რატომ აჭიანურებს უზანაესი სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ღვინის ქარხნის საქმის დასრულებას ?

გაზეთი „ქრონიკა+“ უკვე არაერთი წელია, თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშუქებს, რომელიც, ჯერ კიდევ, 2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება!

გაზეთის მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, რომ თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხანა წარმოადგენს კერძო პირების საკუთრებას, რომელიც 2013-2014 წლებში გამოისყიდეს საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან (თBჩ ბანკი და საქართველოს ბანკი). ობიექტის შესყიდვა განხორციელდა სრულიად გამჭვირვალედ და მას უშუალო ზედამხედველობას უწევდა საქართველოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ორი უმსხვილესი ბანკი.
ამის მიუხედავად, 2014 წლის დეკემბერს სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე სს „სავანე ღვინის #1 ქარხანა“ ითხოვს, რომ ობიექტი, რომელიც რამდენიმე მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს ინვესტორებმა, მათ ჩამოერთვას და საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელეს. სარჩელში სს „სავანე ღვინის #1 ქარხანა“ აცხადებს, რომ 2004 წელს იყო აღნიშნული ქონების მესაკუთრე, მაგრამ საკუთრება დაკარგა იმის გამო, რომ პირთა დანაშაულებრივმა ჯგუფმა გიორგი მგალობლიშვილის ორგანიზატორობით მათგან უკანონოდ, მოტყუებით მიიტაცა ღვინის ქარხნის მთელი ტერიტორია, ანუ მართალია, ქონება 2004 წელს გაიყიდა, მაგრამ აღნიშნული ნასყიდობა იყო თვალთმაქცური და რეალურად ქონების მისაკუთრება იმ პერიოდისათვის დანაშაულებრივად განახორციელა პირთა ჯგუფმა გიორგი მგალობლიშვილის ორგანიზატორობით.
გაზეთმა „ქრონიკა+“-მა არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა აღნიშნული ობიექტის ირგვლივ. მკითხველს სრული სურათი შევთავაზეთ, თუ როგორ შეისყიდეს ობიექტი ინვესტორებმა, აგრეთვე დეტალურად გავაშუქეთ ყველა ის პროცესი, რომელიც ბადებდა საფუძვლიან ეჭვს, რომ პირთა გარკვეული ჯგუფი სასამართლოს გამოყენებით ცდილობდა კეთილსინდისიერი მესაკუთრეებისთვის ობიექტის „ახევას“ და რომ ამ იურიდიული მანიპულაციების სათავეში იდგა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი.
პროცესები დაიწყო იმით, რომ სწორედ ბატონი კბილაშვილის უშუალო მეცადინეობით, დავის დაწყებისთანავე, 2015 წლის 6 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (განმხილველი მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი) დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაადო ობიექტს. აღნიშნული გაკეთდა შეგნებულად, რათა ობიექტს მოსპობოდა თვითგანვითარების შესაძლებლობა, შეზღუდულიყო მასში ინვესტიციების მოზიდვა და მისი მესაკუთრეები ირიბად გაეხადათ იძულებული, რომ ისინი წასულიყვნენ ობიექტის დათმობაზე.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა იმ საკითხების გარკვევით, თუ რეალურად რა პროცესები განვითარდა ღვინის ქარხნის ირგვლივ 2004-2006 წლებში და გამოარკვია შემდეგი:
2006 წელს საქართველოს პროკურატურაში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება სს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ ხელმძღვანელების მიმართ, რომელთაც ბრალი ედებოდათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში. ბრალდება შეეხებოდა სწორედ ღვინის ქარხნის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას და ამ დანაშაულში მაშინ ბრალი წარუდგინეს ათამდე პიროვნებას, მათ შორის, მთავარ ბრალდებულებად მიჩნეული იყო სწორედ ზემოთ ნახსენები გიორგი მგალობლიშვილი.
გიორგი მგალობლიშვილს ღვინის ქარხნის უკანონოდ დაუფლებისთვის 2008 წლის 10 დეკებერს განაჩენით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ სხვა „რიგითი“ ბრალდებულებისაგან განსახვავებით, მას რეალურად მსჯავრი არ შეხებია.
გაზეთმა დეტალურად გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ შეძლო ღვინის ქარხნის მითვისებაში ბრალდებულმა გიორგი მგალობლიშვილმა პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და რა როლი ითამაშა ამ პროცესებში არჩილ კბილაშვილმა.
როგორც გამოირკვა, გიორგი მგალობლიშვილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდა 2013 წლის 24 ივლისს იმის გამო, რომ დაზარალებულმა სს „სავანე ღვინის #1-მა ქარხანამ“ სისხლის სამართლის სასამართლოში წერილობით განაცხადა იმის თაობაზე, რომ გიორგი მგალობლიშვილს კომპანიისთვის ზიანი არ მიუყენებია. გაზეთის რედაქციამ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სკნადალური დოკუმენტები, რომლითაც სრულიად თავდაყირა დადგა შეთხზული ისტორია იმის თაობაზე, რომ თითქოს ღვინის ქარხანა უკანონოდ გასხვისდა.
სკანდალური დოკუმენტების გამოქვეყნების ფონზე არჩილ კბილაშვილმა და მისმა კოლეგა ადვოკატებმა, პრაქტიკულად, შტურმი მიიტანეს საქმის განმხილველ სააპელაციო პალატაზე, უფრო კონკრეტულად კი პალატის თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილზე, რომელიც იმით დასრულდა, რომ მათ შეძლეს როგორც მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის ჩამოცილება საქმის გახილვისაგან, ისე განმხილველი პალატის სრული დაშლა.
გაზეთმა „ქრონიკა+“-მა ასევე დეტალურად გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ დაგეგმა და შემდეგ განახორციელა საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მისთვის არასასურველი მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილება.
კერძოდ, მოპოვებული ინფორმაციით, მათ ვერ შეძლეს იურიდიულ წრეებში საკმაოდ მაღალი ავტორიტეტის მქონე მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის „დაყოლიება“ და იძულებული გახდნენ, ის საქმის განხილვისაგან ჩამოეცილებინათ. თუმცა ყველაზე საგანგაშო ამ ყველაფერში ის იყო, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნული იურიდიული მანიპულაცია უშუალოდ დაიგეგმა სასამართლო სისტემაში მოქმედი „ბოსების“ პირდაპირი მონაწილეობით და მათი „ნებართვით“.
მას შემდეგ, რაც ჩვენ გავასაჯაროვეთ აღნიშნული ინფორმაცია, სააპელაციო სასამართლოში არაერთხელ შეცვლილი სასამართლო შემადგენლობა, საბოლოოდ, იძულებული გახდა, 2019 წლის 29 ოქტომბერს კვლავ უარი ეთქვა ბატონი კბილიშვილის განზრახვის სისრულეში მოყვანაზე.
აღნიშნულის შემდეგ, კიდევ ერთხელ და უკვე მეოთხედ მოგებულ საქმეზე, როდესაც ყველამ ბუნებრივად მიიჩნია, რომ დავა დასრულდა, ირკვევა, რომ, თურმე, _ არა!
გაზეთმა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით მოიპოვა ინფორმაცია, რომ დავის სააპელაციო სასამართლოში წაგების შემდეგ არჩილ კბილაშვილმა განაწყენებული „დამკვეთების“ შემორიგება შეძლო იმ დაპირებით, რომ უზენაეს სასამართლოში ვითარების „შემობრუნებას“ მოახერხებს.
როგორც გაზეთმა გამოარკვია, საქმე განსახილველად აწერია ბატონ ვლადიმერ კაკაბაძეს, რომელიც წარმოადგენს ახლად დანიშნულ მოსამართლეს და რომელზედაც ბატონი კბილაშვილი სხვადასხვა წყაროს გამოყენებით ცდილობს გავლენის მოპოვებას.
ეჭვებს განსაკუთრებით ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ვლადიმერ კაკაბაძესთან საქმე გასახილველად იმყოფება 2020 წლის იანვრიდან და ამ დრომდე სასამართლო ვერ სცემს პასუხს ღვინის ქარხნის მესაკუთრეებს, თუ როგორ შეიძლება ქვემდგომ ინსტანციებში სამჯერ მოგებული საქმე ისევ, თითქმის, 8 თვე იყოს კვლავ განხილვის რეჟიმში სასამართლო ყადაღის ქვეშ? მაშინ, როდესაც ყველა საპროცესო წესის მიხედვით ვლადიმერ კაკაბაძეს უკვე დიდი ხანია, უარი უნდა ეთქვა საქმის განსახილველად მიღებაზე!
საქართველოს ყოფილი მთავარი ბრალმდებელი ამჯერად უკვე ადვოკატის სტატუსით უზენაეს სასამართლოში კვლავაც ცდილობს გააგრძელოს მისთვის კარგად აპრობირებული ტაქტიკა და იურიდიული მანიპულაციების გამოყენებით შეძლოს დავის მისთვის სასურველი სცენარით წარმართვა. ამასობაში კი ღვინის ქარხანა, რომელიც ინვესტორებმა 2013-2014 წლებში გამოისყიდეს საქართველოს ორი უმსხვილესი კომერციული ბანკისგან, სრულად პარალიზებულია. სასამართლო დავა, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში დაიწყო, დღემდე გადაუწყვეტელია, რაც ძალიან ცუდი სიგნალია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული ბიზნესმენებისთვის! სიტუაციას განსაკუთრებით ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ობიექტი იმყოფება სასამართლო ყადაღის ქვეშ, რაც პირდაპირ აფერხებს მასში ინვესტიციების მოზიდვისა და სრულფასოვანი ბიზნესსაქმიანობის შესაძლებლობას.

„ქრონიკა+“ აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას და აქტიურად სწავლობს უზენაეს სასამართლოში მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მონაწილეობით მოვლენების შესაძლო განვითარების ყველა შემთხვევას, რასაც ჩვენს მკითხველს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ.

ელისო კილაძე