დიმიტრი ბიძინაშვილი: „მალე ბიძინა ივანიშვილი ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე გახდება“

დასავლეთიდან წამოსულ მწვავე შეფასებებს „ქართული ოცნება“ თავის მხრივაც მწვავედ აფასებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები „ნაციონალების“ გავლენის ქვეშ არიან. ეტყობა, ამ ვერსიის თავადაც სჯერათ და ცდილობენ, სტრატეგიულ პარტნიორს გონება გაუნათონ. როგორც მოძრაობა „შეცვალეს“ ლიდერი დიმიტრი ბიძინაშვილი „ქრონიკა+“-სთან ამბობს, აშშ-ში საქართველოს ელჩი კონგრესსა და სენატში დარბის, მაგრამ არაფერი გამოსდის.

ვისთან ერთად დარბის აშშ-ში საქართველოს ელჩი სენატსა და კონგრესში? რა პრობლემების წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილი? რა უნდა გაითვალისწინონ „ქართული ოცნების“ წევრებმა? რას აღარ გაატარებს დასავლეთი? რაზე ესაუბრება ქართველ ჩინოსნებს კელი დეგნანი? რატომ არ აქვს გახარიას ვინმესთვის თვალებში ჩახედვის უფლება? დაიწყო თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვა მმართველმა ძალამ? _ ამ თემებზე დიმიტრი ბიძინაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ხელისუფლებამ დიდი ზარზეიმით გვამცნო, რომ 17 წლამდე ასაკის ბავშვები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ოპოზიცია და არასამთავრობოები ამ ამბავს დადებითად არ შეხვედრიხართ. თქვენი აღშფოთება არ მოეწონა პრემიერ გახარიას და ის მზადაა, ნებისმიერ თქვენგანს თვალებში ჩახედოს და ასე მოისმინოს არგუმენტები.
_ როგორც ჩანს, ახალგაზრდების თვალები გიორგი გახარიას სუსტი წერტილია. რაც მართალია მართალია, მას კარგად გამოსდის როგორც თვალების დათხრა, ასევე თვალებში ნაცრის შეყრა. რაც შეეხება ამ 200-ლარიან დახმარებებს, ეს არა ბავშვებზე, არამედ მათი მშობლების გულის მოგებაზეა გათვლილი. „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ აინტერესებს ბავშვები. არც მათი მშობლები ადარდებს, მაგრამ წინ არჩევნებია და იძულებული არიან, ასე მოიქცნენ.
მათ მართლა დახმარება რომ სდომოდათ, გაცილებით ადრე დაარიგებდნენ. როცა კორონას გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ყველაფერი გაჩერდა. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ მოსახლეობას დახმარებოდნენ. ამაზე ძალიან გაბრაზდნენ და განაცხადეს, რომ ყველაფერი კარგად მიდის და არავის სჭირდება ჯერ დახმარებაო.
დახმარებების გაცემის ვადები რამდენჯერმე გადასწიეს და ის არჩევნებს მიუახლოვეს. როგორც გავიგეთ, 17 წლამდე ბავშვებისთვის ფულის ჩარიცხვის პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დაიწყება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყვავს კაკალი გავაგდებინეთ, მაგრამ გაგდებული კაკალი აშკარად ამომრჩევლის მოსყიდვაზეა გათვლილი. ჩვენ ხომ არაერთი ფაქტი გვინახავს, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილის პარტია მოისყიდოს ამომრჩეველი.
_ მოსყიდვაზე უარს არ იტყვის „ქართული ოცნება“, მაგრამ მაინც კარგია, ადამიანები დახმარებას რომ მიიღებენ. თავადაც თქვით: კარგია, თუ ყვავს კაკალს გააგდებინებო.
_ ჩვენი მოქალაქეები რომ ფულად დახმარებას მიიღებენ, ეს ამბავი ძალიან მახარებს. ამასთან, მინდა მათ ვუთხრა, რომ ამ დახმარების გამო არავის მადლიერები არ უნდა იყვნენ.
_ მადლიერები რატომ არ უნდა იყვნენ?
_ იმიტომ, რომ ეს დახმარება გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ბიუჯეტი ეკუთვნის ქართველ ხალხს, რადგანაც ის ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით ივსება. ეს არის ხალხის ფული და დახმარების სახით ხალხს თავისივე ფული უბრუუნდება უკან. რამდენიმე თვით ადრე რომ დარიგებულიყო ეს დახმარება, ეჭვები არ გაჩნდებოდა, მაგრამ როცა არჩევნები ოქტომბერშია და დახმარება სექტემბერში რიგდება, იქ ბუნებრივია, გაჩნდება კითხვებიც და ეჭვებიც.
_ ამომრჩევლის მოსყიდვა ახსენეთ და გასულ კვირას მოქალაქეებისთვის კიტრისა და პომიდვრის დარიგებაც მოსყიდვად შეფასდა. ასეთი ფაქტები კიდევ იქნება. რას დაუპირისპირებს ამას ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება?
_ ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ რუსმა ოლიგარქმა ეს ქვეყანა გააღატაკა. თან ისე გააღატაკა, რომ ადამიანები სადღაც დგებიან რიგში, რომ უფასოდ აიღონ ერთი კილო კიტრი და პომიდორი. 2012 წელს „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, ამ ადამიანებსაც ჰპირდებოდა, რომ სამუშაო ადგილებს შექმნიდა და საქართველოს მოქალაქეები ღირსეულად იცხოვრებდნენ. ბიუჯეტის ფულები ჯიბეში რომ არ წაეღოთ და სამუშაო ადგილები შეექმნათ, მათ მიერ დარიგებული კარტოფილი და პომიდორი არავის დასჭირდებოდა.
მინდა, ყველას მივმართო, რომ იმ ადამიანებს ნუ გალანძღავენ, ვინც კიტრსა და პომიდორს იღებს. მათ, უბრალოდ, სხვა გზა აღარ დარჩათ. ისინი საარსებოს გარეშე დარჩნენ. ეს ოლიგარქიული მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა. მმართველი ყველაფერს აკეთებს ხალხის გასაღატაკებლად. გაჭირვებული ხალხის მართვა და მოსყიდვა, როგორც წესი, ბევრად უფრო ადვილია. ხალხი გაღატაკებულია, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როცა „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვა გამოუვა.
_ რატომ გგონიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვა აღარ გამოუვა? რა შეუშლის ხელს?
_ ხელს ის შეუშლის, რომ არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ტარდება, ჩვეულებრივი არჩევნები არაა.
_ რას ნიშნავს, ჩვეულებრივი არჩევნები არაა?
_ იმას, რომ შემოდგომაზე მხოლოდ პარლამენტს არ ვირჩევთ. ოქტომბერში გადაწყდება, თუ რა გზას აირჩევს საქართველო _ გააგრძელებს დასავლეთის მიმართულებით სვლას, თუ ჩრდილოეთისკენ წავა?
2012 წლიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ საქართველოს მართავს რუსი ოლიგარქი. რუსმა ოლიგარქმა ერთი წლის წინათ პრემიერად რუსეთის მოქალაქე გახარია დაგვისვა. აქამდე დასავლეთში ამის არ სჯეროდათ. ახლა მთელი ევროპა და ამერიკა იმაზე საუბრობს, რომ საქართველოს რუსი ოლიგარქი მართავს. ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები პირდაპირ წერენ დოკუმენტებში, რომ საქართველოს სათავეში პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ზის. დასავლეთმა უკვე ყველაფერი გაიგო, სათანადოდ შეაფასა ვითარება, ამიტომ შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილი არჩევნები ისე აღარ ჩაივლის, როგორც აქამდე იყო. ამ არჩევნებზე ბევრი რამეა დამოკიდებული. მათ შორის ისიც, თუ როგორი იქნება საქართველოს საგარეო კურსი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ საქართველო რუსეთის საკუთრება გახდება. ასეთ შემთხვევაში ტერიტორიების 20% კი არ იქნება ოკუპირებული, არამედ მთელი ტერიტორია რუსეთი გახდება. არადა, ჩვენი ოცნება რუსეთში დაბრუნება არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, იმისთვის ვიბრძვით, დასავლეთის სრულუფლებიანი ნაწილი როგორ გავხდეთ. მგონია, რომ შორს აღარ არის ის დრო, როცა საქართველოსთვის ნატოს კარი გაიღება.
_ მაგ ნატოს კარის გაღებაზე დიდი ხანია, ვოცნებობთ, მაგრამ ამ კარის გაღებას საშველი არ დაადგა.
_ ახლა სხვანაირად არის საქმე. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აცხადებენ, რომ დადგა დრო, როცა საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი. ამასთან დაკავშირებით გასულ კვირას განცხადება კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა გააკეთა, რომელიც საქართველოს ნამდვილი მეგობარია.
ნატოს წევრები თუ გავხდით, ჩვენი უსაფრთხოება სრულად იქნება დაცული. რუსეთი ერთ ნაბიჯსაც ვეღარ გადმოდგამს ჩვენკენ. ახალი ტერიტორიების მიტაცება კი არა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაც მოუწევთ. დასავლური მიმართულებით თუ გავაგრძელებთ სიარულს, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ღირსეული მომავალი ექნება.
_ ნატოს წევრობა ასეთი იოლი არ იქნება. იმისთვის, რომ ნატოს წევრები გავხდეთ, აქ დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს ერთ-ერთი წინაპირობაა ალიანსში მოსახვედრად.
_ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ივანიშვილის პარტია ვეღარ გარისკავს არჩევნების გაყალბებას.
_ რატომ ვერ გარისკავს? მათთვის ხომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ძალაუფლების შენარჩუნება.
_ „ქართულ ოცნებაში“ შესანიშნავად იციან, რომ არჩევნები თუ გაყალბდა, დასავლელი პარტნიორები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ამაზე მეტყველებს ის წერილებიც, რომელიც უწყვეტ ნაკადად მოდის ევროპიდან და ამერიკიდან.
არც ამერიკის ელჩი დადის ტყუილად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს ქალბატონი ხან მთავარ პროკურორთან მიდის, ხან _ გიორგი გახარიასთან. ზოგჯერ ბიძინა ივანიშვილსაც სტუმრობს ხოლმე. ახლა თუ ვინმეს ჰგონია, რომ ელჩი და ხელისუფლების წარმომადგენლები ჭიქა ყავასა და პეპლებზე საუბრობენ, ძალიან ცდებიან. ამერიკელები პირდაპირ ეუბნებიან ივანიშვილს, თუ რა ელოდება არჩევნების გაყალბების შემთხვევაში.
ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა საქართველოზე დაპატრონებულ რუს ოლიგარქს გასაგები ენით აუხსნეს, რომ ვაშინგტონს შეუძლია ის ერთ ჩვეულებრივ ადამიანად აქციოს. ამერიკას ასეთ თემებზე ხუმრობა რომ არ უყვარს, ეს მოლდოველ მილიარდერ პლოხოტნიუკისთვის სანქციების დაწესებითაც გამოჩნდა. ის ადამიანი ქვეყნიდან გაიქცა. მასთან შედარებით ივანიშვილი უფრო მძიმე მდგომარეობაშია.
_ უფრო მძიმე მდგომარეობაში რატომ არის?
_ იმიტომ, რომ ის ვერსად გაიქცევა.
_ რუსეთში ვერ იპოვის თავშესაფარს?
_ რუსეთსაც ვერ შეაფარებს თავს. იქ მტრები ჰყავს, თავის დროზე ძალიან ბევრი ხალხი გადააგდო და ამაზე მას აუცლებლად მოსთხოვენ პასუხს. არჩევნებს თუ გააყალბებს, ვეღარც საქართველოში გაჩერდება. არა მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ან მისი რომელიმე წევრის გამო რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ფინანსები და თავი გაწიროს. ოლიგარქმა კარგად იცის, რომ მის მილიარდებს საფრთხე ემუქრება. ვაშინგტონმა ჩვენს ქვეყანას უკვე დაადო სანქციები და იმ დახმარების 15% მოგვაკლო, რომელიც საქართველოში მოდიოდა. ასეთი რამე ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროსაც კი არ მომხდარა.
სიტყვიერი გაფრთხილებიდან ამერიკა უკვე ქმედით ნაბიჯებზე გადავიდა. ვაშინგტონი ყველა თავისი ქმედებით და განცხადებით „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ მათ ხელისუფლება უნდა გადააბარონ. არ გადააბარებენ და მოხვდებათ. ყველაზე მეტად მოხვდება რუს ოლიგარქს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ივანიშვილი არც „ოცნების“ წევრებისა და არც „ოცნების“ ამომრჩევლის გამო არ შეუქმნის თავის ფინანსებს საფრთხეს. მას საქართველოს მოსახლეობა ერთ თეთრადაც კი არ უღირს.
_ ივანიშვილი „ოცნების“ გადარჩენას საკუთარი ქონების გადარჩენას ამჯობინებს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც მეოცნებეები გადაჰყვებიან რუს ოლიგარქს. მას თუ რამე პრობლემები შეექმნება, მაშინვე მიატოვებენ.
_ მის გარშემო სულ მედროვეები არიან შემოკრებილი. დაინახავენ თუ არა, რომ ივანიშვილი მარცხდება არჩევნებში, პირველები ჩაარტყამენ ზურგში დანას „ქართული ოცნების“ ლიდერს. ასეთი ამბები არაერთხელ გვინახავს ქართულ პოლიტიკაში. ივანიშვილი მათგან განწირულია და ჩვენც ახალი საზრუნავი გაგვიჩნდება. არასამთავრობოებმა და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ „ქართული ოცნების“ ნავიდან გადმომხტარი ადამიანები ოპოზიციამ არ შეიწოვოს. ერთი და იგივე წრეზე სიარული უნდა დავამთავროთ.
_ ამის გაკეთება მარტივი არ იქნება, ეს ადამიანები ისეთი გამოცდილები არიან ერთი ნავიდან მეორეში გადახტომაში, რომ მათთან გამკლავება ძალიან რთული იქნება, თუ შეუძლებელი არა.
_ ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. როდემდე უნდა ტრიალებდეს ეს სახეები ქართულ პოლიტიკაში? მათი ატანა უკვე შეუძლებელია.
_ ამის გაკეთებას როგორ აპირებთ?
_ მედროვეები პოლიტიკურ პროცესებს უნდა ჩამოვაშოროთ. სხვანაირად ვერ გავწმენდთ პოლიტიკურ ველს. მე კარგად მახსოვს, ხელისუფლებაში მოსვლამდე როგორ გაიძახოდა „ქართული ოცნება“, რომ მურუსიძე ცუდი იყო. მას შემდეგ, რაც „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ცუდი მურუსიძე უცბად კაი ტიპი გახდა და სამუდამოდ დანიშნეს მოსამართლედ. ყველამ კარგად ვიცით, ვინ არიან დღეს „ქართულ ოცნებაში“. ვიცით, ვის აკრიტიკებს ოპოზიცია, ეს ადამიანები პოლიტიკაში აღარ უნდა დარჩნენ. და აღარავინ უნდა გვითხრას, რომ ეს მაშინ იყვნენ ცუდები, თორემ ახლა ძალიან კარგები არიანო.
ამ ცუდმა ადამიანებმა კი კეთილი ინებონ და წავიდნენ სახლში. თუ ჩათვლიან, რომ უსამართლოდ მოექცნენ, მიმართონ სასამართლოს. ოღონდ იმ სასამართლოს, რომელიც პოლიტიკური დაკვეთებისგან თავისუფალი იქნება. პარტიიდან პარტიაში გადახტომა უნდა დასრულდეს. ეს დემოკრატიასაც აზარალებს და ქვეყნის განვითარებასაც უშლის ხელს.
ასეთი ხალხის შეწოვას კარგი რომ არაფერი მოაქვს, ამაზე დღეს არსებული ვითარებაც მეტყველებს. იმის მაგივრად, რომ ქვეყანა განვითარებულიყო და წინ წავსულიყავით, უკან, 90-იან წლებში დავბრუნდით. იმ პერიოდისგან დღევანდელობა მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ახლა დენი და გაზი გვაქვს. დანარჩენი ყველაფერი ისეა, როგორც მაშინ. ადამიანებს ქუჩაში გასვლის ეშინიათ. დღე ისე არ გავა, რომ ვინმე არ ჩაცხრილონ, ვინმე არ აწამონ, ვინმე არ დააყაჩაღონ, ვინმე არ გააუპატიურონ. პოლიციელების მოკვლასაც არ ერიდებიან. მერე ვნახულობთ, რომ ადგება ჩვენი პრეზიდენტი და მკვლელებსა და პედოფილებს შეიწყალებს.
_ სამაგიეროდ უარს იტყვის პოლიტპატიმრის შეწყალებაზე. მან გვითხრა, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს.
_ არ შეიწყალებს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ასეთი დავალება არ აქვს მიღებული. თავად ეს ქალი არაფერს რომ არ წყვეტს, ბავშვებმაც კი იციან. ქვეყანაში ამდენი პრობლემაა და პრეზიდენტი რაღაც ანტიკვარებს დასდევს. ესეც არ იკმარა და მთელი საქართველო მოიარა. თუკი სადმე შეიძლებოდა დასვენება, დაისვენა. თან იქით დაგვადო ვალი _ იმიტომ დავდივარ, შიდა ტურიზმი უნდა განვავითაროო. იგი არაადეკვატურია. ის ოლიგარქს პრეზიდენტად იმიტომ არ დაუნიშნავს, რომ მან რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს, ის იმიტომ დაინიშნა ამ პოსტზე, რომ კარგი მონა იყოს. მასსა და ივანიშვილს შორის ასეთი შეთანხმება არსებობს. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას შეწყალება მაინც მოუწევს. უფრო ზუსტი ოქნება თუ ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილს მიაღებინებენ. თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებაზეც უარს ამბობდნენ, მაგრამ დასავლეთიდან მკაცრი გაფრთხილება მიიღეს. დასავლელი პარტნიორების თანდასწრებით გაფორმდა შეთანხმება, რომ პოლიტპატიმრები ციხეს დატოვებდნენ, მათ შორის რურუას გვარიც იყო ნახსენები. ის ისევ ციხეში რჩება. ივანიშვილმა დასავლეთი მაშინაც გადააგდო, როცა მისმა მონებმა საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდეს, რომლის მიღების შემთხვევაში საქართველოში არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებოდა. ამ გადაგდებების გამო მას მწარედ მოხვდება ცხვირში, საკუთარ ტყავზე კიდევ იგრძნობს, თუ როგორ რეაგირებს დასავლეთი გადაგდებაზე.
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მინდა ვუთხრა „ქრონიკა+“-ს: ამერიკაში საქართველოს ელჩ დავით ბაქრაძეს არავინ აღარ ელაპარაკება. ჩვენ გვყავს ნაცნობები ამერიკაში, რომლებსაც კონგრესთან და სენატთან აქვთ შეხება. ისინი გვიყვებიან, თუ როგორ დადის დავით ბაქრაძე 5 ლობისტთან ერთად, ცდილობს, ვინმეს დაელაპარაკოს, მაგრამ არც კონგრესმენები ელაპარაკებიან და არც _ სენატორები.
_ რატომ?
_ რატომ უნდა დაელაპარაკონ? ჯერ იყო და რუსმა ოლიგარქმა ანაკლიის პორტის მშენებლობა გააჩერა, მერე იყო და ამერიკულ კომპანია „ფრონტერას“ შეუქმნეს პრობლემები. ვაშინგტონისთვის „ფრონტერა“ ძალიან მნიშვნელოვანი კომპანია. ამ კომპანიის წყალობით ამერიკელებმა შანსი მოგვცეს, რომ ენერგოდამოუკიდებლობა მოგვეპოვებინა. „ქართულმა ოცნებამ“ კი „ფრონტერას“ უჩივლა და კომპანიას დღემდე აშანტაჟებენ. ასეთი რამე რომ ხდება, იმიტომაც არ ელაპარაკებიან ამერიკელები ელჩ დავით ბაქრაძეს.
ნათელი და აშკარაა, რომ ვაშინგტონი რუს ოლიგარქთან საუბარს აღარ აპირებს. ამერიკელებს უკვე მიღებული აქვთ გადაწყვეტილება _ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს პასუხისგება.
_ ჩვენ ერთი თვის წინათაც ვისაუბრეთ იმაზე, რომ ივანიშვილი შეიძლება, „ოცნების“ პირველი ნომერი გახდეს. ერთი პერიოდი ამ თემაზე საუბარი შეწყდა, ახლა ისევ ალაპარაკდნენ. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არაა, მაგრამ „ოცნების“ კულუარებში ამბობენ, რომ პირველი ნომერი ის იქნება, მეორე _ გახარია.
_ ამაზე იმას გეტყვით, რაც მაშინ გიპასუხეთ. ივანიშვილის სიაში პირველ ნომრად ჩასმა ნიშნავს იმას, რომ ის ეძებს პოლიტიკურ გარანტიებს. ის ცდილობს მოიპოვოს იმუნიტეტი, რათა ხელშეუხებელი იყო.
_ სანქციებისგან ეს იმუნიტეტი ვერ დაიცავს.
_ ვერანაირად. საქართველოში იმუნიტეტის გამო შეიძლება ხელი არ ახლონ, მაგრამ ამერიკელები მას ჩვეულებრივ ადამიანად აქცევენ.
_ ივანიშვილი ღარიბი დეპუტატის როლში რაღაც ვერ წარმომიდგენია.
_ შეუძლებელი არაფერია. ამერიკელებს სხვა მილიარდერებიც უქცევიათ ჩვეულებრივ ადამიანებად და არც ივანიშვილს დაინდობენ. ვაშინგტონი ვერ იტანს, როცა რაღაცაზე შეთანხმებას მიაღწევენ და მერე გადააგდებენ. ივანიშვილს საკუთარ ტყავზე გამოაცდევინებენ იმასაც, თუ როგორ რეაგირებს ვაშინგტონი ამერიკული ბიზნესის შევიწროებაზე.

შორენა მარსაგიშვილი