც დემოკრატია. საქართველოს მართავს ვერიტოციდული ხელისუფლება. ეს არის ისეთი ხელისუფლება, რომელიც ანადგურებს ყოველივე კარგს. არაფერს სახელს არ არქმევს, მაგრამ თანმიმდევრულად ახორციელებს ამ პოლიტიკას. გასაქანს აძლევს უსახო, უხასიათო პიროვნებებს.
_ არჩევნებზეც ვისაუბროთ, რომელიც მართლა სასწაულად გაყალბდა. თქვენ სახელისუფლებო კვლევებითაც კი 2%-ზე მეტი გქონდათ, მაგრამ ბოლოს 1%-იც ვერ მიიღეთ. ელოდით ასეთ გაყალბებას?
_ ეს იყო წარმოუდგენელი გაყალბება. ამ დღეებში ჩვენი წარმომადგენელი ჩამოვიდა აჭარიდან. მისი თქმით, მარტო ბათუმში, სულ მცირე, 9000 ხმა მოგვპარეს. მთელ აჭარაში გაცილებით მეტი იქნება ჩვენთვის მოპარული ხმები. ხმები მოგვპარეს საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ასეთი გაყალბება საქართველოს არ ახსოვს. გაყალბების ყველა მექანიზმი გამოიყენეს, წავიდნენ ყველაფერზე. ჰგონიათ, რომ შერჩებათ, მაგრამ ამის შერჩენა გამორიცხულია.
_ რამდენიმე ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას გამორჩეულად არ ეხატება გულს. ერთ-ერთი მათგანი არის „ერთიანი საქართველო“. რატომ აგითვალწუნეს ასე? რამე დაუშავეთ ივანიშვილს?
_ ივანიშვილს არაფერი. „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ მიმართ გამორჩეული ზიზღი აქვს ირაკლი კობახიძეს. მისი გავლენით ჩვენი პარტიის ლიდერი განსაკუთრებით არ უყვარს ივანიშვილს. ის დაარწმუნეს, რომ თუ ნინო ბურჯანაძე პარლამენტში შევა, რაღაცები შეიცვლება.
ხელისუფლების გარდა საარჩევნო ბარიერი კიდევ რამდენიმე პარტიამ გადალახა. ოპოზიციის გალანძღვა როცა უნდათ, ბარიერგადალახულებს არც კი ახსენებენ და ჩვენ მოგვდგებიან ხოლმე. აშკარაა, რომ ჩვენი პარტიის კომპლექსი აქვთ.
_ რატომ აქვთ თქვენი კომპლექსი და რატომ არ უყვარხართ ირაკლი კობახიძეს? მისი მშობლები ამ პარტიაში არ იყვნენ?
_ ირაკლი კობახიძის მამა ჩვენი პარტიის პოლიტიკური მდივანი იყო. როცა დევნილობიდან დავბრუნდი, მაშინ გავწევრიანდი ამ პარტიაში და შეხვედრებს ვესწრებოდი. ერთხელაც მივედი შეხვედრაზე, პარტიის წარმომადგენლები მაგიდასთან ისხდნენ. ერთი ვერ ვიცანი მარტო, კულულებიანი ახალგაზრდა. ნინოს ვეკითხები თვალებით, _ ეს ვინ არის-მეთქი? ნინომ მითხრა, _ მორჩეს შეხვედრა და მერე გეტყვიო. შეხვედრაზე რეგიონული მოწყობის საკითხებზე საუბრობდნენ. ეს კულულებიანი კონსტიტუციონალისტი ყოფილა და როგორც ექსპერტი, ისე ჰყავდათ მოწვეული. ნინომ ამიხსნა, ეს ჩვენი გიას შვილია და მინდა, რომ რეგიონულ მოწყობასთან დაკავშირებით კანონები მაგას დავაწერინოთო. ჩვენთან აპირებდა პარტიაში მუშაობის დაწყებას. ერთ მშვენიერ დღეს მამამისთან ერთად გაქრა.
_ რანაირად?
_ აღარ გამოჩნდნენ. ეს კულულებიანი პარალელურად ლევან იზორიას თანაშემწედ მუშაობდა. იზორიასთან შეამჩნიეს ის კახა კალაძემ და ბიძინა ივანიშვილმა და იქიდან აღზევდა, იქიდან ჩაიდო ჩვენს პარტიაზე ბოღმა გულში.
_ რატომ? მიზეზს ვერ ვხვდები.
_ რატომ ჩაიდო ნინოს მიმართ ბოღმა და ზიზღი, არ ვიცი. სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ჩვენ უნდა გაგვლანძღოს. რას გვერჩის, მართლა ვერ გამიგია. არც ფინანსურად ძლიერი პარტია ვართ და არც 25% აგვიღია არჩევნებზე. ეტყობა, ჩვენი კომპლექსი აქვს. სხვა ახსნა კობახიძის საქციელს არ მოეძებნება.
_ ოპოზიცია, ჯერჯერობით, ისევ მყარად დგას, რომ პარლამენტში არ შევლენ. ბოლომდე შეინარჩუნებთ ამ პრინციპულ პოზიციას? ვიღაცები უკვე გამოჩნდნენ, ვინც ამბობს, რომ ქუჩაში დგომას პარლამენტში შესვლა და იქიდან ბრძოლა სჯობსო.
_ არა მგონია, ოპოზიციამ ეს პირობა დაარღვიოს. როცა ინტერვიუ იწერება, ამ მომენტისთვის ყველა მყარად დგას ძველ პოზიციაზე. მერე რა იქნება, არ ვიცი. ბოლოს და ბოლოს, რა არის ეს დეპუტატობა, რომ ამაზე უარი ვერ თქვა? დეპუტატობაზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს.
_ გააჩნია, ვისთვის. თქვენ ვიცით, რომ შეგეძლოთ გამხდარიყავით პარლამენტის წევრი, მაგრამ ამისთვის „ოცნებაში“ უნდა გადასულიყავით, შეთავაზებაზე უარი თქვით.
_ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დეპუტატობა ყველაფერი არაა. არაერთი შემოთავაზება მქონია ხელისულებიდან 2016 წელსაც, 2018 წელსაც და წელსაც. ამას რომ დავთანხმებოდი, საკმაოდ მაღალ თანამდებობას მივიღებდი, მაგრამ ეს ჩემთვის მთავარი არაა.
ამ ეტაპზე არც ერთი ოპოზიციურ პარტია არ აპირებს პოზიციის შეცვლას. რამდენჯერმე მოაწერეს ხელი პარტიებმა ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას. ამის მერე თუ კიდევ ვინმე შევა პარლამენტში, ბარემ გამოვიდეს და პირდაპირ თქვას, რომ არც ქალი ვარ, არც კაცი _ ერთი ჩვეულებრივი სალახანა ვარ. იმ მომენტში, როცა თქვენ გელაპარაკებით, მოლაპარაკებები არ წყდება.
_ რა მოლაპარაკებები?
_ „ქართული ოცნების“ ემისრები ტურებივით დასუნსულებენ სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან, პარტიის მეორე და მესამე პირებსაც ესაუბრებიან.
_ საუბრის თემა ძნელი გამოსაცნობი არაა, სავარაუდოდ, ცდილობენ, რომ პარლამენტში შესვლაზე დაითანხმონ.
_ ეუბნებიან, გაემიჯნეთ ოპოზიციას, შემოდით პარლამენტში და ასე და ასე იქნება მომავალშიო.
_ სანაცვლოდ რაღაც პრივილეგიებს სთავაზობენ?
_ სთავაზობენ.
_ ყველა უარს ამბობს შეთავაზებაზე?
_ ამ მომენტისთვის უარს ამბობენ, ხვალ შეიძლება რეალობა შეიცვალოს _ 30 ვერცხლის კაშკაშმა ჩვენს პოლიტიკოსებს კი არა, ქრისტეს მოწაფეს დააკარგვინა სინდისის გრძნობა.
_ იუდამ ამის გამო მერე კი ჩამოიხრჩო თავი, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ასეთი რამე ჩვეულებრივი ამბავია.
_ იმას აღმოაჩნდა ნამუსი, ოპოზიციაში შეიძლება ვიღაცას წაუცდეს ხელი. ბოლომდე არ მჯერა, რომ ოპოზიციიდან ვინმე ამაზე წავა. ხშირად იმართება ამ საკითხის შესახებ კონსულტაციები. პარტიების ლიდერები თუ სხვა წევრები ხაზგასმით ამბობენ, რომ პარლამენტში არ შევალთო. კარგად იცით, რა დამოკიდულება მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ ეს პარტია ოცზე მეტ მანდატზე ამბობს უარს _ ეს პატარა ამბავი არ არის.
_ ზემოთ თქვენ თქვით, რომ ასეთი გაყალბება საქართველოს არ ახსოვსო. რატომ წავიდნენ ასეთ გაყალბებაზე? თან ოპოზიციამ არჩევნებამდე განაცხადეთ, რომ არჩევნების გაყალბებაზე თვალს არ დახუჭავდით.
_ გასული საუკუნის 17-იან წლებში, რევოლუციის დროს, იყო ასეთი გამოთქმა: „ვინ _ ვის“. ახლა აშკარად ეს პრინციპი მოქმედებს. არჩევნების წაგებით ესენი ყველაფერს კარგავენ.
_ ამას უნდა გადააყოლონ ქვეყანა?
_ თავისი ნებით ამ პრივილეგიებს ვერ შეელევიან. პარლამენტში მოხვედრამდე ეს მათიკაშვილები, ოხანაშვილები, მდინარაძეები და კობახიძეები არაფერს წარმოადგენდნენ. ახლა რაღაცა ჰგონიათ თავი. რატომაც არა, სულ არაფრიდან ოქროს ქვეშაგებში აღმოჩნდნენ უცებ. ამას იოლად არ დათმობენ. ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავლენ. კობახიძე ისევ ძველ მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს, ხომ გაგიჟდება. ამიტომ ყველაფერს კადრულობს ეს კულულებიანი ყმაწვილი.
ეს კულულებიანი ხალხსა და ოპოზიციას ხომ აღიზიანებს, მაგრამ მის მიმართ პარტიაშიც საოცარი აგრესიაა. ვერავინ იტანს, ყველას ნერვებს უშლის და „ოცნებიდან“ მის მოცილებას ითხოვენ.
_ რატომ არ იშორებენ მერე?
_ იმიტომ, რომ მთლად უფროსს არ უნდა მისი მოშორება.
_ რატომ არ უნდა? არ იცის, პარტიაში კობახიძის მიმართ რამხელა აგრესია რომ არის?
_ როგორ არ იცის, მაგრამ ჯერ ინარჩუნებს კობახიძეს. „ოცნების“ წევრებს ეუბნება, იყოს, ჯერ ისევ საჭიროაო.
_ რისთვის არის საჭირო?
_ იმისთვის, რასაც აკეთებს. რასაც ეგ, მათიკაშვილი, მდინარაძე და კალაძე კადრულობენ, ყველა არ იკადრებს. კალაძესთან დაკავშირებით ერთსაც გეტყვით: საკუთარ კარში გოლების გამტანი უკვე პოსტბიძინისტურ ეპოქაზე ფიქრობს და მის ჩანაცვლებას აპირებს.
_ ქვეყნის მმართველობა უნდა?
_ ძალიან უნდა და მიზნის მისაღწევად ეშმაკურად მოქმედებს. ის სერიოზულად უთხრის ძირს ბიძინა ივანიშვილს.
_ ამას ივანიშვილი ვერ ხვდება?
_ მე ის ვიცი, რომ თბილისის მერი ივანიშვილს ძალიან ეშმაკურად და ოსტატურად უთხრის ძირს. შექმნა თავისი გუნდი და მასთან ერთად მოქმედებს. სხვაგან ეგ არც გამოჩნდებოდა, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ ფიგურაა. არადა, ივანიშვილის წყალობით გაიმყარა პოზიციები და მის სახელს იყენებს.
_ ამბობენ, კობახიძეც კახა კალაძის გუნდს წარმოადგენსო.
_ ასე იყო, თუმცა გავიგეთ, ბოლო ხანებში კულულებიანმა ყმაწვილმა ავტოგოლების ავტორისგან სერიოზული საყვედურები მიიღო.
_ არჩევნების ღამეს მომხდარ ცემა-ტყეპაზე საუბრობთ? თურმე, იმ ღამეს ორივეს მაგრად მოხვდა.
_ ცემა-ტყეპამდე საქმე არ მისულა, მაგრამ ყურის აწევა იყო. თავადაც ხვდებიან, რომ მიქარეს და ამ მასშტაბის გაყალბებას არავინ შეარჩენს. დარწმუნებული ვარ, რომ არც შერჩებათ.
_ ბევრი ასე არ ფიქრობს, თქვენ აშკარად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი.
_ ეს გაყალბება ასე რომ არ ჩაივლის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამის მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს.
_ რატომ არ გაქვთ?
_ ოპტიმიზმის საფუძველს ქვეყნის გარშემო შექმნილი ვითარება არ მაძლევს. ჩვენ გარშემო ძალიან სერიოზული პროცესები მიდის. სხვადასხვა დინებამ წამოყო თავი.
_ ყარაბაღში შეცვლილ რეალობას გულისხმობთ?
_ არა მარტო ამას. კიდევ ბევრი რამე ხდება ჩვენ გარშემო. ნორმალური ხელისუფლება რომ გვყოლოდა, ურო მშვიდად შევხედავდით ამ ყველაფერს, მაგრამ როცა ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ გყავს, მაშინ მშვიდად ვერ იქნები. ამიტომ არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, თორემ „ქართულ ოცნებას“ რომ გაყალბებას არავინ შეარჩენს, ამაში ეჭვი არ მეპარება.
რაც არ უნდა მოხდეს, „ქართული ოცნება“ ამ პოზიციებს მაინც ვერ შეინარჩუნებს. სულ რომ ყველა ბარიერგადალახული პარტია შევიდეს პარლამენტში, მაინც ჩამოიშლება „ოცნება“ და გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.
_ ოპოზიცია თუ შევიდა პარლამენტში, ეს „ოცნების“ პოზიციების გამყარება არ იქნება?
_ რანაირად? გადახედეთ მათ შემადგენლობას _ არსაიდან მოსული, უსახური სახეებით და არაპროფესიონალებით ჰყავთ დაკომპლექტებული გუნდი. ესენი რისი შემნარჩუნებლები არიან?! ყველა ვარიანტში ვადამდელ არჩევნებამდე მივა საქმე. მეთოდებიც გაუხუნდათ და ხალხსაც ყელში ამოუვიდა ამათი მაიმუნობა.
_ კორონამაც როგორ დააღალატა. გაზაფხულზე ლამის კორონის დამარცხებას იბრალებდნენ და რეიტინგიც აეწიათ.
_ კორონასთან დაკავშირებით სრულიად უმართავი სიტუაციაა, რაც ამათი არაპროფესიონალიზმის ბრალია. კორონასთან გამკლავებას მთელი მსოფლიო ვერ ახერხებს და ამაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, მაგრამ ბადრი ესებუა სად არის? ამაზე რატომ არ გვპასუხობენ? ძალოვანი სტრუქტურების შესანახად ასეულობით მილიონს ვიხდით და მთელი შსს და სპეცსამსახურები ერთმა კაცმა გააბითურა. ერთმა კაცმა ჩამოშალა მთელი სახელმწიფო. ქვეყანას მართავს წუპაკმაისტერების გუნდი, რომელსაც შულერობის მეტი არაფერი შეუძლია.

შორენა მარსაგიშვილი