ანასტასია ბაკურაძე: „ბედნიერი ვიქნები, თუ ეს კორონა მალე გაქრება და ყველანი კარგად ვიქნებით“

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ქვეყანაში ყველაფერი გაჩერებულია და არაფერი ხდება, პანდემიის დროს მომღერალმა მარკუს მეტრეველმა საკმაოდ ბევრ პროექტს ჩაუყარა საფუძველი, რომლის განხორციელებასაც ნელ-ნელა იწყებს.
სულ ახლახან მომღერალმა ახალი სიმღერები ჩაწერა, რამდენიმე მათგანზე კი კლიპის გადაღებას უახლოეს მომავალში გეგმავს, თუმცა იქამდე მარკუსმა და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ პატარა მოდელებმა, ანასტასია ბაკურაძემ და მარიამ ბერძენიშვილმა, ერთობლივი სიმღერა „გული თქვენით თბება“ ჩაწერეს, რომელზედაც ვიდეოკლიპი გადაიღეს.

როგორც „ქრონიკა+“-სთან მომღერალი აცხადებს, კლიპი ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ დაბლოკა. რატომ? _ უცნობია. „არაპროფესიონალიზმი და კლანური მმართველობა“, _ ასე შეაფასა მარკუს მეტრეველმა აღნიშნული ქმედება.
„ქრონიკა+“ კლიპში მონაწილე სამივე მათგანს გაესაუბრა:

_ მარკუს, სანამ კლიპზე, მის დაბლოკვაზე, გადაღებებსა და გეგმებზე ვისაუბრებდეთ, იქამდე მოგვიყევით, სად და როგორ გაატარეთ პანდემიის პერიოდი?
_ პანდემიის დროს ვიყავი გერმანიაში, კონცერტი მქონდა ბერლინში, რომელსაც ესწრებოდნენ გერმანელები, ჰოლანდიები, ფრანგები და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. შემდეგ საქართველოში დავბრუნდი ორკვირიან კარანტინში. ეს პერიოდიც საკმაოდ პოზიტიურად გადავაგორე, რადგან ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ახალ სიმღერებზე, ვუყურებდი ფილმებს და ა. შ.
_ თქვენნაირი აქტიური ადამიანისთვის არ იყო რთული კარანტინი?
_ ძალიან უცხო იყო და რთულიც, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ჩემთვის განტვირთვა, დავისვენე.
_ რას აკეთებდით პანდემიის დროს?
_ ძირითადად, ვვარჯიშობდი, ყოველთვის ფორმაში ვიყავი და ჩემს სხეულზე ვზრუნავდი. ვკითხულობდი და, რა თქმა უნდა, ახალ სიმღერებზე ვმუშაობდი, რომელიც პანდემიის შემდეგ პერიოდში უნდა გამოსულიყო.
_ ხმის ჩამწერი სტუდიები მუშაობდა?
_ მუშაობდა, ოღონდ ყველანაირი წესის დაცვით. კაბინაში შედიოდა ერთი მომღერალი და, შესაბამისად, იმის საშუალება გვქონდა, რომ ჩაგვეწერა და ჩვენი ნამუშევარი გამოგვეშვა.
_ დღესაც ძალიან რთულ მდგომრეობაში ვართ. ყველაზე დიდი ზიანი მიადგა კულტურას, შოუბიზნესს. მართალია, ეს მხოლოდ საქართველოში არაა, მაგრამ ევროპის სხვა ქვეყნებში ხელოვან ხალხს სხვა ხელშემწყობი პირობები აქვთ და სახელმწიფო ზრუნავს მათზე. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციით გამოწვეული ეს მდგომარეობა, რამდენად გიქმნით დისკომფორტს?
_ ძალიან რთულია როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვის. ჩვენი შემოქმედების რეალიზაცია ვეღარ ხერხდება, კონცერტები აღარ ტარდება, რაც ფინანსურად გვაზარალებს. გარდა ამისა, ეს რეალობა ძალიან რთულად აისახება ჩემს ნერვულ სისტემაზე, მეშინია, ახლოს ვერ ვუახლოვდები ადამიანს და თუ ვინმეს გადავკოცნი, მგონია, რომ მეც ვირუსი მაქვს.
_ სად ხედავთ გამოსავალს?
_ ჯერჯერობით ვერ ვხედავ. გამოსავალი, ალბათ, ის არის, რომ სახელმწიფო უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს ხელოვან ადამიანებზე, როგორც გერმანია, საფრანგეთი, ამერიკა და ბევრი სხვა ქვეყანა. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სიმღერიდანაა და ესეც თუ გაჩერდება, ფინანსების გარეშე დავრჩებით.
_ თქვენი აზრით, ამ სიტუაციამ რამდენი ნაბიჯით უკან დაწია ქართული შოუბიზნესი?
_ წელს ვიყავი ბათუმში და ძალიან ბევრი კონცერტი ჩატარდა. ვერ ვიგრძენი, რომ უკან დავიხიეთ. მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურად დაგვწია უკან, მაგრამ კონცერტები კონცერტებზე იმართებოდა.
_ იმიტომ ხომ არა, რომ ხალხი მონატრებული იყო გართობას?
_ შეიძლება, ეგეც იყო, რადგან იმდენი ხალხი მოდიოდა რესტორნებსა თუ კლუბებში, რომ გვერდს ვერ აუვლიდი. შემდეგ უკვე გამოცხადდა თუ არა ბათუმი ცოტა პრობლემურ ზონად, ყველაფერი დაიკეტა და ჩვენც დავსხედით სახლში.
_ დავიჯერო, კოლეგები არ იკრიბებით და არ სახავთ გეგმებს, რომ რაიმე სახის გამოსავალი ნახოთ ამ კონკრეტული სიტუაციიდან?
_ რა თქმა უნდა, დისკუსია არსებობდა მომღერლებში, რომ ჩვენი ხმა მიგვეწვდინა სახელმწიფოსთვის, თუმცა ეს დაქსაქსულად არ შეგვიძლია. აქ უნდა გავერთიანდეთ, რომ გუნდური ხმა მივაწვდინოთ მთავრობას.
_ კულტურის სამინისტროს თუ გამოუთქვამს თქვენთან შეხვედრის ინტერესი?
_ არა, თუმცა მერიამ რამდენიმე კონცერტი ჩაატარა ღია ცის ქვეშ, სადაც მეც ვმონაწილეობდი და ვფიქრობ, ესეც ერთგვარი დახმარებაა.
_ მარკუს, აღსანიშნავია, რომ სწორედ მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა პარალიზებული იყო და არაფერი მუშაობდა, თქვენ და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ პატარა მოდელებმა, ანასტია ბაკურაძემ და მარიამ ბერძენიშვილმა, ჩაწერეთ სიმღერა, გადაიღეთ მაღალი დონის საერთაშორისო ვიდეოკლიპი. უფრო დაწვრილებით მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ.
_ ანასტასია ბაკურაძე და მარიამ ბერძენიშვილი, ფაქტობრივად, ჩემი შვილები არიან, რადგან თითქმის ჩემს ხელში გაიზარდნენ. ისინი „კატრინის“ მოდელები არიან და სწორედ მათი სურვილი იყო, რომ დუეტი ჩემთან ჩაეწერათ. ეკა მგალობლიშვილის იდეა გახლდათ, პანდემიის დროს შეგვექმნა რაღაც განსხვავებული და კარგი პროექტი. 40 გრადუს სიცხეში მიმდინარეობდა კლიპის გადაღება. სპეციალურად ამ კლიპისთვის შეიქმნა კოსტიუმები, დაიწერა ახალი სიმღერა, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა გადაღება, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გაკეთდა. ბავშვები სუპერ პროფესიონალები არიან. ბევრ მომღერალთან მიმუშავია, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ასეთი ტანდემი არავისთან მქონია, როგორც ამ ბავშვებთან.
_ გადაღებები სად მიმდინარეობდა?
_ რამდენიმე ლოკაციაზე. ნახევარი საქართველო შემოვიარეთ. ერთ-ერთი იყო აეროპორტი და ასეთი სიცხის მიუხდავად, ბავშვები არაჩვეულებრივად მუშაობდნენ. არ სჭირდებოდათ ზედმეტი მითითება, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. ასეთ კლიპებს დღეს საქართველოში ზრდასრული მომღერლები ძლივს იღებენ და შეიძლება ითქვას, რომ ვერც იღებენ, რადგან კარგი და მაღალი ხარისხის კლიპის გადაღება საკმაოდ დიდ ფინანსებს მოითხოვს. რაც შეეხება სიმღერას, ის ეკუთვნის ძალიან ნიჭიერ კომპოზიტორსა და მუსიკოს ბორიკო შხიანს, ტექსტი ეკუთვნის საოცარ პოეტ ნანა ცინცაძეს და ჩაწერა „ბრავო რეკორდში“ ალეკო ბერძენიშვილმა დააბალანსა. კლიპის რეჟისორი კი ძალიან ნიჭიერი სანი ნადირაძეა. მუშაობა დავასრულეთ და გადავწყვიტე, ეს პროდუქცია ერთ-ერთი ტელვიზიისთვის შემეთევაზებინა, სადაც კლიპის პრემიერა შედგებოდა, მაგრამ უარი მივიღეთ.
_ რატომ?
_ მიზეზი როგორც თქვენ არ იცით, ისე არ ვიცი მეც. ძალიან მაინტერესებს, ნუთუ ამაზე უკეთესი ხარისხის ვიდეოკლიპები გადის მათ ეთერში?! ჩვენ მუსიკალური არხი არ გაგვაჩნია და მათთვის ბედნიერება უნდა იყოს, რომ ჩვენი პროდუქცია გაუშვან ეთერში. პასუხი იყო ასეთი: ამ ეტაპზე არა და მორჩა! მაგრამ კონკრეტული პასუხი არ ვიცით, თუ რატომ.
_ პოლიტიკურად აქტიურ პერიოდს ხომ არ უკავშირებთ ამ ყველაფერს, რადგან შესაბამისი ფორმატი და საეთერო დრო ვერ გამონახეს?
_ არა, არაფერ შუაშია ეგ, აქ იყო დილის გადაცემაზე საუბარი. სიმღერა ძალიან პოზიტიურია და გაალამაზებდა დილის ეთერს. არ ვიცი, შეიძლება ცუდ ხასიათზე გაიღვიძეს პროდიუსერებმა იმ მომენტში, როდესაც პასუხი გამცეს და თუ ასეა, ე. ი. ძალიან ბევრი არაპროფესიონალი მუშაობს იმ ტელევიზიაში და კონკრეტულად ამ გადაცემაში, რადგან მათი ხასიათის მიხედვით არ უნდა წყდებოდეს, თუ რომელი მომღერლის რა პროდუქცია რომელ გადაცემაში გავა. ყველამ კარგად იცით, თუ როგორი აპოლიტიკური ვარ. ჩემთვის მთავარია, საქართველო წაიწიოს წინ. არ ვიცი, ეს დაბლოკვა საიდან წამოვიდა ან ვისი ინიციატივით, თუმცა ძალიან კარგად ვხვდები, თუ ვის ინტერესში შედიოდა. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. საბედნიეროდ, ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიისგან ველოდები ახლა პასუხს და პრემიერა სხვაგან გაკეთდება.
_ აქამდე თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
_ ცხოვრებაში არასდროს მქონია მსგავსი შემთხვევა და ჩემთვის იმდენად უცხო იყო ეს პასუხი, რომ ძალიან გამეცინა. როდესაც ყველანაირი მიზეზის გარეშე გბლოკავენ, ე. ი. მათზე უკეთესი ხარ და შენი გამოჩენის ეშინიათ. არასდროს, არც ერთი ჩემი კოლეგისთვის არ მიკადრებია ერთი ცუდი და ზედმეტი სიტყვაც კი.
_ პირადი ინტერესები უფრო იკვეთება?
_ რასაკვირველია. ზუსტად ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი, მაგრამ არ დავეცემი მათ დონემდე და არ გამოვეკიდები მათ მდაბიო პასუხს. ეს მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ ჩემი პროდუქცია, სიახლე გააშუქოს ტელევიზიამ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნინო ჩხეიძეს, რადგან ეს კლიპი და სიმღერა მის ორივე მუსიკალურ ტელერადიო სადგურში ტრიალებს: „დარდიმანდი“ და „აფხაზეთის ხმა“. ასევე „მიუზიქ ბოქსში“ გადის ჩემი ყველა ვიდეო.
_ აქ გასათვალისწინებელია ბავშვების ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რადგან სწორედ მათ ჰქონდათ ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ამ ვიდეორგოლის პრეზენტაცია შედგებოდა ერთ-ერთ არხზე და უცებ მათთვის გაუგებარ მიზეზთა გამო კლიპი იბლოკება.
_ ეგ მეწყინა ყველაზე ძალიან. ამ ორ არაჩვეულებრივ ბავშვთან უსუსური აღმოვჩნდი. არ მაქვს პასუხი, ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ ვეუბნები, თუ რა მიზეზით არ შედგა პრემიერა. ვერც მიხვდებიან ამას. ბავშვებს, რომელთაც ხუთი საერთაშორისო კონკურსი აქვთ მოგებული, 103 ქვეყანას შორის ერთი გრანპრი გაიცა ტაილანდში და ისიც ქართველმა ანასტასია ბაკურაძემ წამოიღო, მარიამ ბერძენიშვილმა კი 2019 წელს აიღო გრანპრი; საქართველოს სახელი ამ ასაკში გააქვთ საზღვრებს გარეთ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას; ბავშვებს, რომლებსაც ვოგის, მილანის, პარიზის მოდის კვირეულებზე იცნობენ, ასე გულს სტკენენ. როცა კლიპის ანონსი გავრცელდა, სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიამ მოგვწერა, _ კლიპი მოგვეცით, რომ საეთერო ბადეში ჩავუშვათო. ბულგარეთმა, ალბანეთმა, რუმინეთმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს და გვთხოვეს, რომ ინგლისური ტიტრებით გაგვეკეთებინა. მე და ანასტასიას ერთი დუეტი გვაქვს, რომლის პრემიერაც გია ჯაჯანიძის შოუში გაკეთდა, მეორე სიმღერა ჩავწერე და ნანუკა ჟორჟოლიანთან გვქონდა პრემიერა. ახლა ამ სიტუაციას ორივე ბავშვს ვერ აუხსნი, თუ რას ნიშნავს სიტყვა დაბლოკვა, რადგან არასდროს პრობლემა არ გვქონია.
_ და იმ ფონზე, როცა უცხოური მედია ინტერესდება და გთხოვთ, რომ კლიპის გაშვება მათ უნდათ, ცოტა სასაცილოა, როცა საკუთარი ქვეყნის ერთი ტელევიზია უარს ამბობს, ისიც პირადი ინტერესის გამო.
_ ეს არის არაპროფესიონალიზმი და კლანური მმართველობა! მე რასაც ვაკეთებ, პირველ რიგში, ჩემი ქვეყნისთვის მინდა. არაღიარებისა და არ დაუფასებლობის სინდრომი გვაქვს ქართველებს.
_ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მუშაობს, არ გამოირჩევა ხმაურიანი განცხადებებით, პოლიტიკური შეხედულებებით, სტატუსებით, სრულიად აპოლიტიკური ხართ და, პრინციპში, ყველა კოლეგასთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულებით ხასიათდებით. მიუხედავად ამისა, მაინც ვიღაც გერჩით. როგორ ფიქრობთ, რატომ? რა უნდათ თქვენგან?
_ ვფიქრობ, რომ ეს წყენა გამოწვეულია, ერთ-ერთ გადაცემაში ჩემი არმისვლით, რადგან სხვა არხზე, სხვა გადაცემაში ვიყავი. პირველად მათ შევპირდი და, სავარაუდოდ, ძალიან ეწყინა იმ არხს, სადაც დავიბლოკე. მას შემდეგ შიცვალა ეს არხი ჩემთან დამოკიდებულებაში. ეს პირადი წყენაა.

„ქრონიკა+“ ასევე სამოდელო სააგენტო „კატრინის“ პატარა მოდელებსაც გაესაუბრა, რომლებიც ამ ვიდეოკლიპის ორი მთავარი გმირია:

ანასტასია ბაკურაძე _ მოდელი, მომღერალი:
_ მარკუსი ჩემი უფროსი მეგობარია. რაც თვალი გავახილე, მას შემდეგ ვხედავ ნინი შერმადინს, თამუნა გომართელს, ქეთი ორჯონიკიძეს, მარკუს მეტრეველს, ფატუნა ბუშიჰედს, კრისტი ყიფშიძეს, ნანა მელქაძეს, გია ნიკოლაძეს, მაკა შალიკაშვილს, ქეთი გომართელს, ვერიკო ტურაშვილს, ხათუნა კობახიძეს და არ მინდა კიდევ ვინმე გამომრჩეს, რომლებიც ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვაკვირდები მათ შემოქმედებას. ყველაზე დიდი მისაბაძი მაგალითი კი ჩემი დედიკოა. რაც შეეხება, თავად მარკუს მეტრეველთან მუშაობას, ის ძალიან მიყვარს, თავისი საქმის პროფესიონალია, თითოეულ დეტალს აკვირდება და მაღალ დონეზე მასწავლის, ეს უკვე მესამე სიმღერაა, რაც მარკუსთან ჩავწერე.
_ როგორია მარკუსი მუშაობის პროცესში?
_ მასთან მუშაობა კომფორტულია. მარკუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალი. მაგალითად, საუკეთესო ხმის ჩამწერი სტუდია, კომპოზიტორი, პოეტი, კლიპმეიკერი, ვარცხნილობა, მეიქაფი, ლოკაციის ადგილები და ა. შ. ის, მართალია, ძალიან მომთხოვნია, მაგრამ არ მიჭირს მასთან მუშაობა და დავალების შესრულება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, დაბადებიდან ვუყურებ მას.
_ რით იყო გამორჩეული ეს სიმღერა და ვიდეორგოლი სხვა დანარჩენი ნამუშევრებისგან?
_ გამორჩეული იმით იყო, რომ პანდემიის პერიოდში, მაშინ, როცა თითქმის ყველა სახლში იჯდა, ჩვენ ვმუშაობდით. კლიპის გადაღებები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ნახევარი საქართველო შემოვიარეთ. ძალიან ცხელოდა, მაგრამ მე და მარიამი ხმას არ ვიღებდით, პირიქით, ვცდილობდით, ყველაფერი კარგად გაგვეკეთებინა. დავფრინავით ცაში, დავცურავდით იახტით ზღვაში და ა. შ. ხუთი ლუქი გვაცვია კლიპში, ერთ-ერთი ლაკის შარვალი და ზედაა და, წარმოიდგინეთ, 40 გრადუს სიცხეში სულ სველები ვიყავით, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია, არც იმ დროს შემეშინდა, როდესაც მარკომ პილოტი შეცვალა და თავად მართავდა თვითმფრინავს. ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და იმედი მაქვს, ისევ სახლებში არ ჩავიკეტებით.
_ დაბოლოს, რას გვეტყვით სამომავლო გეგმების შესახებ?
_ სამომავლო გეგმები წლიდან წლამდე თითქმის გაწერილი მქონდა. სხვადასხვა საერთაშორისო სამოდელო კონკურსის გამარჯვებული ვარ, შესაბამისად, „საბავშვო ჟიურის წევრად“ მიმიწვიეს, აგრეთვე აქტიურად ვმონაწილეობ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ მოდის კვირეულებზე, ახლა კი არ ვიცი, სად და როდის წავალ. საქართველოში კი დავდივარ სკოლაში, სამოდელო სააგენტო „კატრინში“, ვერიკო ტურაშვილის მუსიკალურ სტუდიაში, მუსიკოს ლალიკო ბერაძესთან, მე-10 მუსიკალურში, ცურვაზე, ასევე ქართულ ბრენდ „ხათკოს“ საბავშვო ხაზის სახე ვარ, მაქვს გადაღებები უნიჭიერეს ფოტოგრაფ ვანდეკამპთან და ვემზადები „სამეფო კარის მეჯლისისთვის“, რომელიც სულ მალე გაიმართება და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ეს კორონა მალე გაქრება და ყველანი კარგად ვიქნებით.

მარიამ ბერძენიშვილი _ მოდელი და მომღერალი:
_ მარკუსთან სიმღერის ჩაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან მიყვარს როგორც პიროვნება და მისი სიმღერები.
_ როგორია მუშაობის პროცესში მარკუსი. მომთხოვნია?
_ დიახ. რთულია, მაგრამ სასიამოვნოა მასთან მუშაობა. ის ძალიან მომთხოვნი და შრომისმოყვარეა. მუშაობის პროცესში მისგან ძალიან ბევრ რამეს სწავლობს ადამიანი.
_ კონკრეტულად, რას სწავლობ?
_ თუნდაც კამერასთან მუშაობას, მოძრაობას, ბევრ რჩევას გაძლევს, რომელსაც ვითვალისწინებ.
_ რა დაგამახსოვრდა, რა იყო ყველაზე საინტერესო გადაღების პროცესში?
_ ყველაზე საინტერესო მომენტი მაშინ იყო, როდესაც ვერტმფრენით გავფრინდით, თან პირველად ვიჯექი და დღემდე მომყვება ის ემოციები. ზოგადად, ეს პროექტი გამორჩეული იყო, რადგან კლიპი გადავიღე ცნობილ მომღერალთან. მიუხედავად იმისა, რომ გადაღების დროს ძალიან დავიღალეთ, შედეგით კმაყოფილი ვარ.
_ მარიამ, სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
_ აქტიურად მინდა, რომ გავაგრძელო მუშაობა სამოდელო სფეროში, ასევე ვიმღერო, არ გავჩერდე, ჩავწერო ბევრი სიმღერა და წარმატებული ვიყო.

გიორგი საკარული