გია ნოდია: „2020 წლის არჩევნებში არაფრის გარანტიები არ არსებობს“



„ჩემი აზრი იყო, რომ ყველა ნამდვილი ოპოზიციური ძალა გაერთიანებულიყო და გაეკეთებინა ერთიანი საპარლამენტო სია. ამაზე უარი თქვეს, რაც ძალიან ცუდია.
ახლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იკისროს ის, რაც უნდა გაეკეთებინა საერთო სიას. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა მოიგოს ერთპიროვნულად ეს არჩევნები და ამაში დარწმუნებული ვართ, რომ ასეც იქნება. კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში შეთანხმდა მაჟორიტარების გაყოფაზე იმის გამო, რომ თბილისში ცოტა უფრო სპეციფიკური სიტუაციაა, თორემ თბილისშიც დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველას მოუგებს, იმიტომ რომ გრიგოლ ვაშაძემ მოიგო არჩევნები თბილისში, მაგრამ ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს ყველგან მაჟორიტარულ არჩევნებს საქართველოში.
ისეთი სერიოზული ხალხი მოდის ჩვენთან მაჟორიტარებად, ადრე გამოხედვაც რომ არ უნდოდათ ჩვენკენ. ჩვენც ყურადღებით შევარჩევთ, რომ არ შემოგვეპაროს ცუდი რეპუტაციის ხალხი, მაგრამ მოდიან ძალიან საინტერესო ფიგურები და ახლოს ვერ მოვა სხვა ვერავინ ერთიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – ამის შესახებ გასულ კვირას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
ასევე გასულ კვირას „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების სია წარადგინა, რომელთა შორის არიან პარტიის ლიდერები გიგი უგულავა და გიგა ბოკერია.

აზიანებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ოპოზიციურ სპექტრს? რამდენად სწორი სტრატეგიით მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა“? მომგებიანი იქნება თუ არა და რას ემსახურება „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება მაჟორიტარ კანდიდატად პარტიის ლიდერების წარდგენასთან დაკავშირებით? და მოსალოდნელია თუ არა ივანიშვილის მისამართით პირადი სანქციები დასავლეთის მიერ?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა:

_ ბატონო გია, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩამოაყალიბეს. თქვენი შეფასებით რა პროცესები დაიწყო ოპოზიციურ სპექტრში და ოპოზიციური ერთობა, ფაქტობრივად, არც არსებობს?
_ ერთობა არც არასდროს არსებულა. ერთობა იქნებოდა ერთიანი სია, მაგრამ მსგავსი არც განხილულა. ერთობა იყო, პირველ რიგში, საარჩევნო საკითხებისა და პოლიტპატიმრების თემის გარშემო, მაგრამ არ ყოფილა პროექტი, რომ ოპოზიცია ერთად გასულიყო არჩევნებზე. ერთადერთი, ზოგადი შეთანხმება იყო, რომ მაჟორიტარულ ოლქებში დაეყენებინათ საერთო კანდიდატები. ესეც მხოლოდ, ნაწილობრივ, თბილისში შესრულდა და თბილისშიც მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი იცავს ამ შეთანხმებას. მაგალითად, „ლელო“, ელისაშვილის პარტია და სხვები ამ შეთანხმებიდან გავიდნენ. ასე რომ, წინასაარჩევნო თვალსაზრისით ოპოზიციის ერთობა არ არსებობს. მაინცდამაინც ამის დიდი შანსი არც იყო. მით უმეტეს, საარჩევნო კანონმდებლობა, სახელდობრ, 1%-იანი ზღვარი ყველანაირად ხელს უწყობს იმას, რომ მცირე პარტიას მოტივაციას უქმნის, რომ უფრო დიდი გაერთიანებებიდან გავიდნენ. გიორგი ვაშაძის გასვლა „ძალა ერთობაშიადან“ უშუალოდ ამას უკავშირდება. ალბათ, მოსალოდნელიც იყო და ბუნებრივია, რომ ოპოზიცია არჩევნებს მრავალი სხვადასხვა ჯგუფის სახით ხვდება. ეს, გარკვეულად, სისუსტის შთაბეჭდილებას ქმნის _ ქართველი ამომრჩეველი შეჩვეულია, რომ ერთი ძირითადი ოპოზიციური ძალა უნდა იყოს. საპარლამენტო სისტემა ამის აუცილებლობას არ ქმნის. შეიძლება, ბევრი ოპოზიციური ჯგუფი იყოს, მაგრამ ისინი მზად იყვნენ თანამშრომლობისთვის არჩევნების შემდეგ, რომ კოალიციური მთავრობა შექმნან. თუ ასეთი მზაობა არსებობს და ეს აშკარად ჩანს, მაშინ ეს ნორმალურია საპარლამენტო სისტემისთვის, თუმცა ჩვენი ამომრჩეველი ამას დიდად შეჩვეული არ არის. ტრადიციულად მიიჩნევა, რომ საჭიროა ერთი ძირითადი ოპოზიციური ძალა.
_ ვაშაძის „ძალა ერთობაშიადან“ გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერი, ვაშაძის ნათესაური კავშირიდან გამომდინარე, ვანო ჩხარტიშვილის ინტერესების გატარებას უკავშირებს. რამდენად რეალისტური გგონიათ ეს? უნდა ითქვას ისიც, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სწორედ, გიორგი ვაშაძე იყო „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი.
_ როდესაც ვაშაძე რომელიმე პოლიტიკური გაერთიანებიდან გადის, იხსენებენ, რომ ვანო ჩხარტიშვილთან არის დაკავშირებული. როდესაც ვაშაძე, გაერთიანება „ძალა ერთობაშიაში“ შედიოდა, მაშინ ვანო ჩხარტიშვილის ფაქტორი აქტუალური არ იყო. ეჭვები ყოველთვის ყველაზე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ თუ ამ ეჭვს კონკრეტული საბუთი არ ახლავს, მაშინ მას არც მნიშვნელობა და არც ძალა არ გააჩნია. ჩემი შთაბეჭდილებით, გიორგი ვაშაძე არის ძალიან ამბიციური ადამიანი, მას ლიდერობის პრეტენზია აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური შანსები გაზარდოს. მან, როგორც კი დაინახა, რომ მის პარტიას, სხვასთან შედარებით, მაღალი რეიტინგი აქვს, აქედან გამომდინარე, მიიჩნია, რომ რატომ უნდა იყოს პოლიტიკურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრი, სადაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებს? ვაშაძემ იფიქრა, რომ ცალკე მოიპოვებს გარკვეული რაოდენობის ადგილს პარლამენტში, 2, 3 ან 4-ს და შემდეგ უკვე პარლამენტის შიგნით უფრო კარგ სავაჭრო მდგომარეობაში იქნება, როდესაც კოალიციური მთავრობის შექმნაზე დაიწყება საუბარი. ამით საკმარისად კარგად აიხსნება ვაშაძის ქმედებები.
_ პრემიერობის კანდიდატზე აქტიურად საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ნაწილს მიხეილ სააკაშვილის დასახელება სურს პრემიერობის კანდიდატად. არჩევნებამდე სამი თვით ადრე რამდენად გამართლებულია ამ თემის ასეთი ინტენსივობით განხილვა?
_ მართალია, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე დიდი და ძლიერია, მაგრამ როდესაც ბევრი ოპოზიციური პარტიაა, მგონი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებზე საუბარი არაპროდუქტიულია, რადგან ფაქტია, რომ ვერ შეთანხმდებიან და უფრო ეს არის ქიშპი ოპოზიციურ პარტიებს შორის. ვაშაძის მიერ საკუთარი თავის პოტენციურ პრემიერად დასახელება ცოტა კომიკურ ელფერს იძენს. როცა 2-3% აქვს რეიტინგი პარტიას და აცხადებს, რომ თავად უნდა იყოს პრემიერი, ეს, მგონი, უფრო წინასაარჩევნო ხრიკია, რომ მისი პერსონა უფრო გამოჩნდეს ამომრჩევლის თვალში, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც პრემიერობის პრეტენზია აქვს, ამით უფრო მეტ ამომრჩეველს მიიზიდავს და დაარწმუნებს მათ, რომ ის სერიოზული პოლიტიკური ძალაა. „ნაციონალურ მოძრაობას“ პრეტენზია რომ ჰქონდეს მისი პარტიიდან პრემიერობის კანდიდაობაზე ეს ბუნებრივია, რადგან ის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა და ამას არავინ უარყოფს, თუმცა მაინცდამაინც ჭკვიანური მათი მხრიდან ახლა ამაზე ხაზგასმა არ იქნება. ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ უნდა ამომრჩევლისთვის იმის შეხსენება, რომ ის არის მთავარი ოპოზიციური ძალა და თუ ვინმე შეძლებს „ქართული ოცნების“ დამარცხებას, პირველ რიგში, ისინი.
_ როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობა“ 2020 წლის არჩევნებზე მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შესანარჩუნებლად იბრძვის?
_ არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ თვალსაზრისით დიდი საფრთხე ემუქრებოდეს და იმის ალბათობა იყოს, რომ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ ამ არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტი ხმა აიღოს. მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და, პირველ რიგში, პირადად სააკაშვილს მაქსიმალურად უნდა იმის ხაზგასმა, რომ ისინი არიან მთავარი და რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯი არ ჩაიკარგოს ოპოზიციური პარტიების სიმრავლეში. ამით არის გამოწვეული სააკაშვილის უცნაური განცხადება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარტომ უნდა მოიგოს არჩევნები. იმედი მაქვს, სააკაშვილს ესმის, რომ ეს შეუძლებელია. ასევე ვიმედოვნებ, რომ ის იმდენად არ მოწყდომია ქართულ სინამდვილეს, რომ სრულიად დაეკარგა რეალობის განცდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის მისი ძირითადი მოტივი, ხაზი გაუსვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძირითადი ოპოზიციური ძალაა და ამ სტატუსს არაფერი ემუქრება. თუმცა ეს შეიძლება არაპროდუქტიული იყოს საბოლოო მიზნის მისაღწევად, ანუ არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების კუთხით, რადგან ასეთი რიტორიკა „ქართულ ოცნებას“ იმის თქმას უადვილებს, რომ ან „ქართული ოცნება“ ან „ნაციონალური მოძრაობა“. ფაქტობრივად, ამ კუთხით „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. „ქართული ოცნება“ თვითონ ფიქრობს, _ მისთვის სასარგებლოა, რომ მისი ძირითადი მოწინააღმდეგეა „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციურ ძალებს მნიშვნელობა არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ და, განსაკუთრებით, პირადად, სააკაშვილი მაქსიმალურად ცდილობენ იგივე თქვან, _ ან „ქართული ოცნება“, ან _ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები მეორეხარისხოვანი მოთამაშეები არიან.
_ 2012 წლიდან, ყოველი არჩევნების წინ, ამ სცენარს ვუყურებთ. ბოლო პერიოდში გამომდინარე იქიდან, რაზედაც ისაუბრეთ, გააქტიურდა მოსაზრება, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი მოკავშირეები არიან. ეთანხმებით ამ ვერსიას?
_ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის პირდაპირი თანამშრომლობა ძნელი წარმოსადგენია, რადგან „ქართული ოცნების“ მისამართით მთელი მხარდაჭერა იმაზეა, რომ ეს არის ანტისააკაშვილი და ანტი „ნაციონალური მოძრაობა“. არ მგონია, რომ ასეთი კავშირი შესაძლებელი იყოს. რაღაც საკითხებზე ვიღაცამ იქნებ იმსჯელოს კიდეც, მაგრამ პრინციპული თანამშრომლობა ამ პარტიებს შორის, ჩემი აზრით, გამორიცხულია. ამ შემთხვევაში მგონია, რომ ინტერესთა ერთგვარი თანხვედრაა, ანუ „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, რომ ის იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა, ეს კი „ქართული ოცნებისთვისაც“ მომგებიანია.
_ თქვენ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ საზოგადოება მიჩვეულია ოპოზიციურ ერთობას. ეს ერთობა დღევანდელი მოცემულობით არ არსებობს. ამ ფაქტორს, რომ ეს დაკვეთა ვერ სრულდება, რა გავლენა ექნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
_ თავისთავად ეს არ არის მომგებიანი ოპოზიციისთვის, მაგრამ არც ტრაგიკულია, რადგან ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ახალი საარჩევნო სისტემის პირობებში სავსებით შესაძლებელია სამთავრობო პარტიის დამარცხება და შემდეგ კოალიციური სისტემის შექმნა. მათ უნდა აუხსნან ამომრჩეველს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალა, შესაბამისად, მთლიანად სახელისუფლებო სისტემაც ახალ პირობებში არის, სადაც ეს ჩვეულებრივი ამბავია. შესაძლოა, ამომრჩევლისთვის აღნიშნული უჩვეულოა, მაგრამ აქ უმაღლესი მათემატიკა არ არის. ასე რომ, ამ ნაწილში ამომრჩევლის დარწმუნება სავსებით შესაძლებელია. უბრალოდ, ძალიან სასურველია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მეტი ისაუბრონ ამაზე და მეტად გამოხატონ მზაობა, რომ ერთიანი კოალიციური მთავრობა შეიძლება შექმნან არჩევნების შემდეგ.
_ ოპოზიციური პარტიები არჩევნების შემდეგ რომ შექმნიან კოალიციას, ამისათვის უნდა არსებობდეს თუ არა წინასწარ შეთანხმება, თუნდაც, მემორანდუმის სახით? გარკვეული ტიპის გარანტია ხომ უნდა იყოს?
_ ამ შემთხვევაში გარანტია ხელმოწერილი ხელშეკრულება არ იქნება და გარანტია ვერ იარსებებს, მაგრამ ზოგადად მომგებიანი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიები ამას ხმამაღლა განაცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შესვლას. ზოგიერთი, განსაკუთრებით მცირე ოპოზიციური პარტია, უარს ამბობს, რომ ასეთი განცხადება საჯაროდ გააკეთოს. ეს, რა თქმა უნდა, მთლიანობაში ასუსტებს ოპოზიციას, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ იგივე პარტიები, რომლებიც ამას არ აცხადებენ, ახალ კოალიციურ (ოპოზიციურ) მთავრობაში შევიდნენ, სადაც არ იქნება „ქართული ოცნება“. ამ არჩევნებში საერთოდ არაფრის გარანტიები არ არსებობს.
_ ოპოზიციური ერთობა ვერ შედგა. კულუარული ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ივანიშვილის დასამარცხებელ ფორმულად სააკაშვილის წინასარჩევნოდ ჩამოსვლას განიხილავენ. ეს რამდენად რეალისტური სცენარი გგონიათ?
_ ძნელად წარმომიდგენია, რომ სააკაშვილი არჩევნებამდე ჩამოვიდეს. შესაძლოა, მისმა ჩამოსვლამ რაღაც გავლენა მოახდინოს, მაგრამ არ მგონია, რომ მოვლენები ასე განვითარდეს. თუ ამომრჩეველი არჩევნებს აღიქვამს, როგორც ცალსახად არჩევანს ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის, ეს უკიდურესად წამგებიანი იქნება ოპოზიციისთვის და შეამცირებს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსს.
_ ამ ნაწილს იაზრებს თუ არა სათანადოდ მიხეილ სააკაშვილი?
_ დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ასე არ ხედავს. მისთვის ცალსახაა, რომ ასეთი უნდა იყოს გზავნილი, რომ ან ისინი ან _ ივანიშვილი. დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთანაც შეიძლება თანამშრომლობა, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. „ნაციონალური მოძრაობა“ იძულებულია, იმ ხაზს გაჰყვეს, რომელსაც სააკაშვილი წყვეტს. შიგნით, ხელმძღვანელობაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“, ბევრი შეიძლება ამას ეჭვის თვალითაც უყურებდეს და ეს არ მოსწონდეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც ერთ ლიდერზე მორგებული პარტიაა და ამიტომ რასაც სააკაშვილი იტყვის, ის უნდა გაკეთდეს.
_ მმართველმა გუნდმა 30 მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატები დაასახელა, რამდენად ძლიერად გამოიყურება „ქართული ოცნება“ ამ ნაწილში და ასევე მათი მთავარი ხელჩასაჭიდი გზავნილია „კოვიდ-19-ის“ წარმატებით მართვა. ეს რამდენად ეფექტიანი იქნება მათთვის არჩევნებზე?
_ „კოვიდ-19-ის“ პანდემიასთან ბრძოლაში წარმატება ყველაზე აშკარა წარმატებაა, რომლისთვისაც ამ 8 წლის მანძილზე „ქართულ ოცნებას“ მიუღწევია. ამიტომ ის ცდილობს, მაქსიმალური გამოადნოს ამ წარმატებიდან, ყოველ შემთხვევაში, ხალხის თვალში. ვიღაცამ შეიძლება ეს წარმატებად არ ჩათვალოს, მაგრამ უმრავლესობის თვალში ეს წარმატებაა. ამით ახალი პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა „ქართულმა ოცნებამ“. იგი ცდილობს, ეს კაპიტალი მაქსიმალურად გამოიყენოს. მაინცდამაინც სხვა კაპიტალი მას არ გააჩნია და რით მოიწონოს თავი?! ამიტომ ამით იწონებს თავს. ეფექტიანი იქნება თუ არა ეს სტრატეგია, ამას არჩევნები გვიჩვენებს, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა სტრატეგია მათ ამ მომენტისთვის, უბრალოდ, არ აქვთ. თითქოს, ეს პანდემია „ოცნებას“ ღმერთმა გადმოუგდო და ამის მეშვეობით უნდათ რეიტინგის გაუმჯობესება. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, „ქართული ოცნების“ აზრით კანდიდატების ვინაობა მეორეხარისხოვანია, ანუ ხალხის ხმას მისცემს ან არ მისცემს „ქართული ოცნების“ კანდიდატს და კონკრეტულად ვინ იქნება ის, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
_ ამ ნაწილში სიანტერესოა ის, რომ გენდერული კვოტების შემომტანმა პარტიამ მხოლოდ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ქალი დაასახელა, რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
_ ერთი შეხედვით, ეს პარადოქსია, მაგრამ, მეორე მხრივ, გასაკვირი არაფერია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, _ გენდერული კვოტების შემოღება არ იყო „ქართული ოცნების“ მრწამსის შედეგი, ეს იყო ვაჭრობა დასავლეთთან. არის რაღაც რეკომენდაციები, რომელთაგან მმართველი გუნდი ზოგს შეასრულებდა, ზოგს _ არა. რურუას არ გამოუშვებდნენ, სამაგიეროდ, კვოტებს შემოიღებდნენ. ამ ლოგიკას ემყარებოდა „ქართული ოცნების“ ქმედება. მათ უნდათ, ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, მიუხედავად დიდი კრიტიკისა, რომელიც დასავლეთიდან არის, ისინი რაღაც რეკომენდაციებს ასრულებენ. სამაგიეროდ, ამის ხარჯზე სხვა მათთვის უფრო მნიშვნელოვანს არ შეასრულებენ. გენდერული კვოტები „ქართული ოცნებისთვის“ არ იყო მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მათთვის მთავარია, ერთგული დეპუტატები ჰყავდეთ პარლამენტში, რომლებიც ესემეს-ს რომ მიიღებენ, იმის მიხედვით დაუჭერენ მხარს ამა თუ იმ კანონპროექტს. ეს პარლამენტარი, ქალი იქნება თუ კაცი, ამას ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მათ ჩათვალეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ვალი უკვე მოიხადეს, როცა გენდერული კვოტები მიიღეს და ახლა მათ მიმართ უკვე ამ ხაზით არანაირი პრეტენზია არ უნდა იყოს.
_ ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა გასულ კვირას „ევროპულმა საქართველომ“, რომელთა შორის არიან გიგი უგულავა და გიგა ბოკერია. რამდენად ეფექტიანია მათი ეს სტრატეგია? ამ პოლიტიკოსების კანდიდატებად წარდგენა რას აძლევს „ევროპულ საქართველოს“?
_ მგონი, ეს „ევროპული საქართველოს“, როგორც პარტიის აგების ერთ-ერთი პრინციპია, რომ თუ ხარ ლიდერი, უნდა დაამტკიცო კიდეც ეს ლიდერობა, არა უბრალოდ იმით, რომ პარტიის შიგნით პატივს გცემენ, არამედ იმით, რომ შეგიძლია წარმატებას მიაღწიო არჩევნებში პიროვნულადაც. ეს ხაზი ჰქონდათ წინა არჩევნებშიც, ვგულისხმობ ადგილობრივ არჩევნებს, რომ პარტიის შიგნით პიროვნების წონა უკავშირდება იმას, თუ რა წარმატებას აღწევს ის მაჟორიტარულ არჩევნებში. ეს მათი პრინციპია და ფიქრობენ, რომ ჯანსაღი პრინციპია პარტიის ასაგებად. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე ჩაითვალა, რომ პარტიის ლიდერები მორალურად ვალდებულები არიან, მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით დაამტკიცონ თავიანთი უნარიანობა, როგორც ლიდერებმა.
_ პრაგმატული თვალსაზრისით რამდენად მომგებიანი იქნება მათი ეს ხედვა?
_ ეს უნდა ვნახოთ არჩევნებზე. გასაგებია, რომ ყველაზე დიდი კითხვები გააჩინა გიგა ბოკერიას კანდიდატად დასახელებამ, რადგან მიიჩნევა, რომ ის არ არის პოპულარული პიროვნება ფართო მასებში და ეს იმიჯი თან სდევს მას. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ უნდა შეებრძოლოს ამ წარმოდგენას და თავი შეამოწმოს, რამდენად შეუძლია ასეთ ბრძოლაში ჩაბმა? შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ლიდერები, ზოგადად, პარტიულ სიაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებულები და სხვა ფიგურებს მისცენ მაჟორიტარული ოლქები, მაგრამ, მეორე მხრივ, ამას თავისი მინუსები აქვს, რადგან თითქოს ლიდერებს ეშინიათ მაჟორიტარულ ბრძოლებში ჩაბმა. როგორც ჩანს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს არ უნდოდათ ეს შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ ისინი უბრალოდ პარტიული ლიდერები არიან და არა _ ხალხის.
_ ამის პარალელრად, შესაძლოა, აშშ-მა საქართველოს ფინანსური დახმარების 15% შეუჩეროს, გასულ კვირას კი აშშ-ის თავდაცვის აქტს საქართველოს საკითხზე პუნქტები დაემატა, რომელიც განსაზღვრავს, რა ვადებში უნდა განიხილოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და წარუდგინოს კონგრესს ანგარიში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. რამდენად ადეკვატურად აღიქვამს დასავლეთიდან გზავნილებს მმართველი გუნდი მაშინ, როცა ლობისტებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს დასავლეთის კრიტიკულ განწყობას და რა როლი ექნება მას 2020 წლის არჩევნებზე?
_ როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კრიტიკა ლობისტური ჯგუფების მუშაობის შედეგია, ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაადეკვატურია. მე არ ვიცი, მართლა სჯერათ ამისი თუ, უბრალოდ, თავის მომხრეებს აწყნარებენ ამით. მგონია, ვიღაცებს ესმით, რომ ეს სისულელეა, მაგრამ მაინც ლაპარაკობენ ამას; ვიღაცებს შეიძლება მართლა სჯერათ, რომ ლობისტებს უხდიან ფულს და ამით აღწევენ ამ შედეგს ოპოზიციონერები, რომ დასავლეთიდან იყოს კრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მისამართით. საბოლოო ჯამში, მათ, ალბათ, ესმით, რომ ხელისუფლებისთვის დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესება სერიოზული ამბავია. ერთი მხრივ, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, შთაბეჭდილება შექმნან, რომ დასავლეთთან კარგ ურთიერთობაში არიან და მათ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, როგორც გენდერული კვოტების შემთხვევაში გაითვალისწინეს. მეორე მხრივ, თავს აარიდებენ არჩევნების დროს თვალსაჩინო დარღვევებს. იმედია, ასეთი შედეგი ექნება დასავლეთის დიდ ყურადღებას ამ არჩევნების მიმართ, მაგრამ ეს არ გამორცხავს, რომ კულისებში მაქსიმალურად ეცდებიან განახორციელონ ზეწოლა ამომრჩეველზე ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებით, მოსყიდვით და ა. შ., ეს ყოველთვის მაინც შეფარულად ხდება და ხელისუფლების წარმომადგენლები ასე შეეცდებიან მაქსიმუმის გაკეთებას, რომ წარმატებას მიაღწიონ, თუნდაც, უკანონო გზით.
_ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თუ ივანიშვილი პირადი სანქციების საფრთხის წინაშე დადგება, ეს გადამწყვეტი აღმოჩნდება და ოპოზიციის სასარგებლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. თქვენი შეფასებით, რამდენად რეალურია, რომ პირადი სანქციების საფრთხის წინაშე დადგეს ივანიშვილი და ამან არსებითად შეცვალოს არჩევნების შედეგები?
_ ამას არ გამოვრიცხავ, სავსებით შესაძლებელია, ასე იყოს. რა თქმა უნდა, ივანიშვილისთვის უკიდურესად არასასიამოვნო იქნება პირადი სანქციები და ის მაქსიმალურად შეეცდება, თავი აარიდოს მოვლენების ასეთ განვითარებას.

ნენე ინჯგია