ავთანდილ რეხვიაშვილი: „ტილოებსა და საღებავებს პენსიით ვყიდულობ“

რუბრიკა „საინტერესო ადამიანის“ ფარგლებში „ქრონიკა+“ გაგაცნობთ პერსონას, რომლის დოსიე და ცხოვრებისეული ისტორია მრავალფეროვანია. სწორედ შესავალში მოგიყვებით იმ მამაკაცის შესახებ, რომლის ფესვებიც ონის რაიონიდან მოდის.

დაიბადა სოფელ ჭიორაში. სპორტი და ხატვა ბავშვობიდანვე უყვარდა. პატარა ბიჭს ძალა ისე ერჩოდა, რომ მშობლებმა გადაწყვიტეს, მეექვსე კლასიდან გამოეყვანათ და თბილისში, გლდანის სპორტული პროფილის სკოლა-ინტერნატში შეეყვანათ. მომავალი სპორტსმენტი ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობის სექციაში შევიდა და სპორტულ კარიერაში გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია.
არის სპორტის ოსტატი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში; იყო საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრებთა გუნდების წევრი, თუმცა ერთმა საბედისწერო ვარჯიშმა მოსკოვში თავდაყირა დააყენა ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ცხოვრება.
გაგიკვირდებათ და წარმატებული სპორტსმენი ბავშვობიდანვე არაჩვეულებრივად ხატავდა, თუმცა მისი ნიჭი არათუ ვინმე უცხომ, ოჯახის წევრმაც კი არ იცოდა. მოგვიანებით, მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა. პარალელურად, მხატვრობაშიც აღწევდა წარმატებებს: 1987 წელს ხალხური შემოქმედების მეორე საკავშირო ფესტივალის ლაურეატი გახდა ფერწერაში.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ არაერთ საპასუხისმგებლო სამსახურში მოუწია ყოფნა, მაგალითად, როგორიცაა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სადაც ის კადრების მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, ასევე გახლდათ სამხედრო საზღვაო ძალების კადრების განყოფილების უფროსის მოადგილე და უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
ნოდარ რეხვიაშვილი ფოთის სამხედრო საზღვაო ძალების „ჩრდილოეთის რაიონის“ კადრების უფროსად მუშაობდა. იყო თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის მართვის ცენტრის, კანცელარიისა და კადრების განყოფილების უფროსი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის სასწავლო ნაწილის უფროსის მოადგილე.
მოკლედ, როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, მისი ბიოგრაფია იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ ამის მოსაყოლად ინტერვიუს ეს ფორმატი ნამდვილად არ გვეყოფა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბატონ ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილს, სამხედრო აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ორჯერ ვადაზე ადრე მიენიჭა კაპიტნისა და მაიორის წოდება.
„ქრონიკა+“-სთან საუბრისას რესპონდენტი ამბობს, რომ ხატვა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. გაგიკვირდებათ და მაშინ, როდესაც ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოეწყო, მას არც ერთი ნახატი არ გაუყიდია. თუ რატომ, ამას ქვემოთ გაიგებთ.
ჩვენი საუბარი კი, რა თქმა უნდა, მისი ბავშვობიდან დავიწყეთ:

_ დავიბადე ონის რაიონის სოფელ ჭიორაში. მეექვსე კლასამდე ვსწავლობდი სოფლის სკოლაში, შემდეგ მშობლებმა თბილისში ჩამიყვანეს და გლდანის სპორტსკოლაში შემიყვანეს, რომელიც დავამთავრე ჭიდაობის განხრით. სხვათა შორის, ამ სკოლამ ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა, _ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. ვიყავი სპორტის ოსტატი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ასევე საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრებთა გუნდების წევრი.
_ საბჭოთა კავშირის მასშტაბით ბევრი გასვლითი შეჯიბრება გექნებოდათ.
_ რა თქმა უნდა. მოსკოვში შეკრება გვქონდა, გარე სტადიონზე ვარჯიშობის დროს მაჯაზე ტრავმა მივიღე. ჩემი პარტნიორისთვის რომ არ მიმეყენებინა ტრავმა, მე წავედი დაცემაზე და მხარი დავიზიანე. რომ არა ეს ავბედითი შემთხვევა, ერთ კვირაში უკვე საზღვარგარეთ მიწევდა წასვლა შეჯიბრზე.
_ რატომ დაინდეთ თქვენი მეწყვილე?
_ ასეთი ბუნების ვარ, დამნდობი. მერჩივნა, ჩემი თავისთვის მიმეყენებინა ზიანი და არა _ სხვისთვის.
_ რატომ, ეს ხომ სპორტია? თქვენი კარიერა, მომავალი და წარმატებული ცხოვრება ფერხდებოდა?
_ ნამდვილად, მაგრამ იმ წამს ასე გადავწყვიტე და ბევრი რამ ვერ გავთვალე.
_ შეიძლება ითქვას, რომ ერთმა საბედისწერო ვარჯიშმა, ფაქტობრივად, შეცვალა და დაასრულა თქვენი სპორტული კარიერა.
_ დიახ. ზოგადად, არსებობს სპორტული იღბალი, რომელიც, სამწუხაროდ, მე არ აღმომაჩნდა.
_ არ იმოქმედა ამ ყველაფერმა თქვენზე?
_ როგორ არა. ტირილით წამოვედი მოსკოვიდან.
_ რა განცდა დაგეუფლათ იმ მომენტში?
_ საშინელი. ძალიან რთული აღმოჩნდა იმის გააზრება, რომ ყველაფერი ჩამეშალა. ზუსტად ერთ კვირაში საზღვარგარეთ მივდიოდი შეჯიბრზე.
_ საკუთარ თავს არ ადანაშაულებდით?
_ დიახ, რაღაც-რაღაცებში ვადანაშაულებდი. მოგეხსენებათ, ადამიანი ყველაფერში სრულყოფილი ვერ იქნება და, სამწუხაროდ, ხშირად ვცდებით.
_ ზოგადად, სპორტის ეს სახეობა რატომ აირჩიეთ?
_ როდესაც გლდანის სპორტსკოლაში შემიყვანეს, იქ დიდი არჩევანი არ იყო და სპორტის ყველა სახეობა არ ისწავლებოდა. მკითხეს, თუ რა მინდოდა. ვუთხარი, _ მძლეოსნობა-მეთქი, რადგან ეს შტანგის აწევა მეგონა. საბოლოოდ, ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობის სექციაში შევედი.
_ რა იყო შემდეგ, როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება და მოღვაწეობა?
_ გლდანის სპორტსკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. ჩემმა ბიძაშვილმა, ჯემალ რეხვიაშვილმა, რომელიც ცოცხალი აღარ არის (აცხონოს უფალმა), მშენებლობაზე შემომთავაზა მუშაობა. იქ გაჯით გალესილ კედლებზე ნახშირით ფიგურები მივახატე. ერთხელაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის მხაზველობითი გეომეტრიის კათედრის მასწავლებელ ბიძინა არჩვაძეს უნახავს ეს კედელი და უკითხავს, _ ვინ დახატაო? ერთ-ერთი ჩვენი დამხმარეაო, – უპასუხიათ. იმ დღეს ვერ შემხვდა, ვერც მეორე დღეს, მესამე დღეს შევხვდით ერთმანეთს. მომკიდა ხელი, ჩამიყვანა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ამაღებინა ატესტატის ასლი და მიმიყვანა თოიძის სამხატვრო სასწავლებელში ბატონ სოსო ქოიავასთან.
მოეწონათ ჩემი ნამუშევრები და უგამოცდოდ ჩამრიცხეს. მადლობელი ვარ ბატონი ბიძინასი, _ კაცი, რომელიც გვერდით დაგიდგება, სიკვდილამდე უნდა გახსოვდეს.
ამის მერე პოლიტექნიკური ინსტიტუტიც დავამთავრე, ინჟინრადაც და მხატვრადაც ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას.
_ როგორც ვიცი, ძალოვან სტრუქტურაშიც გიმუშავიათ.
_ დიახ, 1993 წლიდან 2013 წლამდე ძალოვან უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი.
_ მართალია, როგორც თქვენ თქვით, სპორტული იღბალი არ აღმოგაჩნდათ, მაგრამ ძალიან დიდი ხატვის ნიჭით ხართ დაჯილდოებული. პირველად რა დახატეთ?
_ პორტრეტი. მაშინ, ძირითადად, ფანქრით ვასრულებდი, შემდეგ ფუნჯი და ტილო შევიძინე. სულ მეუბნებოდნენ, ნელა ხატე, სად გეჩქარებაო. ბევრჯერ დამიწყია კონკრეტული ნახატის დახატვა, მაგრამ ხასიათის ცვლილების გამო უცებ გამიფუჭებია და აღარ დამიმთავრებია.
_ ხასიათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული?
_ რა თქმა უნდა. ზოგჯერ როგორც წყალი, ისე მომწყურებია და მომნდომებია რაღაცის დახატვა. ცხოვრება ერთი დიდი წახალისებაა. მაგალითად, საერთო მხატვრების გამოფენა რამდენიმე ტელევიზიამ გააშუქა და ასეთი ყურადღება ადამიანს დიდ სტიმულსა და იმის შესაძლებლობას გაძლევს, რომ მუდამ აკეთო შენი საყვარელი საქმე.
_ სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, აღნიშნეთ, ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცოდა, რომ ხატავდით.
_ არავინ იცოდა, მათ შორის, არც ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა.
_ პირველი შემოქმედებითი წარმატება როდის მოვიდა?
– მაშინ ჩარხმშენებელ ქარხანაში ვმუშაობდი. რამდენიმე სურათი გაიგზავნა, მათ შორის, მეუღლის პორტრეტი. ჯერ პროფაკავშირების სასახლეში წაიღეს ჩემი სურათები, შემდეგ – ერევანში, ბოლოს მოსკოვში გადაინაცვლა. სამ თვეზე მეტი იყო გასული. დამირეკეს, მივედი და დიპლომი გადმომცეს.
_ რა არის თქვენთვის ხატვა, _ შემოსავლის წყარო, ჰობი თუ, უბრალოდ, ცხოვრების ნაწილი?
_ ცხოვრების ნაწილია. ეს არის დიდი სიამოვნება. ბოლო სამი წელია, რაც აქტიურად ვხატავ, რადგან მქონდა პერიოდები, როცა ვჩერდებოდი, ვერ ვხატავდი, არ მეცალა და ახლა უკვე ხატვა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა ჩემს ცხოვრებაში.
_ ამ სამი წლის მანძილზე რამდენი ნახატი შექმენით?
_ 115 და 45 გავაჩუქე.
_ ნახატებს არ ყიდით?
_ ადრე პატარა სურათებს ვხატავდი, მშრალ ხიდზე ვაბარებდი და ტურისტები ყიდულობდნენ. ზოგადად, ფულის ინტერესი არასდროს მქონია, ამდენი ნახატი მაქვს და არც ერთი გამაქვს გასაყიდად. გამოფენებზე ბევრს უნდა ჩემი ნახატების შეძენა, მაგრამ ყველას უარს ვეუბნები.
_ რატომ?
_ როგორც პირველი ნამუშევარი, მიყვარს და იმიტომ.
_ თუმცა მხატვრობას ფული სჭირდება, მასალა რომ შეიძინოთ.
_ სჭირდება და ჩემი პენსიით ვყიდულობ ტილოებსა და საღებავებს.
_ ე. ი. მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ხატავთ?
_ საკუთარი სიამოვნებისთვისაც და მინდა, რომ საზოგადოებამ გამიცნოს და გაიცნოს ჩემი ნახატები და შემოქმედება.
_ ოჯახში ვინმე ხატავდა?
_ ცხონებული დედაჩემი ხატავდა და ხატვის ნიჭიც მისგან გამომყვა. სხვათა შორის, საუკეთესო ნაქარგები ჰქონდა. ასევე ჩემი ბიძაშვილი დავით გობეჯიშვილი ლითონზე მუშაობდა.
_ თქვენი ნიჭი თუ გამოყვა თქვენს ქალიშვილს?
_ შვილიშვილი ხატავს, რომელიც საფრანგეთში სწავლობს და ჩემი გოგო, მერიკო, ხატვით არ ხატავს, მაგრამ საოცარი ხედვა აქვს. გეტყვის და გირჩევს, ზოგჯერ ვუჯერებ ხოლმე.
_ გამოფენის გაკეთებას გეგმავთ?
_ რა თქმა უნდა. გამოფენისთვის ნახატების რაოდენობას ვაგროვებ და მალე დავიწყებ ამაზე მუშაობას.

გიორგი საკარული