სოსო ხახუტაშვილი: „ქალაქის დაგეგმარება და განაშენიანება უკონტროლოდ მიმდინარეობს“

უკანონო მშენებლობები რომ ნებისმიერი ხელისუფლების მმართველობის დროს პრობლემური საკითხია, ეს არაერთი მაგალითით დასტურდება. „ქრონიკა+“ ამჯერად მოგიყვებათ ნუცუბიძის, გურიელისა და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობის შესახებ. ისინი 2015 წლიდან თავიანთი უფლებების დაცვას ცდილობენ. როგორც აღმოჩნდა, მათ საცხოვრებელ ზონაში ირანელებმა ობიექტი ააშენეს.

როგორ განვითარდა აღნიშნული საქმის შესახებ მოვლენები და როგორ რეაგირებს მოქმედი მერი კახი კალაძე კონკრეტულად ამ საქმეზე?
„ქრონიკა+“ ესაუბრა აუდიტორულ-იურიდიულ კომპანია „ჩემი ექსპერტის“ დამფუძნებელ, იურისტ სოსო ხახუტაშვილს:
_ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ყანჩაველმა 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე #3/1845 ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნუცუბიძის, გურიელისა და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობის განცხადება და ბათილად ცნო ქ. თბილისის მერიის (დავით ნინიძე) 11.02.14წ. #250 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის (დავით ნარმანია) 26.06.15წ. #2907 ბრძანება, რომლის მიხედვითაც დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში პარამეტრები გაიზარდა იმდენად, რომ ფაქტობრივად დასაშვები გახდა საცხოვრებელ ზონა 6-ში დაშვებული მშენებლობის წარმოება. სასამართლომ აღნიშნა, რომ სპეციალური ზონალური შეთანხმებით შესაძლებელია კოეფიციენტების მომატება, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს მიწის ნაკვეთისთვის საცხოვრებელი ზონის შეცვლა. სხვაგვარად რომ ითქვას, საცხოვრებელ ზონა 3-ში დაუშვებელია, მხოლოდ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს ჰქონდეს საცხოვრებელი ზონა 6-ის მახასიათებლები. მიწის ნაკვეთის მახასიათებლების ამდაგვარი ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ფუნქციური ზონის ცვლილების თაობაზე ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან დუგლაძის 2016 წლის 30 მარტის განჩინებით საქმეზე #3ბ/158-16 დაკმაყოფილდა ჩემი შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს აეკრძალა ქალაქ თბილისში, ნუცუბიძის ქ. #95-ში შპს „ჰაუსარტ ლუქსის“ საკუთრების მიწის ნაკვეთზე ს/კ 01.14.02.028.006 არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.
_ ვის ევალებოდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება?
_ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისთვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რომელიმე სახელმწიფო ორგანოს, საჯარო თუ კერძო იურიდიული პირისა და ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ. ამ ორგანოებსა და პირებს უფლება არ აქვთ, სასამართლო გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან მათი აღსრულების შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. ადმინისტრაციული ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან, ყოველნაირად შეუწყონ ხელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით: „კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსთვის, დაწესებულებისთვის, ორგანიზაციისთვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისთვის და ის უნდა შესრულდეს. ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით: „ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არ აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას“; „ყველა თანაბარია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის რაიმე დისკრიმინაციური ზომების მიღება“.
_ ამ შემთხვევაში როგორ მოიქცა თბილისის მერია?
_ ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები (სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ) და მერიას აკრძალული აქვს მრავალსაცხოვრებლიანი ბინის ექპლოატაციაში მიღება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი კახი კალაძე გამოსცემს (12.07 2018) #01.011819323 ბრძანებას საქართველოს კონსტიტუციის სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რომელიც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ნუცუბიძის, გურიელისა და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას. ბრძანებას საფუძვლად უდევს ცრუ ინფორმაცია, კერძოდ მითითებულია, რომ კორპუსს მიენიჭა იძულებით შეუსაბამო ობიექტის სტატუსი, რაც სინამდვილეს არ არის. აღნიშნული სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი არის თბილისის საკრებულო, რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში შეუძლია მიანიჭოს იძულებით შეუსაბამო ობიექტის სტატუსი, რაც გახდებოდა საფუძველი, მიემართათ სასამართლოსთვის ახლად გამოვლენილი გარემოებით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საკრებულოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ აღნიშნულ საკითხზე მას არ უმსჯელია.
_ აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმჟამინდელი მერი, დავით ნარმანია, არ მოქმედებდა უფლებამოსილების ფარგლებში?
_ რა თქმა უნდა, ეს ასეა. ჩვენს საცხოვრებელ ზონაში ირანელებმა ააშენეს ობიექტი, აღნიშნულთან დაკავშირებით მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:
2015 წლის 24 ივლისს ზონალურ საბჭოს განცხადებით (#Aღ1329631) მიმართა ქალაქ თბილისის გურიელის ქ. #35-ში მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გია ქავთარაძემ: „ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. თბილისში, გურიელის ქ. #35-ში, საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3), სადაც მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტია კ1=0,5, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია კ2=1,5, მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტია კ3=0,2. მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 531 კვ.მ.-ს, ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებისა და კომერციული მიზნებიდან გამომდინარე გვესაჭიროება კ2 კოეფიციენტის 4,4-მდე გაზრდა“, რაზედაც ზონალურმა საბჭომ უარი უთხრა კოეფიციენტის გაზრდაზე.
2016 წლის 13 თებერვალს გია ქავთარაძემ კვლავ მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა II კლასის ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. 2016 წლის 19 თებერვლის #2444151 ბრძანებით შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი და მის საფუძველზე 2016 წლის 29 თებერვალს #2455604 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა.
2017 წლის 3 აპრილს მესაკუთრემ კვლავ მიმართა არქიტექტურის სამსახურს განცხადებით და მოითხოვა: „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში შეიტანოთ ცვლილება, კერძოდ: „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“ შეცვალოთ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლით“. 2017 წლის 12 აპრილის #3190049 ბრძანებით დაკმაყოფილდა მესაკუთრის მოთხოვნა და ცვლილებები შევიდა 2016 წლის 9 თებერვლის #2416188 ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა: დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი“. ამის შემდეგ მესაკუთრე 2017 წლის 14 ივნისს განცხადებით კვლავ მიმართავს არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვს: „გთხოვთ, შეათანხმოთ წარმოდგენილი პროექტი და გააუქმოთ ძველი ნებართვა“.
2017 წლის 28 ივლისს არქიტექტურის სამსახურმა დააკმაყოფილა მოთხოვნა: „1. შეთანხმდეს: ქ. თბილისში, სექტორი-ვაკე, ქუჩა გურიელი, #35 თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლისა #2444151 და 2016 წლის 29 თებერვლის #2455604 ბრძანებები“. არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივლისის #3433945 ბრძანებით შეთანხმდა IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტორული პროექტი.
შეთანხმებული პროექტით დარღვეულია როგორც დამტკიცებული გაპი-ს, ასევე თბილისის საკრებულოს #14-39 დადგენილებით (სზ-3) განსაზღვრული ნორმები, კერძოდ: კ-2 კოეფიციენტით ნორმატიული საანგარიშო საერთო ფართი უნდა იყოს 797 მ2, ხოლო შეთანხმებულ პროექტში ფაქტობრივი საერთო ფართი არის 1490 მ2. შენობის მაქსიმალური სიმაღლე ნორმებით უნდა იყოს 15 მ., ხოლო შეთანხმებული პროექტით არის 22,28 მ. აღნიშნული ბრძანებით გაზრდილია მე-3 საცხოვრებელი ზონისთვის განსაზღვრული კ2 კოეფიციენტი ისე, რომ მის გადამეტებაზე არ უმსჯელია ზონალურ საბჭოს და არ გაუცია ქალაქ თბილისის მერს განკარგულება ზონალურ შეთანხმებაზე, რაც დაუშვებელია. 2017 წლის 28 ივლისის #3433945 ბრძანებით არქიტექტურის სამსახურმა გადააჭარბა უფლებამოსილებას, ისე შეათანხმა ზონისთვის გადაჭარბებული კ2 კოეფიციენტით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, რომ ამაზე არ არსებობდა მერის ბრძანება ზონალურ შეთანხმებაზე.
2019 წლის 20 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერ კახი კალაძეს და მოვითხოვეთ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 აგვისტოს #3475079 ბრძანების ბათილად ცნობა. მერმა არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. ამ უკანონოდ აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მფლობელები არიან ირანის მოქალაქეები.
_ რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს უკანონო მშენებლობები?
_ ერთი რამ ცხადია: უკანონო მშენებლობები გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლების ნება არ იქნება, უფრო სწორად არ აღდგება (შეიქმნება) ისეთი კომპეტენტური სამსახური, როგორიც იყო „თბილქალაქპროექტი“, სადაც, ჯერ კიდევ, კომუნისტების დროს, მაღალი დონის არქიტექტორები და მშენებლები მუშაობდნენ. თბილისში რაც ღირებული შენობა-ნაგებობა დგას, ყველა ამ ხალხის დაპროექტებული და აშენებულია. სამეურნეო ანგარიშზე მყოფმა „თბილქალაქპროექტმა“ მარჯანიშვილის მეტროს უკან, საკუთარი სახსრებით ააშენა 15-სართულიანი კორპუსი, რომელიც საწარმოს კოლექტივს, მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, იჯარა-გამოსყიდვის წესით, გადაეცა საკუთრებაში 350 000 აშშ დოლარად. თბილისის მერიას დაევალა უზრუნველყო კოლექტივზე ქონების გადაცემა, მაგრამ მერიამ არ შეასრულა მინისტრთა კაბინეტის დადგენილება და ძველი სახელმწიფო საწარმოს საფუძველზე შექმნა შპს „თბილქალაქპროექტი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იყო თვითონ. 2011 წელს შპს „თბილქალაქპროექტის“ ყველა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. პარალელურად მერიამ შექმნა ქონების მართვის სააგენტო და შპს „თბილქალაქპროექტის“ ქონება გადაეცა ქონების მართვის სააგენტოს. თანამშრომლებს იძულებით დაატოვებინეს შენობა, ქონების ნაწილი მერიამ გაასხვისა, ნაწილს კი სხვა დანიშნულებისთვის იყენებს. მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, რომელიც არავის გაუუქმებია, დღემდე აღუსრულებელია.
იმის გამო, რომ შპს „თბილქალაქპროექტმა“ ფუნქცია დაკარგა, ქალაქის დაგეგმარება და განაშენიანება უკონტროლოდ მიმდინარეობს. მერია მშენებლობაზე პასუხისმგებლობას აკისრებს დამკვეთს, რომელსაც სათანადოდ ვერ აკონტროლებს, რის გამოც კანონი ირღვევა. რაც მთავარია, მრავალმხრივ დამახინჯდა თბილისი და როგორც სეისმოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქალაქი, სერიოზული საფრთხის წინაშე დგება.
დღეის მდგომარეობით „თბილქალაქპროექტის“ ყოფილი თანამშრომლები მათ მიერ აშენებული 15-სართულიანი შენობიდან ამჟამად გამოთავისუფლებული ერთი სართულის დათმობას ითხოვენ. თბილისის მერმა უნდა გაითვალისწინოს მათი თხოვნა, ეს თბილისს სჭირდება.
_ ის, რომ უკანონოდ აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მფლობელები ირანის მოქალაქეები არიან, გარკვეულ ეჭვებს ხომ არ ბადებს?
_ რა ეჭვს უნდა ბადებდეს, როდესაც, როგორც ძველი, ისე ამჟამინდელი ქალაქის მერები განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ეს, რა თქმა უნდა, ლამაზი თვალებისთვის არ ხდება. მაგალითად, უგულავამ 420 ჰექტარი მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარედ ჩინელებს 6000 ლარად გადასცა საკუთრებაში და ისინი ყოველგვარი გადასახადისგან 7 წლით გაათავისუფლა. ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩამოართვეს ქართველ მესაკუთრეებს დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. თუ თქვენი გაზეთი ამ ფაქტის შესახებ დაინტერესდება, შეგვიძლია მოგაწოდოთ შესაბამისი მასალები.

ნენე ინჯგია