სალომე სამადაშვილი: „ბიძინა ივანიშვილს პირადად ემუქრება სანქციები“

ჩვენს ქვეყანაში რომ უკონტროლო კრიმინოგენური ვითარებაა, ამას ბოლო დროს მომხდარი არაერთი ტრაგიკული ფაქტი ადასტურებს. არის შემთხვევები, როცა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა იყრის თავს. ასევე სისხლის სამართლის საქმეებში რიგ შემთხვევებში იკვეთება შესაძლო სისტემური დანაშაულისა და არაკვალიფიციური გამოძიების ნიშნებიც. მათ შორის არის 19 წლის გიორგი შაქარაშვილის სავარაუდო მკვლელობისა და 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეები.

მძიმე ვითარების პარალალურად, მმართველმა გუნდმა 20 ივლისს 30 მაჟორიტარულ ოლქში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატების წარდგენაზე საჯაროდ, 8-თვიანი პაუზის შემდეგ, პირველად გამოჩნდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მისთვის ჩვეული გზავნილებითა და 9-წლიან რეჟიმზე საუბრით.
ამასობაში, საქართველოში მიმდინარე პროცესების პარალალურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 244 ხმით 189-ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ.
ამ კანონპროექტით ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვა საერთაშორისო პროგრამები.
სწორედ ამ კანონპროექტითაა გათვალისწინებული, რომ, შესაძლოა, აშშ-მა საქართველოს ფინანსური დახმარების 15% შეუჩეროს.

რა მოცემულობაშია ქვეყანა კრიმინოგენური თვალსაზრისით? რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება და ემუქრება თუ არა ივანიშვილს პირადი სანქციები?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, დეპუტატ სალომე სამადაშვილს ესაუბრა:

_ ქალბატონო სალომე, რა მოცემულობის წინაშე დადგა ქვეყანა კრიმინოგენური ვითარების კუთხით და ხედავთ თუ არა სისტემურ გადაცდომებს შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებში?
_ მთავარი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებას არანაირი ნდობა აღარ აქვს სამართალდამცველი ორგანოების მიმართ. წლებია, გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს, როდესაც რაღაც კონკრეტული ინტერესები იკვეთება, მაგალითად, სარალიძის შემთხვევაში. საზოგადოების ზეწოლაა საჭირო იმისთვის, რომ გამოძიებამ შედეგი დადოს. გარდა ამისა, ის სიმბიოზური კავშირი, რაც არსებობს კრიმინალურ სამყაროსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, თავისთავად, ხელს უშლის სამართალდამცველი სისტემების მუშაობას, რადგან „ქართული ოცნება“, რომელიც მუდმივად იყენებს კრიმინალურ ქსელებს საკუთარი პოლიტიკური კრიმინალური დღის წესრიგისთვის, შესაბამისად შემდეგ მათთან არის ვალში და მათი ინტერესებისთვის ანგარიშის გაწევა უხდება. ეს არის რეალობა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დაბრუნდა კრიმინალური გავლენის სფერო: უკვე გაურკვეველია, სად მთავრდება სახელმწიფო და სად იწყება კრიმინალური სამყარო.
_ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიცია ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. როგორ უპასუხებთ მათ ამ შეფასებას?
_ ხელისუფლების მხრიდან ასეთი განაცხადი ამორალურია. მით უმეტეს იმ ხალხისგან, ვინც მართლა უკიდურესად ბოროტად გამოიყენა დიდი ტრაგედიები. შეგახსენებთ, რომ ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მოსამართლე დატოვა ძალაუფლებაში და სასამართლოში მისი კლანი გააძლიერა. ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველანაირი უბედურება გამოიყენა ხელისუფლებაში მოსასვლელად და ძალაუფლების მოსაპოვებლად. შემდეგ კი თავად გახდა ისეთი მოძალადე, როგორიც ჩვენს პოლიტიკურ ისტორიას არ უნახავს. საზოგადოების დაკვეთა 2012 წელს ძალიან ნათელი იყო: შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სამართალდამცველი სისტემის რეფორმა. ამის ნაცვლად კი ჩვენ დღეს მივიღეთ ის სისტემა, რომელიც, ერთი მხრივ, არ მუშაობს და, მეორე მხრივ, დამნაშავეების დაქვემდებარებაში გადავიდა. ჩვენ არათუ გამჭვირვალე, დემოკრატიული და ანგარიშვალდებული სისტემა მივიღეთ, არამედ პირიქით _ დეგრადირებული, რომელიც დღეს იმას გვახსენებს, რაც ამ ქვეყანაში შავბნელ 90-იან წლებში ხდებოდა. ეს არის დღეს საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოწვევა. საგამოძიებო სისტემას არანაირი ნდობა არ გააჩნია. ამ შემთხვევაში პოლიტიკურ შეხედულებებს არ აქვს მნიშვნელობა. ეს სისტემა საჭიროებს ძალიან მკვეთრ და გამბედავ რეფორმას. ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არჩევნების შემდეგ.
_ წინასაარჩევნო პერიოდია, ეს გარკვეულწილად ხომ არ გამოიწვევს ხელისუფლების გამოფხიზლებას იმ თვალსაზრისით, რომ ბოლო დროს გახმაურებულ ტრაგიკულ ფაქტებზე ობიექტური გამოძიება იწარმოებს და სასამართლოც სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს?
_ დარწმუნებული ვარ, იქ, სადაც ხელისუფლებას პოლიტიკური ინტერესი აქვს, რომ ხელი დააფაროს დამნაშავეს, ანუ თუ დამნაშავე კავშირშია ბერა ივანიშვილთან ან ის შეეხება იმ კრიმინალურ ქსელებს, რომლებიც პირდაპირ არიან კავშირში ბერა ივანიშვილთან, კალაძესთან ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელთან, ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ, მათ არ აქვთ ფუფუნება, რომ ამ ხალხს ხელი შეახონ. რეალურად, დამნაშავეები ხელშეუხებლები გახდნენ, ამიტომ ნებისმიერ კონკრეტულ საქმეში ხელისუფლებას მოუწეს ლავირება და დაფიქრება იმაზე, თუ რა უფრო დააზიანებთ მათ.
_ გასულ კვირას მმართველმა გუნდმა 30 მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატები დაასახელა. რამდენად ძლიერად გამოიყურება „ქართული ოცნება“ ამ ნაწილში? ასევე მათი მთავარი ხელჩასაჭიდი გზავნილი იყო „კოვიდ-19-ის“ წარმატებით მართვა. ეს რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მმართველი გუნდისთვის არჩევნებზე ხმების მოსაპოვებლად?
_ გამოკითხვებიდან ვხედავთ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის მთავარი არ არის „კოვიდ-19“, მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას მოიაზრებს პრობლემად. ამ თვალსაზრისით კი „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობისთვის არაფერი აქვს შესათავაზებელი. რაც შეეხება სიას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, ამან კიდევ ერთხელ ნათელი გახადა რეალობა: ამ პოლიტიკურ გუნდს საერთოდ არ აინტერესებს ხალხის ბედი და მომავალი. ჩვენ ვნახეთ კანდიდატები, რომელთაგან ზოგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდა, ასევე მაჟორიტარი კანდიდატების ნაწილი „ქართული ოცნების“ ბიუროკრატიული რესურსია. ეს იყო ნომენკლატურული მაჟორიტარული სისტემის სია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი ამომრჩეველი მტკიცედ ეტყვის უარს ამ ფსევდოსიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
_ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას დაესწრნენ ინფექციონისტები, მათ შორის: თენგიზ ცერცვაძე, ლევან რატიანი, დაავადებათა კონტროლის ცენტის დირექტორი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე, რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
_ ძალიან უცნაური იყო ის, რომ ექიმებმა და ინფექციონისტებმა გადაწყვიტეს მისულიყვნენ და, ფაქტობირვად, პოლიტიკური მხარდაჭერა გამოეცხადებინათ მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის. ეს აჩვენებს, რომ ისინიც საკუთარ თავს ნომენკლატურის ნაწილად მოიაზრებენ. მსგავსი აზროვნება საბჭოთა გადმონაშთია. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ისეთი დამოუკიდებელი პროფესიის წარმომადგენლებმა, როგორებიც ექიმები არიან, ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას უფლება მისცენ, რომ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ მათი რეპუტაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, მათ აზიანებს, რაც სამწუხარო სანახაობა იყო. ჩემთვის პირადად კი ეს ფაქტი სიმპტომატური იყო: ჩვენი საზოგადოება დღესდღეობით ჯერ არ ჩამოყალიბებულა, როგორც თავისუფლად მოაზროვნე, თანამედროვე, დემოკრატიული ძალა, რადგან ამ ხალხმა საჭიროდ ჩათვალა გამოცხადებულიყო მმართველი პარტიის პოლიტიკურ ღონისძიებაზე, რომელმაც კომუნისტური პარტიის ღონისძიება მომაგონა.
_ ბოლო დროს ოპოზიცია ერთიანი სახით გვევლინებოდა და „ერთად ივანიშვილის წინააღმდეგ“ გზავნილი გქონდათ, რამდენიმე დღის წინ კი „ძალა ერთობაშია“ დატოვეს გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა. ამ მოცემულობაში ერთობას საფრთხე ემუქრება თუ არა?
_ კონსტიტუციისა და საარჩევნო ბარიერის შეცვლამ, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის სურვილი გაუჩინა გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს. არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს ეს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში მიეღოთ, საარჩევნო ბარიერი საკმარისად მაღალი რომ ყოფილიყო. დაე, ამომრჩეველმა გადაწყვიტოს პოლიტიკური მოთამაშის ბედი. მთავარია, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივად მიიღონ არჩევნებში იმაზე მეტი მანდატი, ვიდრე _ „ქართულმა ოცნებამ“. არჩევნების შემდეგ კი შეიქმნეს ხელისუფლება, რომელსაც ოპოზიცია დააკომპლექტებს. ჩემი პირადი აზრია, რომ არჩევნებამდე მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების მხრიდან მემორანდუმის გაფორმება, რომლის მიხედვითაც აუცილებელი იქნებოდა ორი საკითხის დაფიქსირება: 1. „ქართული ოცნებას“ უმრავლესობას არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის ესა თუ ის პარტია; 2. ქვეყნის ჩამოშორება რუსული ვექტორიდან, შესაბამისად, ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი გაწევრიანების მყარი მხარდაჭერა. ჩემთვის კომფორტული იქნებოდა ასეთი მემორანდუმის გაფორმება იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი 2020 წელს პარლამენტში მოხვდებიან.
_ რამდენად რეალისტური გგონიათ ამ ტიპის მემორანდუმის გაფორმება დღევანდელი გადმოსახედიდან?
_ თუ ასეთი მემორანდუმის გაფორმებაზე ვინმე უარს იტყვის, ამომრჩევლისთვის ცხადი იქნება, რომ ესა თუ ის პარტია, რეალურად, არ არის ოპოზიციური განწყობის და გეგმავს, რომ შესაძლებლობისა და აუცილებლობის შემთხვევაში ალიანსი დაამყაროს ბიძინა ივანიშვილთან. ცხადია, ამომრჩეველს ამის ცოდნის უფლება ექნება. ასე რომ, ეს მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია და ამომრჩევლისთვისაც მთავარი იქნება იცოდეს, რა პოლიტიკურ გზაზე დგება ესა თუ ის პარტია, როდესაც არჩევნებზე დამოუკიდებელი სტატუსით გადის.
_ სანამ მემორანდუმის საკითხი დადგება დღის წესრიგში, ოპოზიციას დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქში ჯერ კიდევ არ დაუსახელებია მაჟორიტარული კანდიდატები. რა ეტაპზეა ამ თემაზე კონსულტაციები?
_ თავს ვიკავებთ პოზიციების დაფიქსირებისგან იმიტომ, რომ ეს პროცესი სხვა ოპოზიციურ პარტიას დავუთმოთ. ჯერჯერობით დაველოდებით, მაგრამ ცხადია, თუ ვერ ჩამოყალიბდებიან, ამის შემდეგ ჩვენს ხედვას გავაცნობთ საზოგადოებას, თუ რას ვაპირებთ ამ ორ კონკრეტულ ოლქთან დაკავშირებით. რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენი პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო, რომ დამოუკიდებლად ვაპირებდით კანდიდატების დაყენებას, თუმცა ამ შემთხვევაშიც ღია ვართ იმისთვის, რომ კონკრეტულ ოლქებთან დაკავშირებით ვისაუბროთ. შესაძლოა, კონკრეტული მოსაზრებებიც განვიხილოთ ერთიანი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება ერთეული გამონაკლისები, სადაც შეიძლება, მსგავსი გადაწყვეტილება მივიღოთ.
_ ამ ყველაფრის პარალელურად, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ფინანსური დახმარების 15% შეუჩეროს. რას ითვალისწინებს ეს კანონპროექტი და რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა?
_ ამერიკის შეერთებულ შტატებში საბიუჯეტო პროცესი ისეა მოწყობილი, რომ სხვადასხვა საბიუჯეტო კანონს კონგრესი იღებს, რომელიც ხელის მოსაწერად იგზავნება პრეზიდენტთან. ეს პროცესი ძალიან გრძელია, რადგან ყველა ცალკეული კანონპროექტი განიხილება ჯერ წარმომადგენელთა პალატაში და შემდეგ _ სენატში. მას შემდეგ, რაც ორივე პალატა დაამტკიცებს კანონპროექტს, განსახილველად მიდის წარმომადგენელთა პალატის სენატის ერთობლივ კომიტეტზე და ისინი, როდესაც საბოლოო ვარიანტს შეაჯერებენ, ამას კენჭს უყრის წარმომადგენელთა პალატა და სენატი, ანუ მთლიანად კონგრესი, რის შემდეგაც დასამტკიცებლად გადაუგზავნიან პრეზიდენტს. ამ პროცესში ჩვენთვის საინტერესო იყო ორი საბიუჯეტო კანონპროექტი: ისინი შეეხებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებას, ანუ საგარეო დახმარებას. ამ ნაწილში, წარმომადგენელთა პალატამ ფინანსური სანქცია დაამტკიცა საქართველოსთან მიმართებით. კერძოდ, 162 მილიონი, რომელიც გამოეყო საქართველოს, ამ დახმარების 15% გაიყინება მანამ, სანამ წარმომადგენელთა პალატა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს არ მოისმენს იმის თაობაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის, არჩევნებისა და ოლიგარქიული მმართველობის კუთხით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც, სამწუხაროდ, მსგავსი სანქცია ჩაიდო ჩვენთვის განკუთვნილ დახმარებაში და ეს უკავშირდება პირდაპირ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და იმ შეშფოთებას, რაც არსებობს ამერიკაში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ. რაც შეეხება მეორე საბიუჯეტო კანონპროექტს, ეს არის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დაფინანსება, ანუ თავდაცვის თანამშრომლობის აქტი დაამტკიცა როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა და ამ ნაწილშიც ჩაიდო მოთხოვნა, რომ 180 დღის განმავლობაში მოხსენება უნდა გაკეთდეს საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებული პრობლემების შესახებ. ეს პირდაპირ უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. რეალურად, შეიძლება ვთქვათ, რომ არჩევნების მოლოდინის რეჟიმშია დღეს ამერიკის კონგრესი და სენატის წარმომადგენელთა პალატა. მიუხედევად იმისა, რომ ჩვენს სახელმწიფოსთან მიმართებით ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა ფიქსირდება, ასევე არსებობს სერიოზული შეშფოთება იმაზე, თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შემდეგი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ჩვენი სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით. ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმ კუთხითაც, რომ საქართველო საბოლოოდ გავა დასავლური ორბიტის გზაზე თუ ურყევად აღმოჩნდება რუსეთის გავლენის სფეროში?
_ როგორც კი დასავლეთიდან კრიტიკა ისმის, ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აღნიშნავენ, რომ ეს არის ლობისტური ჯგუფების საქმიანობის შედეგი, რომლებიც კავშირში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამ ნაწილში რას იტყვით?
_ დღეს ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება უზარმაზარი რაოდენობის ფულს ხარჯავს ლობისტურ საქმიანობაზე, მხოლოდ საუდის არაბეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მეტ ფულს ხარჯავს ლობისტებზე, ვიდრე _ ბიძინა ივანიშვილი. ამ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საბიუჯეტო თანხები, ანუ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული, ამაზე იხარჯება, ანუ ეს ფული ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებისა და მისი იმიჯის ლობირებაზე მიდის. შესაბამისად, ფულისა და ლობისტების ზეგავლენა გადამწყვეტი რომ იყოს, „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს უზარმაზარი უპირატესობა ექნებოდა სხვა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან შედარებით. მაგრამ ეს ასე არ ხდება. ლობისტები შესაძლოა, დაგეხმარონ სწორი ადამიანის პოვნაში, ვისაც უნდა ესაუბრო, ან მოგეხმარონ შენი გზავნილების სწორად დალაგებაში, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ამერიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ლობისტების ჩარევით ვერ და არ მიიღება. უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილი აზროვნებს, როგორც რუსი ოლიგარქი და ალბათ, მას შეიძლება, მართლაც ასე სჯერა, იმიტომ, რომ მას ხვანაირი პოლიტიკური სისტემა ვერ წარმოუდგენია.
_ გაითვალისწინებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდი დასავლეთიდან წამოსულ იმ სიგნალს, რასაც შესაძლო სანქციების დაკისრება ჰქვია?
_ დღეს ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ შეშინებულია _ მას უკვე პირადად ემუქრება სანქციები და ზეწოლა უშუალოდ მასზეა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მოუწევს ამ გზავნილების ყურადღებით მოსმენა.

ნენე ინჯგია