ვისი ბულინგის გამო მოიკლა თავი ზუკა ბეჟანიშვილმა?

ჯერ კიდევ გასულ წელს გაზაფხულზე დედოფლისწყაროში იმუშავა მუშად, ზაფხულში _ ვენახში, შემოდგომაზე კი _ რთველში… ბავშვობის ოცნება აისრულა და საკუთარი ცხენი იყიდა…
მერე ალაზნის ჭალაში თუშებთან იჯირითა და დოღში მეორე ადგილზე გავიდა… არადა, ადვილი არ არის, მეორე ადგილის მოპოვება პირველივე დოღში… არ დათრგუნულა. არა, ძალიან რეალისტურად უყურებდა მოვლენას და თქვა, რომ პირველი ადგილი თუშის ცხენისა იყო, ჩემმა რაშმა მეორეზე რომ გამიყვანა, ეგეც სასახელოაო…

ამბობდა, რომ როცა გაიზრდებოდა, ვეტექიმობა უნდოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ადამიანებს ბევრი ექიმი ჰყავდათ, ცხოველებზე კი ნაკლებად ზრუნავდა საზოგადოება.
სახლში ახლაც სამი ლეკვი ელოდება, მეძებარი ძაღლები… სახელების დარქმევა ვერ მოასწრო, ახლა მის მაგივრად ლეკვებს პაპა უვლის…
პაპა ელაპარაკება პატარებს და ჰპირდება, რომ მათი პატრონის გულის ტკივილისთვის დედამიწას გადააბრუნებს…
არავინ იცის, უყვრდა თუ არა მანამდე სხვა, ვიდრე არ გამოჩნდა ის… გოგონა ქალაქიდან…
მეგობრებს უთხა, რომ შეუყვარდა… გოგოს ვერ გაუბედა, ვერ ჰკადრა… მაგრამ სჯეროდა, რომ ის იყო მისი პირველიც და უკანასკნელი სიყვარულიც…
უკანასკნელი იმიტომ, რომ ივლისში ამქვეყნიდან წავიდა…
5 სექტემბერს დაბადების დღე ვეღარ გადაიხადა…
ვერც სიცოცხლეში შეძლო იმ გოგოსთვის ხმამაღლა თქმა, რომ უყვარდა…
სულ 16 შემოდგომა იცოცხლა და მე-17 შემოდგომას უარი უთხრა შეხვედრაზე…
რადგან ივლისის ერთ დილას მისმა გამზრდელმა პაპამ თონეში თოკზე ჩამოკიდებული იპოვა…
ეს ამბავი ზუკა ბეჟანიშვილს ეხება…
ივლისში დედისერთა ბიჭმა სოფელ ართანაში ხის კოჭთან დაასრულა სუნთქვა.
რატომ?! ესაა დღეს ჩვენი მთავარი კითხვა და ვეცდებით, ბოლომდე მოვფინოთ სინათლე, რა მოხდა მანამდე.

ბელა ბეჟანიშვილი, გარდაცვლილი ზუკას მამიდა, „ქრონიკა+“-ს უყვება:
_ ზუკა იყო ლაღი, თავისუფალი, მშრომელი, ალალმართალი, გულწრფელი და კეთილი ბიჭი. შეუძლებელია, ვინმე არსებობდეს დედამიწის ზურგზე, ვინც იტყვის, რომ ზუკამ მას რამე დაუშავა. ზუკას ბავშვობიდან ზრდის მამაჩემი, ანუ პაპა, განსაკუთრებული სიყვარულითა და ზრუნვით, ზუკა მამაჩემის მოსახელეა. რაც შეგვეძლო, ოჯახს არ ვაკლებდით არაფერს, მაგრამ თავადაც მშრომელი ბავშვი იყო. სულ ეხმარებოდა დედას, პაპას. ჰყავდა მეგობრები. თანასოფლელებს ძალიან, ძალიან უყვარდათ იგი. ერთი შეხედვით, არანაირი პრობლემა არ არსებობდა 2020 წლის პირველ ივლისამდე, რაც ზუკას აიძულებდა, რომ თავი ჩამოეხრჩო.
_ და მაინც, რას ფიქრობს ოჯახი, რა მოხდა?
_ ოჯახი ფიქრობს, რომ ზუკა ბულინგის მსხვერპლი გახდა ერთ-ერთი თანასოფელი ბიჭის მიერ. და სწორედ მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო ამ დამცირებას და გადაწყვიტა ის, რამაც საბოლოოდ გააუბედურა ოჯახიც, დედაც და თავად ზუკაც დაღუპა. როგორც გავიგე, ერთი გოგო შეუყვარდა. აღმოჩნდა, რომ ის გოგო ამავე სოფლის ერთ ყოჩს მოსწონდა. ეს ის ყოჩია, რომელიც ქურდობაზე ოცნებობს და ზურგს ხელისუფლების წარმომადგენელი დედამისი უმაგრებს.
_ კონკრეტულად რომ მოვყვეთ, რა დაპირისპირება მოხდა?
_ იმ ბიჭმა უბედურ შემთხვევამდე ზუკას სოფლის ცენტრში სხვა თანატოლებთან ერთად აიძულა, რომ მობილური ტელეფონი მისთვის მიეცა. ვფიქრობ, ზუკასა და იმ გოგოს მიმოწერა საჯაროდ წაიკითხა სხვების თანდასწრებით და ეს გახდა მიზეზი ჩემი ძმისშვილის დამცირებისა და გაღიზიანების. ამის მერე მეორე ჩხუბი მდინარის პირას ხდება. მალევე მესამედ ჩხუბობენ სოფლის ცენტრში, დანგრეული კულტურის სახლის შენობაში, სადაც უკვე ორივე ფიზიკურად უპირისპირდება ერთმანეთს. გაშველების შემდეგ ზუკა სახლში აღარ რჩება და თავის მეგობარს მიჰყავს. სატელეფონო მიმოწერიდან ჩანს, რომ ზუკა ძალიან ცუდ ხასიათზეა და ვერ აწყნარებენ. ასევე იგივე ჩანაწერიდან ისიც ირკვევა, რომ ზუკას ერთი ხელი დაზიანებული აქვს, რადგან გამწარებული კედელს ურტყამს მუშტს.
_ ამ ამბიდან რამდენ ხანში ხდება უბედური შემთხვევა?
_ გათენებისას სახლში ბრუნდება. არ იმჩნევს ბებიასთან და პაპასთან არაფერს, მაგრამ მაინც გაღიზიანებულია. საღამოს სახლიდან გადის და გვიან შემოდის, ტალავერში შუქს აქრობს. ბებიას, პაპასა და დედას ჰგონიათ, რომ ის იძინებს, თუმცა დილით მამაჩემს საშინელი სურათი ხვდება სათონეში _ ლუკას თავი აქვს ჩამომხრჩვალი. დალურჯებები აქვს ყელთან, ნათითრები, _ ალბათ მიხვდა, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ თოკისგან განთავისუფლება ვერ მოახერხა… ანუ ჩხუბიდან 24 საათში ლუკა თავს იკლავს.
_ საღამოს, სანამდე სახლში მოვიდოდა, სად იყო?
_ ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც არ ვიცით. ექსპერტიზის დასკვნით ლუკას ორგანიზმში მცირე რაოდენობის ალკოჰოლი ამოვიდა. ლუკას არ უყვარდა ალკოჰოლის მიღება. ამიტომ რადგან მცირე დოზით, მაგრამ მაინც ამოვიდა ალკოჰოლი, ვფიქრობ, რომ ის საღამოს სახლიდან იმიტომ გავიდა, რომ „დაპატიჟებული“ იყო სადღაც, სადაც მცირე ალკოჰოლი მიიღო და, სავარაუდოდ, იქ მოხდა კიდევ რაღაც ან სახლში სადმე, რადგან ამბობენ, სოფლის ცენტრში არავის უნახავს გასულიო.
ვფიქრობ, სადმე მიიტყუეს და ეს ბიჭები, რომლებთანაც წინა დღეს ჩხუბი მოუვიდა, მივიდნენ და იქ რაღაც მოხდა. ამის ძალიან დიდად მჯერა.
_ ხომ ფაქტია, რომ მათ ჩხუბი დაასრულეს?
_ არა, არ არის ასე. არ იცით, ვინაა ის თავზეხელაღებული ბიჭი და მისი მეგობარი. არც ის იცით, ვინ დგას მათ უკან. არც ის იცით, რა გავლენები აქვს დედამისს.
_ რა გავლენები აქვს დედამისს?
_ ძალიან დიდი, ის ამ სოფელში ხელისუფლების საყრდენია, დადის და ხალხს აშინებს, შვილი კი თანატოლებს აბულინგებს. და რას ამბობს, იცით? _ ვინმემ რომ ახსენოს მისი შვილი, თვითონ გაუსწორდება. და, აბა, გაბედოს პოლიციამ და მის შვილს შეეხოს. ჩემი ძმისშვილი მიწაში უნდა იწვეს და მისმა შვილმა სოფელში ადამიანების დამცირება და დაჩაგვრა გააგრძელოს?!1 სადაური წესია?! სადაა კანონი?!
_ გამოძიება რას ამბობს?
_ გამომძიებელმა დამბლოკა. ნაფარეულის პოლიციის უფროსი მოთმინებას მირჩევს, არადა, ამ დროს მე მივწერე, რომ ჩემთვის ეჭვმიტნილის დედა იყო ოდიშელაშვილებისა და ჩიდრაშვილების ოჯახში და მკაცრად გააფრთხილა, რომ მისი შვილისთვის ხელი არავის დაედო. და პასუხი რაა, იცით? _ დაიკითხებიან, ბელა, ნუ ნერვიულობ. ესენი ფიქრობენ, რომ მე მშვიდად ვუყურებ, არა!.. მე არ მინდა, რომ მამაჩემი მკვლელი გახდეს. არ მინდა, რომ დედას შვილი მოუკვდეს. მინდა, რომ ამ ქვეყანაში ყველა თანაბრად ვიყოთ კანონთან. მინდა, რომ სიმართლე ითქვას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი.
ახლა, თურმე, ჩემს ძმისშვილს არაფერი აღარ ეშველება! მაგრამ სხვის შვილებს უნდა ვუშველო, სანამ მთელი ართანის ახალგაზრდობა თოკზე ჩამომხრჩვალი არ იპოვეს.

რადგან ოჯახის მიერ დასახელებული ეჭვმიტანილი არასრულწლოვანია, ჩვენ მის იდენტიფიცირებას არ ვახდენთ. თუმცა ამ თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.

მაკა მოსიაშვილი