„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებისა და პროპორციული ოცეულის შავი დოსიე

„ოცნების“ ერთ-ერთ სახეს, გია ვოლსკის, რომელიც მმართველმა პარტიამ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, ამომრჩეველთან შეხვედრისას ისეთ კონკურენტებზე, როგორებიც ზურაბ ჯაფარიძე და ანა დოლიძე გახლავან, უთქვამს, ეგენი წარსულის პოლიტიკოსები არიან, ჩვენ კი _ მომავლისო. ჰო, თქვენი არ იყოს, თავდაპირველად მეც ვიფიქრე, მომესმა-მეთქი და ადამიანს, ვინც ეს ამბავი მომიყვა, ჩავეკითხე, ვოლსკიმ თქვა დოლიძე-ჯაფარიძეზე, წარსულის პოლიტიკოსები არიანო, თუ ჯაფარიძე-დოლიძემ თქვეს ვოლსკიზე-მეთქი? თანამოსაუბრემ ალმაცერად შემომხედა, ჯერ სრულ ჭკუაზე ვარ და კარგად ვიცი, რასაც ვამბობო. მეც, მეტი რა გზა მქონდა, ლამის დავიჯერე, რომ ვოლსკი საქართველოს მომავალია.

საერთოდ, თუ დავაკვირდებით, ასეთი მომავალი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარულ თუ პროპორციულ სტაფში ზომაზე ბევრია. აი, მაგალითად, მამუკა მდინარაძე და თვით ირაკლი კობახიძეც „მომავლის პოლიტიკოსები“ არიან, თან, ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, კობახიძემ, რომლის კულულიან კისერზეც გავრილოვის სისხლიანი ღამეა, საკუთარი თავი მესამენომრად როგორ ამაყად წარადგინა, თუმცა პათეტიკას მოვეშვათ და საქმეზე გადავიდეთ, ანუ იგივე მედიასა და სხვა საჯარო სივრცეში გაჟღერებული ინფორმაციების მიხედვით, დეტალურად გავარკვიოთ, „ოცნების“ პროპორციული ოცეული ვისგანაა დაკომპლექტებული და ასევე ვინ არიან ის მაჟორიტარები, რომლებიც მმართველმა გუნდმა ამა თუ იმ ოლქში წარადგინა?

დავიწყოთ იმით, რომ „ოცნების“ საპარლამენტო სიის ოცეულში ხუთი ქალია, თუმცა ამ ხუთი დიაციდან ყველაზე საინტერესო თეა წულუკიანია, რომელიც პროპორციულ სიაში, სპორტული კომენტატორების ენაზე რომ ვთქვათ, მე-4 ნომრადაა განთესილი. სხვათა შორის, წულუკიანის წარდგენისას კობახიძემ მრავალმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი, რომ ის ერთადერთია, რომელიც რვა წელი, ანუ მას შემდეგ, რაც ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, მინისტრის სავარძელს უცვლელად იკავებს.
რით დაიმსახურა წულუკიანმა ივანიშვილის ასეთი ნდობა? ამის საბაბი შეიძლება, ის იყოს, რომ წულუკიანმა, თავის დროზე, იმ ადამიანს უღალატა, ვინც იგი ქართულ პოლიტიკაში მოიყვანა. ვგულისხმობთ ირაკლი ალასანიას. ღალატი კი იმაში გამოიხატებოდა, რომ წულუკიანმა, სხვა „თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, „ოცნების“ კოალიცია არ დატოვა. მაშინ ითქვა, რომ ის მინისტრის სავარძელს ვერ შეელია, ანუ ერთ ხანს, თურმე, აპირებდა, რომ „ოცნებას“ ალასანიასთან ერთად გამიჯვნოდა და ბრიფინგიც კი ჩანიშნა, მაგრამ სანამ მედიასთან გამოჩნდებოდა, გადაწყვეტილება შეცვალა. აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ ეს ბრიფინგი რამდენჯერმე გადაიდო და ბოლოს, ქალბატონმა თეამ გვამცნო, არსადაც მივდივარ და კვლავ „ოცნების“ მეციხოვნედ ვრჩებიო.
თეა წულუკიანი ის სუბიექტია, რომელიც წინა ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებულად მწვავე განცხადებებითა და შეფასებებით გამოირჩევა. ასე, მაგალითად, ამას წინათ საქართველოს მესამე პრეზიდენტს წვრილმანი კრიმინალიც უწოდა და დასძინა, ამაზე ლაპარაკით დავიღალეო. არადა, იყო დრო, როცა „ნაცები“ თეას თანამშრომლობას სთავაზობდნენ, თუმცა უცნობია, ეს კოლაბორაცია რატომ არ შედგა? სამაგიეროდ, იუსტიციის მინისტრს კოლაბორაცია კარგად გამოუვიდა „შავ სამყაროსთან“, ანუ რამდენიმე წლის წინ სოციალურ მედიაში ფოტოები გავრცელდა, რომელზედაც ქალბატონი წულუკიანი „კანონიერ ქურდებთან“ ერთადაა აღბეჭდილი. ისიც ძველი „ოპერიდანაა“, 2012-ში ნაძალადევში მისი, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის გამარჯვება სწორედ „შავმა კლასტერმა“ რომ უზრუნველყო.
ზოგადად, წულუკიანის „შავ დოსიეზე“ საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ყურადღებას მხოლოდ ერთ დეტალზეღა გავამახვილებთ, ანუ „ოცნების“ პროპორციული სიის მეოთხე ნომრის ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, რომ თბილისში დაიბადა 1982 წელს, საფრანგეთში, ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განაგრძო, რომელსაც 1997 წელს ამთავრებს. 2000-ში კი საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში, საჯარო ადმინისტრაციაში მაგისტრის ხარისხს იცავს, თუმცა მინისტრი გახდა თუ არა, ოპოზიციამ გაარკვია, რომ წულუკიანი უდიპლომო იყო, ანუ იმ დიპლომით, რომელიც მას აქვს, არ შეეძლო, იუსტიციის მინისტრის პოსტი დაეკავებინა, თუმცა „ოცნებამ“ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ე. ი., წულუკიანის უდიპლომობა არ შეიმჩნია.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ წულუკიანს მეუღლე და ერთი ქალიშვილი – მერიკო ჰყავს. მისი ქმარი, ნუგზარ კაკულია, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობდა, თუმცა მას მერე, რაც მინისტრის თანამეცხედრე გახდა, ეს თანამდებობა დატოვა და სუსში გადაინაცვლა .

„ოცნების“ პროპორციული სიის მერვე ნომერიც მანდილოსანია _ მარიამ ქვრივიშვილს ბოლო წუთამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. მარიამ ქვრივიშვილი 30 წლისაა. ჰყავს მეუღლე – ოთარ ბერიშვილი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილია. ქვრივიშვილი საზოგადოებისთვის იმდენად უცნობი სახეა, რომ მასზე საჯარო სივრცეში არც ცუდი ინფორმაცია იძებნება და არც _ კარგი. უფრო სწორად, ქვრიშვილის შესახებ ჩვენ, მოქალაქეებმა, კორონის პირველი ტალღის დროს გავიგეთ, როცა სასტუმროები საკარანტინო სივრცეებად გადაკეთდა.
ისე, ქალბატონმა ქვრივიშილმა „ოცნების“ სიაში ჩასმით, როგორც იტყვიან, თავს უშველა _ კორონობის გამო ამ ქვეყანაში, მთელი მსოფლიოს მსგავსად, ტურიზმი კარგა ხანს ვეღარ აღორძინდება. ჰოდა, ისეც შეიძლება მომხდარიყო, რომ ტურიზმის დეპარტამენტი გაუქმებულიყო. ახლა კი დეპარტამენტიც და მთელი ტურიზმიც ჭირსაც წაუღია _ ქალბატონ მარიამს მხოლოდ დეპუტატობა კი არა, მთელი ცხოვრება დეპუტატის პენსიაც გარანტირებული აქვს!

რაც შეეხება „ოცნების“ ოცეულის მეათე წევრ ქალბატონს, მაია ბითაძე პირწავარდნილი კალაძის კადრია. ზოგადად, ხმა დადის, რომ „ოცნების“ ოცეული კალაძე-კობახიძის კლასტერმა შეადგინა.
ახლა, ეს, შესაძლოა, მოარული ინფორმაციაა და მეტი არაფერი, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ ამ ოცეულში ორი სპორტსმენია _ კალათბურთელი სანიკიძე და მორაგბე კაჭარავა, მაშინ გამოვა, რომ ოცეულის უსტაბაში „ნამდვილად“ კალაძეა. ამ ხმას ისიც აძლიერებს, რომ სხვადასხვა წყაროს მონაცემით, „ოცნებაში“ სპორტსმენებთან სიტუაციის დალაგება, თვისი სპორტული, ე. ი., ავტოგოლების წარსულიდან გამომდინარე, სწორედ თბილისის მერს აქვს დავალებული.

სიტყვამ მოიტანა და სანიკიძე-კაჭარავაზე ცოტა მეტი ვთქვათ:
დავიწყოთ დავით კაჭარავათი, რომელმაც სარაგბო კარიერა რამდენიმე დღის წინ დაასრულა და, როგორც აღმოჩნდა, სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკაში ეცადა ბედი.
სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინათ კაჭარავამ ერთ-ერთ გადაცემაში არ გამორიცხა, რომ კარიერა შესაძლოა, რუსეთში გაეგრძელებინა.
„შესაძლოა, რუსეთში წავიდე. თუ ეს სირთულეები გაგრძელდა, ეს კარიერის დასასრულიც იქნება“, _ თქვა მაშინ გაპოლიტიკოსებულმა მორაგბემ.
„სპორტსა და პოლიტიკას ყოველთვის ვმჯინავდი“, _ ამ სიტყვების ავტორი კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძეა. სანიკიძე იმ სპორტსმენებს შორისაა, რომელიც 2020 წელს თორნიკე შენგელიას რუსული არმიის საკალათბურთო კლუბში გადასვლით გახარებული იყო და ამბობდა:
„შენგელიას ცსკა-ში გადასვლა ძალიან მახარებს. ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სპორტსა და პოლიტიკაში ვერ ერკვევიან. მათთვის სასიამოვნოა სხვისი კრიტიკა და შეურაცხყოფა“.
ისე, სანიკიძესა და კაჭარავას გარდა „ოცნებას“ გაპოლიტიკოსებული სპორტსმენები ბლომად ჰყავს. აი, მაგალითად, კობიაშვილი და ყაველაშვილი. ეს ორივე ექსსპორტსმენი დღეს მოქმედი დეპუტატი და ასევე მაჟორიტარობის კანდიდატია: ერთი _ გლდანში, მეორე კი _ ნაძალადევში.

ახლა კი ისევ მაია ბითაძეს დავუბრუნდეთ, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლებაში ჯერ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, მერე, როგორც კი კალაძე მერი გახდა, მოადგილედ წაიყვანა და, როგორც ამბობენ, ბევრი პროექტი, რომელმაც თბილისელებს სიცოცხლე გაუმწარა, სწორედ ბითაძის ფანტაზიის ნაყოფია. ასეა თუ ისე, ბითაძესაც, ქვრივიშვილისა არ იყოს, თავი ქუდში აქვს _ დეპუტატი უცილობლად გახდება და შეიძლება, ოთხი წლის შემდეგ საზოგადოებას მისი არსებობაც აღარ ახსოვდეს, სამაგიეროდ, დეპუტატის პენსიას სიცოცხლის ბოლომდე მიიღებს.
სხვათა შორის, როგორც ბევრ სხვა „ქოცს“, ბითაძესაც „ნაციონალური“ წარსული აქვს, ანუ ირკვევა, რომ იმ დროს, როცა წინა ხელისუფლება ქვეყანას ცეცხლითა და მახვილით მართავდა, ქალბატონ ბითაძეს იმდროინდელი უსამართლობა ოდნავადაც არ აღელვებდა და ჯერ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის მთავარ სპეციალისტად უდრტვინველად მუშაობდა, შემდეგ _ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის უფროსად. ამასობაში ხელისუფლებაც შეიცვალა და, როგორც ხდება ხოლმე, ბითაძეც „გაქოცდა“ და დღეს უკვე იგი „ოცნების“ იმედის მომცემი სახეა.

„ოცნების“ პროპორციული ოცეულის მე-14 ნომერი მაკა ბოჭორიშვილია, მე-19 კი _ მარიამ ლაშხია, თუმცა ეს ორი დიაცი იმდენად უცნობია, რომ მათზე მსჯელობა, უბრალოდ, დროის დაკარგვა იქნება და მეტი არაფერი.

ასევე, პრაქტიკულად, უცნობია „ოცეულში“ შემავალ მამაკაცთა უმრავლესობაც და „ოცნებაც“ სწორედ ამით იწონებს თავს, აი, ასპარეზს ახალ სახეებს ვუთმობო. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ორი ძველი სახე _ კობახიძე და მდინარაძე _ ისეთი ოდიოზურია, მმართველი გუნდის პროპორციული სიის მხოლოდ ოცეულს კი არა, ასოცეულსაც წონის.
ისე, ალბათ, ყველას აინტერესებს, რატომ ვერ ელევა „ოცნება“ კობახიძეს ან, თუნდაც, მდინარაძეს?
ვინც ამ ორ სუბიექტს კარგად იცნობს, ამბობს, რომ კობახიძეც და მდინარაძეც პირწავარდნილი კარიერისტები არიან და ოღონდ „დიდების ოლიმპოზე“ იდგნენ და მზად არიან, ნებისმიერ დავალებასა და ბრძანებას მოაწერონ ხელი. მორჩილი და უსიტყვო შემსრულებლები კი ყველა დროსა და ეპოქაში ყველა ტიპის მმართველსა და მმართველობას სჭირდება.

ახლა, რაც შეეხება „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს:
ამ მხრივ საქმე გაცილებით მძიმედაა და თუნდაც იმიტომ, რომ აი, მაგალითად, მთაწმინდა-კრწანისის კანდიდატი, ბექა ოდიშარია, რომელიც ამჯერად კრწანისის მაჟორიტარია, თავს იმით იწონებს, რომ სამი თაობით მთაწმინდელია. იმაზე კი აღარაფერს ამბობს, რომ, თავის დროზე, ვანო ჩხარტიშვილის კლასტერის წევრი იყო და მერე „ნაციონალებთანაც“ მეგობრობდა. „ნაცებთან“ მეგობრობაში სხვა „ქოცებიც“ არიან ეჭვმიტანილნი, თუმცა ამჯერად „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების ბიზნესინტერესებსა და მათ მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ შემოწირულებებს გაგაცნობთ, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ შეისწავლა და გაარკვია: მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი, ანუ 30-დან 19 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული. უფრო კონკრეტულად, სამეწარმეო საქმიანობას 17 კანდიდატი თავად ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი ეწევა. ამავე კვლევის თანახმად, ეს 19 კანდიდატი, სხვადასხვა ფორმით, ჯამურად, 186 კომპანიასთანაა დაკავშირებული.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციამ გაარკვია, რომ მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან თოთხმეტი 2012-20 წლებში „ქართული ოცნების“ შემომწირველი იყო და მათ „ოცნებას“, საერთო ჯამში, 740 826 ლარი შესწირეს.
უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, „ოცნების“ შემომწირველი მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: ბექა ოდიშარია, გიორგი ვოლსკი, ლევან კობიაშვილი, გოგი მეშველიანი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ჩიქოვანი და ანზორ ბოლქვაძე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატთა ბიზნესპარტნიორებიც მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან.
„მთლიანობაში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში „ქართულ ოცნებას“ 3 702 826 ლარი შესწირეს“, _ ვკითხულობთ „გამჭვირვალობის“ კვლევაში, საიდანაც ასევე ვიგებთ, რომ მაჟორიტარი კანდიდატებიდან „ოცნებას“ ყველაზე მეტი შესწირეს: ზაალ დუგლაძემ – 990 000 ლარი; ირაკლი ხახუბიამ _ 458 000 ლარი, დავით სონღულაშვილმა – 340 000 ლარი და ბეჟან წაქაძემ – 320 000 ლარი.
„სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ მაჟორიტარობის 8 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. მთლიანობაში, 2012-2020 წლებში, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით ამ კომპანიებს მიღებული აქვთ 4 364 109 ლარი (ტენდერი – 623 450 ლ; გამარტივებული შესყიდვა – 3,740,659 ლარი).
მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატს _ დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ზაალ დუგლაძე, ზაზა ლომინაძე და ირაკლი ხახუბია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული: 2013-2020 წლებში მათ ან მათმა კომპანიებმა 758 300 ლარად შეისყიდეს სახელმწიფო უძრავი ქონება, 2 210 000 ლარად კი _ სახელმწიფო საწარმოების წილები.
ორი კანდიდატის შემთხვევაში (დავით სონღულაშვილი და ირაკლი ხახუბია), მათთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო დაფინანსება აქვს მიღებული პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში (მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 12 646 900 ლარს).
მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 6 არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა. ესენი არიან: სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, დავით სერგეენკო, შალვა კერესელიძე, ზაურ დარგალი და ნინო ლაცაბიძე.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატმა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა თანხა. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი, ზაალ დუგლაძე, ირაკლი ხახუბია და ანზორ ბოლქვაძე.
30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 17 მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც 2019-20 წლებში ქონებრივი დეკლარაცია აქვთ შევსებული.
მათ მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციებში შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:
მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატს არასრულად ან საერთოდ არ აქვს დეკლარირებული, მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები: დავით სონღულაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანზორ ბოლქვაძე, ირაკლი ხახუბია და რესან კონცელიძე.
რამდენიმე შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. გარდა იმისა, რომ ეს კანონდარღვევაა, იგი მიანიშნებს იმაზეც, რომ ამ თანამდებობის პირებმა ფორმალურადაც არ თქვეს უარი მათი წილების მართვაზე. ესენი არიან: ლევან კობიაშვილი, დავით სონღულაშვილი, სამველ მანუკიანი, ირაკლი ხახუბია და ირაკლი ქადაგიშვილი“, _ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშში და იქვე აღნიშნულია, რომ არასამთვრობო ორგანიზაცია მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას წარმოადგენს.
ისე, ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ „ოცნებამ“ 30-ვე სამაჟორიტარო ოლქში კანდიდატად, უბრალოდ, ძველი კი არა, ძალიან ძველი, ანუ ხალხურად რომ ვთქვათ, დამწნილებული ტიპები წარადგინა. აი, მაგალითად, ირაკლი ქადაგიშვილი პოლიტიკაში ლამის იმდენი ხანია, რამდენი წლისაცაა _ მისი კარიერია, ჯერ კიდევ, გასულ საუკუნეში ედპ-დან დაიწყო, მერე ირაკლი ალასანიასთან იყო და მოულოდნელად, როგორც ალასანიას არაერთი თანაგუნდელი, „გაქოცდა“ და კახეთის გუბერნატორადაც დაინიშნა. თავის დროზე, ე. ი., შევარდნაძის მმართველობის დროს კი. ქადაგიშვილი საბაჟოზე მუშაობდა.
ასევე ალასანიას კლასტერის ექსწევრია ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც, ჯერ კიდევ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ოცნებას“ ლამის ცოცხალსა და მკვდარს აგინებდა, მაგრამ ახლა მგზნებარე „მეოცნებეა“.
ზოგადად, „ოცნებაში“ ბევრია ისეთი, რომელიც თავის დროზე მიშას აპეკუნი იყო, მაგრამ დღეს ყოფილ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს ყველაზე მეტად სწორედ ასეთი ადამიანები აგინებენ და იმ „9 წელზე“ ისეთი ზიზღით ლაპარაკობენ, თითქოს ჩვენ, მათ გარშემო მყოფებს, მასობრივი ამნეზია გვჭირდეს და არ გვახსოვდეს, ვინ როდის და რას აკეთებდა, მაგრამ, ალბათ, ამ ადამიანებსაც უნდა გავუგოთ _ მილიარდერის წყალობის მოპოვებას ყველა თავისებურად ცდილობს, თუმცა კარგი იქნება, თუ იმასაც გაიხსენებენ, რომ მზე მხოლოდ კი არ ათბობს, არამედ წვავს კიდეც…

გიორგი აბაშიძე