შალვა ნათელაშვილი: „ხალხი ისეა გაბრაზებული, რომ საარჩევნო უბნებისკენ მიმავალ გზაზე კორონა კი არა, ლომვეშაპიც ვერ გააჩერებს!“

20-წლიანი არასაპარლამენტო ცხოვრება სრულდება, ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, რამდენიმე დღეც და ლეიბორისტული პარტია პარლამენტში დაბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის პირველი ლეიბორისტი ამაში ღრმადაა დარწმუნებული. მეტიც, შალვა ნათელაშვილი „ქრონიკა+“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ის პროცენტები, რომელიც სხვადასხვა რეიტინგით ლეიბორისტებს აქვთ, გაყალბებულია.
„ვიცით, 20 წელია, ამ რეიტინგებს ვინც წერს და იმიტომ გვიყალბებენ, რომ ქარიზმატული ლიდერის ეშინიათ“, _ აცხადებს შალვა ნათელაშვილი და იმასაც კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ უნდა გაემიჯნოს „ნაციონალური მოძრაობა“ შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს.

ერთი სიტყვით, რატომ უნდა აეკრძალოთ საჯარო მოხელეებს შვილების კერძო სკოლებში მიყვანა და რა ელის ბიძინა ივანიშვილს, თუკი არჩევნებში „ოცნება“ დამარცხდება?“ _ „ქრონიკა+“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს შალვა ნათელაშვილთან:

_ ბატონო შალვა, საუბარი მარტივად დავიწყოთ და მითხარით, 31 ოქტომბრისგან რას ელოდებით?
_ 31 ოქტომბერს არსებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, დეოლიგარქიზაცია მოხდეს და ქვეყანა პოლიტიკური განვითარების ახალ სტრატეგიაზე უნდა გადავიდეს. სხვათა შორის, მართვის ეს მოდელი საქართველოს არ უნახავს.
_ რას გულისხმობთ?
_ საპარლამენტო რესპუბლიკას, რომელიც სრულიად ახალი რეალობაა!
_ გამორიცხავთ, რომ „ოცნებამ“ დემოკრატიის ყველა პრინციპი დაარღვიოს და ხელისუფლებაში დარჩენა მესამე ვადითაც გადაწყვიტოს?
_ ამ შემთხვევაში, „ოცნება“ და ივანიშვილი საერთო-სახალხო მშვიდობიანი გზით დაემხობიან!
_ გრძნობთ, რომ ხალხს ქუჩაში გამოსვლის მუხტი აქვს?
_ დიახ, ხალხი ქუჩაში გამოვა და წინააღმდეგობის მოძრაობა იქნება.
ამასთან, საერთშორისო პრესი იმ დონეზე გაძლიერდება, რომ ივანიშვილი ყველაფერს, რაც ყაჩაღობით დააგროვა, ბოლო ცენტამდე დაკარგავს!
_ სიტყვამ მოიტანა და კორონაპანდემიის გამო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არ ჩამოვლენ. ეს შედეგებზე არ იმოქმედებს?
_ 21-ე საუკუნეში, როცა დედამიწის ხელსაწყოები იუპიტერზე შტორმს აფიქსირებენ, დამკვირვებელი საჭირო არაა, ანუ ყველა უბანი, ყველა ამოსუნთქვა და განცხადება ისედაც კონტროლზეა. ასე რომ, დამკვირვებლების ფორმატი უკვე მოძველებულიცაა. აი, მაგალითად, აშშ-ის არჩევნებზე, ერთი მითხარით, რომელი დამკვირვებლები ჩადიან?
_ აშშ დემოკრატიული ქვეყანაა და ნუ შევედრებით!
_ გასაგებია, მაგრამ ორ პარტიას შორის სერიოზული ჯახი იქაცაა.
მოკლედ, დამკვირვებლები, როგორც საარჩევნო ატრიბუტი, საჭირო არაა, რადგან ბიძინა ივანიშვილს სახელი ისედაც გატეხილი აქვს და ჩვენს განცხადებებსაც დაიჯერებენ!
_ კეთილი, მაგრამ იმაში მაინც დამეთანხმეთ, რომ კორონასტატისტიკას ხელისუფლება ერთგვარი მანიპულაციისთვის იყენებს და, მინიმუმ, იმას ცდილობს, რომ შეშინებული ხალხი არჩევნებზე არ მივიდეს.
_ იყენებს კი არა, პირველი ტალღა უკვე გამოიყენა, როდესაც მასობრივი ტესტირება არ ჩაატარა და ვირუსის უამრავი მატარებელი დამალა, თორემ მაშინაც ზუსტად ასე იყო.
_ ანუ?
_ საერთოდ, ვირუსს შეუფერხებელი სივრცე აქვს და საბაჟოს, სასაზღვროსა თუ სხვა ადამიანურ ბარიერებს არ ემორჩილება და მთელ დედამიწაზე ადამიანების 20%-მდე რაოდენობამ მოიხადა. შეიძლება, ჩვენც მოხდილი გვაქვს და ანტისხეულებიც გამომუშავებულია. როცა 60%-მდე მოიხდის, ვირუსი დასუსტდება და ვაქცინაც აღარაა საჭირო. ასე რომ, ვირუსს ვერავინ გააჩერებს.
წეღანდელი თქმისა არ იყოს, პირველ ტალღაზე მასობრივი ტესტირება არ ჩაატარეს და მიიწერეს, რომ თითქოს ვირუსს გაუმკლავდნენ. არჩევნების წინ კი ტესტირებებით დინამიკის გაზრდა დაიწყეს და ახლა უნდათ, საარჩევნოდ ეს სტატისტიკა ან დაწიონ და გამარჯვების დროშა დაიჭირონ, აი, მეორე ტალღასაც შევებრძოლეთო, ან არჩევნების მეორე დღეს საგანგებო გამოაცხადონ და ამით სახალხო გამოსვლების პერსპექტივა აიცილონ. აი, მაგათ დამჭკნარ თავში ეს ორი გათვლაა.
_ შეიძლება, მესამე გათვლაც არსებობდეს _ ხალხი დაიზაფროს, არჩევნებზე ნაკლები აქტივობა იყოს და ამის წყალობით ხელისუფლებამ შედეგები გააყალბოს.
_ ხალხი ისეა გაბრაზებული, რომ არ დაიზაფრება და საარჩევნო უბნებისკენ მიმავალ გზაზე კორონა კი არა, ლომვეშაპიც ვერ გააჩერებს!
ასე რომ, გაყალბება ძალიან გაუძნელდებათ!
_ ისე, „ოცნებამ“ არჩევნები რომც წააგოს, ოპოზიციას კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება ხომ არ გაუჭირდება? ბოლოს და ბოლოს, ყველა პარტიას პრემიერობის საკუთარი კანდიდატი გყავთ და როგორ შეთანხმდებით?
_ თუ პრემიერი ვერ გავხდი, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამის გამო არც თავს მოვიკლავ და არც სხვას მოვკლავ!
_ არც მიფიქრია, რომ თავს მოიკლავთ ან სხვას მოკლავთ, მაგრამ ამიხსენით, ოპოზიცია საერთო სტრატეგიაზე რატომ ვერ შეჯერდა?
_ არჩევნების შედეგებმა უნდა აჩვენოს, მოსახლეობისგან ვის როგორი ნდობა აქვს და ამის შემდეგ პარლამენტში გასული პარტიები გამაერთიანებელ პერსონაზე უნდა შეთანხმდნენ. ეს პერსონა პოლიტიკური ლიდერი კი არა, შეიძლება, გარედან მოწვეული ტექნოკრატი _ კარგი ეკონომისტი იყოს.
_ საქართველოში ასეთი ადამიანი გეგულებათ?
_ დარწმუნებული ვარ, იქნება. უბრალოდ, ძებნა უნდა. ხომ იცით, ნათქვამია, ვინც ეძებს, პოულობსო.
_ თუ ისე მოხდება, რომ ოპოზიციური სპექტრიდან ყველაზე მეტი ხმა და, შესაბამისად, მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, მაშინ რა მოხდება, პრემიერის პოსტს დაუთმობთ?
_ თუ უმრავლესობა აიღო, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტს, პრემიერი ვინ იქნება, მაგრამ არსებულ მოდელში შეუძლებელია, რომ უმრავლესობა რომელიმე პარტიას ჰქონდეს. დავით აღმაშენებელი რომ გაცოცხლდეს და ბლოკი თამარ მეფესთან გააფორმოს, უმრავლესობას ისიც ვერ გაიყვანს. ასე რომ, ეს წრე ყველასთვის ჩაკეტილია.
_ სხვათა შორის, ამას წინათ „ნაცმოძრაობას“ ურჩიეთ, რომ ვანო მერაბიშვილთან კავშირი გაწყვიტოს. ამ რჩევა-მოწოდებით რატომ გამოხვედით, ბატონო შალვა?
_ ვანო მერაბიშვილი სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ისტორიული მეკავშირეა და ახლაც მოძრაობებს აკეთებს. როგორც ჩანს, ციხეში ჯდომით ჭკუა ვერ ისწავლა.
_ რა მოძრაობებს გულისხმობთ?
_ ის ოთხი ილიგარქი, რომელიც სიაში ჩაწერეს, სწორედ ვანოს მითრეულია. ამ კანდიდატურების სიაში ჩაწერა ბიძინასთან შეთანხმებულია, თორემ აქამდე ბინებს აუფეთქებდნენ. ბიძინას კოალიციური მთვრობისთვის ერთი ხმაც რომ დააკლდეს, აი, მოწინააღმდეგე პარტიიდან ოთხი ხმა უკვე აქვს. ქართულ პოლიტიკაში ვანოს როლი სულ ესაა.
_ არ შეგეძლოთ, სააკაშვილს, როგორც იტყვიან, ტეტ-ა-ტეტ დალაპარაკებდით და მერაბიშვილის ამ გეგმის შესახებ საქმის კურსში ჩაგეყენებინათ?
_ ამას ვერ წარმოვიდგენდი. თუ ფინანსები სჭირდება, პარტიამ სიაში შეიძლება ერთი, ჰა-ჰა, ორი სპონსორი ჩაწეროს _ ასეთი პრაქტიკა არსებობს, მაგრამ ამ სიაში გარედან სხვა ვიღაცებიც არიან.
_ კერძოდ?
_ პრაქტიკულად, ბიძინას ბიზნესმენები _ „ოცნებას“ ჩუმად კი არა, საჯარდ რომ აფინანსებდნენ.
ერთი შეხედვით, ეს პარტიის საქმეა და ვერ ჩაერევი, მაგრამ, მეორე მხრივ, პარტიის საქმეც აღარაა, რადგან ეს საერთო მიზანს, ანუ ყველას დაგვაზიანებს.
_ რატომ?
_ თუ ქართული პოლიტიკის დეოლიგარქიზაცია გვინდა, ამას ოლიგარქებით ვერ გავაკეთებთ! ნებისმიერი ოლიგარქი ოლიგარქი და მამონის მონაა!
_ ანუ ამ ადამიანების სიაში ჩაწერა ოპოზიციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია?
_ ყოველ შემთხვევაში, პასუხისმგებლიანი ნაბიჯი არაა. ხომ უნდა გათვალო, რეიტინგებს, განსაკუთრებით, ჩემსას, რესტორნიდან რომ ადგენ?! ეს არ შეიძლება და დაუშვებელია! ამ ერთიანობას, თანამშრომლობას წვალებით მივაღწიეთ და მომავალი მთავრობის კონტურები იკვეთება, მაგრამ თუ ვიღაცას უნდა, რომ მის გარეშე ქვეყანა დაიქცეს, არაფერი განვითარდეს და შეიქმნას, მარტო ის ჩამოვიდეს, თეთრ ცხენზე შეჯდეს და პირდაპირ კაბინეტში ასე შევიდეს, ასეთი რაღაც არ მოხდება!
ეს 2003-ში მოხდა, მაგრამ აღარ განმეორდება!
_ ე. ი., იმ რეიტინგებში, რომლებიც დღემდე გასაჯაროვდა, თქვენი მონაცემები გაყალბებულია?
_ თქვენ, რა, სხვანაირად ფიქრობთ?
_ რა მნიშვნელობა აქვს, მე როგორ ვფიქრობ. უბრალოდ, თქვენი აზრი მაინტერესებს.
_ აბა, რა არის, ხალხო! ეს ხომ ანეკდოტია! ხომ ვიცით, ეს რეიტინგები 20 წელია, ვისი ხელითაც იწერება.
_ იმ დროს, როცა თანამშრომლობთ, რომელიმე ოპოზიციურ ფლანგს თქვენი რეიტინგის გაყალბება რაში უნდა აწყობდეს?
_ ქარიზმატული ლიდერის ძალიან ეშინიათ!
_ შეიძლება, ადრე ეშინოდათ, მაგრამ ახლა იგივე სააკაშვილთან ურთიერთობა ხომ დალაგებული გაქვთ?
_ დროებითი ინტერესია, რომ ივანიშვილი მოვაცილოთ, თორემ ჩვენი წინააღმდეგობები, რა თქმა უნდა, ძალაში დარჩა!
_ თქვენი მონაცემებით, ლეიბორისტების რეალური რეიტინგი როგორია?
_ სააკაშვილი და „მთავარი არხი“ რომ მიცხადებს, ერთი, ორი და სამი ნამდვილად არაა.
_ ჰოდა, რამდენია?
_ 40-იც არაა, მაგრამ ორსა და სამზეც მეტია. ამიტომ ნამუსი უნდა იქონიონ.
_ კარგი, კითხვას სვანაირად დავსვამ: მეათე მოწვევის პარლამენტში ლეიბორისტული პარტია, მაქსიმუმ, რამდენი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი?
_ ამის თქმა ძნელია… ყოველ შემთხვევაში, იმდენ მანდატს ვვარაუდობთ, რომ უჩვენოდ კოალიციური მთავრობა ვერ შეიქმნას, ანუ საკონტროლო პაკეტი ჩვენ უნდა გვეჭიროს, რომ ოლიგარქებმა საქართველო ახალ პარლამენტშიც არ წაიღონ!
_ ბატონო შალვა, გამორიცხავთ, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია გარიგებაზე წავიდეს და „ოცნებას“ საპარლამენტო კოალიცია შეუქმნას, რათა ივანიშვილის გუნდმა მთავრობის დაკომპლექტება შეძლოს?
_ გამორიცხვა, რა თქმა უნდა, არაფრის შეიძლება, თუმცა დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ მიცვალებულთან გარიგებაზე არავინ უნდა წავიდეს, თუ თვითონაც პოლიტიკური მიცვალებულობა არ უნდა! მე ასე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.
სხვათა შორის, ამ დღეებში ოფიციალურ ვალდებულებას ავიღებთ, რომ „ოცნებას“ კოალიციას არ შევუქმნით!
_ იმის ვალდებულებასაც ხომ არ აიღებთ, რომ კოალიციას არც „ნაცმოძრაობას“ შეუქმნით?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ ისეც კოალიციის წევრი იქნება.
_ რა ამის პასუხია და, საზოგადოებისთვის ერთგვარი მოულოდნელობა იყო, რომ თქვენს ვაჟს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს, „ევროპულმა საქართველომ“ მხარი დაუჭირა. ერთმანეთთან მისასვლელი გზები როგორ მოძებნეთ?
_ (გულიანად იცინის) ბექას სხვა პარტიებიც უჭერენ მხარს.
_ შეიძლება, მაგრამ ბექა მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარად პირდაპირ დავით ბაქრაძემ წარადგინა…
_ ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ ზოგიერთივით კონკურენტად ოლიგარქის კანდიდატურა არ დააყენეს და ბექას დაუჭირეს მხარი. ნეპოტისტურად კი არ ვამბობ, არამედ მომავალი ამ თაობისაა და ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი.
_ გეთანხმებით, რომ მომავალი ახალი თაობისაა, მაგრამ სააკაშვილის მსგავსად, ბოკერიასთანაც ყოველთვის პოლიტიკური დისკომფორტი გქონდათ და ახლა როგორ „დალაგდით“?
_ დისკომფორტი „ნაცმოძრაობასთან“ რომ მქონდა, ისეთი სად ყოფილა, მაგრამ ახლა ის მოხდა, რომ ერთმანეთთან ბრძოლის დრო არაა. თუ გვინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ, უნდა ვითანამშრომლოთ. სხვა შემთხვევაში პუტინი და ივანიშვილი მრავალი ათეული წელი აქ მმართველებად დარჩებიან! ჩვენ კი ერთმანეთს დავჭამთ, ამით გულს მოვიფხანთ და შედეგი არაფერი იქნება!
_ ბატონო შალვა, საუბრის თემას შევცვლი და საარჩევნო პროგრამაზე გკითხავთ, ანუ აცხადებთ, რომ თუ ხელისფლებაში მოხვედით, საჯარო მოხელეებს აუკრძალავთ, შვილები კერძო სკოლებში ატარონ. კომუნიზმს არ ვაშენებეთ და საჯარო მოხელეების შვილებს კერძო სკოლაში სიარული რა მოტივით უნდა აუკრძალოთ?
_ აშშ-ის პრეზიდენტების ბიოგრაფიას გადახედეთ _ ყველა მათგანის შვილი სწორედ საჯარო სკოლებში დადიოდა.
_ კი ბატონო, მაგრამ ეს ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო.
_ თანამდებობის პირის შვილი ხალხთან ერთად უნდა იზრდებოდეს და არა _ გამოკეტილ პანსიონატში ფუფუნებით. აი, ასეთ დროსაა პოლიტიკოსი ხალხის მსახური. რა, არ შემეძლო, რომ ჩემი შვილები კერძო სკოლაში მიმეყვანა?
_ შეგეძლოთ?
_ რა პრობლემა იყო, მაგრამ ჩვეულებრივი საჯარო სკოლა დაამთავრეს, რაც ძალიან კარგია _ ხალხი უყვართ.
მოკლედ, თუ თანამდებობის პირი შვილს კერძო სკოლაში შეიყვანს, ეს მისი უფლება იქნება, თუმცა თანამდებობაზე ვეღარ დარჩება!
_ სხვათა შორის, იმასაც გვპირდებით, რომ თუ ხელისუფლებაში მოხვალთ, სკოლებში მოსწავლეებს უფასო კვება ექნებათ.
_ დიახ, აუცილებლად ასე იქნება, რადგან ვერ დავუშვებთ, რომ მოზარდ თაობას ან ინტელექტუალური საკვები აკლდეს ან _ ფიზიკური, რაც თითოეული მათგანის ზრდისა და განვითარების გარანტიაა. ამიტომ კეთილს ინებებს ჩვენი მაღალხელფასიანი ელიტა, ყველაფერ ამას მოიკლებს და ბავშვებს დღეში ერთხელ უფასო კვება ექნებათ.
სხვათა შორის, ასაკში საკვები მავნებელია. ამიტომ ამ გაქსუებულმა ღიპიანებმა მოიკლონ და ულუფა ბავშვებს გადასცენ!
_ ესეც, რაღაცნაირად, საბჭოთა ინიციატივაა. ყოველ შემთხვევაში, მახსოვს, სკოლაში ტალონებს გვირიგებდნენ. ე. წ. სასკოლო ტალონები თქვენი მოწაფეობისასაც იქნებოდა, არა?
_ არა, ჩემს დროს ტალონები არ იყო, თუმცა საახალწლოდ და ასეთ დღეებში გემრიელ კანფეტებს გვაძლევდნენ.
ეს კომუნისტური მოდელი არაა.
_ აბა, როგორი მოდელია?
_ კაპიტალისტური. აი, მაგალითად, გახურებული ომის დროს ეს მოდელი ფინეთში შემოიღეს და მერე მთელ ევროპაში გავრცელდა. სხვათა შორის, აშშ-შიცაა, თუმცა იქ ბავშვებს ბარათი აქვთ და საკვებს ამ ბარათით იღებენ. ზოგის ბარათი უფასოა, შეძლებული ოჯახის შვილების კი _ ფასიანი, მაგრამ არავინ იცის, ვინ უფასო ბარათით სარგებლოს და ვინ _ ფასიანით, რადგან ბავშვებში სოციალური უთანასწორობის სინდრომი არ გაჩნდეს.
_ ერთი სიტყვით, ბატონო შალვა, ვარაუდობთ, რომ 20-წლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ „ლეიბორისტული პარტია“ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნდება, არა?
_ ეჭვი გეპარებათ, რომ 20-წლიანი განდევნის შემდეგ საპარლამენტო პარტია ვხდებით?
_ არა, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ პარლამენტში დაბრუნების შემდეგ პირველად რას გააკეთებთ?
_ ბავშვების უფასო კვება სკოლებში!
_ აი, მაგალითად, ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენური ვითარების გამოსასწორებლად რა ნაბიჯებს გადადგამთ?
_ კოალიციური მთავრობა ყველა სტრუქტურას ისე მიხედავს, როგორც სახელმწიფოს ეკადრება და არა _ ისე, როგორც ახლა ხდება.
_ ახლა როგორ ხდება?
_ პარლამენტთან შეკრებილ ახალგაზრდებს თვალებს თხრიან, ბანკში შევარდნილ მძარცველებს კი „პაჩოტით“ აცილებენ და ერთ „დრონს“ არ აყოლებენ, რომ გაიგონ, ეს ფული სად წაიღო. ეს ხომ სახელმწიფო არ არის?!
_ სხვათა შორის, შსს-მ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბანკზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებული და დადგენილია…
_ ახლა კარგი დროა… აქამდე გრელანდიაში ჩავიდოდა!
_ ისე, ბატონო შალვა, როგორც იურისტს, ხომ არ გგონიათ, რომ ზუგდიდში ბანკის წარცვას ერთგვარად პოლიტიკური სარჩული ჰქონდა?
_ არავითარი პოლიტიკური სარჩული. ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური კატასტროფაა. მოსახლეობა გაღატაკებული, დეპრესიაშია ჩავარდნილი და ზოგი კრიმინალის გზაზე დადგა!
_ ჰოდა, ის, რაც ზუგდიდში მოხდა, იქნებ, ისე უნდა განვიხილოთ, როგორც „ოცნებაზე“ შურისძიება?
_ არა, არა… უბრალოდ, არჩევნების წინ ყველა პრობლემა ფეთქდება.
_ იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ არჩევნებს წააგებს, თქვენი შეფასებით, ივანიშვილს რა ელის?
_ პასუხი უნდა აგოს და მოპარული მოიტანოს! საერთოდ, ძალიან ბევრი მოიპარა _ აქედან წარმოუდგენელი რაოდენობის სიმდიდრე გაზიდა.
_ სხვათა შორის, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა „ნაცმოძრაობამ“ შევარდნაძეს ხელშეუხებლობის გარანტია მისცა. ახლაც იგივე სცენარი ხომ არ გათამაშდება?
_ არა, რა სისულელეა! ამის წინააღმდეგი ყოველთვის ვიქნები. შევარდნაძე პოლიტიკური ფიგურა იყო და სხვა ბოროტმოქმედებები ეპატია, მაგრამ ეს პირდაპირ კრიმინალური ფიგურაა.
_ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარეა.
_ პარტია შეიძლება, ბავშვების მკვლელმაც დაარეგისტრიროს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.
_ ე. ი., „ევროპული საქართველოს“ ინციატივას, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსნები არ უნდა გასამართლდნენ, არ იზიარებთ?
_ „ევროპული საქართველო“ ლიბერალური მიმდინარეობის პარტიაა და მის იდეოლოგიაში ეს ჯდება, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ მსგავსად, სახელმწიფოებრივ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგება.
_ ბოლოს, ბატონო შალვა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხალხთან სათქმელი რა გაქვთ?
_ მოგვეცით ხმა, მომავალი თქვენია!
_ წარმატებებს გისურვებთ!

გიორგი აბაშიძე