CORN-ის ისტერია _ რატომ იმარაგებს ქართველი ერი ოქტომბრის არჩევნების წინ სიმინდს?!

როგორც „კოვიდის“ პირველი ტალღის დროს მოსახლეობა ისტერიულად იმარაგებდა ჰიგიენურ საშუალებებს, მარაგის ფავორტი ამჯერად პოპ-კორნის სიმინდია. ოქტომბრის შემდგომი დღეებისთვის ემზადება ერი _ დაყაროს ტაფაზე და შემდეგ ოხშივარადენილი ბატიბუტით სავსე მათლაფებით ტელევიზორებისკენ გაექანოს. რაგბის ერთაშორისო ლიგა რა მოსატანია _ ოქტომბრის პოსტსაარჩევნო ბესტსელერი იწყება! იქ ყველაფერი იქნება _ ჯუნგლების ღრიალებით, ვერგასული პარტიების ლიდერების დაკინგ-კონგებით, გასული პარტიების ლიდერების რესტორნებში ღრეობებით, მერე იქ მივარდნებით, სასამართლოებიდან გამოვარდნებით, პარლამენტის წინ აქციებით და პოლიციელების „დაკვერცხებით“. სხვათა შორის, ქართველი სამართალდამცველი ძალიან რეაგირებს კვერცხის სროლაზე. საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, პომიდორი ურჩევნია. სამართლიან არჩევნების ჩატარების მეთოდებში ისე ერკვევა, როგორც თერმობირთვულ ფიზიკაში. წესრიგის დაცვის მხოლოდ ძალისმიერ მეთოდებს ცნობს, მაგრამ არც აქეთა მხარე _ აქციის მონაწილეები არიან მამა აბრამის ბატკნები.

მოკლედ, მხურვალე ოქტომბერი გველოდება წინ. ის, რასაც ახლა წაიკითხავთ, პირველ რიგში, აუცილებელი იქნება პარტიების ლიდერებისთვის და ყველა იმ პირებისთვის, ვინც არჩევნებში აპირებს სამართლიან ბრძოლას.
როგორ უნდა დაიცვათ თქვენი უფლებები!
შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გავრცელების საშუალება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ეს ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას ხშირად ავიწყდება. ურჩევნია, დემოკრატიას აწყენინოს, ვიდრე _ ივანიშვილს. მშვიდობიანი შეკრების უფლება, ფაქტობრივად, ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ ინდივიდებმა, მიუხედავად მათი სტატუსისა, გამოხატონ გრძნობები, შეხედულებები და პროტესტი ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ასე და ამრიგად, შეკრება მთელ მსოფლიოში ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომლის გარეშეც დემოკრატიული საზოგადოება უბრალოდ არ არსებობს.
საქართველოში შეკრებების მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ტირანიისა და დიქტატურის გამოვლინებები დღემდე აქტუალურია. მაგალითად, 2019 წლის 20 ივნისს თბილისში მასშტაბური აქცია პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით შეწყვეტა, რომელიც საკმაოდ მძიმე შედეგებით დასრულდა, საპატიო სამეულს შეურთდა: 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისისა და 2017 წლის 11-12 მარტის.
ბოლო წლებში მსოფლიოში შეკრებების ახალმა მასშტაბებმა ერთგვარი წინაპირობა შექმნა შეკრების უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული არაერთი კვლევითი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საქმეზე. ერთ-ერთი ბოლო მაგალითია, რამდენიმე წლის წინ, ლონდონში 2009 წლის დიდი ოცეულის სამიტთან დაკავშირებული პროტესტის შემდეგ, მისი უდიდებულესობის პოლიციის ინსპექტორატის მიერ განხორციელებული მასშტაბური კვლევა, სამომავლოდ პოლიციის საქმიანობის გასაუმჯობესებლად. ახლა, როგორ წარმოგიდგენიათ მსგავსი ფორმატი ჩვენთან?! 2014 წელს აშშ-ში, მისურის შტატში, ქალაქ ფერგიუსონში, საპროტესტო აქციებზე პოლიციის მოქმედებების გამო საპოლიციო სფეროში რეფორმების განხორციელების მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა კვლევა ჩაატარა _ რატომ არის მოსახლეობა პოლიციით უკმაყოფილო?! 2019 წლის ზაფხულში ჰონგ-კონგში მიმდინარე პროტესტის შემდეგ სისტემური კვლევა დაიწყო საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, შემდგომში პროტესტის მართვის მეთოდების გასაუმჯობესებლად. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში საპროტესტო აქციები იმ სისასტიკით არ დარბეულა, რაც მოხდა 2019 წლის 20 ივნისს, გნებავთ, 2011 წლის 26 მაისს.
ამ საკითხებზე კვლევის მნიშვნელობა იმითაც არის განპირობებული, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში შეკრებების ხასიათი, მათი ორგანიზების მეთოდები, გამოხატვის ფორმები და მანიფესტანტების ქცევა მნიშვნელოვნად ტრანსფორმირდა XX საუკუნის ბოლოდან, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამ თვალსაზრისით, არც საქართველოა გამონაკლისი. თემას კიდევ უფრო ამძაფრებს სახელმწიფოს მიერ ბალანსის დაცვის პრობლემის არარსებობა. რა მოხდებოდა, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთარგმნა და გასცნობოდა მისი უდიდებულესობა პოლიციის, სახანძრო და სამაშველო სამსახურების ინსპექტორატის კვლევას და ანალოგიური ჩაეტარებინა ჩვენთანაც. ევროპელი კოლეგების გამოცდილება მათ პირველ რიგში მშვიდობიანი (და, თუნდაც, არამშვიდობიანი) შეკრებების მართვაში დაეხმარებოდა.
შეკრების თავისუფლება საგანგებოდ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, რომელიც ადგენს საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების შესაძლებლობას. სწორედ დასახელებული კონსტიტუციური ნორმა, საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ერთად, ქმნის შეკრების თავისუფლების საკანონმდებლო რეგულირების საფუძველს. თუმცა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ასახულმა წესებმა არაერთხელ განიცადა ტრანსფორმაცია როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ისე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შედეგად. პირველი არსებითი ცვლილება, უფლების შეზღუდვის კუთხით, კანონში 2009 წელს შევიდა, როდესაც, მათ შორის, შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ჩატარების აკრძალვა მთლიანად გავრცელდა სახელმწიფო დაწესებულებათა ვრცელ ჩამონათვალზე. ტრანსპორტის სავალი ადგილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევა კი, მონაწილეთა რაოდენობისგან დამოუკიდებლად, გათვალისწინებულ იქნა შეკრების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესაძლებლობად. მსგავსი გადაჭარბებული აკრძალვების შემოღება ვენეციის კომისიამ სასწრაფოდ დაგმო. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც სააკაშვილმა საერთაშორისო აზრი ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გამოუშვა. ვენეციის კომისიამ ეს მას მწარედ ანანა და 2011 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეკრების თავისუფლების დაცვის სტანდარტი გაიზარდა და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული ნორმები. არსებითი ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებების მეორე ტალღით, რომელიც 2011 წლის პირველ ივლისს განხორციელდა, მნიშვნელოვნად გადაისინჯა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზესაქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი. მოცემულ შემთხვევაში უკვე შეკრების თავისუფლების სრულფასოვანი რეალიზების უზრუნველსაყოფად წინგადადგმული ნაბიჯი იყო კანონში უფლების შეზღუდვის ზოგადი სტანდარტებისა და პრინციპების გაწერა. სხვა პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად ასევე შემცირდა იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომელთა შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე აკრძალულია შეკრების ჩატარება. ასევე გაუქმდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, განესაზღვრა წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეკრების ჩატარების მუდმივი დრო და ადგილი. თუმცა, მიუხედავად ამ ცვლილებისა, 2019 წლის ივნისის დარბევის ფაქტმა უჩვენა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში კვლავ რჩება არაერთი პრობლემური ნორმა.
ახლა კი, ძალიან გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდეთ შემდეგ ინფორმაციას: საქართველოს კანონის მიხედვით, „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით; ხოლო „მანიფესტაცია“ წარმოადგენს მოქალაქეთა დემონსტრაციას, მასობრივ საჯარო გამოსვლას, ქუჩაში მსვლელობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით ან მსვლელობას პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტებისა და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით. საყურადღებოა, რომ შეკრება დაკავშირებულია თანამოაზრეთა გარკვეული ჯგუფის არსებობასთან, გულისხმობს აზრის გამოხატვის კოლექტიურ შესაძლებლობას და მოითხოვს, სულ მცირე, ორი ადამიანის დასწრებას, თუმცა, თითოეული პირი შეკრების თავისუფლების რეალიზებას ინდივიდუალურად ახდენს. „მანიფესტაციაც“ შეკრების ერთ-ერთი სახეა, რომელსაც კანონი ცალკე გამოჰყოფს და განმარტავს. თუმცა შეკრების სხვა ფორმების განსაზღვრებას კანონმდებლობა არ გვთავაზობს. ამის გამო საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების შედეგად ჩამოყალიბებული შეკრების თავისუფლების რეალიზაციის სხვადასხვა ფორმა ეფექტიანი საკანონმდებლო რეგულირების მიღმა რჩება. როცა უნდა, დაარბევენ, როცა უნდა, დაშლიან. ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სპონტანური შეკრებების ცნებას და ერთდროულ შეკრებებს მხოლოდ ფრაგმენტულად არეგულირებს. საქართველოს კანონში არ არის განსაზღვრული სხვადასხვა სახის სპეციფიკური შეკრების მომწესრიგებელი ნორმები. ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს 5 დღით ადრე წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებას შეკრების ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ, როდესაც ის ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. ჰოდა, ადგილობრივი თვითმართველობა უნდა, მისცემს ნებართვას, უნდა, არ მისცემს. იმ პირობებში, როცა კანონი სპონტანური შეკრების ცნებას არ განმარტავს, არც წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებიდან ადგენს გამონაკლისს, როდესაც დროის სიმცირიდან ან სხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მსგავსი პროცედურის დაცვა შეუძლებელია.
აღნიშნული პრობლემის მაგალითია 2018 წლის 12 მაისის ღამეს საგამოძიებო მოქმედებების გასაპროტესტებლად ღამის კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული სპონტანური შეკრება. ასევე 2019 წლის პირველ აპრილს ჭავჭავაძის გამზირზე მუშების დაღუპვის გასაპროტესტებლად გამართული სპონტანური შეკრება, რომელზედაც 6 მონაწილე დააკავეს. საყურადღებოა 2019 წლის 19 ოქტომბერს მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად, ნატახტრის გზაზე მიმდინარე შეკრებაც, რომლის მონაწილეებს, მიუხედავად მცირე რაოდენობისა, არ მიეცათ საშუალება, რამდენჯერმე ერთიანად გადაეკვეთათ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელი. მონაწილეთა განმარტებით, მათი მიზანი ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა კი არა, „ზებრაზე“ რამდენჯერმე გადასვლა და პროტესტის მსგავსი ფორმით გამოხატვა იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ასე განმარტა, რომ თვითმმართველობები არ გაუფრთხილებიათო.
ვენეციის კომისიამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველო კანონმდებლობაში სპონტანური შეკრების გამართვასთან დაკავშირებული ზემოხსენებული ხარვეზი და უფრო მოქნილი გაფრთხილების პროცედურის აუცილებლობაზე მიუთითა.
ხსენებული საკითხის მოწესრიგების კარგი მაგალითია მოლდოვის კანონმდებლობა, რომელიც, ერთი მხრივ, განმარტავს სპონტანური შეკრების ცნებას, ხოლო, მეორე მხრივ, მისი გამართვისთვის ადგენს წინასწარი შეტყობინების მეტად მოქნილ სისტემას, წერილობითი ფორმისა და შესაბამისი ვადის დაუცველად. დემოკრატიულ ქვეყნებში წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება ხელისუფლების წარმომადგენლებსა და შეკრების ორგანიზატორებს შორის კომუნიკაციის დამყარების წინაპირობასა და პოლიციის მხრიდან მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, შემდგომი თანამრომლობის ფორმატს ქმნის.
მოლდოვა აშკარდ გვასწრებს დემოკრატიაში.
პრობლემას ქმნის ის გარემოებაც, რომ სპონტანური შეკრების დროს, დროის სიმცირის გამო, უმეტეს შემთხვევაში, რთულია სათანადო ხარისხის ინფორმაციის შეგროვება და, შესაბამისად, რისკების შეფასება, უცნობია ორგანიზატორების ვინაობა და ლიმიტირებულია მათთან პირდაპირი კომუნიკაციის, მათზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ამიტომ პოლიცია ხშირ შემთხვევაში დარბევაზე გადადის. როცა ვერ მართავს, ურჩევნია, დაშალოს. იმ პირობებში, როცა საქართველოს კანონმდებლობა ცალკე რეგულაციებს არ იცნობს, ძირითადად იძულების ღონისძიებების გამოყენებით უწევს შეკრების მართვა.
„საჯარო შეკრებების შესახებ“ მოლდოვის რესპუბლიკის 2008 წლის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სპონტანური შეკრება განიმარტება როგორც შეკრება, რომლის ინიცირება ან ორგანიზება ხდება საზოგადოებრივი მოვლენის მყისიერ პასუხად; რომელიც, მონაწილეთა შეხედულებით, არ შეიძლება გადაიდოს და რომლისთვისაც შეუძლებელია სტანდარტული შეტყობინების პროცედურის დაცვა.
ხომ შეიძლება, რომ მაგალითად, პარტიები ორ სხვადასხვა შეკრებას სხვადასხვა ადგილას მართავდეს? ამას ჰქვია ერთდროული შეკრებები. კანონი არც ამგვარ შეკრებას განიხილავს. კანონში სპეციალური ნორმების არარსებობის მიუხედავად, პრაქტიკაში ერთდროული შეკრებები საკმაოდ ხშირი მოვლენაა და, ძირითადად, დაძაბული გარემოთი გამოირჩევა. არის შემთხვევები, როდესაც შეკრების თავისუფლების რეალიზაცია კონტრშეკრებების დროს შეუფერხებლად ხორციელდება, მაგალითად, 2017 წლის 21 აპრილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები თბილისში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“.
ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების შეკრების თავისუფლებით მოსარგებლე, განსხვავებული მოსაზრების მქონე პირებად განხილვა. ანუ პირები, რომლებიც არ არიან ძალადობრივი ქმედების განმახორციელებლები, პოლიცია განიხილავს მათ მოძალადეებად.
2017 და 2018 წლებში გამართული შეკრებები შეზღუდული იყო დროსა და სივრცეში.
აღსანიშნავია, რომ ერთდროული შეკრებების შემთხვევაში, კანონმდებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და მათ წერილობით გადასცეს რეკომენდაცია ამის შესახებ.
კანონი არც ერთ ზემოთ განხილულ შემთხვევაში სრულყოფილად არ განსაზღვრავს, რა გარემოებები უნდა მიიღებოდეს მხედველობაში დროისა თუ ადგილის შეცვლის შესახებ რეკომენდაციის გაცემის გადაწყვეტილების მიღებისას. მაგალითად, მსგავს ინცინდენტს ჰქონდა ადგილი 2019 წლის 8 ივლისს, როდესაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო აქციის გამართვის შესაძლებლობა არ მისცეს.
პოლიციის პერსპექტივიდან კონტრშეკრების მართვა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა. მეორე მხრივ, ძალების მაქსიმალური მობილიზება – „შესაბამისი რაოდენობის პოლიციელების გამოყვანა“ –კონტრშეკრებების გამართვის ხელშემწყობ ძირითად ინსტრუმენტებად მიიჩნევა. თუმცა მხოლოდ სპეციალურად აღჭურვილი პოლიციის დიდი რაოდენობის მობილიზება ყოველთვის არ არის საკმარისი შედეგის მისაღწევად. მაგალითად, 2017 წლის 20 აგვისტოს, აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში, პოლიციამ, მაქსიმალური ზომების მიღების მიუხედავად, უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, „თავისუფალი სიტყვის შეკრება“ ვადაზე ადრე შეწყვიტა 40 000-მდე კონტრდემონსტრანტის პარალელური შეკრების გამო, რომლებიც „თავისუფალი სიტყვის შეკრების“ მონაწილეთა დაშლის მიუხედავად, რამდენიმე საათის განმავლობაში არ დაშლილან. მსგავსად, მოლდოვაში, კიშინიოვში, 2017 წლის 21 მაისს, პოლიციამ დიდი რაოდენობით სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზების მიუხედავად, ვერ შეძლო ლგბტქ თემის მანიფესტაციის დაცვა და კონტრდემონსტრაციის გამო, უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი ვადაზე ადრე შეწყვიტა. მსგავსი შემთხვევა მოხდა თბილისშიც, როდესაც 2018 წლის 13 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის – „ჩვენი თავისუფლებისთვის“ პარალელურად, ნეონაცისტური ჯგუფების მიერ ორგანიზებული კონტრაქცია გაიმართა. ადგილზე პოლიციის კორდონის მობილიზების მიუხედავად, კონტრშეკრების მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის მუქარასა და ფიზიკურ ძალადობას. შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრისა და მოლაპარაკების ფორმატის შეთავაზების შემდეგ, ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, შეეწყვიტათ საპროტესტო შეკრება.
ეს მაგალითები პრობლემის სიმწვავეზე მიანიშნებს. ასეთ პირობებში, სპონტანური შეკრებების შემთხვევის მსგავსად, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება კონტრშეკრების გამართვასთან დაკავშირებული საკითხების კანონის დონეზე რეგულირებას. საერთაშორისო სტანდარტით, მხოლოდ მშვიდობიანი შეკრება არის დაცული უფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე, Kudrevičius and Others v. Lithuania , სასამართლოს მითითებით, შეკრების თავისუფლებით არ არის დაცული იმგვარი შეკრებები, რომლის მონაწილეებსაც ძალადობრივი ზრახვები აქვთ, ძალადობისკენ მოუწოდებენ ან სხვაგვარად უარყოფენ დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს. CISSE v. FRANCE , სასამართლომ განმარტა, რომ პრაქტიკაში მხოლოდ იმგვარი ღონისძიებები არ დაკვალიფიცირებულა „მშვიდობიან შეკრებად“, რომლის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს განზრახული ჰქონდათ ძალადობა. სხვა ყველა სახის შეკრება, რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი და ხმაურიანი იყოს იგი, მშვიდობიანია. ეს კარგად უნდა გაითავისოს საქართველოს ხელისუფლებამ, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტერმინი „მშვიდობიანი“ იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ მოიცვას ქმედებები, რომლებიც, შესაძლოა, ვინმეს აღიზიანებდეს ან შეურაცხყოფდეს, აგრეთვე, დროებით აფერხებდეს ან ხელს უშლიდეს მესამე პირთა აქტივობებს. ამდენად, მაგალითისთვის, წმინდად პასიური წინააღმდეგობა, რაც არაძალადობრივი ქმედებებით (მათ შორის, მჯდომარე ფორმით) სამოქალაქო დაუმორჩილებლობას გულისხმობს, უნდა ჩაითვალოს მშვიდობიანად.
ესეც კარგად დაიმახსოვროს საქართველოს ხელისუფლებამ!
შეკრება, საერთაშორისო სტანდარტით, მშვიდობიანად მიიჩნევა მაშინაც, თუ აქციის ორგანიზატორებს ყველა იურიდიული მოთხოვნა არ აქვთ დაკმაყოფილებული. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა, რომ, მაგალითად, წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების დარღვევით შეკრების გამართვა, აგრეთვე, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება, რომელიც თან სდევს შეკრებას, აკმაყოფილებს მშვიდობიანობის კრიტერიუმს. ასეთ შემთხვევაში, მშვიდობიანი შეკრება არ უნდა დაექვემდებაროს დაშლას. მაგალითად, საქმეში, Oya Ataman v. Turkey , ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა შემთხვევა, როდესაც ინდივიდთა მცირე ჯგუფი, ერთ-ერთ პარკში, დღის დატვირთულ მონაკვეთში, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეიკრიბა. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას დაშლის შესახებ, რის შედეგადაც, შეკრებიდან ნახევარ საათში, სამართალდამცველებმა შეკრება ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეწყვიტეს, ხოლო დემონსტრანტთა უმრავლესობა დააკავეს. სასამართლომ მიუთითა, რომ წინასწარი გაფრთხილების არარსებობის პირობებში, შეკრება იყო უკანონო, თუმცა ეს უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას არ ამართლებდა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთებოდა, რომ მანიფესტანტები საფრთხეს უქმნიდნენ საჯარო წესრიგს, გარდა მათ მიერ ტრანსპორტის მოძრაობის მოსალოდნელი შეფერხებისა. სამაგიეროდ, ევროპის სასამართლომ გააკრიტიკა ხელისუფლების სულსწრაფობა, შეკრება დაესრულებინა იმ პირობებში, როდესაც მონაწილეები არ მიმართავდნენ ძალადობრივ ქმედებებს.
აქვე საპირისპირო მაგალითიც უნდა მოვიშველიოთ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში, Kudrevičius and Others v. Lithuania , ფერმერების მიერ ქვეყნის სამი ძირითადი მაგისტრალის 48 საათზე მეტი ხნით დაკავება, რამაც მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა ტვირთის გადამზიდავთა და კერძო ავტომობილების მოძრაობას, მართალია, მშვიდობიან შეკრებად განიხილა, თუმცა აქვე განმარტა, რომ ავტოსაგზაო მოძრაობისა და ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხება და სხვათა ქმედებების მნიშვნელოვნად დაზიანება არ არის კონვენციით დაცული შეკრების თავისუფლების არსებითი ნაწილი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლებს არც თავად ჩაუდენიათ ძალადობრივი ქმედებები და არც სხვებისთვის მოუწოდებიათ ამგვარი ქმედებებისკენ, ევროპულმა სასამართლომ მათ ქცევაზე სანქციების გავრცელება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებად მიიჩნია.
მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების შესაბამისად, როდესაც სახეზეა უკანონო, თუმცა არაძალადობრივი შეკრება, სამართალდამცველებმა თავი უნდა შეიკავონ ძალის გამოყენებისგან, ხოლო როდესაც ეს არაპრაქტიკულია, ასეთი ძალის გამოყენება შეზღუდონ მინიმალურად აუცილებელ დონემდე.
იცით, კიდევ რას ამბობს ევროპული სასამართლოს კანონმდებლობა? გაგიკვირდებათ! რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიჩინოს გარკვეული ხარისხის შემწყნარებლობა თუნდაც უკანონო, მაგრამ მშვიდობიანი შეკრებების მიმართ. აჩვენა თუ არა სახელმწიფომ „შემწყნარებლობის სათანადო ხარისხი“, შეუძლებელია განისაზღვროს in abstracto : ანუ უნდა შეფასდეს საქმის კონკრეტული გარემოებები, განსაკუთრებით კი, „ცხოვრების ჩვეული რიტმის“ დარღვევის ფარგლები. ამ კონტექსტში საგულისხმოა 2019 წლის 18 და 26 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის პიკეტირების მიზნით გამართული შეკრებები, რომელთა მონაწილეების წინააღმდეგ, შენობის ბლოკირებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, წყლის ჭავლი გამოიყენეს. მართალია, შეკრების მონაწილეთა აღნიშნული ქცევა ეწინააღმდეგებოდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონს, თუმცა ზემოთ განხილული სტანდარტის თანახმად, ხსენებული ფაქტი არ გამორიცხავდა აქციის მშვიდობიან ხასიათს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მონაწილეები არ მიმართავდნენ რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებებს. ქართულ ხელისუფლებას შეეძლო, შემწყნარებლობა გამოეჩინა, რაც არ გააკეთა. რას იზამ?! _ არ არის „ოცნებისთვის“ შეწყნარება, სიბრალული, მიმტევებლობა ძლიერი მხარე. თან ტყვიით და წყლის ჭავლებით გართობა ჩვენს სამართალდამცველებს ძალიან უყვართ _ 2019 წლის 26 ნოემბერს, დილის 5 საათზე, წყლის ჭავლის გამოყენება არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს აუცილებლობად დემოკრატიულ საზოგადოებაში.
2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში პოლიციის მიერ ძალადობრივი შეკრების დაშლა სახალხო დამცველმა გააკრიტიკა, როგორც „არადამაკმაყოფილებელი რეაგირება“. ეს მაგალითები ნათლად მიუთითებს პოლიციის რთულ მდგომარეობაზე. პოლიციის დეპარტამენტები შეკრებების მართვის დროს დილემის წინაშე დგანან: მოახდინონ სწრაფი და აგრესიული საპოლიციო რეაგირება, რომელიც ზრდის ძალის გადაჭარბების შესაძლებლობას, მაშინ როდესაც შეზღუდული საპოლიციო რეაგირება იმ იმედით, რომ ინციდენტი თავისით დამშვიდდება, იწვევს ბრალდებებს არაკომპეტენტურობის თაობაზე.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოებაც, რომ დღეისთვის გარკვეულ სტანდარტს აყალიბებს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის #1002 ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი შეკრების მონაწილეების გამიჯვნისა და პოლიციის მხრიდან მათდამი ინდივიდუალური მოპყრობის ვალდებულებას.

თამარ როსტიაშვილი