თეონა ჭალიძე: „ისანში მთავარი ბრძოლა გიორგი ვაშაძესა და სახელისუფლებო კანდიდატს შორის გაიმართება“

ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიამ დიდი აურზაური გამოიწვია. იქ რამდენიმე ოდიოზური ფიგურის გამოჩენა თავად „ნაციონალებმა“ გააპროტესტეს, მაგრამ როგორც ამბობენ, ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა მოახერხეს მათი დაშოშმინება. კერძოდ, ისინი დაარწმუნეს, რომ კახა ოქრიაშვილის, ცეზარ ჩოჩელისა და დილარ ხაბულიანის შემოკედლება აუცილებელი იყო, რადგანაც პარტიას საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ფული არ ჰქონდა. ეს არგუმენტი ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა. ზოგი ჩუმად გაერიდა პროცესებს და არჩევნების შემდეგ გააკეთებს განცხადებებს. გიორგი ვაშაძემ კი თავის გუნდთან ერთად არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა ეს გაერთიანება. არადა, 2018 წელს ამ გაერთიანების შესაქმნელად ბევრი იმუშავა. როგორც ამბობენ, ვაშაძიანელთა დემარშის მიზეზი სწორედ ეს ოდიოზური სია იყო. „ნაციონალებმა“ ვაშაძეს ეს დემარში არ აპატიეს და ისანში კონკურენტად ხატია დეკანოიძე ჩაუსვეს. არადა, ვაშაძე ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყო. „ნაციონალები“ და დანარჩენი ოპოზიცია ვაშაძემ იმითაც გააბრაზა, რომ თავი პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ გაერთიანება „ძალა ერთობაშიადან“ ოდიოზური სიის გამო რომ წამოვიდა, ამას ჩვენს გამოცემასთან საუბარში ნაწილობრივ ადასტურებს თეონა ჭალიძე.

რატომ გადაწყვიტა პარლამენტში წასვლა? დატოვა თუ არა უყურადღებოდ გაჭირვებული ადამიანები? რა შეთანხმება დაარღვია ოპოზიციამ? რას ემსახურება ივანიშვილის განცხადებები, რომ არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს? რა უნდა გააცნობიეროს ამომრჩეველმა? _ ამ თემების შესახებ თეონა ჭალიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ თეონა ჭალიძე გავიცანით, როგორც გაჭირვებული ადამიანების ინტერესების დამცველი. იგი ახმოვანებდა მათ პრობლემებს. ახლა მთლიანად არჩევნებზე ხართ გადართული. ეს ხალხი უყურადღებოდ დარჩა, თუ ახერხებთ მათი პრობლემების გაცნობას? ისინი ახლა განსაკუთრებით საჭიროებენ ყურადღებას, პანდემიამ მათი ისედაც დუხჭირი ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა.
_ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანები უყურადღებოდ არ დარჩნენ, მაქსიმუმს ვაკეთებ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში. თუმცა ეს არაა საკმარისი. წინასაარჩევნო კამპანიამ უფრო გადატვირთა ჩემი გრაფიკი, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვხვდებით და ეს ყველაფერი პირადი და ოჯახისთვის დასათმობი დროის ხარჯზე ხდება. არაა მარტივი, ახლა ვერანაირ ბალანსს ვერ ვიჭერ, იმდენად ბევრი საქმეა, დრო არაფრისთვის მრჩება.
ახლა ჩემი მიზანია, სწორედ ამ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების ინტერესების უკეთესად დაცვა რომ შევძლო, 31 ოქტომბრის არჩევნებზე ბევრი ადამიანის მხარდაჭერა მოვიპოვო, რაც არჩევნებზე მისვლით და ნომერი 27-ის შემოხაზვით იქნება დადასტურებული.
_ მათი უფლებები რომ დაიცვათ, ამისთვის აუცილებლად პარლამენტში უნდა შეხვიდეთ? აქამდე პარლამენტში არ იყავით, მაგრამ მათ უფლებებს იცავდით, მათ პრობლემებს ახმოვანებდით.
_ ამას პარლამენტის წევრის სტატუსის გარეშეც ვაკეთებდი, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოდან ასჯერ უკეთესად შევძლებ ხალხის დახმარებას. ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ჩემთვის. კაბინეტში არასდროს ვმჯდარვარ, არასაარჩევნო პერიოდშიც და საარჩევნო პერიოდშიც ასობით ადამიანი მოგვმართავს. პრობლემები ძალიან მძიმე და ბევრია, თუმცა მათი მოგვარება შეუძლებელი არაა.
_ შეუძლებელი თუ არ არის, რატომ არ გვარდება?
_ ეს პრობლემები რომ მოგვარდეს, მეტი მონდომება და ხალხზე ზრუნვაა საჭირო, პოლიტიკოსი ადამიანების კეთილდღეობაზე უნდა იყო ორიენტირებული და არა _ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე.
ქონებრივი დეკლარაცია რამდენიმე დღის წინ შევავსე. ეს სავალდებულო მოთხოვნაა მათთვის, ვინც პარტიების პროპორციულ სიაშია. თითქმის ცარიელი დავტოვე ყველა ფურცელი.
_ ცარიელი რატომ დატოვეთ, არანაირ ქონებას არ ფლობთ?
_ ჩემი მთავარი სიმდიდრე პირველ გვერდზე დაეტია _ ეს არის ჩემი ოჯახი. ამით იმის თქმა მინდა, რომ მე თვითონაც კარგად მესმის და ბევრი რამ თავადაც გამოცდილი მაქვს, ამიტომ უფრო კარგად ვუგებ იმ ხალხს, ვისაც ყოველდღიური საარსებო პრობლემები აქვს.
ახლა ისნის შტაბს ვხელმძღვანელობ და ძირითადად ისანზე ვარ ორიენტირებული. ისანში იმართება მთავარი ბრძოლა ჩვენს პარტიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. უფასო სასადილოების ბენეფიციარებს ყოველდღე ვხვდები, მაჟორიტარის შტაბშიც ყოველდღე მოდიან მოქალაქეები სხვადასხვა სახის პრობლემებით, კონსულტაციას ვუწევთ, საბანკო სესხებთან დაკავშირებით გაპრობლემებული საკითხების მოგვარებაშიც ვეხმარებით. პოსტპანდემიურ პერიოდში კიდევ უფრო მოიმატა მომართვიანობამ. ძალიან მაშინებს მომავალი ზამთარი.
_ რატომ გაშინებთ, ფიქრობთ, რომ კიდევ უფრო დამძიმდება მდგომარეობა?
_ თუ რამე სწრაფი ცვლილებები არ განხორციელდა, კიდევ უფრო დამძიმდება ადამიანების ყოფა და გასულ გაზაფხულზე რაც მოხდა, შიმშილი კიდევ უფრო გამწვავდება. ამიტომაა აუცილებელი ხელისუფლების შეცვლა, რაც, თავის მხრივ, პოზიტიური ცვლილებების მოლოდინს გააჩენს და პლუს კორონა-რეალობის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებებია აუცილებელი, რომ შიმშილი ავირიდოთ თავიდან.
_ გადავიდეთ პოლიტიკურ საკითხებზეც: ყველამ ვნახეთ, როგორ ერთსულოვნად დაუდგა გვერდით ოპოზიცია ნიკა მელიას. გიორგი ვაშაძის შემთხვევაში ასე, ალბათ, არ გამოვა. ეს ისნის მაჟორიტარულ ოლქში სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვებას ხომ არ შეუწყობს ხელს?
_ ყველამ უნდა გაიაზროს და კარგად შეაფასოს, ვის უფრო შეუძლია სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება. ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახი კახიშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის უნდა გააკეთოს ხალხმა არჩევანი.
_ ისანში სხვა ოპოზიციური კანდიდატებიც არიან წარმოდგენილნი. ისინი რატომ ვერ გამართავენ ბრძოლას „ოცნებასთან“? ისინიც ფიქრობენ, რომ „ოცნების“ კანდიდატისთვის მხოლოდ მათ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა.
_ ისანში სხვა ოპოზიციური კანდიდატებიც იყრიან მაჟორიტარად კენჭს. დანარჩენი ოპოზიციური კანდიდატები, უბრალოდ, ხელს უშლიან საერთო მიზანს _ „ქართული ოცნების“ დამარცხებას პირველსავე ტურში. ვფიქრობ, რომ ამომრჩევლებმა თავიანთი ხმა არ უნდა მისცენ ისეთ კანდიდატს, რომელიც, უბრალოდ, ვერ დაამარცხებს „ქართული ოცნების“ კანდიდატს.
_ არც მაშინ უნდა მისცენ ხმა, თუ ამ კანდიდატის მხარდამჭერები არიან?
_ არა. იმ კანდიდატისთვის ხმის მიცემა, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატს ვერ დაამარცხებს, გაუმართლებელია. ეს მათი ხმის დაკარგვა იქნება.
ყველამ მეტად უნდა დააფასოს თავისი ერთი ხმა და უბრალოდ არ გაისროლოს უშედეგოდ. თანაც გიორგი ვაშაძე საერთო ოპოზიციური კანდიდატია ისანში და ამის უგულებელყოფა არ გამოვა.
_ რაკი ვაშაძე საერთო ოპოზიციური კანდიდატია, ამიტომ უნდა დაუჭიროს მას ხალხმა მხარი?
_ ის არის ერთადერთი რეალური კანდიდატი ოპოზიციიდან, ვისაც შეუძლია „ოცნების“ კანდიდატის დამარცხება. ისანში მთავარი ბრძოლა „ქართულ ოცნებასა“ და გიორგი ვაშაძეს შორის იმართება.
_ ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა „ნაციონალების“ საარჩევნო სიას. ითქვა, რომ ვაშაძემ თავის გუნდთან ერთად ამ შემადგენლობის გამო დატოვა „ძალა ერთობაშია“. ეს ასეა?
_ დიახ. ეს სკანდალური საარჩევნო სიაც იყო მიზეზი იმისა, რომ „ძალა ერთობაშია“ დავტოვეთ, რომლის შექმნაშიც გიორგი ვაშაძეს ლომის წილი აქვს შეტანილი. გიორგი ვაშაძე მომხრე იყო და არის განახლების, ახალი სახეების. ის გზას უხსნის პოლიტიკაში ენერგიულ, მონდომებულ, საქმეზე ორიენტირებულ ადამიანებს. ამის ნათელი მაგალითი ვარ მეც.
უდავოდ დიდია გიორგის წვლილი იმაში, რომ მე ახლა აქტიურად ვარ პოლიტიკაში ჩართული. თუმცა იმ ფორმატში ეს არ ხერხდებოდა და ფაქტი სახეზეა. თანაც გიორგის პრემიერობის კანდიდატობა უბრალო ახირება არ გახლავთ.
_ ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ვაშაძე პრემიერობისთვის მზად არ არის. პრემიერობა მარტივი ნამდვილად არ იქნება.
_ გიორგი ვაშაძეს აქვს გამბედაობა, სურვილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანა გახდეს ახალი პერსპექტივის მქონე. მას შეუძლია იყოს ხალხზე ორიენტირებული და მზრუნველი პრემიერი. ზუსტად ვიცი, 24 საათი იმუშავებს და კაბინეტში ჯდომის ნაცვლად ხალხთან ახლოს იქნება.
_ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მიიჩნევს, რომ ის არის გაუსვრელი ძალა და საქმის მკეთებელი გუნდი. თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ თქვენი პარტიის გაკეთებული მხოლოდ იუსტიციის სახლია და გაუსვრელობისაც არ სჯერათ. გაუთავებლად საუბრობენ, რომ გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ივანიშვილის პროექტია.
_ დიახ, ჩვენ ნამდვილად ვართ სუფთა წარსულის, საქმის მკეთებელთა გუნდი, რომლის ლიდერიც არის გიორგი ვაშაძე, ოპოზიციის ახალი ლიდერი, რომლის სახელსაც უკავშირდება იუსტიციის სახლები საქართველოში, უკრაინაში „გოტოვო“, ანტიკორუფციული სასამართლო, ელექტრონული შესყიდვების პლატფორმა „პროზორო“ და სხვ.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია სხვადასხვა თაობის პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანებით. ჩვენი გუნდი არავის პროექტი არაა, მით უმეტეს, ივანიშვილის. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ სწორედ ივანიშვილი და მისი ბანდა დამსხვრეული ოცნებების პრტიის სახით.
თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენს გუნდშია, გულწრფელად უნდა ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები და ისინი თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას სწორედ ამაში გამოიყენებენ.
უკვე ერთი წელია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მუშაობს ქვეყნის განვითარების პროგრამაზე და გვაქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა. სხვათა შორის, ყველაზე მეტად, როგორც ჩანს, ჩვენი აქტივობა ეჩხირება ყელში ხელისუფლებას და ჯარიმა ჯარიმაზე მოგვდის.
_ მგონი, საკმაოდ სოლიდური თანხა დაგიგროვდათ ჯარიმის სახით.
_ კარგა ხანია, 100.000 ლარს გადააჭარბა ჩვენმა ჯარიმებმა.
_ რისთვის გამოგიწერეს ამხელა ჯარიმები?
_ მხოლოდ იმიტომ გამოგვიწერეს, რომ ხელმოწერებს ვაგროვებდით პენსიონერებისთვის უსამართლოდ მაღალი, 35-40-პროცენტიანი განაკვეთის ჩამოწერასთან დაკავშირებით. თბილისის მერიასთან აქციაზე ჩვენი გუნდის წევრები დააკავეს.
15 ოქტომბერს გვაქვს ჩანიშნული დებატები გიორგი ვაშაძესა და ივანიშვილის მიერ დანიშნულ პრემიერ გიორგი გახარიას შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
_ დასთანხმდა გახარია დებატებს?
_ ჯერ არ ვიცით. ერთად ვნახოთ, რას გადაწყვეტს ბიძინა, გამოუშვებს თუ არა გახარიას ვაშაძესთან სადებატოდ.
_ „სტრატეგია აღმაშენებელს“ მკაფიოდ აქვს ასეთი პოლიტიკა: ოპოზიციამ რაც არ უნდა ტალახი გესროლოთ, პასუხს არ გასცემთ. ამაზე რას ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილებაა?
_ დიახ, სწორი გადაწყვეტილებაა, ჩვენი ოპონენტები ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან, ჩვენი მთავარი ოპონენტი ხელისუფლებაა. თუ პარტიები იბრძვიან იმისთვის, რომ დაამტკიცონ ვინაა მათ შორის უარესი, ჩვენ ამ დროს უარს ვამბობთ დაპირისპირებასა და კინკლაობაზე. ხალხს ეს არ აინტერესებს, ხალხს ამისთვის არ სცხელა.
_ რატომ გგონიათ, რომ ხალხს კინკლაობა არ აინტერესებს? ასეთ ამბებს ყოველთვის დიდი რეზონანსი მოსდევს.
_ ლანძღვა-გინებაზე აწყობილი წინასაარჩევნო კამპანია კარგ შედეგს არავის მოუტანს. რაც მალე გაიაზრებს ამას ყველა პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი იქნება თავად მათთვის, ხალხისთვისა და ქვეყნისთვის. სჯობს, საქმის კეთებაზე ორიენტირებულები ვიყოთ.
ოპოზიციური პარტიების კინკლაობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. ყველაზე მეტად სწორედ „ქართული ოცნების“ ლიდერს აწყობს ხალხის ყურადღების მოდუნება და ოპოზიციური პარტიების ერთმანეთთან დაპირისპირება, ამიტომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ მსგავსს სცენარებში.
_ ბოლო პერიოდში უამრავი კვლევა გამოქვეყნდა, წინ კიდევ ბევრი კვლევაა. რამდენად ენდობით ამ რეიტინგებს და გაძლევთ თუ არა ის რეიტინგები ოპტიმიზმის საფუძველს?
_ ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი პარტია, „სტრატეგია აღმაშენებელი“, არის ერთადერთი პარტია, ვისი რეიტინგიც მზარდია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმას ნიშნავს, რომ კიდევ გვაქვს რესურსი, მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ, ე. ი. სწორ გზაზე ვდგავართ.
_ ამიტომ არ აპროტესტებთ კვლევებს?
_ სოციოლოგიური კვლევების გარდაც ჩვენ თვითონ ვხედავთ, ყოველდღიურად როგორ ვიზრდებით და ვძლიერდებით, ჩვენი რაიონული ორგანიზაციები ფართოვდება. ასობით მხარდამჭერი რეგისტრირდება ყოველდღე ჩვენს მონაცემთა ბაზებში.
_ საქართველოში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ისევ მრავლადაა. ამომრჩეველს ხელისუფლება საშინლად არ მოსწონს, მაგრამ ვერც ოპოზიციაში ხედავს ისეთ ძალას, რომელსაც შეიძლება, ხმა მისცეს. შეძლებს ოპოზიცია ამ ხალხის არჩევნებზე მიყვანას? ბევრი ფიქრობს, რომ ოპოზიცია გარიგებულია ივანიშვილთან და არჩევნებზე წასვლას აზრი არ აქვს.
_ ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ესაა, _ ადამიანები მივიდნენ არჩევნებზე და ირწმუნონ, რომ მათი ერთი ხმა გადამწყვეტია არჩევნებში ცვლილებებისთვის. მე ყველა საშუალებას ვიყენებ ამისთვის.
ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის ფურცლებიდანაც მივმართავ განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ადამიანებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პენსიონერებს, _ არ დარჩეთ სახლში, აუცილებლად მოდით არჩევნებზე და არჩევანი გააკეთეთ გულით და გონებით. გახსოვდეთ, რომ არჩევნები არის ფარული და ვერავინ გაიგებს, ვის მიეცით ხმა. თქვენი ერთი ხმა კი გადამწყვეტია და თქვენზეა დამოკიდებული თქვენი და ქვეყნის ბედი. ან შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, ან კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება არსებობა. დიახ, არსებობა, იმიტომ რომ ყველაზე კარგად იმ ადამიანებმა ვიცით, როგორია გაჭირვებაში მყოფი ადამიანების ყოფა _ ესაა არსებობა, ბრძოლა გადარჩენისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებული პოლიტიკოსებიდან ყველაზე უკეთესად მე შევძლებ დავიცვა თქვენი ინტერესები და ნომერი 27-ის შემოხაზვით მომცემთ ამის ძალას. დარწმუნებული რომ არ ვიყო, არც მოგმართავდით.
_ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია პროგნოზირებენ, რომ 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებს ისევ „ქართული ოცნება“ მოიგებს. პარტიის ლიდერი ამბობს, 63%-მდე ავიღებთო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს „ოცნების“ მომხრეების გამხნევებაა, თუ დაკვეთა ცესკოსთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ 63% უნდა აიღოს?
_ ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი რეალობას მოწყვეტილია. მან და მისმა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ხალხს არც ერთი დაპირება არ შეუსრულა. სამუშაო ადგილების შექმნას დაჰპირდა და 200.000 ახალი სამუშაო ადგილის ნაცვლად, რა სამუშაო ადგილებიც იყო, ისიც დავკარგეთ.
_ ეს სამუშაო ადგილები კორონაპანდემიის დროს შემცირდა თუ შემცირების პროცესი უფრო ადრე დაიწყო?
_ ადრეც შემცირდა და პანდემიის დროსაც. მაგალითად 45.000 სამუშაო ადგილით შემცირდა კერძო სექტორში. ხელისუფლებამ მოატყუა ხალხი, რომ თითქოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასი შემცირდებოდა, სინამდვილეში კი გაიზარდა.
არც სამართლიანი სასამართლო გვაქვს და ხალხი სამართალს ვერ პოულობს, პოლიციისა და პროკურატურის დეპოლიტიზება არ მოხდა. გაიზარდა კრიმინალი. უფრო გაღარიბდა ხალხი და ათასობით ადამიანი შიმშილობს. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ვეღარ მოიგებს არჩევნებს, თუმცა ის ყველანაირად ეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას და არაფერზე უკან არ დაიხევს.
_ უკან დახევას არც ოპოზიცია აპირებთ. კერძოდ, ოპოზიცია შეთანხმდით, რომ არჩევნების დღეს დაიცავთ ამომრჩევლის ხმებს. როგორ აპირებთ ამის გაკეთებას. გაქვთ რამე გეგმა?
_ ხმების დაცვაზე მუშაობს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ჯგუფი. სპეციალური სისტემა იქმნება, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს ხანებში გაიმართება. რაც შეეხება საარჩევნო უბანზე მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ისინი დაიცავენ ერთმანეთის ხმებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ხმების დაცვის საერთო საქმეში.

შორენა მარსაგიშვილი