საბა გაბიძაშვილი: „ჩვენი კოზირი: ახალგაზრდები არ ვიყიდებით!“

„ქართული არჩევანი“, _ ეს იმ პარტიის დასახელებაა, რომლის უმრავლესობასაც ახალგაზრდები შეადგენენ. პარტია, სულ რაღაც, სამი თვეა, რაც დაფუძნდა, თუმცა მას უკვე აქვს პოლიტიკური ამბიციები და მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას გეგმავს.

როგორ აპირებენ ამომრჩევლის ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვებას? რა რესურსები აქვთ და რა არის მთავარი გზავნილი მოსახლეობისთვის?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ პარტია „ქართული არჩევანის“ დამფუძნებელსა და პოლიტიკური საბჭოს წევრ საბა გაბიძაშვილს ესაუბრა:

_ პირველ რიგში, მკითხველს გავაცნოთ, ვინ არის საბა გაბიძაშვილი?
_ მე ვარ პარტია „ქართული არჩევანის“ დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი. სულ რაღაც სამი თვეა, რაც ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩავერთეთ. 2020 წლის 20 აგვისტოს გავხდით საარჩევნო სუბიექტი. მას შემდეგ ვცდილობთ, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენს პარტიას განსხვავებული ნიშა აქვს, პარტიის 98%, სწორედ, ახალგაზრდები ვართ.
_ რატომ გადაწყვიტეთ პარტიის დაფუძნება?
_ ახალგაზრდები, ისევე როგორც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, მუდმივად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია, თუმცა ხელისუფლება არაკეთილსინდისიერად იქცევა და მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. ამავდროულად, 30 წელია, ქართული პოლიტიკა მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაჯანსაღოთ ქართული პოლიტიკა და უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს პოლიტიკაში, შემდეგ კი გადავჭრათ ჩვენ წინაშე არსებული პრობლემები. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების გარეშე ამ მოჯადოებული წრის გარღვევა შეუძლებელია, ამიტომ „ქართული არჩევანის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ამ მისიის შესრულებაა. სანამ პარტიას შევქმნიდით, ბევრი ვიფიქრეთ, თუ რისი გაკეთება გვინდოდა პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში. ეს კარგად გავიაზრეთ და დღეს ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს, „ქართული არჩევანი“ გააკეთოს, ანუ მხარი დაუჭიროს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს.
_ რა რესურსებით მოდიხართ პოლიტიკაში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ფინანსურ რესურსსაც? დამეთანხმებით, ალბათ, რომ ფინანსური რესურსი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
_ რეალურად, პარტია შემოწირულობებით უნდა ფინანსდებოდეს. გვაქვს ანგარიში, რომელზედაც მოსახლეობა მიზერულ თანხებს რიცხავს, ასევე თითოეული წევრი ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობთ, თავადვე გამოვყოთ სახსრები. არ დაგიმალავთ, თავიდან კონკრეტული ბიზნესმენებისგან იყო დაფინანსების შემოთავაზება (არ დავაკონკრეტებ, ვისგან), თუმცა ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვით. არ გვინდოდა, პარლამენტში შესვლის შემდეგ რომელიმე ბიზნესმენთან ანგარიშვალდებულად გვეგრძნო თავი. სხვა პარტიებისგან განსხვავებით ჩვენ ანგარიშვალდებული ვიქნებით ხალხთან და გავაკეთებთ იმას, რაც ხალხს სჭირდება. დაქირავებული ვიქნებით ხალხის და არა ბიზნესმენების მიერ. რაც შეეხება ინტელექტუალურ რესურსს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა ბატონი ბეჟან გუნავა, რომელიც ორი მოწვევის პარლამენტარია და რომელსაც დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს, ასევე ჩვენი გუნდის წევრია საერთაშორისო დონის იურისტი თემურ გოგსაძე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია საღად მოაზროვნე, განათლებული ახალგაზრდებით, ძირითადად ეკონომისტები და იურისტები სჭარბობენ, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც კანონშემოქმედებითი საქმიანობა უნდა აწარმოონ.
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი პარტია, _ შესაძლოა, ასე აღიქვას ამომრჩეველმა „ქართული არჩევანი“. ბუნებრივმა ბარიერმა ხომ არ განაპირობა ამ პარტიის შექმნა?
_ რა თქმა უნდა, ნულოვანი ბარიერი ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა ჩვენთვის, თუმცა პარტიის შექმნის იდეა ბევრად უფრო ადრე გაგვიჩნდა. პარტიის შექმნის წინაპირობა ნულოვანი ბარიერი ნამდვილად არ ყოფილა.
_ გეთანხმებით, რომ მოსახლეობა ერთი და იგივე სახეებით დაიღალა, თუმცა რა ფორმით ახერხებთ ხალხთან კომუნიკაციას და პარტიის გაცნობას?
_ პარტიაში 600-მდე ახალგაზრდა ვართ. ჩვენ საქართველოს რეგიონებში დავდივართ და ხალხს პროგრამას ვაცნობთ. გასულ კვირას პირადად ვიყავი სვანეთსა და იმერეთში. არაერთხელ მივმართეთ ტელევიზიებს, თუმცა მათ თავიანთი ინტერესები აქვთ. პოლიტიკის მსგავსად მედიაც ორპოლუსიანია და არ გვითმობს საეთერო დროს ახალგაზრდებს, რომ ჩვენი იდეები და პროგრამა წარვუდგინოთ საზოგადოებას. ხალხი დაღლილია ეთერებში მუდმივი დაპირისპირებითა და პოლიტიკური კინკლაობით, თუმცა წლებია, ამას ვუყურებთ. ჩვენ პოზიტიურ დღის წესრიგს ვთავაზობთ მოსახლეობას, რომელსაც არ აშუქებენ. მაგალითად, კახეთში ხალხს დავეხმარეთ, ბათუმში 200-მდე ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართი, _ ამ სახის აქტივობებს მედია არ აშუქებს. მიუხედავად ამისა, აქტიურად ვაგრძელებთ კარდაკარის კამპანიას.
_ როგორ გხვდებათ მოსახლეობა?
_ გარემო პოლარიზებულია, ამიტომ მეგონა, რომ მოსახლეობასთან ურთიერთობა გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ხალხს იმდენად ამოუვიდა ყელში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომ განსაკუთრებით ახარებთ ჩვენი, ახლაგაზრდების გამოჩენა. მაქსიმალურ მხარდაჭერას გვპირდებიან, ყველას უხარია ახალი სახეების ხილვა.
_ რას სთავაზობთ ამომრჩეველს და კონკრეტულად ახალგაზრდებს?
_ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დაპირებები არ გვაქვს. წლებია, წინასაარჩევნოდ მოსახლეობა დაპირებებს ისმენს, თუმცა მას არავინ ასრულებს და პრობლემები უცვლელი რჩება. ჩვენი პარტია მსგავსს დაპირებებს არ გასცემს, ჩვენ პარლამენტში პირდაპირ 12 საკანონმდებლო ინიციატივა დავარეგისტრირეთ. ეს ინიციატივები მოიცავს: უსახლო პირების დაბინავების უზრუნველყოფას; პენსიის გაზრდას მინისტრის ხელფასის რაოდენობის 10%-მდე, რაც 700-ს ლარს უდრის; ომისა და სამხედრო ვეტერანების პენსიის 200 ლარამდე გაზრდას და ა. შ. აბსოლუტურად ყველაფერი გაწერილი გვაქვს, როგორ უნდა უზრუნველვყოთ ამ ყველაფრის განხორციელება. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათ უპერსპექტივობისა და ნიჰილიზმის განცდა აქვთ, განსაკუთრებით კი მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში. ამიტომაც აუცილებელია, ახალგაზრდებს შევუქმნათ სამუშაო ადგილები. ასეთ შემთხვევაში მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთ რეგიონებში დაფუძნდნენ და არ მოუწიოთ დიდ ქალაქებში ჩამოსვლა. დიდი დატვირთვაა დედაქალაქზე, ამ დროს კი რეგიონები დაცარიელებულია ახალგაზრდებისგან ან ვინც რჩება, უპერსპექტივობის განცდა აქვს. ინიციატივა გვქონდა, რომ პანდემიიდან გამომდინარე სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლის გადასახადი გაუქმებულიყო, ვინაიდან ოჯახებს ამ პერიოდში შეუმცირდათ შემოსავალი და ძალიან ბევრი სტუდენტი სწავლის გადასახადის დაფარვას ვერ ახერხებდა. თუმცა ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა, ამიტომ აუცილებელია, ახალგაზრდების ინტერესებს პარლამენტში ახალგაზრდებისვე წარმომადგენელი იცავდეს და იმ პრობლემებზე საუბრობდეს, რაც რეალურად ახალ თაობას აწუხებს. პარლამენტს მიღმა ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი და ბევრი რამის მოთხოვნა, თუმცა, საბოლოო ჯამში, კანონებს პარლამენტი იღებს, ამიტომ პარლამენტში უნდა ისხდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ამ პრობლემების გადაჭრა სურთ. ზუსტად ამისთვის ვიბრძვით, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან ვისაუბროთ ხალხის, ახალგაზრდების ტკივილზე. საზოგადოებაში პოლიტიკური თვითშეგნება უნდა ამაღლდეს და უნარი გამოგვიმუშავდეს, რომ ფულის სანაცვლოდ კი არ უნდა მივცეთ ხმა, არამედ უნდა გავაანალიზოთ, კონკრეტული პარტია გააკეთებს თუ არა საქმეს. ეროვნულად უნდა ვიფიქროთ, ამავდროულად, პარტიების მიზანი არ უნდა იყოს კონკრტეული პირების, ბიზნესმენების ლობირება.
_ მართალია, ამომრჩეველი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისგან იმედგაცრუებულია, თუმცა ელექტორატმა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად იცის. თქვენ რატომ უნდა გენდოთ მაშინ, როცა არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ გაგაჩნიათ?
_ ამომრჩეველი იმედგაცრუებულია და ეს ფაქტია, ნიჰილიზმი სწორედ აქედან გამომდინარეობს. ყველასთვის ცნობილია, რომელი პარტია რომელ ბიზნესმენს ლობირებს, ისინი უკვე ჩვეულებრივ ლობისტებად იქცნენ. ამიტომ ეს კანონმდებლები არ იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც თანაბარ კონკურეტულ პირობებში ამყოფებს ყველა ბიზნესს. ამდენად, აუცილებელია, აქცენტი გაკეთდეს ახალგაზრდულ ძალებზე, არა მხოლოდ ჩვენს, სხვა პარტიებზეც. ახალგაზრდებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია გვქონდეს სუფთა სინდისი, ახალგაზრდა არ იყიდება მარტივად, საბჭოთა კავშირის პოლიტიკოსისგან განსხვავებით. ჩვენი კოზირია, რომ ახალგაზრდები არ ვიყიდებით. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. მთავარია, ჩვენ გვინდა ეროვნული საქმის გაკეთება.
მილიონერის მმართველობის პერიოდში კიდევ უფრო გავღატაკდით! დროა, ხელისუფლება ვანდოთ ახალ თაობას. ადამიანი, როცა ექიმთან მიდის და მკურნალობას შედეგი არ აქვს, ახლის ძებნას იწყებს. ასე უნდა იფიქროს ამომრჩეველმაც, არ არის ნიჰილიზმის დრო.
_ როგორია თქვენი პოლიტიკური ამბიციები, მაქსიმუმ რამდენი პროცენტის აღებას გეგმავთ?
_ რთული სათქმელია, კონკრეტულ ციფრს ვერ გეტყვით, თუმცა ცალსახად მოგახსენებთ, რომ პარლამენტში აუცილებლად შევალთ. თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ ამომრჩეველს, რომ საარჩევნო ყუთთან როცა მივლენ, გააკეთონ „ქართული არჩევანი“.

ნენე ინჯგია