მკოიანი და ოქრიაშვილი ბორტს მიღმა

გასული კვირის დასაწყისში „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარები წარადგინა. მათ რიგებში არ იყო ოდიოზური ენზელ მკოიანი, რომელიც ყველა ხელისუფლების შეუცვლელი მაჟორიტარია. და როცა გვეგონა, რომ მკოიანი და პარლამენტი ერთმანეთს განეშორებოდნენ, იქ მოხდა მოსახდენი _ სკანდალურმა დეპუტატმა არჩევნებში მონაწილეობა ისევ გადაწყვიტა. ამჯერად ის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

„ქართული ოცნებისთვის“ დამაშვრალმა და „ქართული ოცნებისგან“ უარყოფილმა მკოიანმა უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია. მან 100-კაციანი სუფრა გაშალა და მხარდამჭერებთან ერთად გვარიანად მოილხინა. სიტყვაც წარმოთქვა და იცეკვა კიდეც. სუფრაზე მიწვეულმა სტუმრებმა დეპუტატი ხელშიც აიყვანეს და აცეკვეს. ამის ამსახველი კადრები მკოიანის კარტელმა გაავრცელა.
„21 წელია, გვერდში მიდგახართ და ახალი ბრძოლა ახლა იწყება!“ _ მიმართა მკოიანმა თანამეინახეებს.
პარლამენტში მკოიანი პირველად 1999 წელს გამოჩნდა. მაშინ ის „მოქალაქეთა კავშირს“ წარმოადგენდა. მან დეპუტატობას მალე აუღო ალღო და გააცნობიერა, რომ მანდატით უფრო დიდ გავლენებს მოიპოვებდა, ამიტომ 2003 წელსაც იყარა კენჭი _ ისევ სახელისუფლებო პარტიას წარმოადგენდა. არჩევნები მოიგო, მაგრამ რევოლუცია მოხდა. ხელისუფლებაში „ნაციონალები“ მოვიდნენ. ამან მკოიანს არაფერში შეუშალა ხელი _ ოპერატიულად უარყო შევარდნაძე და მიშმადიდებელი გახდა. „ნაციონალებმა“ დაუფასეს ღალატი და მათაც ორჯერ წარადგინეს მკოიანი თავიანთ მაჟორიტარად. ჯავახეთელ ფეოდალს არჩევნების მოგება არ გასჭირვებია და 9 წელი ამაყად ატარებდა „ნაციონალის“ მანდატს.
მან მაჟორიტარული არჩევნები 2012-შიც მოიგო. ხელისუფლება იმ წელსაც შეიცვალა. და 9 წლის „ნაციონალური“ სტაჟის მქონე მკოიანი მარტივად გადაბარგდა „ქართულ ოცნებაში“. მასთან ერთად ივანიშვილის პარტიას „ნაციონალების“ სხვა მაჟორიტარებიც შეუერთდნენ. „მეოცნებეებმა“ ისინი თბილად მიიღეს _ მოღალატეები და მედროვეები ამ ქვეყანაში ძალიან უყვართ. მათ მიმართ განსაკუთრებულ სითბოს ივანიშვილი ამჟღავნებს.
2016 წელს ახალქალაქელმა ფეოდალმა უკვე „მეოცნების“ რანგში იყარა კენჭი მაჟორიტარად და ისევ გაიმარჯვა. ის თითქმის დარწმუნებული იყო, რომ 2020 წელსაც მასზე შეჩერდებოდა არჩევანი, მაგრამ ენზელი ბჭობდა, ბიძინა იცინოდაო. „ქართულმა ოცნებამ“ ის უარყო და მაჟორიტარად მანუკიანი წარადგინა, რომელსაც ახალქალაქელები, როგორც მკოიანის კაცს, ისე იცნობენ.
მანუკიანს იმის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ყოფილი პატრონი მას არჩევნების მოგებაში დაეხმარება. მკოიანი თავად აპირებს მაჟორიტარობისთვის ბრძოლას. თან ისე უნდა დეპუტატობა, რომ ხალხსაც კი ეხუტება. არადა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას ხალხი არასდროს გახსენებია. თუ ახსენდებოდა, მხოლოდ დატერორების მიზნით.
ახალქალაქში იმასაც ამბობენ, რომ სახელისუფლებო კანდიდატი მკოიანს სათანადო კონკურენციას ვერ და არ გაუწევს. ჯერ ისევ მოქმედ დეპუტატს მასზე დიდი ამაგი აქვს და თან მკოიანმა რაღაც-რაღაცებიც იცის.
მკოიანს დიდი ფული და გავლენები აქვს იმდენად, რომ მას საკუთარი შეიარაღებული ბანდაც ჰყავს. ამ ბანდის წევრები ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან. მკოიანის ბანდამ, სადაც დეპუტატის ძმისშვილებიც არიან, არაერთი ადამიანი დაასისხლიანა. ამ ფაქტებზე ბევრი იხმაურა მედიამ, ხალხმა, ოპიზიციამ, მაგრამ მკოიანი ისევ ხელშეუხებელი და „ოცნების“ რჩეული იყო.
ბოლო დროს მისი თავხედობით „ქართულ ოცნებაშიც“ კი აღშფოთდნენ. დიდი ხნის თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ მაჟორიტარად მისი წარდგენა მმართველი პარტიისთვის მომგებიანი აღარ იყო. ასეთი ოდიოზური ფიგურა ისლამურ სახელმწიფოსაც კი შეუქმნიდა იმიჯის მხრივ დისკომფორტს.
როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, მკოიანმა ბოლო მომენტში შეიტყო, რომ მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი აღარ იქნებოდა. ცოტა ადრე რომ გაეგო, შეიძლება რაღაც პროვოკაციები მოეწყო. ასეთი რამეები კარგად გამოსდის.
ოდიოზური მკოიანის გარდა „ოცნებამ“ კიდევ ერთი მარადმწვანე დეპუტატი უარყო. საუბარია კახა ოქრიაშვილზე. ეს უკანასკნელი დეპუტატობის სტაჟით მკოიანს 4 წლით ჩამორჩება. სულ რაღაც 17 წელია, რაც ამშვენებს პარლამენტს. თავიდან ისიც შევარდნაძის პარტიას იყო მიბმული. „ვარდების რევოლუციამ“ შევარდნაძისტობა არ აცალა და ეგრევე „ნაციონალობამ“ მოუწია. 9 წელი „ინაციონალა“ და მერე ხელისუფლებაში ბიძინა მოვიდა.
სხვა მაჟორიტარებისგან განსხვავებით, ოქრიაშვილი მაშინვე არ გადამხტარა „ქართული ოცნების“ ბანაკში. რამდენიმე წელი დამოუკიდებლობდა. არც ის დაუმალავს ოდესმე, რომ „ნაციონალი“ იყო და მათ აფინანსებდა. ოქრიაშვილს არც განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება შეშინებია. დიდი ალბათობით, ამის გამო დაისაჯა და „ოცნებამ“ აღარ წარადგინა მაჟორიტარად. არადა, ამ ადამიანს თავის რაიონში საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს. ის სააფთიაქო ქსელის მფლობელია და ლამის, მთელი დმანისი იქ ჰყავს დასაქმებული. როგორც დმანისში ამბობენ, ისინი ისევ ოქრიაშვილს მისცემენ ხმას. ოქრიაშვილი რომ დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, ეს ადრიან გაზაფხულზე იყო უკვე ცნობილი. მკოიანთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილების მიღება დაგვიანდა.
„ქართულ ოცნებას“ ისედაც შერყეული აქვს იმიჯი და მისი მაჟორიტარად წარდგენა არ გამოადგებოდა. ბოლო დროის სკანდალები ყველას ყელში ამოუვიდა, მათ შორის, „ოცნებასაც“.
მარტში მკოიანმა ახალქალქში „პერესტრელკა“ მოაწყო. მან ანგარიშსწორება მოუწყო „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელ სამველ პეტროსიანს. გასულ კვირას გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დარბის ახალქალაქის ცენტრში მკოიანი და ისვრის. კადრებში ისიც ჩანს, თუ როგორ სწვდა ის პოლიციელს ყელში, რომელიც მის გაჩერებას შეეცადა. ამის გამო მკოიანისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. არც ალიანსის წევრზე თავდასხმას მოჰყვებოდა ამხელა ამბავი, მაგრამ პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი არ გაჩერდა.
მაფიოზ მკოიანს სექსუალურ ძალადობაშიც ედება ბრალი. მას ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ეს სკანდალი გასულ წელს აგორდა, მაგრამ პროკურატურამ მოძალადის წინააღმდეგ საქმე არ აღძრა.
გისოსებს მიღმა ნარინე გინოსიანი აღმოჩნდა. მას და მისი ორგანიზაციის ბუღალტერ ანჟელიკა ფუტულიანს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თანხების გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებდა. ისინი დააკავეს, მაგრამ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ორივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდა ნარინე გინოსიანი ძალადობაზე. მან მედიასთან განაცხადა, რომ ის მუქარასა და სექსუალურ შევიწროებას განიცდიდა პარლამენტის წევრისგან და გამოძიება, რომელიც მის წინააღმდეგ დაიწყო, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანის პირადი ანგარიშსწორება იყო.
„ჩემთან სექსუალური კავშირი უნდოდა დაემყარებინა და მეუბნეოდა, რომ ახალ მანქანას მიყიდიდა, ბინას გამირემონტებდა, საფრანგეთში წამიყვანდა და მსგავსს რაღაცებს მეუბნებოდა. ტელეფონზეც მელაპარაკა. ერთხელ კაბინეტში საქმეზე მივედი და კიდევ დაიწყო მსგავსი საუბარი. ჩემგან კატეგორიული უარი რომ მიიღო, დამემუქრა, რომ ბაღში საქმეს გამიფუჭებდა“, _ ყვებოდა შევიწროებული ქალი.
მისი ისტორია თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა. რამდენიმე თვის წინ „ქრონიკა+“-მაც დაბეჭდა დაზარალებულ ქალთან ინტერვიუ, სადაც ის დეტალურად ყვება მოვლენების შესახებ, მაგრამ სამართლადამცველი უწყებების მხრიდან რეაგირება ისევ არ ყოფილა.
სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირებას ვინ ჩივის, კაცი ნინოწმინდა-ახალქალაქში შეიარაღებულ ხალხთან ერთად დათარეშობს და ამის გამო არავინ სთხოვს პასუხს. მას პასუხი შეიძლება ახლა მოსთხოვონ. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია და რამდენს გაბედავს მკოიანი. მის დასაკავებლად მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ „ოცნება“ ამას არ გარისკავს. მის დაკავებას შეიძლება ჯავახეთში არეულობა მოჰყვეს. ისედაც ფეთქებადსაშიშ რეგიონში ეს ცოტა სარისკოა. მკოიანის შეიარაღებული ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი.

შორენა მრსაგიშვილი