ის, რასაც არ ახმაურებს აჭარის მთავრობა _ რა ტერიტორია დაკარგა ბათუმმა?



ეკოლოგიური პრობლემა ერთ-ერთი გლობალური პრობლემათაგანია, რომელიც არ ცნობს მიწიერ საზღვრებსა და მანძილს. „ქრონიკა+“ გთავაზობთ უნიკალურ ინტერვიუს წლის ეკოლოგთან, „უსაფრთხო გარემოსთვის“ აღმასრულებელ დირექტორთან, პროფესორ ემერეტუს ნოდარ ჩხეიძესთან. დღეს დიდი ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იმ საკითხებზე ილაპარაკოს, რაც ბატონმა ნოდარმა ჩვენთან საუბრისას გააჟღერა:

_ ბათუმი არა მარტო საზღვაო ქალაქია, არამედ ერთ-ერთ უპირველეს ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს თავისი კულტურულ-სოციალური თუ საინჟინრო ინფრასტრუქტურით. ამ ქალაქის ეკოლოგიური პრობლემები გადახლართულია შავი ზღვის ეკოლოგიურ სტაბილურობასთან, ვინაიდან ის, როგორც საპორტო ქალაქი, წარმოადგენს ამიერკავკასიაში მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს. დიდი წყალწყვის გემები დიდ ზემოქმედებას ახდენენ ქალაქის რეკრეაციული ზონის ეკოვარგისიანობაზე, რაც გამოიხატება სატვირთო გემების მიერ ზღვაში სხვადასხვა მავნე ნივთიერების ჩაქცევაში.
_ როგორც ვიცი, მავნე ნივთიერების ჩაქცევაზე დიდი ჯარიმებია დაწესებული.
_ კი ბატონო, დიდი ჯარიმების საზღაურად ხდება ეს ჩაქცევები, მაგრამ ზღვის გაწმენდა ხომ ვეღარ ხერხდება. ეს გახლავთ სწორედ იმის მიზეზი, რომ ქალაქის რეკრეაციული ზონის (პლაჟები) ეკოლოგიური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ერთი მხრივ, დანაგვიანებული „პლაჟები“, მეორე მხრივ, „პლაჟების“ წარეცხვის მუდმივი პროცესები. თუ პირველი აიხსნება „პლაჟების“ მომხმარებლების ეკოლოგიური გაუნათლებლობისა და კულტურის დეფიციტით, რა თქმა უნდა, აქ სანაპიროების მეპატრონეებიც სცოდავენ, საპლაჟე ინვენტარის დეფიციტით, გასახდელებისა და საშხაპეების ნაკლებობით, პლაჟების არასაკმარისი და არარეგულარული დასუფთავებით. აღარაფერს ვამბობ სანაპირო ზოლის კვების ხარისხიანი პროდუქტებით მომარაგების იგნორირებაზე. კიდევ უფრო ცუდად არის საქმე პლაჟების წარეცხვის, ზღვის ნაპირების ნგრევისა და ზღვის მიერ პლაჟების ტერიტორიების მიტაცების მხრივ.
_ თქვენ „წარეცხვას“ ხმარობთ გარეცხვის ან დასუფთავების მაგივრად?
_ შავი ზღვის სანაპიროს საქართველოს მონაკვეთის, განსაკუთრებით სარფი-ბათუმი-ქობულეთის ნაპირი განიცდის წარეცხვის ინტენსიურ პროცესებს. სარფი-კვარიათის, ადლია-ახალი ბულვარის, ჩაქვი-ციხისძირისა და ქობულეთის მთელი სანაპიროების ეკოლოგიური მდგომარეობა, კატეგორიულად უნდა ითქვას, კატასტროფულია. ნაპირების წარეცხვის მიზეზები მდგომარეობს არა მარტო მდ. ჭოროხზე მშენებარე კაშხლებში, არამედ საპლაჟე მასალების, ჭოროხის ნატანის აკუმულირებული მასის, მახოს ხიდიდან ქვემოთ, ჭოროხის დელტამდე, ინტენსიურ ამოღებაში და პლაჟების დეფიციტის შევსების მაგივრად სხვა მიზნებიათვის მის გამოყენებაში, რაც არის საქართველოს კანონის დარღვევა.
_ კი მაგრამ, სანაპირო ზოლის გამაგრებით სამუშაოებსა და კაშხლების მშენებლობას ხომ მთავრობა აფინანსებს?
_ კი ბატონო! საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ნაპირგამაგრებისათვის მშენებარე გაბიონები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ვერც პროექტის ნაწილში და ვერც მშენებლობაში. იმის მაგივრად, რომ ნაპირგამაგრების პროექტები ოთხმეტრიანი ტალღის სიმაღლეზე გათვლით კეთდებოდეს, მიდით და ნახეთ, რა ხდება.
_ რა ხდება?
_ სარფი-კვარიათის მონაკვეთის მშენებარე გაბიონი ათმეტრიან ტალღაზეა გათვლილი და ამასთან 30-32 მეტრის სიფართეა. „ტეტრაპოდები“, ანუ ბეტონის ჩამოსხმული კონსტრუქციული ელემენტები, არასწორად ეწყობა. ასეთი ობიექტის მშენებლობა გახლავთ, პირდაპირი მნიშვნელობით, წყალში გადაყრილი ფული.
_ ბატონო ნოდარ, ჩამოგვითვალეთ კონკრეტული დარღვევები.
_ მშენებარე გაბიონის ნაწილი ახალ ბულვარში დიდი დარღვევებითაა აშენებული, გაბიონის ზედა ფენა უნდა იყოს ხუთტონიანი გრანიტის მასივებით მოშანდაკებული. მათ მაგივრად კი აწყვია 200-500 კილოგრამიანი „კენჭები“, რომლებსაც პირველივე 2-3-მეტრიანი სიმაღლის ტალღები გადარეცხავს. გაბიონებით ზღვის ნაპირების გამაგრება შესაძლებელია, ეფექტიანიც იყოს, მაგრამ რა ვქნათ, თუ ტურისტულ ქალაქში ვკარგავთ რეკრეაციულ ზონებს?!
_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ნაპირები წარეცხვისაგან და არ დავკარგოთ პლაჟები?
_ ამისათვის აუცილებელია მცურავი შტორმშემარბილებელი ნაგებობების ზღვაში განთავსება ბათუმისა და ჩაქვი-ქობულეთის მონაკვეთზე. ასეთი ნაგებობების განთავსება ნაპირიდან 30-100 მ-ში გადაარჩენს ჩვენს პლაჟებს. ძალიან მიკვირს, აქამდე არავის რომ არ დაუწყია საპლაჟე მასალის (ქვა-ღორღი) ხელოვნურად ზღვაში შეტანა, რაც კეთდებოდა კიდეც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში. მაშინ ამ მეთოდით არა მარტო შეჩერდა ზღვის ნაპირების წარეცხვა, არამედ ბათუმი-ფოთის მონაკვეთზე აღდგენილი პლაჟების საერთო ფართმა 40-45 ჰექტარს გადააჭარბა. დღესაც შესაძლებელია ასეთი მეთოდის გამოყენება, მაგრამ ქვა-ღორღის დეფიციტი აძვირებს სამუშაოებს. ამიტომ საჭირო იქნება რომელიმე კლდოვანი მთის ნგრევა, ლოდების დამსხვრევა და ტრანსპორტირება.
_ ასეთმა მიდგომამ ხომ შეიძლება, სხვა ეკოლოგიური პრობლემები შექმნას, ვინაიდან არავინ იცის, რა მოყვება მთების ნგრევას?
_ გეთანხმებით, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ არსებული პლაჟების სარფი-ქობულეთის მონაკვეთზე შენარჩუნებას დაახლოებით 1,5 მილიონი მ3 ქვა-ღორღის ერთდროულად ზღვაში ჩაყრა სჭირდება და შემდეგ ყოველწლიურად 250-300 ათასი მ3-ის დამატება.
_ ჩვენი საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ზღვა უტევს ხმელეთს…
_ წყალს აქვს დიდი მახსოვრობა _ ე. წ. „ჰიდროდინამიკური მახსოვრობა“. ახლავე აგიხსნით, რას ნიშნავს ეს: შავი ზღვის ნაპირები ათი ათასი წლის წინათ ბათუმის შემოგარენში, სოფ. ურეხის გორაკებთან იყო, დღეს კი დღევანდელი ბათუმის ტერიტორია მდინარე ჭოროხის ნატანითაა მოზვინული. ზღვა სულ იწევს პოზიციების დასაბრუნებლად და ანგრევს ნაპირებს, რადგან არ აქვს „საკვები“. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ზღვა კახაბერ-ადლიის ტერიტორიაზე შევიდა 500-600 მეტრით ხმელეთის სიღრმეში, შესაბამისად, ბათუმმაც დაკარგა მნიშვნელოვანი ტერიტორიები.
_ რომელი ტერიტორიები დაკარგა? ბათუმი თითქოს იგივე არეალში არსებობს?
– არა, ჩემო კარგო! ბურუნ თაბიეს კონცხი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ზღვის ნაპირდაცვით პრობლემებს თუ დროზე და სერიოზულად არ მივხედეთ, გლობალური დათბობის თანმდევი ტენდეციების გათვალისწინებით, ეს პროცესები შეუქცევადი გახდება და 60-80 წლის შემდეგ შავი ზღვის ტალღები, შესაძლებელია, დღევანდელ ჭავჭავაძის ქუჩაზე ვიხილოთ.
_ ანუ ბათუმის ნახევარი წყლის ქვეშ აღმოჩნდება?
_ კი ბატონო! შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები არა მარტო ნაპირების წარეცხვასთანაა დაკავშირებული. შავი ზღვა ითვლება დახურულ ზღვად, სადაც ზედაპირიდან 150-200 მეტრის სიღრმეში ის მკვდარია გოგირდწყალბადის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო (0,7-1 მგ/ლ). ამას დაამატეთ ის, რომ პრაქტიკულად ექვსი სახელმწიფო ბარბაროსულ ექსპლოატაციას უწევს მას. მრავალი ევროპული სახელმწიფოს, კერძოდ, მდინარე დუნაის მეშვეობით, შავი ზღვა ბიოლოგიურად და ქიმიურად დაბინძურებული ჩამდინარე წყლების „საწყობად“ იქცა, განადგურების პირასაა ზღვის ფლორა და ფაუნა – შავ ზღვას სასწრაფო შველა სჭირდება.
_ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის აგების მიუხედავად, ბათუმი-ქობულეთის შემოგარენში ზღვა ბიოლოგიურად მაინც ყველაზე დაბინძურებულად ითვლება?
_ ბათუმის გამწმენდი ნაგებობა ლოკალურ პრობლემას სანახევროდ ხსნის, მაგრამ ზღვის დინება თურქეთიდან – საქართველოსკენ არის გაბატონებული, თურქეთს კი შავი ზღვის ქალაქებში გამწმენდი ნაგებობები არ აქვს და მთელი ჩამდინარე წყლები (ფეკალური მასები) ბათუმისკენ მოედინება. ასეთი ეკოლოგიური პრობლემების არსებობის გამო ბათუმი-ქობულეთის რეკრეაციული ზოლის ე. წ. პლაჟების გამოყენება ტურიზმის განვითარებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ვინაიდან ზღვის წყალი ვერ აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს, არ არსებობს დღე, რომ შავი ზღვის წყლის დაბინძურება მუცლის ჩხირებით ნორმაში ჯდებოდეს. მისი მაჩვენებელია კოლიტიტრი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 ერთეულს, სინამდვილეში კი, როცა არ უნდა გასინჯოთ, საშუალოდ 3-7-ჯერ მეტია. რაც შეეხება საერთო ბიოლოგიური დაბინძურების მაჩვენებელ კოლიინდექსს, ათი ათასი ერთეულის ნაცვლად საშუალოდ 200-500 ათასი და მეტია, ხოლო ცალკეულ დღეებში 3 მილიონ ერთეულამდეც ადის.
_ ეს ხომ კატასტროფაა?
_ მერე, ვის აინტერესებს ეს კატასტროფა? იცით, რა მიკვირს _ სახლებისა და კორპუსების გამალებული მშენებლობა რომ მიდის, სუფთა და უსაფრთხო ზღვა არავის უნდა?! ეს ზღვა დღეს საფრთხის შემცველია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ზღვის წყალი სარფი-ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე ნავთობპროდუქტებითა და სხვა ქიმიური ნაერთებით კვირაში ერთხელ მაინც ბინძურდება, რომლის გაწმენდა ძვირადღირებული სიამოვნებაა. ნავთობის ლაქის ნახვა ზღვის ზედაპირზე დამსვენებლებისთვის უკვე შოკის მომგვრელი აღარ არის _ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
_ გამოსავალი რა არის?
_ აუცილებელია მინი და საშუალო გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა საქართველოს აღნიშნულ სანაპირო ზოლზე, რომლებიც ნაწილობრივ მოხსნის პრობლემას, ხოლო თურქეთის მთავრობას მოეთხოვოს საერთაშორისო კონვენციების უცილობელი შესრულება, რისთვისაც ყველა საერთაშორისო რესურსი უნდა გამოვიყენოთ. აქ ხომ მარტო ზღვაზე არ არის საუბარი. ეს პროცესი ავტომატურად აისახება ატმოსფერულ მოვლენებზე. დღეს ბათუმისთვის დიდ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის მდგომარეობა. ის ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, რომელშიც ძალიან ცუდი ბუნებრივი ვენტილაციაა, გამოწვეული იმით, რომ მას სამი მხრიდან მთები აკრავს. რადგანაც ბუნებრივი ვენტილაცია არ არის, საჭიროა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის მცირე შესაძლებლობა, რომელსაც ქალაქის ძალიან კარგი ისტორიული დაგეგმარება გვაძლევს. კერძოდ, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბათუმის განვითარებისა და განაშენიანების გეგმაში გათვალისწინებული იყო ქალაქის ბუნებრივი მდგომარეობა და ქალაქი დაიგეგმა ისე, რომ თითქმის ყველა ქუჩას ზღვასთან ჰქონოდა თავისუფალი სივრცული „ურთიერთობა“, ანუ მისასვლელი. გარდა ამისა, ქალაქის განაშენიანებაში ჩადებული იყო ის, რომ ყოფილიყო მაქსიმალურად დაბალსართულიანი ქალაქი, რითიც მიიღწეოდა მაქსიმალური ბუნებრივი აერაცია.
_ დღეს ბათუმი ცათამბჯენების ქალაქად იქცა.
_ რა გვაქვს ახლა? თუ ბათუმის მშენებლობის ბუმი ასე გაუაზრებელი და არაპროფესიული მიდგომებით გაგრძელდა, გლობალური დათბობის ფონზე ქალაქს ეკოლოგიური კოლაფსი ელის, რაც გამოხატული იქნება ქალაქის საშუალო ტემპერატურის ზრდით. ქალაქს ჰაერის ვენტილაცია სჭირდება არა მარტო გაგრილებისთვის, არამედ ჰაერის შემადგენლობის მუდმივი განახლებისთვის. დიდი ალბათობით ვიტყვით, რომ ქალაქის ჰაერის შემადგენელი მავნე აირები, მათ შორის ჩO, ჩO2 დასაშვებზე მეტი იქნება რამდენჯერმე. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ქალაქს არ აქვს ჰაერის შემადგენლობის ანალიზის ავტომატური სადგური „დარაჯი“, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აფიქსირებს ჰაერის ტემპერატურას, წნევას, ფარდობით სინესტეს, მის ქიმიურ შემადგენლობას – განსაზღვრავს ჰაერის დაახლოებით 30-40 პარამეტრს გარდა ჰაერის პარამეტრებისა, იგი ზომავს ხმაურის ფონის სიდიდეს განთავსების ადგილზე. არ გვაქვს დღეს ეს ჩვენ.
_ ადრე გვქონდა?
_ რა თქმა უნდა _ ამ 20-25 წლის წინათ ბათუმში ასეთი „დარაჯი“ სადგური 3-4 ადგილას იყო განთავსებული. თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ტურისტული ქალაქი, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სადგურები ძვირი სიამოვნებაა, რამდენიმე კომპლექტი მაინც არის შესაძენი ქალაქის სხვადასხვა ადგილას განსათავსებლად. თუ არადა, თუკი ასეთი მავნე და გაუაზრებელი ტენდენციები გაგრძელდება, ბათუმისადმი ინვესტიციური ინტერესები შემცირდება. ასევე, როგორც ზაფხულის ძალიან გადახურებული ქალაქის იმიჯის მქონეს, შეუმცირდება ტურისტული ფუნქცია, ხოლო მცხოვრებლები იძულებული იქნებიან, დატოვონ ქალაქი.
_ ბატონო ნოდარ, წეღან გამოსავალზე გკითხეთ…
_ ეს რომ არ მოხდეს, სასწრაფოდ საჭიროა შეწყდეს ზღვისპირის მაღალი სახლებით გადატვირთვა – აღარ უნდა გაიცეს, მცირე გამონაკლისების გარდა, მაღალი სახლების მშენებლობის ნებართვა ქალაქის ზღვისპირა ზოლში, მინიმუმ, დღევანდელ ფარნავაზ მეფის ქუჩამდე.
_ ფაქტია, რომ ცათამბჯენების მშენებლობას ამ რეგიონში ვერავინ შეაჩერებს.
_ 2004 წლის შემდეგ ბათუმში ახალაშენებული სახლების 95%-ი, ეკოლოგიური თვალსაზრისით, საცხოვრებლად უვარგისია: მასში არ არის გათვალისწინებული სეისმური მდგრადობა, არადა ბათუმი 7-8 მაგნიტუდის სეისმურ ზონას განეკუთვნება, ხმისა და თბოიზოლაცია, შიდა დაგეგმარება არ შეესაბამება თანამედროვე ეკოლოგიურ მოთხოვნებს, ხოლო არქიტექტურულად უსახოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქისთვის არქიტექტურის ეკოლოგიზაცია, რადგან ეს არის ერთ-ერთი საშუალება ადამიანისთვის მისი სახლის სივრცული ორგანიზაციისა. არქიტექტურა ძირითადი ფორმაა გაადამიანებული ბუნების შექმნისა. ბათუმის არქიტექტორების ნაკლი სწორედ ეს არის, რომ არ ითვალისწინებენ თავისი ძირითადი სპეციალობის ანბანს და ქმნიან ყოვლად უსახურ, ეკოლოგიურად გამოუსადეგარ არქიტექტურულ გარემოს, როგორც ესთეთიკური თვალსაზრისით, ისე საცხოვრისით. „კიოტოს პროტოკოლის“ თანახმად, რომელსაც იაპონიაში მოეწერა ხელი, ბათუმს აღებული აქვს ვალდებულება, 20% შეამციროს (გაურკვეველია, რასთან შედარებით) სითბოს გამოყოფის რაოდენობა, მაგრამ როგორ? როცა მშენებლები არ იცავენ თბოიზოლაციის ელემენტარულ მოთხოვნებს და ვღებულობთ არა სითბოს მოხმარების შემცირებას, არამედ მატებას. ზამთარში მეტი სითბოა საჭირო, ხოლო ზაფხულში _ მეტი გაგრილება.
_ „კიოტოს პროტოკოლის“ შესახებ, მართალი გითხრათ, პირველად მესმის.
_ ხმაურის თვალსაზრისით ბათუმი მოგვაგონებს უფრო აეროდრომს, ვინაიდან ხმაური შინ და გარეთ ერთნაირია. განსაკუთრებით ქალაქის იმ ნაწილის ქუჩები, რომლებსაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდათ. ქალაქის ქუჩის ხმაურის ფონი დღისით არ უნდა აღემატებოდეს 40 დეციბელს, ინტენსიური ავტომობილების მოძრაობისას კი გვაქვს 60-80 დეციბელი, იმისდა მიხედვით, თუ რა სიჩქარით მოძრაობს ესა თუ ის ავტომობილი. ღამით ქალაქის ხმაურის ფონი უნდა იყოს 20-25 დეციბელი. აღარაფერს ვამბობთ იმ რაიონზე, სადაც ბულვარია განთავსებული – ღამის ქალაქის ხმაურის ფონის მუდმივი იგნორირებაა გაბატონებული. ღამით ხმაური აღწევს 50-60 დეციბელამდე.
_ კი მაგრამ, ეს ხომ კანონით აკრძალულია?
_ კანონის მიხედვით, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის რაოდენობრივი და ორგანიზაციული დარეგულირება. ქალაქის ფარგლებში სიჩქარეების მკვეთრი შეზღუდვა 40კმ-მდე, რაც, ერთი მხრივ, გააუმჯობესებს ქალაქის ჰაერის ხარისხს და, მეორე მხრივ, ხმაურის ფონი ჩაჯდება ნორმის ფარგლებში. ამ კანონს, სამწუხაროდ, არავინ იცავს. ასევე აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ქალაქში ავტოსამრეცხაოებისა და ავტოსარემონტო სახელოსნოების ლოკალური, ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობებით უზრუნველყოფა. დიდი ეკოლოგიური რისკების ქვეშ აყენებს ქალაქის მცხოვრებლებს ბუნებრივი აირის სახლებთან მიყვანა და ბინებში განაწილება, რომელიც ხდება სამშენებლო ნორმებისა და წესების აბსოლუტური იგნორირებით. ბუნებრივი საწვავი აირი ბინებამდე მიეწოდებათ კიბის უჯრედების საშუალებით, რაც დაუშვებელია მსოფლიოში არსებული ყველა ნორმით და წესით.
_ მსგავსი ფაქტები თბილისშიც უხვად გვაქვს.
_ აირის სისტემების კიბის უჯრედში განთავსებით მშენებელი მოსახლეობას შეყოვნებული მოქმედების ნაღმს სთავაზობს. კიბის უჯრედი არის მცხოვრებლების ევაკუაციის ერთადერთი საშუალება სხვადასხვა სახის კატასტროფის დროს: ხანძარი, მიწისძვრა, ტერორისტული აქტი და სხვ. ბუნებრივი აირისა და წყალგაყვანილობის მილებითა და მრიცხველებით გადაჭედილი კიბის უჯრედი ევაკუაციისთვის ვერ გამოდგება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ ხანძარმა მოიცვას ბუნებრივი აირის მილებით დაქსელილი კიბის უჯრედი. თავი რომ დავანებოთ ყოველგვარ ავარიებს, ეს არ არის ესთეთიკური და საპროექტო ორგანიზაციებისა და არქიტექტორების დაბალ კვალიფიკაციაზე მიგვანიშნებს, რომ არაფერი ვთქვათ ქალაქის ზედამხედველობის სამსახურების უსუსურობასა და უპასუხისმგებლობაზე.
_ ჩამოგვითვალეთ ბათუმის ეკოლოგიურად ყველაზე მოუწესრიგებელი უბნები…
_ ეკოლოგიურად მოწესრიგების პრიორიტეტები უნდა გახდეს ჭაობის უბნის, ბარცხანის, თამარის დასახლების, „გოროდოკისა“ და სხვა მოუწყობელ უბნებში ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნა. ამ უბნებში არ არსებობს დიდი ბაღები და სკვერები, ნაკლებადაა გამწვანება, ხოლო ის, რაც არის, პრაქტიკულად, მოუწყობელი და მოუვლელია. ამ უბნებში არ მიმდინარეობს მშენებლობები, რაც მეტად სავალალოა. ქალაქის შემდგომი განვითარებისთვის ქალაქის ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარება უნდა შეძლოს ინვესტორისთვის სხვადასხვა შეღავათის დაწესებით, მათ შორის, ქალაქისთვის დაბალი კატეგორიის სასტუმროების მშენებლობის (აღარაფერს ვამბობთ საცხოვრებელ სახლებზე) წახალისებით. ეს იქნება მასობრივი, ანუ არა ელიტური ტურიზმის განვითარების მეტად მნიშვნელოვანი საფეხური. ასეთი მიდგომები ამ უბნებს გახდის ეკოლოგიურად მიმზიდველსა და განვითარებისთვის პერსპექტიულს.
_ სხვათა შორის, თქვენ ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭერით _ ენის ეკოლოგიის.
_ ეკოლოგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულება, სწორედ, ენის ეკოლოგიაა. ენის სისუფთავე განსაზღვრავს ერის იდენტობას, სახელმწიფოს სტაბილურად და მიზანმიმართულად განვითარებას ეროვნულ ფუძეზე. ეს არის დაუწერელი და დაწერილი კანონი ეროვნული სახელმწიფოს (კარგი გაგებით) იდენტობის, მისი კონსტიტუციური უსაფრთხოების მთავარი გარანტი. ამიტომაც ენის სისუფთავეს, მის განვითარებასა და საყოველთაო დაცვას ენიჭება უაღრესად დიდი მნიშვნელობა. საქართველოს პარლამენტს მიიღებული აქვს შესაბამისი კანონი ქართული ენის დაცვისა და განვითარების შესახებ.
_ როგორი ეკოლოგიური მდგომარეობაა ბათუმში ქართული ენის დაცვის თვალსაზრისით?
_ ძალიან ცუდი! დავიწყებთ იმით, რომ ენა გაივსო სხვადასხვა ენებიდან მოტანილი და ძალად ჩანერგილი სიტყვებით, თითქოს ანალოგიური მნიშვნელობის სიტყვები ქართულში არ იყოს. ბარბარიზმი ენის ისეთი ავადმყოფობაა, რომელიც განსაკუთრებით აზიანებს ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ამ თაობებში შემოსული, ჯერ როგორც მოდური სიტყვა, ხოლო შემდეგ როგორც ყოველდღიური მოხმარების მნიშვნელობით, აზიანებს სახელმწიფო ენის ლექსიკასა და სტრუქტურას. საუბედუროდ, ენის სიწმინდის დაცვა ვისაც ევალება, ისინიც ძალიან სცოდავენ, მხედველობაში გვაქვს პრესა, რადიო, ტელევიზია, არანაკლებ სცოდავენ ახალგაზრდა მწერლები, პოეტები და პუბლიცისტები. ქართულ ენას ქალაქში პატრონი არ ჰყავს. ეს იქედან ჩანს, რომ ჩვენს სინამდვილეშიც კი იგი ძლიერაა დანაგვიანებული. ჩვენს ქალაქში ისიც იკადრეს, რომ მაღაზიებს, სხვა სავაჭრო თუ საყოფაცხოვრებო ობიექტების, ფირმების უმრავლეს ნაწილს მხოლოდ უცხო ენაზე აქვს წარწერები. სხვა შემთხვევაში ქართული წარწერა სადღაც კუთხეშია მიგდებული. „სამსუნგი“, „მერსედესი“ და სხვა მსოფლიოში ცნობილი ფირმები გასაგებია, როგორც უნდა დაიწეროს, მაგრამ რა არის ან რას ნიშნავს „სან-საჩინო“ ან კიდევ „სან-მარინო“ და მრავალი სხვა? ასეთ შემთხვევებში ქართველებთან ერთად სცოდავენ უცხოელი ბიზნესმენები. დროა, ბათუმის საკრებულომ და მერიამ ყურადღება მიაქციოს ქართული სიმბოლოების _ ენის, დროშისა და გერბის სწორად, კანონის შესაბამისად გამოყენებას. თუ ბათუმის მცხოვრებთათვის, ქალაქის ხელმძღვანელობისთვის ქალაქზე ზრუნვა ცხოვრების წესად არ იქცა, არაფერი გამოგვივა. ამას სათანადო განათლება სჭირდება და მოსახლეობის ეკოლოგიური თვითშეგნების, ცოდნის ამაღლების გარეშე ესშეუძლებელია. არადა არ გვყავს სპეციალისტები, არ გვაქვს სწავლება, სათანადო ლიტერატურა. შესაბამისად, ქალაქში არ არსებობს ეკოლოგიური სამსახური, პროფესიონალებით დაკომპლექტებული ზედამხედველობის სამსახური, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად. კარგი იქნება, თუ აჭარის ხელისუფლება, ქალაქის მერიასთან ერთად, ზოგადი ეკოლოგიური განათლების სავალდებულო სწავლებას შემოიღებს სკოლებში. ამით შესაძლებელი გახდება მრავალი ეკოლოგიური პრობლემის მოგვარება მინიმალური დანახარჯებით.

თამარ როსტიაშვილი