მირიან მირიანაშვილი: „ამერიკელებმა „ქართული ოცნების“ ლიდერს რამდენჯერმე შესთავაზეს, რეალურად დამოუკიდებელი ქვეყნის მმართველი გამხდარიყო“

„ქართულ ოცნებას“ კვლავ არ უმართლებს. ამერიკა საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე უარს არ ამბობს. საქმეს ვერც ივანიშვილის პარტიის უკან დახევა შველის. პოლიტპატიმრების ნაწილის განთავისუფლებამ და „ფრონტერასთან“ კონტრაქტის გაწყვეტის გაუქმებამ დასავლეთი „მეოცნებეთა“ დემოკრატიულ ზრახვებში ვერ დაარწმუნა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მთავარი სანქციები ჯერ კიდევ წინ არის და ბიძინა ივანიშვილს შემოდგომაზე სერიოზული განსაცდელი ელოდება. ივანიშვილი კარგად გრძნობს პოლიტიკური დასასრულის მოახლოებას, მაგრამ მაინც ეძებს გამოსავალს.

დასავლეთისგან ბრჭყალების გამოჩენას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, მირიან მირიანაშვილიც ელოდება. ის „ქრონიკა+“-სთან ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ ოფიციალური თბილისი „ფრონტერასთან“ დათმობაზე წავიდოდა, თუმცა ეს დათმობა დასავლეთს თავის განზრახვაზე ხელს არ ააღებინებს.

რატომ წავიდა საქართველოს ხელისუფლება „ფრონტერასთან“ დათმობაზე? რას ითხოვს ამერიკა? რა ნაბიჯს ვერ დგამს ივანიშვილი? რა სქემის გათამაშება იგეგმება საქართველოში? რა მოხდება, თუკი ამერიკაში ბაიდენი გაიმარჯვებს? რას სთავაზობდა ნიქსონი გამსახურდიას და რატომ თქვა მან ამ შეთავაზებაზე უარი? _ ამის შესახებ მირიან მირიანაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო მირიან, საქართველოს ხელისუფლება ამერიკულ „ფრონტერასთან“ კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა. ამას ვაშინგტონში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. გასულ კვირას გავიგეთ, რომ თბილისი ამერიკულ კომპანიას კონტრაქტს აღარ გაუწყვეტს. ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი დასავლეთთან დათმობაზე მიდის?
_ ეს მოსალოდნელიც იყო. მე ამის შესახებ, ჯერ კიდევ, რამდენიმე თვის წინ ვისაუბრე „ქრონიკა+“-სთან. ამერიკა აღარ დაუშვებს, რომ საქართველოში რუსული ინტერესები გატარდეს. „ფრონტერას“ აქედან გაგდება კი სწორედ რუსული გეგმის ნაწილი იყო, რომელსაც ივანიშვილი ეტაპობრივად ახორციელებდა. დასავლეთში ამას ძალიან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო.
_ გინდათ თქვათ, რომ „ფრონტერასთან“ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებით ივანიშვილი მოსკოვის წინააღმდეგ წავიდა?
_ მოსკოვის წინააღმდეგ არ წასულა. ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ლიდერმა მათთან შეთანხმებით მიიღო.
_ რუსეთი თუ „ფრონტერას“ გაგდებას ითხოვდა, რატომ დათანხმდა მის დარჩენას საქართველოში? კრემლიც დათმობაზე წავიდა დასავლეთთან?
_ კრემლმა კარგად შეაფასა, თუ რა მოჰყვებოდა „ფრონტერას“ გაგდებას. ამერიკაში კარგად ესმით, რომ ამის უკან რუსეთი დგას. მოსკოვი ძალიან მწარე პასუხს მიიღებდა. შესანიშნავად გათვალეს რისკები და საქართველოდან „ფრონტერას“ გაგდებაზე ხელი აიღეს. სადღაც აპრილისთვის უკვე შედგა გარიგება _ „ფრონტერა“ ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოდან გაიტანდა სრჩელს, რუსები ივანიშვილს საქართველოში ამ კომპანიის დაბრუნების უფლებას მისცემდნენ. იმ შემთხვევაში, თუ „ფრონტერას“ კონტრაქტი შეუწყდებოდა, ეს ივანიშვილისთვის ძალიან ცუდად დასრულდებოდა. „ფრონტერა“ საქართველოს ხელისუფლებისგან 3 მილიარდს ითხოვდა კომპენსაციის სახით. საარბიტრაჟო სასამართლოს ეს სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა, თბილისს 3 მილიარდის გადახდა მოუწევდა. ასეთი თანხის გადახდა საქართველოს დააქცევდა და ზედ მიჰყვებოდა ბიძინა ივანიშვილი. ამიტომაც შედგა გარიგება და „ფრონტერა“ საქართველოში დარჩება.
„ქართული ოცნება“ გახლავთ პარტია, რომელიც თავიდან ბოლომდე გარედან არის გაკეთებული და მართული. მისი ერთი-ერთი მთავარი იდეოლოგი რადიკოვსკია. ეს რადიკოვსკი ლებედის სარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა, რომლის საარჩევნო კამპანია ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.
„ქართული ოცნება“ არ ყოფილა გრძელვადიანი პოლიტიკური პროექტი. ეს გახლდათ ერთგვარი პოლიტიკური ინტერმეცო. ობამას ადმინისტრაციის აზრი იყო და ამაში სხვებიც დაეთანხმნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დარჩენა შეუძლებელი გახლდათ. მის მთავრობას ადამიანის უფლებების სფეროში სერიოზული გადაცდომები ჰქონდა. ივანიშვილს, როგორც მის სულიერ მამასა და სპონსორს, ალტერნატიული ძალის შექმნა მოსთხოვეს, რომელიც გარდამავალი მთავრობა იქნებოდა. 2014 წელს საქართველოში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო _ ეს ჩვენს ქვეყანაში თვისობრივად ახალ პოლიტიკურ რეალობას შექმნიდა.
რიგგარეშე არჩევნებისთვის ყველა ემზადებოდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა _ ამერიკულ-რუსული თანამშრომლობა დაიშალა. საუბარი მაქვს იმ თანამშრომლობაზე, რომლითაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იმართებოდა. შედეგად ხელთ შეგვრჩა „ქართული ოცნება“.
ახლა ახალი ციკლი უნდა დაწყებულიყო და პანდემია მოხდა, რომელმაც რაღაც პროცესები შეაყოვნა. როგორც ვატყობ, ივანიშვილი სერიოზული ბედის მეპატრონე კაცია. მე არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს იმისთანა, რომ ამ კაცის მმართველობა გაგრძელდეს. სავარაუდოდ, ახლა აღარ გაუმართლებს.
_ პანდემიაც ვერ უშველის?
_ ვერა. ვხედავთ, რომ პანდემიის დროს ინტერესი საქართველოს მიმართ არ შეწყვეტილა. ივანიშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მის წინ ორი არჩევანია _ ცუდი და უარესი. ამერიკაში ტრამპი თუ დარჩა ხელისუფლებაში, რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები გააგრძელებენ დაწყებულ პოლიტიკას, რაც „ქართული ოცნებისთვის“ სახარბიელო არ არის. ბაიდენი თუ მოვიდა, სერიოზულ ანგარიშსწორებას უნდა ველოდოთ. რეპრესანტების (რეპრესალია _ საერთაშორისო ურთიერთობებში იძულებითი ზომა, რომელსაც მიმართავს ერთი სახელმწიფო მეორის არაკანონიერი მოქმედების საპასუხოდ, _ რედ.) ძალიან ფართო წრეს მივიღებთ. მარტო ივანიშვილი არ დაისჯება.
_ ვინ დაისჯება მასთან ერთად?
_ მთელი ქართული ბიზნესი, რომელთან ერთადაც ივანიშვილი ქვეყანას მართავს. ვითომ მათთან დაპირისპირებულია, სინამდვილეში ისინი ერთად მართავენ ქვეყანას. ეს ქართული პოლიტიკური სივრცის გასახსნელად ერთგვარი გასაღები შეიძლება აღმოჩნდეს.
_ იმ ბიზნესმენებში ვის გულისხმობთ, ვისთანაც ივანიშვილი ვითომ დაპირისპირებულია, მაგრამ მათთან ერთად მართავს ქვეყანას? მამუკა ხაზარაძეს?
_ რასაკვირველია. ივანიშვილი ცდილობს, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაში მოიყვანოს. ეს დასავლეთს არ გამორჩენია მხედველობიდან. დემოკრატების გამარჯვება ძალიან არ აწყობს ივანიშვილს. ისინი, როგორც ვთქვი, სერიოზულად მიხედავენ საქართველოს, თუმცა არც რესპუბლიკელები მოგვაკლებენ ყურადღებას. „ქართული ოცნების“ ლიდერს ახლა ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ დასავლეთი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. სხვა დანარჩენი მის ხელშია _ საარჩევნო ადმინისტრაციით დაწყებული, პოლიტიკური პარტიებით დამთავრებული. არც ერთი პარტია არ მოქმედებს მისი მითითების გარეშე, ასე იყო სააკაშვილის დროს და ასე იყო შევარდნაძის შემთხვევაშიც. ივანიშვილის ნებართვა თუ არ იქნა, არც ერთი ნოტარიუსი არ დაგირეგისტრირებთ პოლიტიკურ პარტიას. საქართველოში ახლა ბევრად უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ნაცისტების დროს იყო ვარშავის გეტოებში.
აქ ყველაფერი ყალბია და იმიტაციაა. ამ სიყალბეში იივანიშვილს არანაირი შედეგის არ ეშინია. რა პროცენტსაც უნდა, იმას დაიწერს არჩევნებზე. მას მხოლოდ არჩევნების არაღიარების ეშინია. ეს კი ამ სისტემისთვის კატასტროფა იქნება. რუსულ-ამერკული კულუარული მოლაპარაკებები აღარ არსებობს. რუსეთთან ამერიკული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი საქართველოს თემაზე ვეღარ დაილაპარაკებს, მათ შორის, საქართველოში აკრედიტებული აშშ-ის ელჩი. ეს კანონმდებლობის დარღვევაცაა და ამის გაკეთება არც მორალურად იქნება გამართლებული. ივანიშვილისთვის წარმოუდგენლად დიდი რისკები არსებობს. ის გზა, რომელიც ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად აქვს დასახული, ცალკე რისკებს შემცველია. მას ეს გზა რუსებთან აქვს შეთანხმებული.
_ რა გზაა და რა რისკებს შეიცავს იგი?
_ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ელენე ხოშტარიას გაპრემიერება.
_ რანაირად?
_ ივანიშვილი ხოშტარიას ჯერ ვაკეში გაიყვანს მაჟორიტარად და მერე გააპრემიერებს. ამ ფორმით ცდილობს დასავლეთის მოტყუებას. ისეთ სურათს დახატავს, თითქოს პროდასავლურ ჯგუფს მისცემს ასპარეზს. როგორც ამბობენ, ეს გეგმა პირადად სერგეი ლავროვთან არის შეთანხმებული. ამ უკანასკნელის იდეაფიქსია: რუსეთის მმართველობაში შემავალ ქვეყნებს ისეთი ხელისუფალი დაუნიშნოს, რომელსაც ის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, სადაც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა. ჯერ იყო და გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტებაზე იბრძოლა ბევრი, ანგელა მერკელსაც კი შეახვედრა.
_ ეს სად და როდის?
_ ერთ-ერთ კონფერენციაზე, დერეფანში დაახვედრეს ვაშაძე მერკელს. ეს მოგვიანებით მერკელის პრესსპიკერმა აღიარა.
_ რა აღიარა?
_ რომ ეს შეხვედრა ლავროვის ჩაწყობილი იყო.
_ სად აღიარა?
_ გერმანიის პარლამენტში გამართულ მოსმენაზე. მას იქ ამასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს და ყველაფერი თქვა. გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტება თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ეს ბოლტონმა ჩაშალა. ახლა ელენე ხოშტარიაზე არის სწორება. „МГИМО“ (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი, _ რედ.) მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში სადაზვერვო ცენტრად არის აღიარებული. პოლონეთმა მისი კურსდამთავრებულები პოლიტიკური სივრციდან ამოიღო.
_ რაღაც დაუჯერებლად ჟღერს ხოშტარიას გაპრემიერების ვერსია.
_ თავიდან არც მე მჯეროდა. ახლა რომ ვუყურებ, ყველაფერი მართლა აქეთკენ მიდის.
_ მაგალითად, რა მიდის აქეთკენ?
_ რა და ვაკეში „ოცნებამ“, ფაქტობრივად, მწვანე აუნთო ელენე ხოშტარიას. მას კონკურენტად დაუყენეს ტურძელაძე, რომელიც ვაკის გამგებელი კი არის, მაგრამ მას ვაკეში არავინ იცნობს. პოლიტიკური თვალსაზრისით გაუპიარებელი პიროვნებაა. არც სხვა ტოპპარტიები დააყენებენ ვაკეში თავის კანდიდატებს. ხოშტარია, ფაქტობრივად, უკონკურენტო იქნება. ხოშტარია კი ითვლება პროდასავლურად, მაგრამ ამერიკა არ მოტყუვდება და ამ გეგმას არ მიიღებს.
როგორც ჩანს, ივანიშვილს მოეწონა ჰიბრიდული პარლამენტი, სადაც როცა მოუნდება, დაშლის უმრავლესობას, როცა საჭიროდ ჩათვლის, უმრავლესობა ფენიქსივით აღდგება. „ოცნების“ ლიდერისთვის მისაღებია ისეთი პარლამენტი, სადაც წაშლილია ზღვარი უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. ვინ, როგორ და სად იქნება, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ეცოდინება.
მას ახლა პარლამენტში პატარა უმრავლესობით გასვლა აქვს ნავარაუდევი. პარლამენტის სპიკერის არჩევას უნდა მოჰყვეს მცირე სკანდალი და უმრავლესობა დაიშალოს. მერე ისევ აღდგება უმრავლესობა და ასე გაგრძელდება. მას ეს მოდელი უფრო უპრიანი ჰგონია.
_ რატომ ხიბლავს ივანიშვილს ასეთი მოდელი?
_ როცა დაინახავს, რომ დასავლეთს მისი პოლიტიკური კატასტროფა ხიბლავს, უმრავლესობის დაშლას გაითამაშებს. როცა ეს ტალღა გადაივლის, უმრავლესობა აღდგება. ეს ტრიუკი აქამდეც კარგად გამოსდიოდა და მომავალშიც შეძლებს. ჩვენ ხომ პოლიტიკოსები არ გვყავს. ესენი არიან მსახიობები, რომლებიც რასაც ეტყვი, იმ როლს შეასრულებენ. წლებია, ვუყურებთ სპექტაკლებს მათი შესრულებით. ამ პოლიტიკურ თეატრს, შიდა მაყურებლის გარდა, გარედანაც ჰყავს მაყურებელი. ის მაყურებელი ძალიან უკმაყოფილოა ამ სპექტაკლებით. გავლენა ამ მაყურებელს აქვს და არა პარტერში მჯდომ ქართულ საზოგადოებას. ლოჟაში მყოფ საზოგადოებას უნდა უფრთხილდეს ივანიშვილი. ლოჟას მისი შეცვლა აქვს გადაწყვეტილი.
_ შეცვლიან თუ ვერა? რა მოხდება შემოდგომაზე?
_ შემოდგომაზე მოხდება ის, რაც ზემოთ უკვე მოგიყევით. ამას დაემატება ექიმების კლასტერი თავისი კოვიდ 19-ის თემით. გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძის ტრიო ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კომიკურად გამოიუყურება. პოლიტიკური სიტუაციის განხილვა ამ კომიკური სახის გარეშე არ შეიძლება. რა ავარდება, არავინ იცის. რაღაცას მოიფიქრებენ ექიმები. გააჩნია, რა დასჭირდება ივანიშვილს.
სამაგიეროდ, ვიცი, რომ რუსეთი ყველა ამბიდან ამოვარდნილია. ვერ წარმომიდგენია, რომ ამ მოცემულობაში მხოლოდ საქართველოში დაუშვან გამონაკლისი. ეს ფიზიკურად გამოროცხუილია. თუ რუსეთს დაუთმობენ ჩვენს ქვეყანას, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ფუნქციურად გამონაკლისია და აქ რუსეთის მამრთველობას დატოვებენ, რომლის წარმომადგენელიც არის ბიძინა ივანიშვილი. ამის წინაპირობებს ვერ ვხედაც.
რამდენადაც ვიცი, დასავლეთი აქ არჩევნებზე 400 მეთვალყურის გამოგზავნას აპირებდა, რომლებიც პრეტენზიის სახით ივანიშვილის ქეისის ჩამოყალიბებაზე იმუშავებდნენ. დღეს არ ვიცით, ჩამოვლენ თუ არა ისინი. პანდემიის პირობებში 400 კაცის ჩამოყვანა ადვილი არ იქნება. იყო ასეთი გეგმაც, რომ არჩევნებამდე უნდა მომხდარიყო ივანიშვილთან დამშვიდობება და ამის ფორმაც მოფიქრებული იყო. პანდემიამ ეს გეგმა შეცვალა.
_ დარჩა ივანიშვილი?
_ მან ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაიხანგრძლივა. საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არაფერი არ უნდა.
_ ვითომ, ასეთი ადვილია ხელისუფლების შეცვლა?
_ აქ ამის გაკეთება ადვილია. საქართველოში ხელისუფლების გამოცვლას ერთი სერიოზული მიტინგი უნდა. ამასთან საჭიროა ერთი ზარი ამერიკის საელჩოდან, რომ მიტინგს ხელი არ ახლოთ. როგორც კი უსაფრთხოებას იგრძნობს საზოგადოება, აქციაზე 200.000-ზე მეტი ადამიანი მივა. ივანიშვილის პოლიტიკური მმართველობაც დასრულდება. ახლა იმას არჩევს დასავლეთი, როდის გაიმართება ეს აქცია. ბიძინა ივანიშვილი უკვე შეგუებულია, რომ მისი მმართველობა დასრულდა. ახლა იმაზე მიდის საუბარი, თუ როგორ და რა ვადებში წავა იგი. ამის მიუხედავად, ის რაღაც გზების გამონახვას მაინც ცდილობს.
„ქართული ოცნების“ ლიდერის მიმართ ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას სერიოზული პრეტენზიები აქვს, მას ამერიკელებმა რამდენჯერმე შესთავაზეს, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მმართველი ყოფილიყო.
_ ახლა არ არის საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა?
_ რა თქმა უნდა, არა _ ყველაფერს რუსეთი მართავს. რუსეთის გარეშე ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღება. ამერიკამ ამიტომ შესთავაზა ივანიშვილს გახდარიყო დამოუკიდებელი ქვეყნის მმართველი. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ამაზე უარი განაცხადა.
_ რატომ?
_ ის ვერ ბედავს დამოუკიდებელი ქვეყნის მმართველობას.
_ რუსეთის წინააღმდეგ წასვლის ეშინია?
_ ის არის რუსეთის წარმომადგენელი, მათთან ანგარიშვალდებულია და ამ შეთავაზებას ვერ დასთანხმდებოდა. ამის გარდა, ძალიან კარგად მესმის, თუ რაც ხდება. ეს გადაწყვეტილება ასეთი მარტივად მისაღები არ არის. თავის დროზე გამსახურდიამაც ვერ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
_ რა გადაწყვეტილება ვერ მიიღო ზვიად გამსახურდიამ?
_ მოგეხსენებათ, რომ ზვიად გამსახურდიას პარლამენტის წევრი ვიყავი და ამ ადამიანთან კარგი კავშირები მქონდა. მე ვესწრებოდი ზვიად გამსახურდიასა და ნიქსონის შეხვედრას. მაშინ ნიქსონმა ზვიადს პირდაპირ უთხრა, _ ამერიკის მხარეზე გადმოდიო. ამასთან, დოკუმენტების პაკეტიც გადასცა.
_ რა დოკუმენტები იყო?
_ ზუსტად არ ვიცი. სავარაუდოდ, მისი პირადი საქმე იყო. ის კი უთხრა, შენი კურატორები ახლა ჩემს მხარეზე არიანო. ზვიად გამსახურდიამ ეს ნაბიჯი ვერ გადადგა და ვერ გადავიდა ამერიკის მხარეს. მე რომ მკითხოთ, საბოლოო ჯამში, ამას გადაჰყვა კიდევაც. დოკუმენტების პაკეტში, რომელიც გამსახურდიას გადაეცა, მხოლოდ მისი პირადი საქმე არ ყოფილა. იქ სხვა დოკუმენტებიც იყო. მაგალითად, საქართველოში ამერიკის სავაჭრო-პოლიტიკური წარმომადგენლობის გახსნაც იგეგმებოდა. იმ დროისთვის აშშ საქართველოში საელჩოს ვერ გახსნიდა.
_ რატომ?
_ საბჭოთა კავშირი ჯერ დაშლილი არ იყო და არც საქართველოს დამოუკიდებობა ჰქონდა ბევრ ქვეყანას აღიარებული. სავაჭრო წარმომადგენლობა იქნებოდა აშშ-ის საელჩოს ფუნქციის მატარებელი.
ამერიკილების წარმომადგენლობა და მონიტორინგი რომ ყოფილიყო საქართველოში, ვერც სამოქალაქო ომი მოხდებოდა და ვერც კიტოვანი აჯანყდებოდა. სულ სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი იქნებოდა და საქართველოში პოლიტიკური პროცესები სულ სხვა მხარეს წავიდოდა. ზვიად გამსახურდიამ ამერიკელების მხარეს გადასვლა მაშინ ვერ გაბედა და ვერც ივანიშვილი ბედავს, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მმართველი გახდეს.
_ და რაკი უარზეა, ახლაც იგივე ხომ არ იქნება, რაც ზვიადის დროს მოხდა?
_ სამოქალაქო ომი არ იქნება. რაღაცები განმეორდება, მაგრამ შედეგები ბევრად უფრო ნაკლებად დრამატული იქნება, ვიდრე გამსახურდიას დროს იყო.

შორენა მარსაგიშვილი