გიორგი ვაშაძე: „მე აუცილებლად გავხდები პრემიერი“

გასულ კვირას ოპოზიციამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეზე მიიტანა იერიში. ოფიციალურად გაჟღერებულმა მისმა საპრემიერო ამბიციებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტიც კი გამოიყვანა წყობილებიდან. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. ვაშაძე, თავის მხრივ, ფიქრობს, რომ ნათელ მხარეს დგას, მაგრამ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას არ აპირებს. ამბობს რომ არც სხვა ოპოზიციონერებს უპასუხებს, რომლებიც მას ლანძღავენ.

რატომ არის დარწმუნებული გამარჯვებაში? რატომ არ სურს ოპოზიციისთვის პასუხის გაცემა? არის თუ არა ვაშაძე ივანიშვილის პროექტი? რატომ უწოდებენ მას „ოცნების“ მომხრეები „ნაციონალური მოძრაობის“ ტროას ცხენს? რა უსიამოვნო სიურპრიზს ჰპირდება ახალგაზრდა პოლიტიკოსი ხელისუფლებას? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს გიორგი ვაშაძე ესაუბრება:

_ თქვენმა განცხადებამ, რომ აპირებთ იყოთ პრემიერობის კანდიდატი, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორც ხელისუფლების მომხრეებში, ასევე _ ოპოზიციაში. უამრავი ბრალდება და პრეტენზია გაჩნდა თქვენი მისამართით. ერთი, ბავშვების ჭამა არ დაუბრალებიათ. სააკაშვილმა თქვა, ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდაო. რით ხსნით პოზიცია-ოპოზიციის ასეთ აღელვებას?
_ ის განცხადებები, რაც ჩემს გეგმებთან დაკავშირებით გაკეთდა, ნაკლებად მაინტერესებს. არც მათ შეფასებებს გავაკეთებ. ვფიქრობ, ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვინ ნათელ მხარესაა და ვინ ბნელისკენ გადაიხარა. თავის ბოლო გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა სრულად შეცვალა თავისი მესიჯები. ის მიხვდა, რომ რაც რამდენიმე დღით ადრე თქვა, არასწორი იყო. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ასეთია: არ ვაპირებ არავისთვის ტალახის სროლას.
_ რატომ არ გინდათ მათთვის პასუხის გაცემა?
_ რა საჭიროა, რომ ტალახის სროლაზე ვუპასუხო? ეს პროცესები საქართველოს არ წაადგება. რაც შეეხება ჩემს გეგმებს _ დიახ, მე ვაპირებ გავხდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ვიღაცას შეიძლება ამის სჯერა, ვიღაცისთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ მე მაინც გავხდები პრემიერი. პრემიერი გავხდები იმიტომ, რომ მაქვს კონკრეტული მიზანი.
_ რა მიზანი გაქვთ?
_ სიღარიბის დამარცხება! მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ერთ ადამიანს აღარ უნდა შიოდეს. ამის გარდა საქართველომ უნდა დაიბრუნოს რეგიონის ლიდერი ქვეყნის პოზიცია. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ სიამაყე წაართვა ამ ქვეყნის მოქალაქეებს. ლიდერი ქვეყნის პოზიციასთან ერთად წართმეული სიამაყეც უნდა დავიბრუნოთ.
_ სიამაყის წართმევაში რას გულისხმობთ?
_ სადაც არ უნდა გახვიდეთ და ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, არავინ გეტყვით იმას, რომ საქართველოს მოქალაქეობით ამაყობს. ისეთი სიტუაცია უნდა შევქმნათ საქართველოში, ისეთი პროცესები უნდა წავიდეს, რომ ყველა, ვინც აქ ცხოვრობს, ამაყობდეს საქართველოს მოქალაქეობით. ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ ხალხს ამ სიამაყის გრძნობას.
_ რაღაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელივით გამოგივიდათ, 2012 წელს როცა ხელისუფლებაში მოდიოდნენ, ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ ერთხმად გაიძახოდა, _ ხალხს ღირსება უნდა დავუბრუნოთო. ახლაც ფიქრობენ, რომ ღირსება დაგვიბრუნეს.
_ ღირსების დაბრუნება და სიამაყის დაბრუნება სრულიად სხვადასხვა რამეებია. ჩვენი მიზანია, ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, რომ ყველა ამაყობდეს საქართველოს მოქალაქეობით. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „დამსხვრეული ოცნებების პარტიამ“ კი რა გააკეთეს? _ იმ დონეზე დათესეს ქვეყანაში ნიჰილიზმი, რომ ადამიანებს სამშობლოსა და ქვეყნის განცდა დაუკარგეს. ჩვენს მოქალაქეებს უკვე არაფრის სჯერათ, არც იმის, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს. უკვე ვეღარ წარმოუდგენიათ, რომ ოდესმე გადაილახება ის პრობლემები და გაჭირვება, რაც დღეს მათი და ქვეყნის წინაშე დგას. დღეს საქართველოში უკიდურესად მძიმე ვითარებაა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
ხალხში ასეთი სერიოზული ნიჰილიზმი ბოლო ორმა არჩევნებმა დათესა. ძალიან ბევრი დაპირება მისცეს ამომრჩეველს „დამსხვრეულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ შესრულდა. კორონაპანდემიის დროსაც კი ყველაფერს სათავისოდ აკეთებდნენ და ფულს შოულობდნენ. ამას მაშინ აკეთებდნენ, როცა სახლში გამოკეტილი ხალხი ლუკმა-პურის გარეშე იყო დარჩენილი. არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ფულებს თავიანთ შემომწირველებს აძლევდა.
ამის დამამტკიცებელი უამრავი მაგალითი არსებობს: ერთ-ერთ შემომწირველს, რომელმაც ხელისუფლებას რაღაც თანხა შესწირა, მეორე დღესვე გაცილებით მეტი თანხა ჩაერიცხა. ეს არის საოცრება, რაც უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ.
„დამსხვრეული ოცნების პარტია“ დღეს ასეთი პრინციპით ცხოვრობს _ კაპიკები ხალხს, მილიონები მათ კომპანიებს და ახლობლებს. ეს განუკითხაობა და უსამართლობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ.
_ ისევ თქვენს საპრემიერო ამბიციებს დავუბრუნდები. რატომ გამწარდა ოპოზიცია ასე ძალიან? კონკურენტს ხედავენ თქვენში, თუ რამე შეთანხმება იყო, რომ პრემიერად არ უნდა დაგესახელებინათ თავი?
_ მე არ მესმის, რატომ ეწყინათ ეს ამბავი? ამაში გასაბრაზებელი და სანერვიულო არაფერია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პროდასავლური ძალა, რომელიც ახლა ოპოზიციურ ერთობაშია, შექმნის კოალიციას და კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება.
_ კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს, მაგრამ პრემიერის პოსტზე თქვენს კანდიდატურას კოალიცია მხარს დაუჭერს?
_ აბა, რას იზამს, თუმცა მანამდე ხალხმა უნდა დამიჭიროს მხარი. როცა ხალხისგან მექნება მხარდაჭერა, მაშინ ოპოზიციური კოალიციაც დათანხმდება პრემიერად ჩემს არჩევას.
რაღაც განცხადებებს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან მიმაჩნია, რომ ყველას თავისი სტრატეგია აქვს. ასეთი განცხადებები, ეტყობა, მათი სტრატეგიის ნაწილია. კარგია, რომ მსგავსი განცხადებები არც ხალხს აინტერესებს. მათთვის სხვა რამის გარკვევაა უფრო მნიშვნელოვანი.
_ რისი გარკვევა სურს ამომრჩეველს, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი?
_ ხალხს ახლა აინტერესებს, თუ რომელ პარტიას რა გეგმა აქვს. ამომრჩევლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ ვინ როგორ აპირებს არსებული კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას. ამ გაჭირვებაში ცხოვრება უკვე შეუძლებელია. მე და ჩემი გუნდი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმაზე ვმუშაობთ და არ ვპასუხობთ ოპონენტების აგრესიულ განცხადებებს.
„სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ არც ისაა პრობლემა, თუკი ოპოზიციურ ერთობაში კიდევ სხვებსაც აქვთ საპრემიერო ამბიციები. მთავრობის მეთაურის პოსტის დაკავებაზე პრეტენზიები თუ აქვთ, მაშინ დაასახელონ ღიად თავიანთი პრემიერობის კანდიდატები და კონკრეტული გეგმაც წარმოადგინონ. თუ სტრატეგია და გეგმა არ გაქვს, რა უნდა გააკეთო ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად? ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ ხალხისგან მხარდაჭერა არ გექნება.
„სტრატეგია აღამაშენებლის“ შინაარსიც ხომ ესაა. მე მხოლოდ კი არ დავსახელებულვარ კანდიდატად, არამედ კონკრეტული გეგმა მაქვს შემუშავებული, სადაც გაწერილია, თუ რას გავაკეთებ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარების შესაცვლელად.
_ რა გეგმა გაქვთ?
_ ჩვენ გაწერილი გვაქვს, თუ როგორ შეიძლება შევქმნათ 300.000 სამუშაო ადგილი. ვიცით, საბანკო სესხებზე პროცენტი როგორ გავანახევროთ. მომავალი წლის პირველი იანვრიდანვეა შესაძლებელი პენსიონერებისთვის სესხებზე პროცენტების ჩამოწერა. მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელსაც მილიონამდე ბრუნვა აქვს, დღგ-სგან უნდა გავათავისუფლოთ. სამართლიანი სასამართლოს შექმნას ვაპირებთ. მოკლედ, დეტალურად გვაქვს გაწერილი, თუ რის გაკეთებას ვგეგმავთ, რათა ეს ქვეყანა იმ კრიზისიდან გამოვიყვანოთ, სადაც „დამსხვრეული ოცნებების პარტიის“ დამსახურებით ვიმყოფებით. მერწმუნეთ, ჩვენს გეგმებზე ახლა ძალიან მოკრძალებულად ვსაუბრობ, თორემ გაცილებით მეტს გავაკეთებთ. ჩემი და ჩემი გუნდის ხასიათი ასეთია.
_ გარდა იმისა, რომ საპრემიერო ამბიციების გამო შეგაჩვენეს, ივანიშვილთანაც გაგაიგივეს. თქვენმა კონკურეტმა ისნის მაჟორიტარულ ოლქში, დავით ჭიჭინაძემ, განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ორი კანდიდატი გამოიყვანა ჩემ წინააღმდეგ, ერთი კახა კახიშვილია და მეორე გიორგი ვაშაძეო. ამაზე რას უპასუხებდით თქვენს კონკურენტს?
_ ასეთი კლოუნადა ამომრჩეველში ძალიან ნეგატიურ განწყობას იწვევს, ამიტომ რა პასუხი უნდა გავცე მას? საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა, ვინ არის ეს ჭიჭინაძე. არ ვიცი, რა წარსული აქვს და საიდან მოვიდა პოლიტიკაში. კაკო ბობოხიძემ კარგად იცის, თუ ვინ ვინ არის ქართულ პოლიტიკაში. მას დავურეკე და ვკითხე, _ ვინაა ეს ჭიჭინაძე-მეთქი. წარმოგიდგენიათ?! _ კაკომაც კი არ იცოდა, საიდან გამოტყვრა ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკაში.
მართლა არ მაინტერესებს, რას იტყვის ჩემზე იგი. ჩემთვის ამომრჩევლის მხარდაჭერაა მთავარი და არა _ კონკურენტის კეთილგანწყობის მოპოვება. ხალხის მხარდაჭერა რომელ კანდიდატს აქვს ისანში, ეს მგონია, რომ ძალიან კარგად ჩანს და ამას ყველა ამჩნევს.
_ მოსახლეობის ნაწილი მართლა გიჭერთ მხარს, მაგრამ ნაწილზე ძალიან იმოქმედა, რომ საპრემიერო ამბიციები გაგიჩნდათ. ოპოზიციამ სერიოზული შავი პიარი ააგორა თქვენ წინააღმდეგ. ბოლო დღეებში ეს ყველაფერი ჩაცხრა და ვაშაძის პრემიერობა სხვა თემებმა გადაფარა.
_ შეუძლებელი იყო, ეს ვნებათაღელვა დიდი ხანი გაგრძელებულიყო. თავად ეს ხმაურიც არაა განსაკუთრებული მოვლენა. კონკურენცია, ეჭვიანობა პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია. მომავალშიც ათას რამეს იტყვიან ჩემზე. დავით ჭიჭინაძემ ხომ „ქართული ოცნების“ პროექტი მიწოდა, მაგრამ „დამსხვრეულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ მე „ნაციონალების“ ტროას ცხენის ფუნქციას ვასრულებ. ყველას თავისი შეთქმულების თეორია აქვს.
_ თქვენ არ გაქვთ თქვენი შეთქმულების თეორია?
_ მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეთქმულების თეორიები არ აინტერესებს. ჩემთვის იმის გარკვევა უფრო საინტერესოა, თუ რა უნდა ხალხს. მე ვარ ადამიანი, რომელიც პასუხობს ხალხის კითხვებს. მომავალშიც ასე გავაგრძელებ. ლანძღვაში ნამდვილად არავის ავყვები.
_ იმ ოპოზიციონერებს რას ეტყოდით, რომლებიც ერთმანეთს თავს ესხმიან. ცოტა ხნის წინ, როცა ამ თემაზე ვისაუბრეთ, კმაყოფილი იყავით, რომ ასეთი თავდასხმები შეწყდა. ეს მაშინ იყო, როცა ელისაშვილმა გაილაშქრა ოპოზიციაზე, მაგრამ დროზე გაჩერდა. ახლა ბრძოლა ოპოზიციაში ისევ განახლებულია და ეს ყველაფერი ხალხზე კარგ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს.
_ ოპოზიციაში ერთმანეთთან ბრძოლა ისევ მიდის, მაგრამ ეს არაფერ შედეგს არ მოიტანს. ოპოზიციაში ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ერთი რამე _ ძალა არის ერთობაში და არა ერთმანეთისთვის სიბინძურისა და ტალახის სროლაში. ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ ბინძური და აგრესიული რიტორიკა პოლიტიკოსის რეიტინგზე კარგად აისახება. ასეთი რიტორიკა ამომრჩევლისთვის მისაღები რომ არ არის, ეს ბოლო კვლევებშიც გამოჩნდა.
_ უფრო კონკრეტულად გვითხარით, რა გამოჩნდა ბოლო კვლევებიდან?
_ ახალი კვლევებიდან ნათლად ჩანს, რომ საერთოდ განულებულია იმ პოლიტიკოსების რეიტინგი, რომლებიც სიბინძურისა და ტალახის ნთხევით არიან დაკავებულები. ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ ვინც მხოლოდ სიბინძურეს ანთხევს, ის არაფრის გამკეთებელი არ არის. ასეთი ხალხი ვერც სამუშაო ადგილებს შექმნის და ვერც ქვეყანას გამოიყვანს ეკონომიკური კრიზისიდან. ასეთ ხალხს არჩევნებზე მხარდაჭერა არ ექნება. ჩემი პრინციპია: ბოღმასა და სიბინძურის ნთხევას უნდა უპასუხო ღიმილით. ეს უნდა იყოს ყველა ჩვენგანის სტრატეგია.
ბოლო სამი თვის მანძილზე არაერთხელ ააგორეს ჩემ წინააღმდეგ ბინძური კამპანია, ბევრმა გამლანძღა, ბევრჯერ მესროლეს ტალახი, მაგრამ ვერავინ ამიყოლია. ვერც მომავალში ამიყოლიებენ.
_ მართლა ვერ აგიყოლიეს, მაგრამ მოეწონება ხალხს ასეთი გაწონასწორებული პოლიტიკოსი, რომელიც სიბინძურეს ღიმილით პასუხობს? ჩვენ ხომ უფრო აგრესიული პოლიტიკოსები გვიყვარს. ზევით კი ახსენეთ, ბოლო კვლეევების მიხედვით სხვანაირად ჩანსო, მაგრამ ეს განწყობა ბოლომდე დარჩება?
_ აგრესიული მეც ვარ, მაგრამ არა ოპონენტებისა და ოპოზიციის მიმართ. მე სიღარიბისა და გაჭირვების მიმართ ვარ აგრესიული. უსამართლობას ვპასუხობ აგრესიით. აგრესიულად ტალახის სროლა არც ერთი პოლიტიკოსის ამოცანა არ უნდა იყოს. ჩვენ სიღარიბესა და უსამართლობას უნდა ვებრძოლოთ.
გასულ კვირას გამოვიდა პრემიერი გიორგი გახარია და განაცხადა: 17 წლამდე ბავშვები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენო. რატომ არის დახმარება ასეთი ცოტა? 5 მილიარდი სად წაიღეს? თავის დროზე ხომ გვითხრა იმავე პრემიერმა, რომ 5 მილიარდი მოგვცეს? რატომ არ ეხმარებიან ხალხს, რომელიც მშიერია? ხალხისთვის მხოლოდ 80 მილიონია დარიგებული, დანარჩენი თანხა თავის კომპანიებსა და ჯიბეებში წაიღეს. გადმოაგდებენ რაღაც გროშებს და თან მიაჩნიათ, რომ ამით მთელი ქვეყანა კმაყოფილი უნდა ვიყოთ.
ამის ატანა უკვე შეუძლებელია. ნახავთ ძალიან მალე, რა სერიოზულ კამპანიას დავიწყებთ ამ კორუფციული სქემების აღმოსაფხვრელად. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ გაჭირვების დროს მაინც უნდა აიღონ ხელი ფულის კეთებაზე. ამათ კი კორონაპანდემიის დროს ორჯერ მეტი ფული იშოვეს, ვიდრე აქამდე შოულობდნენ. ბოლომდე ჩამოვხსნით ამ კორუფციულ სქემას ფარდას. ეს არის საოცარი სკანდალი. საერთაშორისო გამოხმაურება და სკანდალი მოჰყვება ამას.
პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს არ ელაპარაკება და მხოლოდ სიბინძურეების ნთხევით არის დაკავებული, ვერაფერს გააკეთებს. ოპონენტებისთვის ტალახის სროლა ერთ სამუშაო ადგილს მაინც თუ შექმნის, კიდევ არა უშავს და ისროლონ ტალახი. ამას მე არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ. მირჩევნია, იმ თემებზე ვიმუშაო, რაც ხალხს აწუხებს.
დროა, ახალი ტიპის პოლიტიკოსებს მივცეთ ასპარეზი _ იმ ტიპის პოლიტიკოსებს, რომლებიც საქმის კეთებაზე იქნებიან ორიენტირებულები და ტალახის სროლას არ დაიწყებენ. „სტრატეგია აღმაშენებლი“ ასეთი ტიპის პოლიტიკოსებისთვის შეიქმნა.
_ თქვენს გუნდში მართლა ახალი ტიპის პოლიტიკოსები და ახალი სახეები არიან. ამ ახალგაზრდებს არც სისხლიანი ცხრა წლისა და არც „ოცნების“ პერიოდის ცოდვები აწევთ ზურგზე.
_ ამ მხრივ გუნდში ძალიან პოზიტიური პროცესი გვაქვს. არ გვინდა იმ საქმის დაზიანება, რაც დავიწყეთ. გვინდა, რომ სუფთა წარსულის მქონე პროფესიონალებს მივცეთ გასაქანი! გვინდა, რომ პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი სუფთა წარსულის ადამიანი იყოს.
_ ისევ მიხეილ სააკაშვილის თემას დავუბრუნდები. იმ განცხადებების შემდეგ, _ ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდაო, _ ხომ არ შეეხმიანეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ან თავად ხომ არ შეგეხმიანათ იგი?
_ არც თვითონ შემხმიანებია და არც მე შევხმიანებივარ ვინმეს. რა აზრი ჰქონდა ამის გაკეთებას? მის პასუხად ფეისბუქზე ის ცნობილი ფოტო დავდე, რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობდა.
_ ძალიან უცნაური ფოტო დადეთ. არავის ეგონა, რომ გიორგი ვაშაძე ასეთ ფოტოს ატვირთავდა.
_ ბევრს ეგონა, რომ გვერდი გამიტეხეს, არადა, ეს ფოტო მე დავდე. პასუხის გაცემა და რაღაცის გარკვევა აუცილებელი არაა. სააკაშვილმა იცოდა, რომ არ ვუპასუხებდი. არც მომავალში ვაპირებ ასეთ განცხადებებზე პასუხების გაცემას. ეს ჩემი საქმე არაა. ჩემი ამოცანა ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანაა. დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაკეთებას შევძლებვთ.
_ გავიგეთ, რომ სააკაშვილის განცხადებას არ უპასუხებთ, მაგრამ ისნის ოლქში მის მომხრეებთან როგორ აპირებთ ურთიერთობას? საქართველოს მესამე პრეზიდენტი თქვენზე გაბრაზებულია და მისი მომხრეებიც ხომ არ გაგიბრაზდებიან?
_ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრები, რომლებიც ისანში ცხოვრობენ, უკლებლივ დამიჭერენ მხარს. მარტო ისინი კი არა, ნეიტრალური ამომრჩეველიც მე მომცემს ხმას. „ქართული ოცნების“ მომხრეებიც კი ჩემი ამომრჩევლები გახდებიან.
_ თქვენი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა კობახიძემ გაავრცელა ფოტო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისნის გამგეობამ უკვე დაიწყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ.
_ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ადმინისტრაციულ რესურსს ყოველთვის იყენებდა ხელისუფლება. ამჯერად ეს არ უშველით. იმ ხალხის ნახევარზე მეტი, რომელიც ამ ფოტოებშია, მე მომცემს ხმას და აგერ ნახავთ, რომ ასე იქნება.

შორენა მარსაგიშვილი