როსტომ ჩხეიძე: „გადამწყვეტი ჟამი დგება კრიმინალური ხელისუფლების ჩამოსაცილებლად!“

არიან ადამიანები, რომელთა აზრს, პირადად ჩემთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სიმართლე რომ გითხრათ, ასეთებით განებივრებულები არ ვართ, მაგრამ მწერალი როსტომ ჩხეიძე სწორედ იმათ რიცხვშია, რომელთაც ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენ. ისე, ბატონ როსტომს მხოლოდ მე კი არა, მთელი ქვეყნის ინტელექტუალური საზოგადოება უგდებს ყურს. ჰოდა, ალბათ, ყველას აინტერესებს, რატომ გადაწყვიტა ლიტერატურის მეტრმა პოლიტიკაში წასვლა და საპარლამენტო არჩევნებში ენმ-„ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიით მონაწილეობა? ჩემს რესპონდენტს ეს კითხვა, ცხადია, დავუსვი და ბუნებრივია, ისიც ვკითხე, „ნაციონალურ მოძრაობას“ აპატია თუ არა ყველაფერი ის, რის გამოც წლების წინათ მის მიმართ პრეტენზია ჰქონდა?

ერთი სიტყვით, ბევრი ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ მწერალ როსტომ ჩხეიძის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, ინტერვიუს, საიდანაც, ბევრ საინტერესო ამბავთან ერთად, იმასაც შეიტყობთ, თუ რატომ ავლებს პარალელს ირაკლი ღარიბაშვილსა და ლავრენტი ბერიას შორის.
აქვე, შეგახსენებთ, რომ როსტომ ჩხეიძის და, ნატო ჩხეიძე, რომელიც პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური ლიდერია, „ძალა ერთობაშიას“ სახელით, მაჟორიტარად ხაშურის, ქარელისა და გორის სოფლების ნაწილში იყრის კენჭს. ამასთან, ნატო ჩხეიძე, ბატონი როსტომის მსგავსად, „ძალა ერთობაშიას“ პროპორციულ სიაშიცაა…

_ ბატონო როსტომ, სიმართლე გითხრათ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პარტიულ სიაში გიხილავდით. პოლიტიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?
_ ყოფითი რეალობა თვითონვე გკარნახობს, თვითონვე გიბიძგებს და გიყოლიებს, თუ როგორ მოიქცე. არაერთხელ მითქვამს, მწერლობაზე დიდი პოლიტიკა რომ არ არსებობს, მაგრამ მწერლობის, ლიტერატურის ზეგავლენა ცხოვრებისეულ პროცესებზე ფარულია, იდუმალი, დროში გახანგრძლივებული, საბოლოოდ დიდი სიკეთის მომტანი, სულიერებას რომ უნარჩუნებს კაცობრიობას, ამაღლებულ, რომანტიკულ განწყობილებებსა და სწრაფვას. მაგრამ არის ცხოვრებისეული პრობლემები, სასწრაფო გადაწყვეტას რომ მოითხოვს.
არადა, სასწრაფოს ვინ ჩივის, ძალიან და ძალიან გაგვიჭიანურდა მათი მოგვარება. ამ სატკივარ-საწუხარზე არაერთხელ გამომითქვამს ჩემი მოსაზრებანი და მოწესრიგების გზებიც დამისახავს, მაგრამ ვერა და ვერ მიაღწია მათ ყურამდე, რომელთაც უნდა მიეხედათ.
ახლა კი, თუ ყველაფერი ბუნებრივად და ლოგიკურად წარიმართა და ავცილდებით გაუგებრობებს, ანუ ხელისუფლება შეეგუება გარდუვალ მარცხს არჩევნებში და აღარ შეეცდება ქართველი ხალხის მოთხოვნებისა და დასავლური საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლას, რაც მათვე გაურთულებს მდგომარეობას… დიახ, თუ ყველაფერი შესაფერისად წარიმართება და არჩევნები უკეთეს პირობებს შექმნის ახალი პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობისთვის, ეს პრობლემები უკვე ჩემი და ჩემს თანამოაზრეთა მისახედი იქნება და ის, რაც ფურცლებზე აღიბეჭდებოდა პუბლიცისტურ სტატიად, ლიტერატურულ-ესთეტიკურ ესსედ თუ დოკუმენტურ პროზად, ამიერიდან კანონებად ჩამოყალიბდება და ყოფით ცხოვრებაშიც გადმოინაცვლებს.
ილია ჭავჭავაძემაც, რომელიც დიდხანს მხოლოდ გარედან უყურებდა პარტიების არსებობას და მიიჩნევდა, რომ რედაქტორობა და საადგილმამულო ბანკისა თუ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეობა სრულ საშუალებას აძლევდა მოღვაწეობისა და საზოგადოებრივი პროცესების წარმართვისთვის, აღმოაჩინა, რომ უპარტიოდ არაფერი გამოვიდოდა, ის ზეგავლენა ვეღარ ექნებოდა ქვეყნის ცხოვრებაზე, რაც მანამდე ჰქონდა, ვიდრე პარტიები დამკვიდრდებოდნენ საქართველოში და კიდეც მოინდომა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნა იმ იაკობ გოგებაშვილთან ერთად, რომელსაც მანამდე ასევე ვერ წარმოედგინა, თუ ოდესმე პარტიულ საქმიანობაში გაერეოდა. სახელმწიფო სათათბიროში შესვლასაც ამიტომ მიიჩნევდა აუცილებლად ილია.
საერთოდ კი გაბრიელ გარსია მარკესისა არ იყოს: „იქაც ჩვეულებისამებრ ვაპირებ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და არა _ ჩემი ქვეყნის მთავრობას“.
_ სამართლიანობისთვის ამ კითხვასაც დაგისვამთ: თავის დროზე, „ნაციონალების“ ოპოზიციაში იყავით, ახლა კი იმ ბლოკის პროპორციულ სიაში ხართ, რომლის ხერხემალიც სწორედ ყოფილი მმართველი პარტიაა. ანუ ყველაფერი ის, რის გამოც ადრე აკრიტიკებდით, „ნაციონალებს“ აპატიეთ?
_ პატიება-არპატიება პირადულიც არსებობს და სახელმწიფოებრივი თვალთახედვითაც. შემიძლია ყველას მივუტევო პირადი წყენა და ტკივილი, თუკი ეს სახელმწიფოებრივადაა აუცილებელი. ამასთან, ერთია კრიტიკული, თუმცა მძაფრი კრიტიკული დამოკიდებულება ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებასთან და მეორე – მისი სრული მიუღებლობა, სრული შეუთავსებლობა.
პარტია, რომელიც ამჟამადაა მოქცეული საქართველოს სათავეში, იმდენად არასწორი გზით მიდის (ნებსით თუ უნებურად, ეს კიდევ ცალკე თემაა!), ისეთ უმძიმეს დღეში ჩააგდო ქვეყანა და თანდათანობით ისე მიგვეზიდება რუსული მავთულხლართებისკენ, ასე გაგრძელება სრულ დაღუპვამდე და განადგურებამდე მიგვიყვანს.
აუცილებელია ცვლილება, ჰაერივით, სასიცოცხლოდ აუცილებელი!
და ყველაზე ძლიერი გაერთიანება, რომელსაც შეუძლია არჩევნების გზით, მხოლოდ და მხოლოდ, არჩევნების, დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით, დაამარცხოს „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობაა“, დაამარცხოს და ხელი შეუწყოს კოალიციური მთავრობის შექმნას, რაც ასე აუცილებელია ამჟამინდელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაში და რითაც ერთპარტიული მმართველობა დასრულდება.
ამიტომაც თავისთავად ვიმყოფები „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის სასიკეთო ცვლილებებში.
_ როდის მიხვდით, რომ „ოცნება“ ქვეყანას ანგრევს?
_ შეტყობით თავიდანვე შეეტყო „ოცნების“ მთავრობას, ყველაფერი რიგზე რომ ვერ მიდიოდა და ეს იყო არა უნიათობისა და გამოუცდელობის ბრალი, არამედ იმ ბოროტგანზრახულობისა, რამაც მთელი სისავსით იჩინა თავი საყდრისის აფეთქებაში, თავისებურ სიმბოლოდაც რომ დაადგა ოცნებელთა საქმიანობას, რაც არსებითად ყურმოჭრილი მონის ფუსფუსია ბიძინა ივანიშვილის ბრძანებების აღსასრულებლად.
იმ დანაშაულს თავის დროზევე გამოვეხმაურე კრიტიკული სტატიით: „დროის იეროგლიფები“, როდესაც პირდაპირი პარალელი გავავლე იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან ლავრენტი ბერიას სიტყვებს შორის.
როდესაც იგი აპირებდა აეფეთქებინა მეტეხის ტაძარი და მწერალთა და ხელოვანთა დელეგაცია ეახლა თხოვნით, ეს არ ჩაედინა, მან მიუგო: ეს ადგილი მჭირდება, მეტეხის მსგავსსა და კიდევ უკეთესს ტაძარს კი სხვა ადგილას აგიშენებთო!..
და ირაკლი ღარიბაშვილიც ამასვე შეჰპირდა საზოგადოებას: ამისთანასა და კიდევ უკეთესს თხრილს სხვაგან გაგითხრით, ეს ადგილი კი ძალიან გვჭირდებაო.
მეტეხის ტაძარი მაშინ მაინც გადაურჩა აფეთქებას.
საყდრისი კი უღმერთოდ გაიწირა და ამაში ჩართული აღმოჩნდა კულტურის სამინისტრო, რომელმაც საყდრისს ისტორიული ძეგლის სტატუსი მოუხსნა, ძეგლთა დაცვის სამმართველომ კი, რომელსაც ევალება უნიკალური ისტორიული საუნჯის შენახვა-მოფრთხილება, გააგრძელა ეს ესტაფეტა და… აფეთქების აქტი უშუალოდ ვინ შეასრულა, ეს უკვე ნაკლებმნიშვნელოვანია.
_ ბატონო როსტომ, გასაგებია, რომ ხალხს „ოცნება“ არ მოსწონს და ხელისუფლების შეცვლა უნდა, მაგრამ ხედავს იმ ძალას, რომელმაც არსებული მმართველი გუნდი უნდა ჩაანაცვლოს?
_ ხედავს, როგორ არ ხედავს. ხალხში ისედაც ყოველთვის მიწევდა ტრიალი, ქალაქად თუ სოფლად, მთელ საქართველოში ლიტერატურული და საზოგადოებრივი შეხვედრებისას და ახლა, როდესაც ვმონაწილეობ ნატო ჩხეიძის საარჩევნო კამპანიაში, ხაშურის, ქარელისა და გორის სოფლების ერთი ნაწილის არეალს რომ მოიცავს, კიდევ უფრო გაცხოველდა ეს ურთიერთობა.
ადამიანები არა მარტო მოელიან აუცილებელ ცვლილებებს, არამედ სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავენ იმ მთავარ ძალას, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს ოპოზიციის გარდუვალი გამარჯვება 31 ოქტომბერს, თავისებური მიჯნა და წყალგამყოფი რომ უნდა აღმოჩნდეს დღევანდელ უნუგეშო, უკან-უკან მიმავალ ყოფასთან.
_ ისე, იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციას „ოცნებაზე“ საერთო იერიში მიეტანა, ერთმანეთს ეკინკლავება. აი, მაგალითად, „ევროპული საქართველო“ მოსახლეობას პირდაპირ მოუწოდებს, რომ არც „ქოცებს“ მისცეს ხმა და არც _ „ნაცებს“. თქვენ, როგორც მწერალი, რას ფიქრობთ, ოპოზიცია ერთმანეთს რატომ ებრძვის?
_ პასუხი შეკითხვაშივე იგულისხმება. როგორ შეიძლება, ოპოზიციური პარტია მეორე ოპოზიციურ პარტიას უტევდეს და არა _ ხელისუფლებას, თანაც როგორ ხელისუფლებას – ყოველი დღე მისი მმართველობისა კატასტროფასთან რომ გვაახლოებს?! როგორ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნება-გახანგრძლივებაზე ზრუნავდე ნებსით თუ უნებლიეთ და თან ევროპულ ორიენტაციაზე სდებდე თავს, თუ ქვეყნისთვის საშიშ, სახიფათო თამაშში არ ჩაბმულხარ?! არ მინდა, დავიჯერო… მირჩევნია ვიფიქრო, რომ ეს მაინც არასახელმწიფოებრივი აზროვნების ბრალი უფროა!
_ თქვენი აზრით, ამ არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ არა?
_ მესმის, რასაც გულისხმობთ – აქტიურობა ყოველთვის არ ამართლებს და ხან შესაძლოა უკუშედეგიც გამოიღოს, მით უმეტეს, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლება მთელი ეს წლებია, ამით აშინებდა ხალხს: ჩვენ თუ არ ვიქნებით, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება ქვეყნის მმართველადო.
თავიდან ამ თვალთმაქცურმა მანევრმა, ამ ტრიუკმა კიდეც გაუმართლათ – ხალხმა 2012 წლის არჩევნებში მმართველობიდან რომ გაისტუმრა „ნაციონალური მოძრაობა“, ცხადია, მის მალევე დაბრუნებას სულაც არ უჭერდა მხარს, მაგრამ წლიდან წლამდე ისე გაკოტრდა „ოცნების“ მთავრობა (მარტო პირად გამდიდრება-გაზულუქებას არ ვგულისხმობ, რასაკვირველია!), ისე დაამშია და ცხოვრების სახსარი მოუსპო ადამიანებს, მერე სულაც საქართველოდან რომ მიგვერეკება, თვალს უკვე ვიღას აუბამს? მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ზაზა ოქუაშვილმა საქვეყნოდ ამხილა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და მთავრობა, როგორც კორუმპირებული და კრიმინალური, ბიზნესის დაკაბალებასა და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების ხელში ჩაგდებასაც რომ ლამობდნენ, სულის ამოხდას ბიზნესმენებისთვის, არამცთუ მათთვის ბუნებრივი პირობების შექმნას დაქცეული ეკონომიკისა და წყალწაღებული სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად, რათა საქართველომ სრულფასოვან ქვეყნად იგრძნოს თავი და არა _ დანამატად ჩრდილოელი მეზობლისა, რომლის მავთულხლართებში ისედაც მოვქცეულვართ და თუ რაიმეთი, ძლიერი ეკონომიკითა და სოფლის მეურნეობითაც უნდა დავუპირისპირდეთ და არა _ კაპიტულანტური პოლიტიკით.
ამ ახალ რეალობაში, 2018 წლის სექტემბრიდან რომ შევიდა ქვეყანა, მიხეილ სააკაშვილის აქტიურობას უკვე სხვა ძალა და მასშტაბი ექნება.
გადამწყვეტი ჟამი დგება კრიმინალური ხელისუფლების ჩამოსაცილებლად მმართველობიდან და ყველა ღირსეულმა და კეთილშობილმა ადამიანმა ამისათვის თავისი წვლილი უნდა გაიღოს – ყველა მოქალაქე, 18 წლის ზემოთ, უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან, რათა ხელისუფლებას გაყალბების ნაკლები საშუალებანი დავუტოვოთ.
_ სხვათა შორის, ენმ-„ძალა ერთობაშიას“ სია ბევრს არ მოეწონა. გულახდილად მითხარით, სიის ყველა წევრი, პირადად თქვენთვის, მისაღებია?
_ მოწონება-არმოწონება ისეთი რამაა, ყოვლად წარმოუდგენელია, ყველა მოგწონდეს ან ყველას მოსწონდე, როგორი ღირსეული პიროვნებაც უნდა იყო, როგორი კეთილშობილებით აღსავსეც.
მთავარია ის გეზი, სულისკვეთება, იდეა, რითაც განმსჭვალულა ეს გაერთიანება, ევროპულ ორბიტაზე საქართველოს დამკვიდრებას რომ ესწრაფვის, იმ ისტორიული ადგილის დაბრუნებას, ოდესღაც რომ გვქონდა და ამიტომაც არ გაგვიძნელდება დასავლეთთან გაერთიანება უკეთესი საქართველოსათვის გზების გასახსნელად.
_ რა იქნება როსტომ ჩხეიძის მთავარი ფუნქცია პარლამენტში?
_ ჩემი უპირველესი მიზანი სხვა რა შეიძლება იყოს პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, თუ არა ზრუნვა კულტურის ეროვნული კონცეფციისა და განათლების ეროვნული კონცეფციის შესამუშავებლად და მის ყოფით ცხოვრებაში დასამკვიდრებლად, ურომლისოდაც თვით ყველაზე საუკეთესო და მომხიბლავ თეორიებსაც არავითარი ფასი არ გააჩნია.
ნუ მეტყვით, გრამატიკულად სჯობდა ასე გეთქვათ: კულტურისა და განათლების ეროვნული კონცეფციებიო.
ისედაც ერთმანეთს აწებებენ გაუმართლებლად და აგერ სულაც კულტურის სამინისტროს გარეშე დაგვტოვეს… და დაე ვიცოდეთ, რომ ეს ორი სფერო სრულიად დამოუკიდებელია და ერთმანეთის დაქვემდებარებულნი არ შეიძლება, იყვნენ.
მწერალს ჩვენშიც ისეთ პატივს რომ მიაგებდეს ხელისუფლება, ისე უსმენდეს და ითვალისწინებდეს მის შეხედულებებს, როგორც, ვთქვათ, დიდ ბრიტანეთში უსმენდნენ ჩარლზ დიკენსს მის რომან „ნიკოლას ნიკლბის“ კვალობაზე, იქ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნებისა, სრულიად რომ შეცვლიდნენ განათლების სისტემას და მართლაც, ახალ საფეხურზე აიყვანდნენ, დიახ, ასეთ პატივს რომ მოგვაგებდნენ, აღარც დასჭირდებოდა მწერალს პარლამენტარის მანტია, ისედაც ყურად იღებდნენ მის რჩევებსა თუ გონივრულ შეთავაზებებს. მაგრამ ახლა რა – თავისი გზით მიედინებოდა მწერალთა მცდელობანი თუნდ განათლების, თუნდ კულტურის ეროვნულ კონცეფციათა შესამუშავებლად და ცალკეა თვითდინებაზე მიშვებული განათლების სისტემა, კულტურა რომ აღარც მოჩანს ამ ქარბორიაში.
_ ბატონო როსტომ, ამ კითხვას ყველას ვუსვამ და თქვენც დაგისვამთ: ვთქვათ, ისე მოხდა, რომ „ოცნებამ“ დემოკრატიის ყველა პრინციპი დაარღვია და ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენაც გადაწყვიტა, ასეთ შემთხვევაში, ოპოზიცია რას იზამს?
_ ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას ხელის გამოღება, მაინცდამაინც, არ დასჭირდება, რადგანაც ხალხი თვითონვე იტყვის იმ სათქმელს, რაც გარდუვალია დემოკრატიის ყველა პრინციპის დარღვევისას. მით უმეტეს, რომ დასავლური საზოგადოებრივი აზრი მხარს უჭერს ცვლილების აუცილებლობას საქართველოს მმართველობაში და კიდეც არაერთხელ გააფრთხილეს ბიძინა ივანიშვილიც და მისი მთავრობაც, ობიექტურობის საზღვრებს რომ არ გადასცდნენ არჩევნებისას… ისინი კი, ჩვენი დასავლელი მეგობრები, სიტყვებს ტყუილუბრალოდ არ ხარჯავენ.
_ ბიძინა ივანიშვილს რომ შეხვდეთ, რას ეტყვით და ჰკითხავთ მას?
_ შეკითხვა რიტორიკული იქნება: რატომ აგვიფეთქეთ სულიერი საყდრისი და რატომ მოგვიწყვეთ სისხლიანი კალო 20 ივნისის იმ საბედისწერო ღამეს?
_ სათქმელი მიხეილ სააკაშვილთან რა გაქვთ?
_ რა და: კარგია, როდესაც ესა თუ ის პირი ინანიებს შეცდომებს, კარგია, როდესაც აღიარებს გადაცდომებს, კრიტიკულად გაჰყურებს თავის გამოვლილ ცხოვრებას და გადაფასებით არაერთ რაიმეს გადააფასებს. ეს თვითაღიარება იმედს გიჩენს როგორც ამ პირის, ისე საერთოდაც ადამიანის მიმართ.
_ რატომ დაემსხვრა ხალხს ოცნებები?
_ დაგემსხვრევა, აბა, რა იქნება, როდესაც ახალი პარტია მოდის ქვეყნის სათავეში უხვზე უხვი დაპირებებით, სრულ კეთილდღეობას, მიწიერ სამოთხეს რომ აღგითქვამს და… კეთილდღეობას ვინღა ჩივის, სრულ გაღატაკებამდე, სრულ კოლაფსამდე მიჰყავხარ. თანაც გაუთავებლად გიმტკიცებს, საუკეთესო ხელისუფლება ვართ, ბედნიერება მოგიტანეთ, თუ ჩვენი მოწინააღმდეგე ტელევიზიების კრიტიკას არ აჰყვებით…
ისე კი თუ საქართველოს დატოვებთ და უცხოეთში წახვალთ სამუშაოს საძიებლად, მატარებლის ბილეთები ჩვენზე იყოსო.
აბუჩადაც რომ გიგდებენ!..
_ მწერალი ხომ გარემოების საყვირია და დღეს ხალხის მთავარი სათქმელი, გნებავთ, მოთხოვნა, რა არის?
_ ხალხის მთავარი სათქმელი, ხალხის მთავარი მოთხოვნა „ოცნების“ ხელისუფლებისაგან თავის დაღწევაა, რადგანაც ამ რეჟიმის პირობებში ყოვლად წარმოუდგენელია თუნდ ერთი, ერთადერთი სასიკეთო საქმის აღსრულება.
_ ისე, ბატონო როსტომ, კომუნისტების დროს სამართლიანობისთვის ბრძოლა უფრო რთული იყო თუ ახლა?
_ დიდი რამ განსხვავება არ არის ამ ორ პოლიტიკურ რეჟიმს შორის, შეიძლება ითქვას, რომ ტყუილების მასშტაბებით ერთმანეთის ალიკვალია ორივე – ყალბისმქნელობით, მოძალადეობით, კორუმპირებულობით, საღი აზრის დევნით, ცილისწამების ქარხნების ენერგიული მოქმედებით, ხალხის სამართლიანი მოთხოვნების იგნორირებითა თუ ცინიკური დამოკიდებულებით.
კომუნისტებსაც ეგრე ეგონათ, ჩვენს ძალაუფლებას ვერაფერი შეარყევსო, მაგრამ ნამსხვრევებად იქცა მათი თავდაჯერება თვით იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რეალობაში, მსოფლიოს რომ აზანზარებდნენ… და ჩვენი ხალხის დამსხვრეულ ოცნებებს მალე შეემატება „ოცნების“ მთავრობის დამსხვრევაც, მთავრობისა, რომლის მასაზრდოებელი პარტიაც მალე ისევე უკვალოდ გაგვიქრება, როგორც, თავის დროზე, „მოქალაქეთა კავშირი“…
_ ბოლოს, ბატონო როსტომ, იქნებ, ერი დაბერდა და ყველაფერი ის, რაც ბოლო დროს გვჭირს, ამიტომ გვჭირს?
_ მაგას ნუ იტყვით, რა სიბერე და რომელი სიბერე, მითოსური ფასკუნჯივით მარადგანახლებულობით რომ გამოვირჩევით, გალაკტიონისა არ იყოს, ქართველთა მოდგმის ხანგრძლივობას ასეც რომ შეჰხაროდა: შენი სიმაღლე – სიახლე ორბისო…

გიორგი აბაშიძე