ნიკა ვარდოშვილი: „ივანიშვილი ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვს და „ოცნების“ გაწირვას აპირებს“

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ვარდოშვილი, კორონაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ამ კარტს ოქტომბრის შუა რიცხვებში გაათამაშებს. იგი ქვეყნის სრულმასშტაბიან ჩაკეტვას არ ელოდება. მისი აზრით, ჩაიკეტება ის სოფლები და მუნიციპალიტეტები, სადაც „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებით ცუდად აქვს საქმე.

ვისგან ელოდება ივანიშვილი უსაფრთხოების გარანტიებს? რატომ არ შეიძლება მისი პატიება? რა ბედი ელით ოლიგარქის გარეშე დარჩენილ მეოცნებეებს? რატომ ცდილობს რუსეთი შალვა ნათელაშვილის დასჯას? აღიარებს თუ არა ოპოზიცია არჩევნების შედეგებს, თუ „ოცნებამ“ უმრავლესობა გაიფორმა? _ ამის შესახებ ნიკა ვარდოშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

ნიკა, გასულ კვირას კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ამას მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ბევრი კორონაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. თქვენ რას აბრალებთ ხალხის დაუდევრობას, თუ მოახლოებულ არჩევნებს?

-ამის შესახებ ჩემი აზრი მაქვს: კორონაინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ მატებას მოახლოებულ არჩევნებს ვუკავშირებ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მთელი გაზაფხული იმას გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა კორონის შეკავება. გიორგი გახარია ლამის ქვეყნის მხსნელად გამოაცხადეს. არჩევნების წინ კორონაინფიცირებულთა რაოდენობის მატება ძალიან საეჭვოა. ვფიქრობ, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ინფიცირებულთა მატება იქნება. არჩევნებამდე ორი-სამი კვირით ადრე ხელისუფლება ახალ სტატისტიკას დადებს და გვეტყვის, რომ კორონა კლებისკენ წავიდა. ამ პრობლემის მომგვარებლად ისევ კრიზისმენეჯერ გახარიას დაასახელებენ. ეს ჩვეულებრივი იაფფასიანი წინასაარჩევნო პიარია.
_ ბევრის აზრით, ინფიცირებულთა რაოდენობა იმიტომ იზრდება, რომ ხელისუფლებას საარჩევნოდ ქვეყნის ჩაკეტვა სურს.
_ ჩაკეტავენ, მაგრამ მთელი ქვეყნის ჩაკეტვას ვერ გაბედავენ. ის სოფლები და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტება, სადაც „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებით მძიმედ ექნება საქმე. ამის მაგალითია სოფელი მატანი. ამ დღეებში გამოგვიცხადეს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში არის კორონაო.
_ რატომ არ შეიძლება, რომ მატანში იყოს კორონა?
_ როგორ არ შეიძლება, მაგრამ რაღა მატანში გამოჩნდა ეს ვირუსი? მატანი არის ოპოზიციურად განწყობილი სოფელი. ეს მაფიქრებინებს, რომ ისეთი სოფლები და მუნიციპალიტეტები ჩაიკიტება, სადაც მმართველი პარტია აშკარა მარცხისთვის არის განწირული.
_ ჩაკეტვას რა აზრი აქვს? ჩაკეტილ სოფელშიც ხომ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები?
_ ჩაკეტილ სოფელშიც ჩატარდება არჩევნები, მაგრამ სადამკვირვებლო თვალსაზრისით გართულდება მუშაობა. დამკვირვებლები ვერ შევლენ. „ქართულ ოცნებას“ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა გაუადვილდება.
_ მღვრიე წყალში დაჭერილი თევზი არჩევნების საბოლოო შედეგზე იმოქმედებს? შეძლებს „ქართული ოცნება“ მისთვის სასურველი შედეგის დადებას ოქტომბრის არჩევნებზე?
_ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ამბობენ, რომ არჩევნებს მოვიგებთო, ისინი აცხადებენ, არჩევნებს გავიფორმებთო. ჰოდა, რაც არ უნდა გაიფორმონ არჩევნები, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას არ დაუშვებს. 16 ამერიკელ კონგრესმენს ის სკანდალური განცხადება შემთხვევით არ გაუკეთებია. როცა არჩევნების წინ ასეთი განცხადებები კეთდება, ეს ბევრ რამეზე მიუთითებს. არც ერთი ამერიკელი კონგრესმენი ან სენატორი არ გააკეთებს განცხადებას საგარეო თემაზე, თუ სახელმწიფო დეპარტამენტიდან არ აქვს თანხმობა. კონგრესმენებმა ივანიშვილს გასაგებად უთხრეს, შენ ხარ რუსი ოლიგარქი და პუტინის ნაცვალი საქართველოში. ისიც ნათლად მიანიშნეს, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნის ვადა ამოიწურა და ის აუცილებლად უნდა წავიდეს.
_ ივანიშვილი, ერთი შეხედვით, არსად წასვლას აპირებს. იგივე ითქმის მის თანაგუნდელებზეც.
_ ვფიქრობ, რომ აპირებს. ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ კარგად აცნობიერებს საქართველოსა და მის გარეთ შექმნილ ვითარებას. არავინ თქვას, რომ ეგ კაცი უტვინოა და მოვლენების შეფასების უნარი არ გააჩნია. ის წასასვლელად ემზადება. ახლა ზის და რაღაც გარანტიებს ელოდება.
_ რა გარანტიებს?
_ უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტიებს.
_ ვისგან სურს ამ გარანტიების მიღება, რუსებისგან თუ ამერიკელებისგან?
_ გარანტიები ყველ მხრისგან სჭირდება. ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ როდესაც ხელისუფლებიდან წავა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება. როცა გარანტიებს მიიღებს, ბარგსაც ჩაალაგებს და წავა.
_ მიიღებს ამ გარანტიებს?
_ მიიღებს თუ არა, ვერ გეტყვით. ჩემი აზრით კი მისთვის ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემა არ შეიძლება.
_ რატომ არ შეიძლება?
_ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ივანიშვილს საყდრისის აფეთქება არ უნდა შერჩეს. მრავალსაუკუნოვანი ისტორია დაგვამხო თავზე. თუ გვინდა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ და კანონი კანონობდეს, რომელიმე ხელისუფლებამ მაინც უნდა აგოს პასუხი მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ჩვენთან ასეთი პრეცედენტი ჯერ არ მომხდარა.
_ როგორ არ მომხდარა: სააკაშვილმა შევარდნაძის ჩინოსნები დაიჭირა, ივანიშვილმა კი სააკაშვილის მინისტრები გაუშვა საპატიმროში.
_ ჩინოსნები დაიჭირეს, მაგრამ პირველ პირებს არავინ შეხებია. არადა, წყალი სათავიდან იმღვრევა ხოლმე. ბიძინა ივანიშვილმა თუ პასუხი არ აგო, მისი მინისტრების პასუხისგებაში მიცემას არანაირი აზრი არ ექნება.
_ რატომ არ ექნება აზრი?
_ იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი მარიონეტები და არანაირი წონა არ გააჩნიათ.
_ ზოგი მინისტრი ისეთი წონიანია.
_ მე პოლიტიკურ წონაზე გეუბნებით. ისე, როგორ არ აქვთ წონა. პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერს წარმოადგენენ და აკეთებენ იმას, რასაც ივანიშვილი უბრძანებს. შეგიძლიათ დამისახელოთ რომელიმე ისეთი მინისტრი, რომელიც გაბედავს ბიძინასთან შეკამათებას და ეტყვის, რომ მისი არგუმენტი არასწორია? ვერ დამისახელებთ, რადგან დღევანდელ მთავრობაში ამას ვერავინ გაბედავს.
_ წესით, მთავრობის წევრს ეს არ უნდა გაუჭირდეს. ივანიშვილს ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ უკავია.
_ ოფიციალურად არ უკავია, მაგრამ ყველაფერს ეგ მართავს. ამასთან, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ივანიშვილი არავის ბედით არ დაინტერესდება. დღეისთვის მის ყველაზე ახლობლად ითვლება ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ მისთვის სულერთი იქნება, მომავალი მთავრობა დაიჭერს თუ არა თავდაცვის მოქმედ მინისტრს.
_ თავისი გუნდის წევრების უსაფრთხოების გარანტიებს არ ითხოვს ივანიშვილი?
_ არა. ის ხელშეუხებლობის გარანტიებს მხოლოდ თავისთვის და საკუთარი ოჯახისთვის ითხოვს. სხვა მაგ კაცს არავინ აინტერესებს. ის მზადაა, მთელი გუნდი გაწიროს. არ დაგვავიწყდეს, თუ რას წარმოადგენს ივანიშვილი. ის პიროვნებად გასული საუკუნის 90-იანი წლების რუსეთში ჩამოყალიბდა. ამ მენტალობით იშოვა ფული და დღემდე ამ მენტალობით მოქმედებს და ცხოვრობს. მან კარგად იცის, რომ ჯუნგლებშია და თვითგადარჩენაზე უნდა იფიქროს. ჯუნგლებში გარშემომყოფების ბედზე არავინ ფიქრობს ხოლმე. ამას არც ივანიშვილი გააკეთებს.
_ წინა არჩევნებზე ის ძალიან აქტიური იყო. ახლა მის პასიურობას რით ხსნით: პანდემიის შიშით არ გამოდის გარეთ, თუ, როგორც თქვენ ამბობთ, უსაფრთხოების გარანტიებზე ჩალიჩობს?
_ ახლა ის სიტუაციის შეფასებით არის დაკავებული. „ტვ ნადეჟდას“ ნამღერი დითირამბების არც მაგას სჯერა. მან ძალიან კარგად იცის, რომ მისი რეიტინგი ისეთი მაღალი არაა, როგორც ამას აღნიშნული ტელეკომპანია წარმოაჩენს. იცის, რომ ხალხში მის მიმართ ძალიან დიდი უკმაყოფილებაა. ივანიშვილს არანაირი შანსი არ აქვს, რომ სერიოზული შედეგი დადოს. არჩევნები თუ არ გააყალბა, ისე ვერაფერს მოიგებს. გაყალბება კი უნდა, მაგრამ ამის გაკეთებაც ეშინია. იცის, რომ გაყალბებას ძალიან დიდი ამბავი მოჰყვება და მისი საქმე ცუდად წავა. ამიტომ არის ჩრდილში, ელოდება ხელშეუხებლობის გარანტიებს. რა გარანტიებსაც მისცემენ, იმის მიხედვით იმოქმედებს.
2016 წელს იმიტომ აქტიურობდა, რომ იცოდა, მის მიმართ ასეთი აგრესია არ იყო. არც დასავლეთი იყო ასეთი რადიკალური. ადმინისტრაციული რესურსის კონტროლით ინარჩუნებდა ძალაუფლებას.
_ 2016 წელს მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, აღიარა არჩევნების შედეგები. ახლაც იგივე ხომ არ მოხდება და ოპოზიცია ივანიშვილის არჩევნების შედეგებს აღიარებს?
_ ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ! ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. რომელი ძალაც ამას გააკეთებს, ის ოპოზიციად არ ჩაითვლება.
_ თქვენ, ალბათ, იმ პარტიებს გულისხმობთ, რომლებიც თქვენი პარტიის ეზოში იკრიბებოდნენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ არიან ივანიშვილის სატელიტი ოპოზიციური პარტიებიც.
_ მაგ სატელიტებს ოპოზიციად არც განვიხილავ. როგორ შეიძლება, მაგათ ოპოზიცია ვუწოდო?!
_ თქვენ შეიძლება, არ მიიჩნიოთ ისინი ოპოზიციად, მაგრამ დასავლეთს ხომ დაანახებენ, რომ აი, ოპოზიციის ნაწილმა არჩევნების შედეგები აღიარაო.
_ დასავლეთმა შესანიშნავად იცის, თუ ვინ არის ირმა ინაშვილი. გასულ წელს ის დევიდ კრამერს მიუვარდა და სერიოზული კონცერტი ჩაატარა. დასავლეთში ჩვენზე უკეთ იციან, რომ ინაშვილი არანაირი ოპოზიცია არაა „პატრიოტთა ალიანსი“ ივანიშვილს არჩევნებს რომ „გაუპრავებს“, ამაში ეჭვიც არ მეპარება. და ეს იცით, როგორი იქნება? _ მელა რომ თავის კუდს მოწმედ მოიყვანს.
_ მთლად მელიისა და მისი კუდის ამბის იმედად არ უნდა იყოთ, „პატრიოტების“ გარდა არჩევნების შედეგები სხვა პარტიებმაც შეიძლება ცნონ.
_ ესეც მოსალოდნელია. იქ „ქართული მარში“ იზამს ამას, აქეთ _ სხვადასხვა წვრილი პარტია. სერიოზული პოლიტიკური ორგანიზაციები გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.
_ რა შემთხვევაში მიიჩნევთ არჩევნებს გაყალბებულად?
_ თუ ივანიშვილი გვეტყვის, რომ უმრავლესობა აიღო და მთავრობას დამოუკიდებლად დააკომპლექტებს.
_ იქნებ, მართლა იღებს ასეთ შედეგს?
_ ხუმრობთ? როგორ შეიძლება, ასეთი რეიტინგით უმრავლესობა მიიღოს?! ის საპარლამენტო უმრავლესობას ვერც სატელიტი პარტიების დახმარებით შეაკოწიწებს.
_ მაგათ რეიტინგი მართლა დაბალი აქვთ, მაგრამ ოპოზიციაც ვერ ხართ ყოჩაღად. თავიდან ძალიან კარგად დაიწყეთ, მაგრამ ახლა აურიეთ და ერთმანეთშიც კი ჩხუბობთ.
_ ჩვენი პარტია არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ დაპირისპირებია. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ოპოზიცია ერთად დამჯდარიყო, რათა პროპორციული არჩევნებისთვის მიგვეღწია. ნაწილობრივ ეს მიზანი მიღწეულია. იმის მიუხედავად, რომ მოლაპარაკებები ჩვენს ოფისში იმართებოდა, ყველანაირად უკანა პლანზე ვიყავით გადაწეული. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ იქ, როგორც მასპინძლები, ისე ვიყავით. ლეიბორისტული პარტიის ოფისი გადაქცეული იყო ადგილად, სადაც ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას მიესვლებოდა. თავიდან ყველა თანაბარი იყო, მერე ვიღაცებს ახალგაზრდულმა ასაკმა შეცდომა დააშვებინა და ათქმევინა, რომ აი, მე უნდა ვიყო ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატიო. ახლა პრემიერობის კანდიდატის დასახელება ოპოზიციის მხრიდან არასერიოზულია.
_ რატომ არის არასერიოზული?
_ არის ერთი მშვენიერი ქართული ანდაზა, _ ბავშვი არ დაბადებულა და აბრამს არქმევდნენო. ჯერ ჩატარდეს არჩევნები, შევხედოთ, ვინ რამდენი პროცენტი აიღო და ამის მიხედვით შევარჩიოთ პრემიერობის კანდიდატი.
_ თქვენი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ნაძალადევის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. წინა კვირაში გავიგეთ, რომ მისი კონკურენტი ირმა ინაშვილი იქნება. ამან ლეიბორისტები ძალიან აღგაშფოთათ. რატომ გაბრაზდით ასე?
_ იმიტომ, რომ ინაშვილის კანდიდატურის დაყენება ნაძალადევში კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. მოსკოვისთვის ნათელაშვილის პერსონა ძალიან გამაღიზიანებელი გახდა.
_ რით გააღიზიანა შალვამ რუსები?
_ შალვა ნათელაშვილს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ვიზიტები ჰქონდა ამერიკაში. ვაშინგტონში ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხი პირველმა მან დააყენა. მერე ჩვენს ოფისში იმართებოდა ოპოზიციური შეკრებები, რომელიც ივანიშვილისა და შესაბამისად რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს ყველაფერი კრემლის გეგმებში არ შედიოდა. რუსებს არც ის გამორჩენიათ, რომ ჩვენ გავრილოვის წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში ვმონაწილეობდით. ამიტომაც გამოიყვანა კრემლმა თავისი ფავორიტი ასპარეზზე და პირდაპირ შალვა ნათელაშვილს დაუყენა კონკურენტად ნაძალადევში. კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს გადაწყვეტილება უშუალოდ მოსკოვში მიიღეს.
არც ისაა შემთხვევითი, რომ სწორედ „პატრიოტებმა“ მიიერთეს მემარცხენე ალიანსი. ეს ურეიტინგო პარტია, თავის დროზე, ლეიბორისტებიდან წასული ხალხით არის დაკომპლექტებული. მათ არანაირი რეიტინგი არ გააჩნიათ.
_ მათ მიერ ნათელაშვილის ლანძღვამ რა შედეგი უნდა გამოიღოს? აქამდეც გმობდნენ შალვას, მაგრამ რა დააკლეს?
_ არანაირ შედეგს არ გამოიღებს, მაგრამ მაინც გაილანძღებიან. „პატრიოტთა ალიანსის“ მიზანი თბილისის ოლქებში არჩევნებში წარმატების მიღწევა არაა. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ „ოცნების“ მაჟორიტარები გაათრიონ.
_ „ოცნების“ მაჟორიტარები „პატრიოტებმა“ როგორ უნდა გაათრიონ?
_ ზოგს ხომ ჰგონია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციაა. ოპოზიციურ კანდიდატებს წაართმევენ ხმას. ამით კი „ქართული ოცნება“ ისარგებლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფრის მიუხედავად თბილისის რვავე ოლქს ოპოზიცია მოიგებს.
_ რეგიონებში რა ხდება? იქ რა შანსები აქვს ოპოზიციას? კახეთს წარმოადგენთ და თქვენი რეგიონის მაგალითზე გვითხარით, რა ხდება?
_ კახეთში მმართველ ძალას კარგად არ აქვს საქმე. თელავს ყოველთვის აგებს „ქართული ოცნება“. იგივე სურათი იქნება ამ არჩევნებზე მთელ კახეთში. ძალიან გამიკვირდება, „ოცნებამ“ კახეთში სერიოზული შედეგი რომ დადოს.
_ რატომ გაგიკვირდებათ?
_ წარმოუდგენელია, რომ კახეთში ივანიშვილს რაიმე რეიტინგი ჰქონდეს. ახლა რთველი მიმდინარეობს. რქაწითელის მაქსიმალური ფასი 85 თეთრია.
_ გახარიამ რომ თქვა, 1 ლარზე ნაკლები არ იქნებაო?
_ დანაპირებს როდის ასრულებდნენ, რომ ეს შეესრულებინათ? კარგად მახსოვს, რას ამბობდა ივანიშვილი, როცა ხელისუფლებაში მოდიოდა. მან განაცხადა, სირცხვილია, ყურძენი ლარი რომ ღირსო. ამ განცხადებების გამკეთებელმა ივანიშვილმა ლარიდან 85 თეთრამდე ჩამოიყვანა ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი.
_ აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მიშას დროს ლარი ასეთი გაუბედურებული არ იყო.
_ მაშინდელი ერთი ლარი და დღევანდელი ერთი ლარი ერთმანეთს არ უდრის. ახლა ლარიც აღარ არის.
_ გავიგეთ, რომ ხალხი გაბრაზებულია და ამის გამო „ოცნებას“ ხმას არ მისცემს, დაშინებით ხომ არ აშინებენ ამომრჩველს ან მოსყიდვის ფაქტები ხომ არ შეგიმჩნევიათ?
_ კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის: გურჯაანის, თელავის, ახმეტისა და ყვარლის სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე გამოყოფილია ნახევარი მილიონი ლარი. გავიაროთ ეს სასაფლაოები და ვნახავთ, რომ იქაურობა ნაგვითა და ეკალბარდით არის სავსე. ამ საკითხზე მუნიციპალიტეტებს ტენდერი უნდა გამოეცხადებინათ, მაგრამ არ გამოაცხადეს. სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე მუნიციპალიტეტებში გააფორმეს ვიღაცები. მათ პენსიონერებს ვეძახი. სახელფასო ბარათს თვეში ერთხელ შეყოფენ ბანკომატში, რათა იქიდან ფული გამოიღონ. სულ ესაა მათი საქმე.
„ქართული ოცნება“ ასეთი ადამიანებით ცდილობს არჩევნების გაყალბებას. ხელფასს ხომ არაფერში უხდიან და ეუბნებიან, სხვა არაფერი გევალებათ, უნდა მოგვიტანოთ ათკაციანი სიაო. პირადობის მოწმობის ასლებიც თან უნდა ერთვოდეს ამ სიას. მერე სიაში შყვანილ ხალხს ეუბნებიან, რომ შემოხაზულ ბიულეტენს სურათი უნდა გადაუღონ. ამ მეთოდით ცდილობენ ფონს გასვლას. სხვა მეთოდებსაც გამოიყენებენ, მაგრამ ფონს ვეღარ გავლენ. „ქართული ოცნების“ საქმე წასულია.

შორენა მარსაგიშვილი