დარეჯან ალოიანი: „ჩემი შვილი ცარიელ ჩაის სვამს და პურის ფულიც არ გამაჩნია“

მარტოხელა დედა დარეჯან ალოიანი „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა. მას 8 წლის შვილთან ერთად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევს ცხოვრება. განსაკუთრებით აუტანელი აღმოჩნდა მისთვის პანდემიის პერიოდი, თუმცა მას და მის შვილს მოხალისეები მაქსიმალურად დაეხმარნენ. ახლა დედა-შვილი ხშირად დგას შიმშილის ზღვარზე. დარეჯანს მთავრობის დახმარების იმედი არ აქვს, მას უბრალოდ კეთილი ადამიანების სჯერა და სურს, „ქრონიკა+“-ის საშუალებით მათ საკუთარი გასაჭირი გააგებინოს.

_ მარტოხელა დედა ვარ, ჩემს 8 წლის შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. ვიღებ სოციალურ დახმარებას _ 120 ლარს და ბავშვის საკვების ფულს _ 30 ლარს. ქირაში 300 ლარს ვიხდი. განსაკუთრებით მაშინ გამიჭირდა, როცა პანდემიის დროს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან მე ყოველდღიურად ვმუშაობდი, სამარშრუტო ტაქსებს ვასუფთავებდი 1-2 ლარის სანაცვლოდ და ლუკმა-პურის ფულს ასე ვშოულობდი. იმ პერიოდში ყველაფერი გაჩერდა, მეც და ჩემი შვილიც შიმშილის ზღვარზე აღმოვჩნდით. ბავშვი ონლაინ გაკვეთილებსაც ვერ ესწრებოდა, საკვების ფული არ მქონდა და ინტერნეტს, ბუნებრივია, ვერ ჩავრთავდი. ამ პრობლემებს დაემატა ჩემი შვილის ავადმყოფობა. ლიზიკოს სიელმე აქვს, თავიდანვე ვერ შევძელი ექიმთან მისი მიყვანა. ეს ავადმყოფობა პანდემიის დროს გაურთულდა. დასახმარებლად „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელ თეონა ჭალიძეს მივმართე. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი და ლიზიკოს მისამართით დახმარება. ჩვენთან სახლში მოვიდა გიორგი ვაშაძე, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ჩვენ მიმართ. მან ტელევიზიით გააჟღერა ინფორმაცია, თუ როგორ მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, რის შემდეგაც „ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორი გიორგი რამიშვილი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ სრულად დააფინანსებდა მკურნალობის ხარჯებს. იმ პერიოდში მანქანით გადაადგილებაც აკრძალული იყო და გიორგი რამიშვილი კლინიკის მანქანას გვიგზავნიდა მე და ლიზიკოს „ნიუ ჰოსპიტალში“ მისასვლელად. ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა მკურნაობა და ყველანაირი ხარჯი გიორგი ექიმმა დაფარა.
_ საყოველთაო დაზღვევამ არ დაფარა მკურნალობის ხარჯები? გარდა ამისა, გამგეობას თუ მიმართეთ დასახმარებლად?
_ სამწუხაროდ, თვალის ავადმყოფობის მკურნალობას საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს. მერიის ცხელ ხაზზე ვრეკავდი, ისინი მეუბნებოდნენ, რომ მარტოხელა დედებს ვერ ვეხმარებით, ამ ეტაპზე ამის საშუალება არ გვაქვსო. პირველ ივნისს კი ერთჯერადი დახმარების მისაღებად განცხადება დავწერე ისანი-სამგორის გამგეობაში, თუმცა უარყოფითი პასუხი მოვიდა, _ სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებითო. ახლა ლიზიკოს სხვა სახის პრობლემა აქვს _ მეჭეჭები გამოუვიდა და ონკოლოგიურში საოპერაციოა. ექიმთან კონსულტაციას 35 ლარი სჭირდება, ამის საშუალება კი არ გამაჩნია. იმდენად მძიმე მდგომარეობა გვაქვს, რომ სანამ ინტერვიუზე მოხვიდოდით, მეზობელმა შემოგვიტანა საჭმელი. წვნიანს ვერ ვუკეთებ ბავშვს, მაცივარი არ მაქვს და რომც შევძლო პროდუქტების ყიდვა და ასეთ სიცხეში გაკეთება, მაშინვე ამჟავდება.
_ ამ ეტაპზე სოციალური დახმარების გარდა სხვა სახის შემოსავალი თუ გაქვთ?
_ არანაირი დამატებითი შემოსავალი არ გამაჩნია. ფიზიკურადაც არ შემიძლია შრომა, რადგან სქოლიოზი მაქვს და მძიმის აწევა არ შეიძლება. ამ მდომარეობაში ჩემი მკურნალობის თანხაზე ზედმეტია საუბარი, ვცდილობ, შვილი არ იყოს მშიერი.
მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მძიმე პერიოდში გვერდით დამიდგა. 2 თვის წინ ავსტრიაში მცხოვრები ქართველი გოგო ადელინა დამიკავშირდა და მითხრა, რომ ბინის ქირას გადამიხდიდა, ასეც მოიქცა და ბინის ფული ჩამირიცხა. ასევე ჩემთან მოვიდნენ მის მიერ გამოგზავნილი მოხალისეები, რომლებმაც ყველანაირი პროდუქტი მომიტანეს. „ფეისბუქზე“ ლაივი ჩართეს და ადამიანებს მოუწოდეს, დამხმარებოდნენ. უამრავი დამეხმარა. ვიცი, რომ ძალიან ბევრს უჭირს ჩვენს ქვეყანაში და ისიც ვიცი, რომ უამრავი კეთილი ადამიანია, ამიტომ მათი დახმარების იმედი მაქვს. მე და ლიზიკო ახლაც მძიმე მდგომარეობაში ვართ, ძალიან მიჭირს ბინის ქირის გადახდა, ბავშვს ნორმალური საკვები არ აქვს. ბევრჯერ დამიძინია მშიერს, რადგან ორივეს არ გვყოფნის საჭმელი. ლიზიკო ჭკვიანი ბავშვია და ხვდება, რომ მშიერი ვარ და განიცდის, თუმცა მე ვამშვიდებ: არა უშავს, დედიკო, ისწავლი და რომ გაიზრდები, ფეხზე დამაყენებ-მეთქი. ჩემი შვილი ცარიელ ჩაის სვამს ხოლმე, რადგან ელემენტარული პურის ფული არ მაქვს. მთავრობას ვერ დაეყრდნობი, მოხალისეების იმედზე ვარ.

საქართველოს ბანკი
GE13BG0000000103068217
მიმღები დარეჯან ალოიანი

ნენე ინჯგია