ზვიად კუპრავა: „პოლიცია „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემას აღარ აპირებს“

კორონაპანდემია გადავლილი ევროპა ქართველებმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ გააოგნეს. ამჯერად საბერძნეთის პოლიცია გახდა იძულებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაეცვა, რომელიც ათენში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. წინა წლებში იგივე მისიის შესრულება ბელგიისა და იტალიის პოლიციას მოუწია. როგორც კი გაირკვა, რომ სააკაშვილი საბერძნეთის დედაქალაქში აპირებდა ჩასვლას საქართველოს ხელისუფლებამ და კრიმინალურმა სამყარომ სათანადო ზომები მიიღეს. „კანონიერმა ქურდმა“ ლაშა შუშანაშვილმა პირობა დადო, იმ კაცს ქურდად ვაკურთხებ, ვინც სააკაშვილს გალახავსო. საინტერესოა, როგორ უნდა აკურთხოს ქურდად სხვა ვინმე ადამიანმა, რომელიც ქურდობაზე უარს ამბობს? ლაშა შუშანაშვილი უკვე წლებია, „ქრონიკა+“-ს სასამართლოში იმაზე ედავება, ქურდად როგორ მომიხსენიეთო.

დიდი მცდელობის მიუხედავად, მოკრიმინალო ტიპებმა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა პირებმა სააკაშვილის ცემა ვერ მოახერხეს. ამაში მათ საბერძნეთის პოლიციამ და ქართველმა ემიგრანტებმა შეუშალეს ხელი. შეხვედრაზე მისულმა ქალებმა მოძალადეებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და ერთი-ორი შემოელახათ კიდევაც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა მიიჩნევს, რომ ათენის ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახე. კუპრავა ფიქრობს, რომ ივანიშვილს, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს სააკაშვილისთვის ხელისუფლების გადაბარება. იგი ელოდება, რომ მთავარი მეოცნებე მარცხს 31 ოქტომბრის 20 საათსა და 10 წუთზე აღიარებს.

რა აჩვენა ათენში მომხდარმა ინციდენტმა? ბრუნდება თუ არა სააკაშვილი საქართველოში? რატომ არ გამოდის გარეთ ბიძინა ივანიშვილი? როგორ და როდის მოხდება ხელისუფლების გადაბარება? რა განწყობით ელოდება ქართული პოლიცია საპარლამენტო არჩევნებს? _ ამ თემების შესახებ ზვიად კუპრავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ზვიად, ათენში მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრამ დიდი ზარზეიმით ჩაიარა, მაგრამ იყო ინციდენტებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა შუშანაშვილი ქურდად კურთხევას დაჰპირდა იმათ, ვინც მესამე პრეზიდენტს ხელს დაარტყამდა.
_ „კანონიერი ქურდებისა“ და „ქართული ოცნების“ ინტერესები ხშირად ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს. მათი ინტერესები სააკაშვილის საკითხშიც დაემთხვა. იყო მცდელობა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან სათანადო დონეზე დადგა ევროპული სახელმწიფო. ამ შემთხვევაში, საბერძნეთს ვგულისხმობ, რომელმაც უბრალოდ კი არ დაიცვა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, არამედ სპეცრაზმით უზრუნველყო სააკაშვილის უსაფრთხოება. რაც, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი მომენტია.
_ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საბერძნეთმა მისი უსაფრთხოების დასაცავად სპეცრაზმი გამოყო?
_ მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, მიხეილ სააკაშვილი ძებნილად და კრიმინალად გამოაცხადოს. მათი განცხადებების ფონზე კი ევროპული სახელმწიფოები სულ სხვა რამეს აკეთებენ. მის უსაფრთხოებას ევროპის სხვა ქვეყნებშიც იცავდა პოლიცია.
_ ბელგიასა და რომში ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრას გულისხმობთ? სააკაშვილს ამ ქვეყნებშიც მიუვარდნენ ვიღაცები.
_ დიახ. ბელგიაში გამართულ თავყრილობას მეც ვესწრებოდი, სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს ლიეჟში შეხვდა. „ქართული ოცნების“ დაქირავებულმა ტიპებმა იქაც სცადეს პროვოკაციების მოწყობა. ეს ქმედებაც პოლიციამ აღკვეთა. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ ყველა მათი პროვოკაციული მცდელობა კრახით დასრულდება. ათენში მოწყობილი პროვოკაციით მესამე პრეზიდენტს არაფერი დააკლდა. პირიქით, მისი წონა კიდევ უფრი გაიზარდა.
_ მისი წონა როგორ გაიზარდა?
_ ნებისმიერი ასეთი პროვოკაცია აჩვენებს, თუ როგორ ეშინია ივანიშვილის „ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის. ამით მიშას პოლიტიკური წონა მნიშვნელოვნად იზრდება. ათენის შეხვედრიდან ვნახეთ, თუ როგორ უყვარს მიშა ქართველ ემიგრანტებს. „ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი ხალხში ასეთი სიყვარულით არ სარგებლობს.
_ ემიგრანტებმა პროვოკაციის მოსაწყობად მოსული ტიპები საშინელ დღეში ჩააგდეს, განსაკუთრებით ქალები აქტიურობდნენ.
_ ჩვენ ახლა ათენში მომხდარ ინციდენტზე ვსაუბრობთ, მაგრამ მხოლოდ საბერძნეთში კი არ უყვართ მიშა, მას ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ასეთი სიყვარულით ხვდებიან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ასეთივე პოზიტიური დამოკიდებულებაა საქართველოშიც. ამის ფონზე ივანიშვილის მიმართ უარყოფითი და ნეგატიური დამოკიდებულება მკვეთრად მატულობს.
როგორც ვხვდები, მიშას ამ შეხვედრებით იმის ჩვენება უნდა, როგორ უყვარს ის ხალხს და რამხელა ნეგატივია „ქართული ოცნების“ ლიდერის მიმართ. ეს ძალიან სწორი და ეფექტიანი გათვლაა. სააკაშვილს ასეთი რამეები არ ეშლება. ის ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს.
_ გინდათ თქვათ, რომ სააკაშვილი ივანიშვილზე ფსიქოლოგიურ შეტევას ახორციელებს?
_ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოლიგარქზე ფსიქოლოგიური შეტევა ხორციელდება. პოლიტიკაში ასეთი ხერხი მისაღებია.
_ მისაღები ხერხი შეიძლება არის, მაგრამ ფსიქოლოგიური შეტევა რამდენად ეფექტიანი იქნება?
_ ეს აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს. ბიძინა ივანიშვილი ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანი არ არის და ასეთ შეტევას ვერ გაუძლებს. ეს სააკაშვილმაც კარგად იცის და ამიტომაც დგამს ასეთ ნაბიჯებს.
_ რატომ გგონიათ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანი არ არის?
_ ჩვეულებრივი მშიშარაა. თავის საყვარელ სტაფილოს წვენსაც კი მას შემდეგ სვამს, რაც ამ სითხეს მისი დაცვის ხუთი თანამშრომელი მაინც დალევს. წამდაუწუმ თერმომეტრით უსინჯავენ ტემპერატურას. ძალიან მხდალი ადამიანია. საკუთარი ფინანსებისა და მილიარდების ტყვეობაშია.
დიდი ფულის მქონე ყველა ადამიანი მშიშარაა. არა, ყველაზე ამას ვერ ვიტყვი. ბადრი პატარკაციშვილსაც ჰქონდა მილიარდები, მაგრამ მშიშარა არ ყოფილა არასდროს. ივანიშვილი ჩვეულებრივი მხდალი ადამიანია. კორონის გამო რამდენიმე თვე სახლში იყო გამოკეტილი და გარეთ ცხვირს არ ყოფდა.
_ კორონის გამო ბევრი სხვაც არ გამოდიოდა გარეთ. ერთია შიში, მაგრამ მეორეა სიფრთხილის დაცვა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
_ ვიღაცები გარეთ გამოსვლას ერიდებოდნენ, მაგრამ ეს მთლად კოლბაში გამოიკეტა. ამ წლის მანძილზე სულ რამდენჯერმე გამოჩნდა. ისეთები ჩაატარა, სჯობდა, საერთოდ არ გამოჩენილიყო.
_ რა ჩაატარა?
_ რამდენიმე თვის წინ ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების წარდგენის ღონისძიებას დაესწრო. იქ ხალხს ხელებს უმოწმებდნენ. ივანიშვილმა იქ ვიღაცას ხელი ჩამოართვა და ის ხელი კინაღამ გადაიტყავა, იმდენჯერ დაიზეთა და დაისპირტა.
_ სამაგიეროდ, მიშა არ დასპირტულა და ათენში ემიგრანტებს ეხუტებოდა. კოჯორში გამართული წარდგენის გახსენებით ამაზე გინდოდათ ხაზგასმა?
_ ამას ჩემი ხაზგასმა არ სჭირდება, ეს განსხვავება ყველამ საკუთარი თვალით ნახა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კორონის გავრცელების მხრივ ევროპაში უფრო მძიმე ვითარებაა, ვიდრე _ საქართველოში. საბერძნეთშიც ბევრია კორონით ინფიცირებული, მაგრამ მიშა არავისა და არაფერს მორიდებია. ხელების დასპირტვა-დაზეთვაზე ლაპარაკიც ხომ საერთოდ ზედმეტია.
_ ზემოთ თქვით, რომ სააკაშვილი ივანიშვილზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებსო. ამის გარდა ის თითქოს უახლოვდება საქართველოს. უკრაინაც არაა შორს, მაგრამ ათენი უფრო ახლოს არის.
_ საბერძნეთი ბევრად უფრო ახლოსაა საქართველოსთან. მიშა ნელ-ნელა უახლოვდება თავის სამშობლოს და სწორსაც აკეთებს. ის ტაქტიკოსი და სტრატეგია. მან მშვენივრად იცის, თუ სად და რა უნდა გააკეთოს. ახლო მომავალში ის აუცილებლად შემოვა საქართველოში. საქართველოს მესამე პრეზიდენტს აქვს სრული უფლება, თავის სამშობლოში დაბრუნდეს _ ის უბრალოდ ვალდებულია, ასე მოიქცეს!
_ ვალდებული რატომ არის?
_ იმიტომ, რომ მისი ქვეყანა განსაცდელშია, სააკაშვილი კი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ის არც კრიმინალია და არც რიგითი ადამიანი, რომ დაბრუნებაში ხელი შეუშალონ.
_ საბუთები თუ მოწესრიგებული აქვთ, სამშობლოში დაბრუნებაში არც რიგით ადამიანებს უნდა შეეშალოთ ხელი.
_ რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში მის სტატუსს მხოლოდ ერთი რამის გამო გავუსვი ხაზი _ მიშას ქვეყნის წინაშე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. ის შექმნილ ვითარებას პასუხისმგებლობით ეკიდება და აუცილებლად შემოვა საქართველოში.
_ საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ როგორც კი სააკაშვილი ჩვენს ტერიტორიაზე შემოვა, დავაკავებთო. თქვენი აზრით, მართლა გაბედავს ივანიშვილის ხელისუფლება მის დაპატიმრებას?
_ გამორიცხულია. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დამკავებელი რომ არ არის, ეს ცხადზე ცხადია.
_ თუ მის დაკავებას ვერ გაბედავს „ოცნების“ ხელისუფლება, აქამდე რატომ არ დაბრუნდა მიშა საქართველოში?
_ ამასთან დაკავშირებით მიშას ნათქვამი აქვს, რომ არ სურს მის გამო საქართველოში ვინმე დაზარალდეს. როცა ამის დრო მოვა, სააკაშვილი დაბრუნდება. ამ ვითარებას რომ ვუყურებ, ისეთი განცდა მოიჩნდება, რომ ბიძინა ივანიშვილი მიშას ხელისუფლებას გადააბარებს.
_ როდის გადააბარებს?
_ არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ძალიან მალე შედგება ხელისუფლების გადაბარება.
_ ამას რამე ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობთ, თუ მხოლოდ ინტუიცია გკარნახობთ?
_ ისე მიდის საქმეები, ძალიან მალე გადააბარებენ სააკაშვილს ხელისუფლებას.
_ სააკაშვილს გადააბარებენ ხელისუფლებას თუ ოპოზიციას?
_ იმას გადააბარებენ, ვინც გამოკვეთილი ლიდერია. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ასეთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია.
_ ოპოზიციას სხვა ლიდერებიც ჰყავს.
_ კი ბატონო, ბოკერიაც ოპოზიციაა, გუგავაც, „ლელოს“ ლიდერიც, მაგრამ ყველაზე გამოკვეთილი მაინც მიხეილ სააკაშვილია. ამაზე თავად ოპოზიციაც არ დაობს.
დარწმუნებული ვარ, არჩევნებიდან ძალიან მალე ივანიშვილი ოპოზიციას გადააბარებს ხელისუფლებას. ასე იმიტომ კი არ მოიქცევა, რომ დემოკრატია, ასეთი ნაბიჯის გადადგმას პირადი უსაფრთხოების დაცვის ინსტინქტი აიძულებს.
_ ოპოზიცია დაიცავს მის უსაფრთხოებას?
_ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მისი უსაფრთხოება დემოკრატიული მმართველობის დროს იქნება დაცული და არა დიქტატურაში. ბიძინას შეუძლია, ცესკოს დააწერინოს სასურველი პროცენტები და ხელისუფლებაში დარჩეს. ასეთ შემთხვევაში მას უფრო მეტი საფრთხე ემუქრება, ვიდრე მაშინ, თუ ხელისუფლებას ოპოზიციას გადააბარებს.
გაყალბებისა და გაჯიუტების შემთხვევაში ბიძინას სერიოზული პრობლემები შეექმნება. მიშა საქართველოს საზღვრებთან არის მომდგარი. ქვეყანაში მილიონზე მეტი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი იქნება. დასავლეთიდან არ შეწყდება კრიტიკა. დღის წესრიგში დადგება მისი ქონების დაყადაღების საკითხი. დიქტატურაც რომ დაამყაროს, ბიძინა უსაფრთხოდ ვერ იქნება. როგორც ვთქვი, მილიონზე მეტი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანია და ყველას ხომ ვერ დაიჭერს. მის მიმართ უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება. ის ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, ეს, უბრალოდ, გამორიცხულია.
ის გადააბარებს ხელისუფლებას, აქ გვექნება დემოკრატიული მმართველობა და ივანიშვილი ბევრად დაცულად იგრძნობს თავს. დაცული იქნებიან მისი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. გაგახსენებთ 2012 წელს: მაშინდელმა ხელისუფლებამ არჩევნებში დამარცხება აღიარა და „ქართული ოცნება“ მოვიდა სათავეში. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მაშინ პირველი რაც გვითხრეს, ეს იყო სიტყვა კოჰაბიტაცია. კოჰაბიტაცია თანაცხოვრებას ნიშნავს და იმის გარანტიაა, რომ ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების წევრების დევნით არ დაკავდება.
_ ისევ კოჰაბიტაციის გზას უნდა დავადგეთ?
_ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება თუ გვინდა, ასე უნდა მოვიქცეთ. წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დევნა კარგი საქციელი არ არის.
_ რადგან კოჰაბიტაციის გზას უნდა დავადგეთ, არც დამნაშავეებს უნდა მოეთხოვოთ პასუხი? მათ მხოლოდ იმიტომ უნდა შერჩეთ ყველაფერი, რომ წინა ხელისუფლებას წარმოადგენენ?
_ დამნაშავეებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირებს შეიძლება ვერ შეეხო, იმიტომ რომ დასავლელ პარტნიორებს უწევ ანგარიშს. ამიტომ ვამბობ, რომ დემოკრატიაში ბიძინა ივანიშვილი უფრო დაცული იქნება. არჩევნების გაყალბება და დიქტატურის დამყარების მცდელობა მისთვის სავალალოდ დასრულდება.
_ ოპოზიცია ხშირად იხსენებს ხოლმე 20 ივნისის დარბევას და მაშინდელ შს მინისტრ გახარიას. კოჰაბიტაციის ფარგლებში ისიც ხელშეუხებელი უნდა იყოს? ოპოზიცია პირობას დებდა, რომ ის დაისჯებოდა.
_ იცით, რა არის? _ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია საარჩევნო სიაში შეიყვანა. ის არის ამ სიის პირველი ნომერი. გახარია აუცილებლად მოხვდება პარლამენტში. ამით მას ივანიშვილმა დეპუტატის იმუნიტეტი აჩუქა. იგივე მიზეზით შეიყვანა „ოცნების“ ლიდერმა სიაში თეა წულუკიანიც. ის სიაში მეოთხეა და გახარიას მსგავსად აუცილებლად გახდება პარლამენტის წევრი. ამ ადამიანების მიმართ კი მაქვს პრეტენზიები, მაგრამ დეპუტატების დევნას მხარს არ დავუჭერდი და ამას არც დასავლეთი მოიწონებს.
_ ზემოთ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უზრუნველყო სააკაშვილის დაცვა ევროპულმა პოლიციამ. ამ ფონზე საქართველოში მყოფი ოპოზიციონერები ძალიან დაუცველები ხართ. დღე ისე არ გავა, რომელიმე ოპოზიციონერს თავს არ დაესხან.
_ რას ვიზამთ, ჩვენ არ ვართ ევროპული ტიპის სახელმწიფო და, შესაბამისად, არც ჩვენი პოლიციაა დასავლური სტანდარტების. აქედან გამომდინარე, არც გვაქვს იმის ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციონერების უსაფრთხოებას დაიცავს.
_ არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდება ვითარება. როგორ აპირებს ოპოზიცია თავის დაცვას?
_ ჩვენ უარს ვამბობთ ყოველგვარ ძალადობაზე. იგივეს ვურჩევთ ხელისუფლებასაც. თუ ივანიშვილი მაინც არ დაიშლის და სიტუაციას გაამწვავებს, პასუხი მოეთხოვება. ძალადობა, საბოლოო ჯამში, უკვალოდ არ ჩაივლის. ვიღაც რაღაცას რომ აფუჭებს, ადრე თუ გვიან, მაინც უწევს ამაზე პასუხისგება. ეს ყველამ უნდა გაიაზროს. რატომღაც, მგონია, რომ ივანიშვილი ამას აუცილებლად გაიაზრებს.
_ რატომ გგონიათ, რომ გაიაზრებს?
_ საქმეს ასეთი პირი უჩანს. ასე მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ყველაფერს გაიაზრებს და დემოკრატიულ პროცესებში შევა, რის შემდეგაც რაღაცების გადალაგება მოუწევს.
_ მაინც, რას გადაალაგებს?
_ თავის გუნდს.
_ გუნდი დასთანხმდება გადალაგებას?
_ ივანიშვილი გუნდში არც აქამდე ეკითხებოდა ვინმეს რამეს და არც სამომავლოდ ჰკითხავს. ისე მოიქცევა, როგორც თავად მიიჩნევს საჭიროდ. ამ გადალაგების პროცესში გააანალიზებს, რომ მის უსაფრთხოებას დემოკრატია უზრუნველყოფს და არა _ დიქტატურა. ყველაფრის მიუხედავად. მაინც დიქტატურა თუ არჩია, ოპოზიცია მის მიმართ უფრო აგრესიული იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ისიც რადიკალურ ზომებს მიმართავს, მაგრამ ყველას ვერც დაგვიჭერს და ვერც გაგვაჩერებს. არა მგონია, ივანიშვილი ამაზე არ ფიქრობდეს. მან სხვაზე უკეთ იცის, რომ დიქტატურას დემოკრატია სჯობს.
_ თქვენ წლების მანძილზე მუშაობდით საპატრულო პოლიციაში და იქ უამრავი ნაცნობი გყავთ. თქვენი ინფორმაციით, რას იზამს პოლიცია არჩევნებზე? ერთ-ერთ წინა ინტერვიუში მითხარით, რომ პოლიციელები ხელისუფლებაზე ნაწყენები არიან, რადგან კრიმინალები დაასვა თავზეო.
_ მრავალი წელი ვმუშაობდი საპატრულო პოლიციაში. ძალიან ბევრ პოლიციელს ვიცნობ და ძალიან ბევრი პოლიციელი მიცნობს. ჩემთან ხშირად მოდიან პოლიციელები და მეუბნებიან, რომ ისინი ხაზავენ ხუთიანს.
_ მოქმედ პოლიციელებზეა საუბარი?
_ მოქმედ პოლიციელებზე გეუბნებით. ხელისუფლებას კი აქვს იმედი, რომ პოლიცია „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას, მაგრამ პოლიციელების დიდი ნაწილი არჩევნებზე ხუთიანის შემოხაზვას აპირებს. სისტემა შიგნიდან მთლიანად მორყეულია. ხელისუფლებას არანაირი დასაყრდენი არ გააჩნია. ასეთი სიტუაცია აქვს დღეს ივანიშვილს.
_ ბევრი არჩევნებს პესიმისტურად უყურებს. თქვენ აშკარად გეტყობათ, რომ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი.
_ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავა. ჩემი სურვილია, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ყველაფერი კარგად გაიაზროს და ოპოზიციას ხელისუფლება 31 ოქტომბერს 20 საათსა და 10 წუთზე გადააბაროს.
_ 20 საათსა და 10 წუთზე გადაბარებას რამე პრინციპული მნიშვნელობა აქვს?
_ 20 საათზე საარჩვენო უბნები იხურება და ხმის მიცემა წყდება. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლების გადაბარებას ვიხილავთ.

შორენა მარსაგიშვილი