ზვიგენები და კალმახები

დღეს ქართული საზოგადოება მომავალ არჩევნებში დამარცხებისა და სახელისუფლებო პარტიის გამარჯვებისთვის ემზადება.
საკუთარი პოლიტიკური ინფანტილიზმის გასამართლებლად უკვე საბაბიც მოიძებნა _ „ოპოზიცია ვერ ერთიანდება“.

საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ქვეყანაში ჩამოყალიბდა უცნაური და მახინჯი წარმოდგენა, თითქოს ოპოზიცია აუცილებლად უნდა გაერთიანდეს… და ეს სახელისუფლებო პარტიების გამარჯვების საუკეთესო „გაპრავება“ იყო ყოველთვის და რჩება დღესაც.
„ხელისუფლება ცუდია და გასაგდებია, მაგრამ რა ვქნათ, აგერ, ოპოზიცია ისევ ვერ ერთიანდება“, _ ვინ დაითვლის, ამ ლოზუნგის ქვეშ რამდენჯერ აჩუქა ქვეყანამ უღირსს პოლიტიკოსებს აბსოლუტური ძალაუფლება?
თუმცა საკითხის ასე დაყენება ფუნდამენტურად არასწორია _ მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერანაირი ოპოზიცია ვერასდროს ვერ ერთიანდება. დროებითი კოალიციები შესაძლებელია, რომლებიც დღეს იქმნება და ხვალ იშლება, ასევე სიტუაციური ზავები პოლიტიკურ პარტიებს შორის, მაგრამ „გაერთიანება“ _ არასდროს.
ანდა საერთოდაც _ როგორ წარმოგიდგენიათ 10 ან, თუნდაც, 3 პარტიის გაერთიანება მაშინ, როდესაც პარლამენტში, სულ რაღაც, 150 ადგილია და ის ყველას ვერაფრით ეყოფა?
რამდენიმე თვის წინ, როდესაც ოპოზიციური პარტიები დროებით გაერთიანდნენ საარჩევნო სისტემის საკითხის ირგვლივ, საზოგადოებაში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, _ აი, იქნებ, ოპოზიცია ახლა მაინც გაერთიანდესო.
თუმცა ეს თავიდანვე უტოპია იყო _ საარჩევნო საკითხის გარდა ლეიბორისტების შტაბ-ბინაში შეკრებილ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდა. როგორც კი ეს პრობლემა გადაწყდა, ყველა საკუთარ თავზე ფიქრს დაუბრუნდა.
თავიდანვე გასაგები და ცხადი იყო ისიც, რომ მაჟორიტარების ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებაც შეუძლებელი გახლდათ _ 30 ადგილი ყველა თავისი ლიდერის წამოსაყენებლად 10 პარტიას კი არა, ერთს არ ეყოფა.
სრულიად წარმოუდგენელია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა თავიანთი ამბიციები დათმონ და ვიღაცას საპარლამენტო სავარძელი, თუნდაც, ჰიპოთეტური, საკუთარი ნებით აჩუქონ.
პოლიტიკოსები ჩვეულ სიტყვიერ გაწევ-გამოწევას დაუბრუნდნენ, საზოგადოებაში კი ტრადიციული გოდება დაიწყო: „ოპოზიცია ვერ ერთიანდება“.
და ამ დროს არავინ აყენებს საკითხს, _ რატომ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია? რატომ უნდა გამოიჩინონ უზრდელმა და უაზროდ ამბიციურმა ქართველმა პოლიტიკოსებმა მეტი საღი გონება და პასუხისმგებლობა, ვიდრე მათმა კოლეგებმა განვითარებული ქვეყნებიდან, რომლებიც ასევე ვერასდროს ერთიანდებიან?
თითქოს, პასუხი მარტივია: გვყავს ერთი დიდი მმართველი პარტია და, პირობითად, _ 10 პატარა ოპოზიციური, ამიტომაც ეს 10 ხელისუფლებას ერთიანი ფრონტით უნდა შეებრძოლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამარჯვება გამორიცხულია.
ერთი შეხედვით, ამ არგუმენტში ყველაფერი სწორია და მას ვერაფერს დაუწუნებ, მაგრამ, სინამდვილეში, თავად ეს წარმოდგენა დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია.
საქართველოში ცნება „მრავალპარტიულობაში“ აქცენტი კეთდება, ძირითადად, სიტყვა „მრავალზე“. ხშირად გაიგონებთ ისეთ გამონათქვამებს, როგორიც არის: „რაც მეტი პარტია იქნება _ მით უკეთესი“ ან „რაც მეტი სხვადასხვა პარტია შევა პარლამენტში _ მით უკეთესი“.
ეს ფუნდამენტურად არასწორი მიდგომაა _ ზედმეტად ბევრი პარტია ისეთივე ცუდია, როგორც მხოლოდ ერთი. განვითარებულ ქვეყნებში პარლამენტები, სადაც მკაფიო უმრავლესობის ჩამოყალიბება ვერ ხერხდება, პირველსავე თვეებში იშლება.
10 პარტიული სისტემა არის მუდმივი ქაოსისა და არეულობის წყარო და ამას ვერც საქართველოში ასე პოპულარული „ოპოზიციის გაერთიანება“ შველის.
რამდენი ასეთი ხელოვნურად შეკოწიწებული ალიანსი გვინახავს პოლიტიკურ ველზე და უკლებლივ ყველა დაშლილა. ეს ფორმატი _ 10 პარტიის გაერთანება _ არამდგრადი და მოკლევადიანია. ნორმალური ქვეყნის ასაშენებლად ის ნამდვილად ვერ გამოდგება.
მაშ, სად არის გამოსავალი? გამოსავალი არის ხანგრძლივი პოლიტიკურ ევოლუცია, რომლის შედეგადაც ქართული საზოგადოება იგივე დასკვნამდე მივა, რომელთანაც მივიდა მთელი ცივილიზებული სამყარო _ 10 პარტია, თუნდაც დროებით გაერთიანებული, არ ვარგა… და მაღალი პოლიტიკური კულტურა ნიშნავს იმას, რომ სიტყვა „მრავალპარტიულობაში“ აქცენტი გაკეთდეს არა „მრავალზე“, არამედ „პარტიულობაზე“.
ქართულმა საზოგადოებამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს: წარმატების გასაღები არის არა 10 სუსტი პარტია, არამედ _ 1-2 ძლიერი.
საქართველოს დღეს მართავს ზვიგენი, მას კი ებრძვის 10 კალმახი, შესაბამისი შანსებით. იმისთვის, რომ დაამარცხო ზვიგენი, საჭიროა არა 10 კალმახის მყიფე ერთობა, არამედ მეორე დიდი ზვიგენი.
აქსიომაა _ საქართველოში სახელისუფლებო მონსტრები მხოლოდ მაშინ მარცხდებოდნენ, როდესაც მათ წინააღმდეგ მეორე, თითქმის ასეთივე მონსტრი გამოდიოდა.
ვერავითარი გაერთიანება ამ საქმეს ვერ უშველის _ „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს მხოლოდ მეორე „ქართული ოცნება“ _ ძლიერი, გავლენიანი, ადგილებზე კარგად მართვადი პოლიტიკური ქსელის მქონე მდიდარი პარტია.
საერთაშორისო გამოცდილება ნათლად მეტყველებს, რომ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყნები, ძირითადად, 2-პარტიულია. შესაძლებელია იყოს კიდევ 1 ან, მაქსიმუმ, 2, შედარებით წვრილი, მოთამაშე, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ რომელიმე მხარეს ეკედლება, თუმცა ძირითადი ორია.
ეს წარმატების გარანტიაა იმიტომ, რომ ორი ძლიერი ზვიგენი ერთმანეთს მუდმივად ებრძვის. ამას დადგენილებით ან მითითებით ვერ გააკეთებ _ ეს ხანგრძლივი წვალებისა და ერთ წრეზე ათწლეულებით სიარულის შედეგი იქნება.
აუცილებლად მოვა დრო, როდესაც საქართველოში ჩამოყალიბდება 2-3 ძლიერი პარტია. და მაშინ ხელისუფლების შესაცვლელად არც მასობრივი გმირობა და არც „ოპოზიციის გაერთიანება“ იქნება საჭირო.

თენგიზ აბლოთია