საფრთხე, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტით საქართველოს ემუქრება

ზუსტად იმ დროს, როცა საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია კულმინაციას აღწევს, რეგიონში ვითარება ფატალურად იძაბება, ანუ სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებულ სამხედრო კონფლიქტს ვგულისხმობთ. საერთოდ, ამ ომზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ანუ ზოგიერთი ფიქრობს, რომ საგანგაშო არაფერია და ეს დიდი სახელმწიფოების, ე. ი., რუსეთის, აშშ-ისა და თურქეთის პოლიტიკური თამაშებია, მაგრამ ისინი, ვინც რეგიონის პრობლემებს ზერელედ კი არა, საფუძვლიანად იცნობენ, ამბობენ, რომ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არაა და იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებული ბრძოლები კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება, მაშინ განგაშის ზარებს საქართველომაც უნდა შემოჰკრას.

სხვათა შორის, ამ თემაზე 3 ოქტომბერს საქართველოს უსაფრთხოების საბჭომ სხდომა გამართა და დაპირისპირებულ მხარეებს შესთავაზა, ერთგვარი მომრიგებლის მისია შეასრულოს.
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო აქტორებს, მიიღონ ყველა ზომა ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისთვის. საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან ასევე სომხეთთან. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები.
საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის, აზერბაიჯანელებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება.
ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში.
ქართული მხარე მრავალი წლის განმავლობაში ზედმიწევნით ასრულებდა და ასრულებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, მეზობელი ქვეყნების – აზერბაიჯანისა და სომხეთის _ მიმართ. კერძოდ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ორივე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის, რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებშიც არის.
დღესაც, საქართველოს გავლით, ტრანზიტის რეჟიმში სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. გადაზიდვების ინტენსივობა მაღალია და აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება.
ამასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ.
ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს.
ჩვენი საერთო ინტერესია – სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ოფიციალურმა წყაროებმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს დასრულების შემდეგ გაავრცელეს.
ისე, ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე, უფრო სწორად, ამ კონფლიქტის რისკების გათვალისწინებით, უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა დაგვიანდა, მაგრამ ნათქვამია, სჯობს, გვიან, ვიდრე არასდროსო. ჰოდა, რაც უნდა იყოს, მაინც კარგია, რომ ყურის ძირას მიმდინარე საომარი მოქმედებები ჩვენმა ხელისუფლებამ საერთოდ არ „დააიგნორირა“ და თუნდაც „პროტოკოლური“ რეაქცია გამოხატა…
საერთოდ, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტი ისეთივე „ძველია“, როგორიც, მაგალითად, აფხაზეთ-სამაჩაბლოს პრობლემა, ანუ ყველაფერი, როგორც ჩვენთან, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშიც საბჭოთა კაშირის დაშლის პარალელურად დაიწყო და შეიძლება ითქვას, ყარაბაღის კონფლიქტიც, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მსგავსად, ერთგვარად „ბოლშევიკური ნაღმია“, ე. ი., კომუნისტებმა, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის დასაწყისში, როცა „დიადი საბჭოეთი“ „დაფუძნდა“, ეს „ნაღმი“ „წითელ მიწაში“ „შავი დღისთვის“, ანუ იმ მომენტისთვის ჩაფლეს, თუ „ლენინურ იმპერიას“ საფრთხე შეექმნებოდა.
მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, მიზანმა საშუალება გაამართლა და როგორც კი „რკინის ფარდა“ „გაიხა“, ეთნოკონფლიქტური ნაღმებიც აფეთქდა.
რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის ომს, ყველაფერი, ჯერ კიდევ, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო.
კერძოდ, ქართული „ვიკიპედიის“ თანახმად, მთიანი ყარაბაღისთვის ოფიციალური ერევანი და ოფიციალური ბაქო ერთმანეთს პირველად ლამის ერთი საუკუნის წინათ დაეტაკნენ და მაშინ ეს უთანხმოება აზერბაიჯანის გამარჯვებით დამთავრდა, ანუ მთიან ყარაბაღზე კონტროლი ბაქომ დააწესა.
„1921 წელს რუსეთმა კავკასიის სამივე სახელმწიფო _ სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო.
საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ ყარაბაღი სომხეთის სსრ-ს გადაეცა, რასაც აზერბაიჯანში დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა, ერევანში კი ისევ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება მიმდინარეობდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 1921 წელს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადაეცა.
1923 წელს ტერიტორია მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ რეგიონად გამოცხადდა და აზერბაიჯანის სსრ-ში შევიდა. ამ დროისთვის ყარაბაღის მოსახლეობის 94% სომეხი იყო. ავტონომიური რეგიონის დედაქალაქი შუშადან ხანკენდში გადაიტანეს, რომელსაც სომხური მხარე სტეფანაკერტს უწოდებს“, _ ნათქვამია ქართულ „ვიკიპედიაში“.
ვიდრე საბჭოთა კავშირი მონოლითურ სახელმწიფოდ ითვლებოდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა სუფევდა, თუმცა ეს მშვიდობა მყიფე იყო. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც კრემლის მმართველი მიხეილ გორბაჩოვი გახდა და „წითელ იმპერიას“ ე. წ. ლიბერალური რეფორმების ტალღამ გადაუარა, „მოძმე“ რესპუბლიკებმა თვითგამორკვევა დაიწყეს და ყარაბაღის მიძინებული კონფლიქტიც გაცოცხლდა. კერძოდ, 1987 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სომხებით დასახლებულ სოფელ ჩარდახლიში ეროვნებით აზერბაიჯანელი კოლმეურნეობის თავმჯდომარე დაინიშნა, რასაც სოფლის სომეხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ამ პროტესტმა ერევნამდე ჩააღწია, სადაც სხვა საკითხზე საპროტესტო აქციები იმართებოდა. ჩარდახლიდან მისული ცნობების შემდეგ კი ამ აქციების პათოსი შეიცვალა, ანუ პროტესტანტებმა ყარაბაღისა და ნახჭევანის სომხეთისთვის გადაცემა ღიად მოითხოვეს. საბჭოთა ხელისუფლებას ამ მოთხოვნისთვის თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევია, რამაც მხარეები გაათამამა და 1988 წლის 20 თებერვალს მთიანი ყარაბაღის საოლქო საბჭომ დეკლარაცია გამოსცა, რომელსაც საბჭოს ყველა სომეხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დეკლარაციის მიხედვით, საბჭო საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა აზერბაიჯანის მთავრობებს სთხოვდა, ყარაბაღი სომხეთისათვის გადაეცა. პარალელურად, სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინა…
პირველი შეიარაღებული შეტაკება სწორედ ყარაბაღის საოლქო საბჭოს დეკლარაციას მოჰყვა. 1988 წლის 22 თებერვლის დაპირისპირებას ორი აზერბაიჯანელის სიცოცხლე შეეწირა. ყველაფერმა ამან მთელ აზერბაიჯანში დიდი პროტესტი გამოიწვია და მოსახლეობამ ეთნიკურ სომხებზე თავდასხმები დაიწყო. 1988 წლის 27 თებერვლის საღამოს კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სუმგაითში აზერბაიჯანელებმა ქალაქის მოსახლეობაზე შტურმი მიიტანეს და… ათობით სომეხი სიცოცხლეს გამოასალმეს. გადარჩენილი სომხები იძლებული გახდნენ, მხოლოდ სუმგაითი კი არა, აზერბაიჯანი დაეტოვებინათ. მაშინ სომეხი ლტოლვილები საქართველოშიც შემოვიდნენ…
სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება თანდათან ინტენსიურ სახეს იღებდა. ორივე მხარემ შეიარაღებული ჯგუფების ფორმირება დაიწყო… ამასობაში, ანუ 1988 წლის 7 დეკემბერს, სომხეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და ქალაქები გიუმრი და სპიტაკი სერიოზულად დააზარალა. მიწისძვრის მასშტაბები იმდენად დიდი იყო, რომ ყარაბაღის საკითხი დროებით ყველას დაავიწყდა. კრემლმა სწორედ ამით ისარგებლა და იმხანად გავლენიანი სომხური ორგანიზაციის _ „ყარაბაღის კომიტეტის“ წევრები, მათ შორის, ლევონ ტერ-პეტროსიანი დააკავა. პარალელურად, 1989 წლის 12 იანვარს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის უმაღლესმა პრეზიდიუმმა ბრძანება გამოსცა, რომლითაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქზე საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი დამყარდა.
1989 წლის მაისში „ყარაბაღის კომიტეტის“ წევრები გაათავისუფლეს. მათ, სომხეთში მოქმედ სხვა ნაციონალისტურ ძალებთან ერთად, „სომხეთის ეროვნული მოძრაობა“ დააარსეს. ამავე დროს, აზერბაიჯანში „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“ ჩამოყალიბდა, რომელსაც აბულფაზ ელჩიბეი ჩაუდგა სათავეში. ელჩიბეი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარების რუპორი გახლდათ… იმავე წლის ნოემბერში საბჭოთა ხელისუფლებამ მთიანი ყარაბაღი ისევ აზერბაიჯანს მიაკუთვნა, რის საპასუხოდაც სომხეთის ხელისუფლებამ ყარაბაღი და სომხეთი გაერთიანებულად გამოაცხადა…
1990 წლის 13 იანვარს ბაქოში სომხებზე მასობრივი თავდასხმები იწყება, რა დროსაც 90 ადამიანი იღუპება. კრემლი აზერბაიჯანში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და ქვეყნის დიდ ქალაქებში, მათ შორის, ბაქოში, სამხედრო ოპერაციას ატარებს, რასაც ოფიციალური ცნობებით, 148 ადამიანი ეწირება. სხვათა შორის, 19-20 იანვრის მოვლენები აზერბაიჯანის უახლეს ისტორიაში „შავი იანვრის“ სახელითაა შესული. ამ სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ აზერბაიჯანის მოსახლეობა კომუნისტურ პარტიას მასობრივად ტოვებს… ერთი სიტყვით, კრემლი ოფიციალურ ბაქოზე კონტროლს, პრაქტიკულად, კარგავს…
მართალია, ამის შემდეგ სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობები აღარ დამთბარა, მაგრამ მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტი, მცირე აფეთქებებს თუ არ ჩავთვლით, გაიყინა და აი, ახლა, ყველაფერი თითქოს წარსულში, ანუ 90-იანებში დაბრუნდა _ ორმა მეზობელმა რესპუბლიკამ ერთმანეთზე იერიში კვლავ მიიტანა.
სხვათა შორის, უკვე არსებობს ცნობა, რომ ამ განახლებულ კონფლიქტს ერთი ინგილოს სიცოცხლე შეეწირა _ 19 წლის ბიჭი აზერბაიჯანულ ჯარში ექვსი თვის წინ გაიწვიეს და კონფლიქტის განახლებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიღუპა…
ისე, ზოგიერთმა შეიძლება თქვას, ჩვენ ჩვენი მკვდარი ვიტიროთ, სომხები და აზერბაიჯანელები უჩვენოდაც მორიგდებიანო, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არაა, ანუ, ჯერ ერთი, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, სომხეთთან კი, როგორც მეზობელთან, მინიმუმ, კარგი ურთიერთობა გვაქვს. შესაბამისად, სამეზობლოს კონფლიქტი, გვინდა თუ არა, ჩვენზეც იქონიებს გავლენას.
მეორე და მთავარიც: საქართველოში ეთნიკური სომხებიც მრავლად ცხოვრობენ და ეთნიკური აზერბაიჯანელებიც (ისინი საერთო მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენენ). ჰოდა, თუ მესამე ძალამ, ე. ი., ამ შემთხვევაში, რუსეთმა მოინდომა, შესაძლოა, ეს ეთნიკური არაქართველები აამხედროს. სხვათა შორის, უკვე იყო პრეცედენტი, როცა სამცხე-ჯავახეთის სომხური მოსახლეობის ნაწილი რამდენიმე დღის წინ შეიკრიბა და იმაზე დაიწყო მსჯელობა, ისტორიულ სამშობლოს როგორ შეიძლება დაეხმაროს.
ერთი სიტყვით, საფრთხე, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული სამხედრო კონფლიქტიდან გვემუქრება, არცთუ უსაფუძვლოა და ამის თაობაზე ექსპერტებიც საუბრობენ.
აი, მაგალითად, „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელი, დავით გოჩავა ამბობს, რომ ყარაბაღის ომის შედეგები მძიმე იქნება:
„რეგიონში ისეთი ვითარებაა, რომ არჩევნებზე ხელისუფლება ყველა შეთხვევაში უნდა შეიცვალოს. ჩვენ უფრო მეტი დემოკრატია უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, ვიდრე ეს ანკარაშია _ ყველას უნდა დავანახოთ, რომ სამხრეთ კავკასიის გასაღები თბილისშია და ის დემოკრატიის ცენტრია.
ყარაბაღის ომის შედეგები ისეთი იქნება, რომ იგივე ხელისუფლება კი არა, ახალიც ვერაფერს იზამს, რადგან ის, რეალურად, ახალი არ იქნება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის დემონსტრირება, რაც გამორიცხულია ბაქოში, ერევანში, მინსკში, მოსკოვში… ასე ჩვენ დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერას დავიმსახურებთ! ეს მხარდაჭრა კი აუცილებლად დაგვჭირდება“.
ლელა ჯეჯელავა კი, რომელიც „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის“ ხელმძღვანელია და სამეზობლოს ამბებს ზედმიწევნით კარგად იცნობს, ამბობს, რომ იმის ფონზე, რაც ჩვენს საზღვრებთან ხდება, საქართველოს ხელისუფლებას ურთულესი მისია აკისრია:
„ერთი კვირის შემდეგ რეგიონში ომის მასშტაბი, შემცირების ნაცვლად, იზრდება. აშკარაა, რომ ორი მეზობელი სახელმწიფოს სამხედრო დაპირისპირების ფონზე ჩვენ მიმართ მიმდინარეობს ასევე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომი. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ფონზე ურთულესი მისია აქვს ჩვენს სახელმწიფოს _ უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეებისა და, პირველ რიგში, აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეების საინფორმაციო უსაფრთხოება. ამის გარეშე ვერ შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების დაცვას.
იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვყავს ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომლებიც უმოკლეს ვადაში შეიმუშავებენ შესაბამის სტრატიგიას (თუ არსებობს უკვე, შეუდგებიან მის განხორციელებას).
სხვათა შორის, კონფლიქტს სართაშორისო სამართალსა და ისტორიულ სამართლიანობას შორის, საბოლოოდ, მიწის სამართალი წყვეტს. მიწას თავის კანონები აქვს _ ის სხვა პრინციპებით მუშაობს, მას სხვა ფაქტორები განსაზღვრავს, მაგრამ უტყუარია: მისი ერთი დღე შეიძლება, ჩვენი ასი წლის ტოლფასი იყოს. მთავარი კი ის არის, რომ მიწას პატრონი უნდა იმსახურებდეს. ხომ გაგიგიათ, ადამიანზეც იტყვიან ხოლმე, მაგას მიწაც არ ეკუთვნისო“, _ ამბობს ჯეჯელავა.
სხვა ანალიტიკოსები კი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის კონტექსტში მოახლოებულ 31 ოქტომბერს ახსენებენ, ანუ ქვემო ქართლის ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და ჯავახეთში მცოხვრები ეთნიკური სომხების ყურადღება, ძალაუნებურად, ამ ომზე იქნება კონცენტრირებული და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ არჩევნების მიმართ ინტერესი დაკარგონ…
ერთი სიტყვით, იმ დროს, როცა მთელი ყურადღება კორონავირუსზე კეთდება, რაც, ალბათ, გამართლებულია, შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ კოვიდინფექცია საერთოდ დაგვავიწყდეს. ასე რომ, სიფრთხილე და წინდახედულება აუცილებელია, რაც, სხვათა შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მაინცდამაინც არ გამოუჩენია, ანუ მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა, სადაც პირდაპირ თქვა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა:
„ჩემი პოზიცია სრულიად ცხადია და ის სახელმწიფოს მთლიანობის პრინციპს ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას წარმოადგენს და ამას ვერაფერი შეცვლის. რა თქმა უნდა, ყველას, ვინც გამოგდებულია ამ ტერიტორიიდან, სახლში დაბრუნების უფლება აქვს და ვინც უკვე ცხოვრობს იქ, მათ აქვთ უფლება, რომ სიმშვიდეში იცხოვრონ და მათი უფლებები დაცული იყოს“.
დავუშვათ, ის, რაც სააკაშვილმა თქვა, სიმართლეა, მაგრამ ეს განცხადება ზოგიერთმა პროვოკაციულად მონათლა და სომხეთმა მას ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვა. ამ ინიციატივით სომხეთის განათლების მინისტრი, არაიკ არუთინიანი გამოვიდა.
მოკლედ, სამხრეთ კავკასიაში ცეცხლი ანთია. ახლა მთავარია, მხარეებმა და მედიატორებმა იმდენი მოახერხონ, რომ ეს ცეცხლი ისეთ ხანძარში არ გადაიზარდოს, რომლის ჩაქრობასაც წლები დასჭირდება!..

გიორგი აბაშიძე