მთავარი საზოგადოება ზუგდიდის სპეცოპერაციის გაუხმაურებელი დეტალები

ზუგდიდის სპეცოპერაციის გაუხმაურებელი დეტალები

882
0
გაზიარება

სპეცოპერაცია სოფელ გრიგოლიშში კვირას გვიან ღამით დაიწყო. სპეცდანიშნულების რაზმი ყულიშკარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოულოდნელად კი გამოჩნდა, მაგრამ სოფელში მაინც გაიგეს და ერთმანეთსაც დაურეკეს. ინფორმაცია ნიკა გვარამიამ და მე ერთდროულად და სხვადასხვა წყაროდან მივიღეთ. დაახლოებით ნახევარ საათში კი ასევე ორივეს გვაცნობეს, რომ თავდამსხმელი გაიქცა.
ამის შემდეგ დაიგეგმა საგანგებო ეთერი „მთავარ“ არხზე, სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის ნაწილი გავასაჯაროვეთ.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის ძარცვის შემდეგ „მთავარი“ არხის მიერ გასაჯაროებულ ვიდეოზე ჩვენმა წყარომ მძევლებს შორის სენაკის მეორე ბრიგადის ჯარისკაცი დავით ხვიბლიანი ამოიცნო და ნიკა გვარამის ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, რომ ხვიბლიანი რეალურად თავდასხმის თანამონაწილე იყო. ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო სპეცოპერაციის მეორე ეტაპი, ფეიკ-ნიუსების გავრცელება.
ის, რომ თავდამსხმელი სამხედრო პირი იყო, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. აღმოჩნდა, რომ დათო ხვიბლიანს მისივე მოგვარე და ახლო ნათესავი ჰყავს სამხედრო, მაგრამ რადგან არც გვარამიაა დამწყები პროკურორი და არც მე _ დამწყები ჟურნალისტი, ყველა ტიპის ინფორმაციას განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდეთ და თემურ ხვიბლიანის სახელი და გვარი არც კი გვიხსენებია. ამის მიუხედავად, თავდაცვის უწყება ისე აირია, თემურ ხვიბლიანმა სახელისუფლებო არხებზე არარსებული განცხადებების გამო ჩვენგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
ამასობაში დათო ხვიბლიანის ძებნას იწყებს ოჯახი. 7-საათიანი მძევლობისა და 11-საათიანი დაკითხვის მერე მას ვერც ტელეფონით უკავშირდებიან და ვერც მის ადგილსამყოფელს ადგენენ. პარალელურად, ვიღებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხვიბლიანი სენაკის სამხედრო ბაზაზე ჰყავთ გადაყვანილი და მასთან ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობს; იგი სასტიკად ნაცემია და რომ ის გამოძებასთან თანამშრომლობს. ამ ინფორმაციის გასაჯაროების მერე ჩემთან ხაზზე გამოდის „ოპერატიული დეიდა“, რომელიც მიმტკიცებს, რომ ხვიბლიანი სამხედრო ბაზაზე დაბრუნდა და ის აგრძელებს მოვალეობის შესრულებას, რომ ის მისი ახლო ნათესავია და დათომაც პირველად სწორედ მას დაურეკა და არა დედ-მამას. ამის შემდეგ იწყება დამღლელი კომუნიკაცია ჩემსა და ხვიბლიანის ნათესავს შორის. ის მიყვება, რომ პირველი ზარის შემდეგ ხვიბლიანს ვიდეოზარით ესაუბრა, რომ ის ჩაის სვამდა, ოთახში ტრუსით იჯდა და ნაცემი არაა, დასტურად კი ვიდეოზარის „სქრინი“ ჩამიგდო და მითხრა, რომ ზუსტად იმ მომენტისთვის ხვიბლიანთან მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ და გასული იყო მათთან სასაუბროდ. ჩემთვის იმთავითვე ცხადი გახლდათ, რომ „ოპერატიული დეიდა“ მატყუებდა, რადგან უკვე მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიბლიანი „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა სახლში ჩაწერა და გამორიცხული იყო, იმ მომენტისთვის ის სენაკის სამხედრო ბაზაზე ტელეფონით ხელში ყოფილიყო. ამის შემდეგ „დეიდა“ გაბრაზდა და ჩემი და ნიკა გვარამიას ვოისმესიჯებით ლანძღვა დაიწყო. დაჟინებით მოითხოვდა, რომ ეს ნიკა გვარამიასთვის სიტყვა-სიტყვით გადამეცა. ამ მიმოწერისა და რამდენიმე ვოისმესიჯის „მთავარი“ არხის ეთერში გასაჯაროების შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, დათო ხვიბლიანი გამოეჩინა. მან ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა საკუთარ სახლთან, სადაც ის რეალურად იმყოფებოდა იმ მომენტისთვის.
ამის შემდეგ დაიწყო ლეგენდებისა და ფეიკნიუსების მთელი სერია.
ჯარისკაცი ჰყვება, რომ სენაკიდან ზუგდიდში ხელფასის ასაღებად მივიდა, ბანკომატის მაგიერ ხელფასის აღება ოპერატორთან დააპირა, მაშინ როცა სენაკში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე „საქართველოს ბანკის“ ორი ბანკომატია მოთავსებული. ხელფასის ვერსია რომ დამაჯერებელი არ აღმოჩნდა, „ოპერატიულმა დეიდამ“ მითხრა, რომ ხვიბლიანი ზუგდიდში ოჯახური კონფლიქტის გამო წავიდა. მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტრომ აგვიხსნა, რომ ჯარისკაცი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე ჰყავდათ გადაყვანილი სახლში, ბოლოს კი ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ხვიბლიანმა ნიკა გვარამიას უნდა უჩივლოს და სამართლებრივ დავაში მას თავდაცვის სამინისტრო დაეხმარება.
კვირა ფეიკნიუსებით განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. ამ დროისთვის ხელისუფლებამ უკვე იცოდა, რომ „მთავარი“ არხის ეთერში ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, ელდარ გოგოლაძის სკანდალური ინტერვიუ უნდა გასულიყო, სოფელ გრიგოლიშში სპეცოპერაციაც დროში სწორედ ამას დაემთხვა. თუმცა უფრო ადრე იყო კიდევ ერთი ვერსია, _ ბანკის თავდამსხმელის ვინაობა „საიდუმლოდ“ გაგვანდეს და მისი სახელი და გვარი იყო ბეჟან გვაზავა, გამსახურდიას დროინდელი სამხედრო კრიმინალური წარსულით და „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას შტაბში ჩადენილი თავდასხმის ჩათვლით. ინფორმაციას „სხვათა შორის“ ნათქვამად მოაყოლეს ფრაზები, რომ გვაზავა ცოცხალი, უბრალოდ, არ ჩაბარდება. ეს მესიჯი კი იმას ნიშნავდა, რომ არ იყო გამორიცხული, გვაზავა მოეკლათ. გვამის ექსპერტიზისთვის თავს არავინ შეიწუხებდა, წინასაარჩევნოდ კი ხელისუფლება ქულებსაც ჩაიწერდა, _ მძევლებიც უვნებლები გადარჩნენ და თავდამსხმელიც ლიკვიდირებულია.
მაგრამ… აქ ხელისუფლებამ ისევ ვერ გაითვალისწინა გვარამია-კილაძის ფაქტორი, რომ ჩვენ ჩვენი წყაროები გვაწვდიდნენ სხვა ინფორმაციას და სულ სხვა პირზე. გვაზავას პარალელურად, ხელისუფლება თავდამსხმელად გრიგოლ ქარჩავას გამოცხადებას აპირებდა, რომელიც ჯარიდან 2012 წელს იყო წასული და თავდამსხმელის საუკეთესო კანდიდატურა იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ბაჩო ახალაიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დასაკავშირებლად, მით უფრო, რომ ერთ-ერთ მძევალს, რომელსაც იმ წუთებში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა, სააკაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები უფრიალეს და ლამის თავდასხმის ორგანიზატორად გამოაცხადეს. მაგრამ ხელისუფლებას აქაც იაღლიში მოუვიდა, _ ბოლო წუთს გაარკვია, რომ ქარჩავა ციხეში იჯდა და საპყრობილეს მხოლოდ ერთი კვირის მერე დატოვებდა.
ამ და სხვა დეტალების გასაჯაროების მერე ძალოვანი უწყება იძულებული გახდა ეთქვა, რომ ბანკზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და თუ მისი ფოტოები მედიას ხელში ჩაუვარდება, არ გაასაჯაროონ.
ჩვენ მოვიქეცით ზუსტად ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი და არა სკანდალებზე ორიენტირებული ჟურნალისტები. ვიცოდით იდენტიფიცირებული თავდამსხმელის ვინაობა, გვქონდა მისი ფოტო, მაგრამ ბოლო მომენტამდე, სანამ სპეცოპერაცია არ დაიწყო და არ დადასტურდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი გაიქცა, ფაქტი არ გაგვისაჯაროებია.

რას უყვება „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო?
ბანკის ძარცვისა და მძევლების ნაწილის განთავისუფლების მერე თავდამსხმელი სოფელ სქურის გადასახვევთან მანქანიდან გადმოვიდა და გაისროლა. რატომ? _ წყარო ამას ვერ აკონკრეტებს, გამთენიისას კი ტყეში სამუშაოდ მიმავალმა ამ სოფლის მცხოვრებმა სოფელ ჯგალთან ორი პოლიციელი და სოფლის გამგებელი მერაბ კვარაცხელია შენიშნა, რომლებიც ავტომანქანაში ფულს ითვლიდნენ. იგივე წყარო მეუბნებოდა, რომ ბანკზე თავდამსხმელი მეგრელია და მას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია, აფხაზეთში მისი გადასვლის საკითხი ვერ შეთანხმდა. მეტიც: აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თუ დამნაშავე აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოჩნდებოდა, მას საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცემდნენ.

ვინც არის ბადრი ესებუა?
ის 1988 წლის 22 დეკემბერსაა დაბადებული ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში, ზუსტად იმ ადგილას, სადაც კვირა საღამოს სპეცოპერაცია ტარდებოდა. იგი სამხედრო მოსამსახურეა. 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჯერ ისევ სენაკის ბრიგადაში მსახურობდა. ამას მოწმობს სოციალურ ქსელში შემორჩენილი მისი ფოტოებიც. ფოტოების გასაჯაროვების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ის გვითხრა, რომ ბადრი ესებუა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში აღარ ირიცხება, თუმცა არც მისი მიღებისა და არც დათხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გამოუქვეყნებია.
კარტოგრაფების საქმეზე ჩატარებული „წარმატებული“ სპეცოპერაციის მერე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ დამსახურებად მიიწერა, თავდაცვის მინისტრი საკუთარი პიარით იყო დაკავებული, ეთერიდან ეთერში აქებდა ბიძინა ივანიშვილს, მადლობას უხდიდა მას დავითგარეჯის დაბრუნებისთვის, პარალელურად, საპატრიარქო და სამღვდელოების ნაწილი აქებდა ღარიბაშვილს მისი ერისკაცობისთვის და როგორც კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნების მერე პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასაბრუნებლად ემზადებოდა, მაგრამ, ყველასთვის მოულოდნელად, დაკავებულმა კარტოგრაფებმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ „ოცნების“ სპექტაკლში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ამიტომ კარტოგრაფების საქმე ბუმერანგად დაუბრუნდა ხელისუფლებას. თავდაცვის მინისტრის პოზიციები ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში მომხდარი თავდასხმის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა, პრემიერობაზე ოცნება ოცნებად დარჩა. მეტიც: მას მინისტრის პოსტის დატოვება მოუწევს, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ჩათვლით.
ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობას რომ ჯარი სიხარულით არ შეხვედრია, ამის შესახებ იმთავითვე იყო ცნობილი, მაგრამ ის, რასაც ახლა გვიყვებიან სამინისტროში არსებულ კორუფციულ სქემებზე, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არჩევნებამდე თავდაცვის მინისტრი და მისი გარემოცვა, უბრალოდ, ფულის კეთებას ასწრებდნენ, ამის დასტურად კი კონკრეტული მაგალითი მოჰყავთ:
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არჩევნებამდე თბილავიამშენის, იგივე საავიაციო ქარხნის გარემონტებაზე 20 მილიონი ლარი გამოიყო, საიდანაც უდიდესი ნაწილი ტყდება, თეთრდება და თავდაცვის მინისტრის უახლოესი გარემოცვის ჯიბეებში მიდის. ამ მაქინაციის შემსრულებლები არიან „დელტასა“ და „თბილავიამშენის“ დირექტორი აზარაშვილი, ნიკა კიზიყურაშვილი და მაია ასინეთაშვილი. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ მათი ხელით თეთრდება ფული. იგივე ხდება სხვა სამხედრო ობიექტებზე, ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება სწრაფ და უსარგებლო რემონტებზე, მაშინ როცა ჯარს საბრძოლო მასალის დეფიციტი აქვს. იგივე წყარო ამბობს, რომ არჩევნების მერე საუბარია საავიაციო ქარხნისა და სამხედრო საწარმო „დელტას“ გაყიდვაზე, რომლითაც რუსული კომპანიები არიან დაინტერესებული.
იმ დროისთვის, როცა გაზეთი უკვე დასაბეჭდად მზად იყო, ზუგდიდში ზაქარაიას ქუჩაზე სპეცოპერაცია დაიწყო. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბადრი ესებუამ პოლიცია ნათესავის სახლის მისამართზე დაიბარა, ჩაგბარდებითო და ალყიდან აორთქლდა. შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ წინასწარ დაგეგმილ ბრიფინგზე ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის ვინაობა ოფიციალურად დაადასტურა, ის ნამდვილად ბადრი ესებუაა და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე ისევ უცნობია.

ელისო კილაძე

დატოვეთ კომენტარი