ზვიად კუპრავა: „გომელაურმა გახარიას ივანიშვილთან უჩივლა და აქცია მოუწყო“

დიდი ხანია, ქვეყანა ქვეყანას აღარ ჰგავს, არც შინაგან სამეთა სამინისტრო ჰგავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც მწყემსი _ მწყემსს. მწყემსებმა, იმის ნაცვლად, რომ ცხვარ-ძროხა მწყემსონ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას ეწევიან და დანაშაულებს „ხსნიან“, სამართალდამცველებს კი ყველაფერზე ერთი პასუხი აქვთ, _ მიმართეთ პრესცენტრს(!!!). მართალია, პრესცენტრისთვის მიმართვის ტრენდი შსს-მ დაამკვიდრა, მაგრამ ქვეყნის პირველმა პოლიციელმა, როცა გაუჭირდა, ბიძინა ივანიშვილს მიმართა. გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე პრემიერ გახარიას შს მინისტრი ვახტანგ გომელაური შემოეკრიტიკა. იმ საღამოსვე „მეოცნებეთა“ ერთმა ჯგუფმა გომელაურის მხარდასაჭერი აქცია დააანონსა. გახარიამ მეორე დღეს ლამის კბილებით დაიცვა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი, _ გადასაყენებლი შს მინისტრი სად მყავსო?
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დარწმუნებულია, რომ გახარიამ პოზიციები მას შემდეგ შეცვალა, რაც გომელაურმა მას ივანიშვილთან უჩივლა.

რამდენ ადამიანს ენდობა ივანიშვილი მთავრობაში? რატომ იყო ყველაზე ბოროტი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი? როგორ გადაიქცნენ მწყემსები ოპერატიულ მუშაკებად? როგორ და რატომ აჯობა კრიმინალურმა სამყარომ სამართალდამცველებს? რას ფიქრობენ პოლიციელები „კაწროს“ თარეშზე? აჯობებს თუ არა „ქართული ოცნების“ ლიდერი საქართველოს? _ ამ თემების შესახებ ზვიად კუპრავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ზვიად, თქვენ წლების მანძილზე იყავით პატრულის თანამშრომელი და კარგად იცით ეს სისტემა. როდიდან დაიწყეს მწყემსებმა პოლიციის როლის შესრულება? როგორ ხდება, რომ ყველა გახმაურებულ საქმეში ისინი ფიგურირებენ?
_ ბოლო დროს პოლიციელების საქმეს სულ მწყემსები აკეთებენ. ეს კარგად მიუთითებს იმ პრობლემებზე, რომელიც ძალოვან უწყებებშია. ქურდულ სუბკულტურასა და სამართალდამცველ უწყებას შორის სერიოზული კონკურენციაა _ უნდა დაამტკიცონ, რომელი უფრო მაგარია. ქურდული სუბკულტურა შსს-ს თავის სიძლიერეს უმტკიცებს, ამის საპასუხოდ სამართალდამცველი უწყება ვერაფერს აკეთებს. შედეგად, დღეს მკვლელობის ჩადენა პრობლემას აღარ წარმოადგენს.
_ რატომ აღარ წარმოადგენს მკვლელობის ჩადენა პრობლემას?
_ ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ მკვლელობა აღარ არის პრობლემა. ერთი ადამიანი თუ მეორის მოკვლას გადაწყვეტს, ის თავის განზრახვას ძალიან მარტივად აღასრულებს. თან იცის, რომ ამ საქმიდან 90% გამარჯვებული გამოვა _ მის დანაშაულს ვერ დაადგენენ. თუ დაადგენენ, ჩააწყობს და გამოძვრება ან ბერას ახლობლებთან გავა კავშირზე, ან „კაწროს“ დაუკავშირდება, ან სხვა ვინმეს მონახავს, ვისაც ამ ხელისუფლებასთან სიტყვა ეთქმის და გამართლდება.
საქართველოში ძალოვანმა უწყებებმა თავისი ფუნქციები სრულად დაკარგეს. სამძებრო სამუშაოების სფერო, ფაქტობრივად, მწყემსებმა აითვისეს. იმას ვერავინ დამაჯერებს, რომ დღევანდელ პოლიციას ოპერატიული-სამძებრო სამუშაოების წარმოება არ შეუძლია. შსს-ში ბლომად არის კვალიფიციური ხალხი. ეს უწყება რამდენიმე წლის წინათ დავტოვე, იქ პროფესიონალებთან მიწევდა მუშაობა, ისინი საკუთარ საქმეს კარგად ართმევდნენ თავს. ამ ადამიანების დიდი ნაწილი დღეს ისევ უწყებაში მუშაობს, მაგრამ საქმეებს ვეღარ ხსნის. მრჩება განცდა, რომ გახმაურებული საქმეების გამოძიების პოლიტიკური ნება არ არსებობს.
_ ნების არქონაში რას გულისხმობთ, პოლიციას ეუბნებიან, რომ ესა და ეს საქმე არ უნდა გაიხსნას?
_ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობამ ბევრ რამეს ახადა ფარდა. „შაქარაშვილის საქმეში“ მთავარი ბანდა „ნახალოვკის“ დაჯგუფებაა. დარწმუნებული ვარ, „ნახალოვკის“, ანუ მეცხრე განყოფილების პოლიციელები ძალიან შეურაცხყოფილები არიან, რადგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დადიან, საქმეებს არჩევენ და ბრძანებებს იძლევიან ვიღაც „კაწრო“ და ბუაძე. მეცხრე განყოფილების ბიჭებს ამათი თარეში ყელში აქვთ ამოსული, მაგრამ ვერანაირ ზომებს ვერ ღებულობენ მათ წინააღმდეგ. როგორც კი რამე ზომების მიღებას დააპირებენ, ზევიდან ეგრევე უწითლებენ _ მათ არ უნდა შეეხოთ!
ახლო წარსულში ამ მხრივ სულ სხვა ვითარება იყო. მაშინ „კაწრო“ პატარა ბიჭი იყო და ისედაც ვერ მოაწყობდა გარჩევებს, მაგრამ სხვები ხომ იყვნენ? ისინი ასე თავისუფლად ვეღარ დადიოდნენ ქუჩაში და ბრძანებებს ვერ გასცემდნენ. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ მოზარდებს ქურდობა აღარ უნდოდათ. შევარდნაძის დროს მოზარდების დიდი ნაწილი ოცნებობდა ქურდობაზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოზარდებში ასეთი სურვილები კვლავ გააჩინა. ახლახან სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, სადაც რვა წლის ბავშვს რვაქიმიანი-ქურდული (არადა, სინამდვილეში, რვაქიმიანი ვარსკვლავი ცისკრის ვარსკვლავია, ქრისტეშობის სიმბოლო, _ რედ.) ვარსკვლავი ახატია და წარწერა აქვს, _ ქურდებს სიცოცხლეო. „ქართულმა ოცნებამ“ „ჟიზნ ს ვორამის“ ეპოქაში დაგვაბრუნა. შევიდა ქურდული სუბკულტურა შსს-თან კონკურენციაში და ეს უწყება „კაწროებით“ და „მაწროებით“ დაჩაგრა.
_ ეს, ალბათ, პოლიტიკური ნება იყო, თორემ ვიღაც „კაწრო“ შსს-ს ვერ დაჩაგრავდა. ასეთი მარტივი არ უნდა იყოს ამხელა უწყების დაჩაგვრა.
_ პოლიტიკური ნებაა, თორემ შსს თავს როგორ დაიჩაგრავდა? შსს არის სახელმწიფო და ვერც ერთი კრიმინალური ავტორიტეტი სახელმწიფოს ვერ აჯობებს. დარწმუნებული ვარ, ეს ქურდები ყველაფერს ერთ ოჯახთან ალაგებენ და ამიტომაც დაიჩაგრნენ ძალოვანი უწყებები.
_ ეს ერთი ოჯახი ივანიშვილის ოჯახია?
_ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ლაგდება. ქურდული სუბკულტურისა და შსს-ს კონკურენცია მენტალური საკითხია. ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანვე დაგვიანონსა, რომ კრიმინალურ სამყაროს კარტბლანშს მისცემდა. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ კრიმინოგენური ვითარება გაუარესდებოდა. მაგიტომაც გვითხრა, გაგებით მოვეკიდოთო. ნეპოტიზმსაც გაგებით უნდა მოვეკიდოთო. მისი თქმით, ეს ქართული ამბავია. რამდენიმე თვის წინ ეს მიმართულება გახარიამ განავრცო და კორუფციაზე თქვა, ეს ჯიგრული ქართული პონტიაო.
_ მძიმე კრიმინოგენურ ვითარებას თითქმის რვა წელია, „გაგებით ვეკიდებით“. ამ პერიოდში გამოიცვალა რამდენიმე შს მინისტრი. რომელი იყო ყველაზე ცუდი მინისტრი? ვის დროს დაემსგავსა სისტემა ბალასტს? მღებრიშვილმა ხომ ასე მოიხსენია პოლიციელები.
_ გიორგი მღებრიშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შს მინისტრი, მაგრამ მას ლექსო ჭიკაიძე სჯობდა სიცუდეში. მე გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში ვმუშაობდი, იქ იყო ჭიკაიძეც. ახლო ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ვიცნობდი ამ ბიჭს. ჭიკაიძე კარგი პოლიციელი და კარგი ბიჭი იყო, დავალებას თუ მისცემდი, კარგად შეასრულებდა, მაგრამ ძალიან ცუდი მინისტრი გამოდგა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მღებრიშვილისგან განსხვავებით ჭიკაიძე ბოროტი არ ყოფილა. ლექსო ისეთი ბუნჩულა იყო, როგორიც ტელევიზორში ჩანს. მღებრიშვილი კი ძალიან ბოროტი იყო.
_ გომელაურზე რას იტყვით? ბუნჩულაა თუ ბოროტი? კარგი შს მინისტრი არც ეგ არის.
_ მღებრიშვილი თუ ბოროტი იყო, გომელაური უმაქნისია, მისი ფსიქიკა ბიძინა ივანიშვილის დაცვაზეა აგებული. ეს ჩვევაში აქვს უკვე გადაზრდილი და ამიტომაც დანიშნა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ის შს მინისტრად. გომელაური შს მინისტრის ფუნქციას არც ასრულებს. ის ისევ ივანიშვილს იცავს. და ამის მერე თუ რამე რესურსი მორჩება, ცდილობს, იყოს შინაგან საქმეთა მინისტრიც. არადა, შს სამინისტროს უპირველესი ფუნქცია ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის დაცვაა. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ივანიშვილიც უნდა იყოს დაცული. თუ ივანიშვილს რამე საფრთხე ემუქრება, არსებობს მოწმეთა დაცვის პროგრამა, იქ ჩასვან და ისე დაიცვან. მთელი სისტემა ივანიშვილის დაცვაზეა გადასული და შს მინისტრმაც „ოცნების“ ლიდერის დაცვის მეტი არაფერი იცის.
_ თუ მისი მცველობა უნდოდა, დარჩენილიყო მის დაცვაში.
_ ეგ მაგაზე არ იყო დამოკიდებული. ასეთ საკითხებს ივანიშვილი წყვეტს. ყველა იქ მიდის, სადაც „ოცნების“ ლიდერი გადაწყვეტს. დასავლეთ საქართველოში ადრე ოდა-სახლებს აშენებდნენ ხის ხიმინჯებზე. დაახლოებით ასეთ ხიმინჯებზე დგას ივანიშვილიც. ის, მაქსიმუმ, 5 ადამიანს ენდობა. ამ ხუთიდან ერთ-ერთი არის ვახტანგ გომელაური. მის მიმართ ნდობა რომ არ ჰქონოდა, არც პირად დაცვაში ეყოლებოდა. ის შს მინისტრად ამ მაღალი ნდობის გამო ზის და არა იმიტომ, რომ ის პროფესიონალია.
ახლა გეტყვით, რატომ მიმაჩნია ეს ადამიანი სულელად: შს მინისტრად გომელაური პირველად რამდენიმე წლის წინათ დაინიშნა, მერე სუსში გადაიყვანეს. მის სურათს რომ შევხედე, ძალიან მივამსგავსე ლადო ბედუკაძეს. სოციალურ ქსელში გომელაურისა და ბედუკაძის ფოტოები დავდე და ისე ვიკითხე, ამათ შორის რამე ნათესაური კავშირი ხომ არ არის, ერთმანეთს როგორ გვანან-მეთქი. რა რეაქციაც ამას მოყვა, იმან დამარწმუნა, რომ ეს კაცი შტერია. ჩემი პოსტის საპასუხოდ შსს-ს პრესცენტრმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ეწერა, რომ ვახტანგ გომელაური და ლადო ბედუკაძე ნათესავები არ არიან. ასეთ რამეს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრად ზის ერთი უქნარა კაცი, რომელიც თავისი პატრონის ერთგულია. ის მზად არის, მას გადაეფაროს. შს მინისტრს საჭირო ინტელექტი და მართვის მენეჯმენტი არ გააჩნია. რაღაც განათლება შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს შს მინისტრობისთვის არასაკმარისია. მინისტრობას სხვა ინტელექტი სჭირდება. სამაგიეროდ, გომელაურმა კარგად იცის, თუ როგორ უნდა დაიცვას ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება. მისი „ინტელექტი“ კარგად ჩანს მის განცხადებებშიც.
_ ინტელექტი დაუწუნეთ და სუსის უფროსი როცა იყო, შს მინისტრად მყოფ გახარიას კარგად უხლართავდა ინტრიგებს. სამაგიეროდ, ახლა გახარიამ დაუწყო მას ინტრიგების ხლართვა.
_ მათ შორის სერიოზული დაპირისპირებაა. გითხარით, რომ ივანიშვილი ხიმინჯებზე დგას და სულ ხუთ ადამიანს ენდობა მთავრობაში. ერთ-ერთი ხიმინჯი და სანდო კაცი არის გიორგი გახარია. ამ ხიმინჯებს შორის ბიძინას კარზე პირველობისთვის სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული.
_ რის მიღწევას ცდილობენ? რისთვის ებრძვიან ერთმანეთს?
_ ხუთივე მათგანი ცდილობს, რომ პატრონმა ის მიიჩნიოს ყველაზე ერთგულად.
_ თუ ხუთივე მათგანს ენდობა, კიდევ რაღა უნდა დაუმტკიცონ?
_ ივანიშვილი ამ ხუთ კაცს კი ეყრდნობა, მაგრამ იმათშიც არჩევს, თუ ვისი ნდობა შეიძლება ყველაზე მეტად. ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახელმწიფოა ამოსავალი წერტილი, „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის კი საკუთარი თავია სახელმწიფო. მიაჩნია, რომ თავად თუ დაცულია, სახელმწიფოც დაცულია. თუ ის კარგად ცხოვრობს ჰგონია, რომ სახელმწიფოც კარგადაა და მოსახლეობას არ შია. რა გინდა, რომ ქნა?! კაცს საკუთარი თავი სახელმწიფო ჰგონია. მისი გარემოცვაც ასე ფიქრობს და პორველ რიგში მის უსაფრთხოებას იცავენ.
_ გახარიას ბოლო განცხადებაზე რას გვეტყვით? გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე ვახტანგ გომელაური შემოეკრიტიკა, თუმცა მეორე დღეს თქვა, რომ მას არ გადააყენებს.
_ ეგ ძალიან საინტერესო ეპიზოდია ამ ამბავში. 23 ივლისს გამართულ მთავრობის სხომაზე პრემიერმა გახარიამ დატუქსა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. როცა გახარია ამ განცხადებას აკეთებდა, გომელაური იქვე იჯდა. ეს ყველაფერი ტელევიზიით გადაიცემოდა და ყველამ დავინახეთ, თუ როგორ წაეშალა შინაგან საქმეთა მინისტრს სახე. არ არის სასიამოვნო, როდესაც ადამიანს გვერდით უზიხარ და ის საჯაროდ გაკრიტიკებს. თან გომელაურმა ხომ იცის, რომ ეს არ ყოფილა სპონტანური განცხადება. პრემიერს წინასწარ ჰქონდა მომზადებული ეს სათქმელი. ამის გამო შს მინისტრი ძალიან დაიბოღმა. მისმა ბოღმამ უშედეგოდ არ ჩაიარა და შედეგი მეორე დღესვე ვნახეთ.
დიდი ალბათობით ის მთავრობის სხდომის დასრულებისთანავე წავიდოდა ბიძინა ივანიშვილთან, ან დაურეკავდა და გახარიაზე დაიჩივლებდა _ პრემიერი პრესისა და ტელევიზიის წინაშე ჩემზე ასეთ რამეებს ლაპარაკობსო. კონტრაქციაც გიორგი გახარიასთვის ჭკუის სასწავლებლად დაანონსდა და ამის უკან თავად გომელაური იდგა.
_ რომელი კონტრაქცია, მთავრობის ადმინისტრაციასთან რომ გაიმართა? ეგ ხომ „ნაცების“ წინააღმდეგ გამართეს? თქვენ ხომ ორი დღის მანძილზე აწყობდით აქციებს შს სამინისტროსთან და ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვდით?
_ ოფიციალურად თქვეს, რომ თითქოს ჩვენგან მინისტრის დასაცავად გაიმართა ეს აქცია. სერიოზული ინფორმაცია მაქვს, რომ ეს აქცია თავად შს მინისტრის მიერ იყო გახარიას წინააღმდეგ მიმართული.
_ ამიტომ შეირჩა აქციის ადგილად მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია?
_ დიახ. სხვა შემთვევაში შსს-სთან ჩაატარებდნენ. შს მინისტრს თუ უცხადებ მხარდაჭერას, აქციაც ამ უწყებასთან უნდა გამართო.
_ ამით რას დაუმტკიცებდა გომელაური გახარიას?
_ თითქის დაუქნევდა, _ როგორ გაბედე ჩემ წინააღმდეგ მთავრობის სხდომაზე რაღაცის თქმაო?!
_ თუ გომელაურის მოწყობილი იყო ეს აქცია, ცოტა სერიოზული ვერ მოაწყო? ძალიან სასაცილო აქცია გამოვიდა. სულ რამდენიმე კაცი იდგა კანცელარიასთან…
_ თავიდან, ალბათ, ბევრი ხალხის მიყვანას აპირებდა, მაგრამ მერე ამის გაკეთება საჭიროდ აღარ მიიჩნია.
_ რატომ გადაიფიქრა?
_ მან გახარიას წინააღმდეგ ივანიშვილთანაც ხომ იმუშავა. დარწმუნებული ვარ, როგორც კი ეს ამბავი მოისმინა, „ქართული ოცნების“ ლიდერმა მაშინვე დაურეკა პრემიერ-მინისტრს. შეიძლება, სკაიპით ჩაერთო და პასუხი მოსთოვა, თუ როგორ გააკრიტიკა მან შს მინისტრი. ივანიშვილი იმაზე იქნებოდა გაბრაზებული, თუ როგორ გაბედა მთავრობის მეთაურმა მისი კურთხევის გარეშე ვახტანგ გომელაურის საჯაროდ გაკრიტიკება. ამ საუბრის შედეგი ვნახეთ, მთავრობის სხდომის მერე გახარია სხვანაირად ალაპარაკდა.
მთავრობის სხდომის მეორე დღეს მას კიდევ მოუწია ჟურნალისტებთან საუბარი. როცა გომელაურზე დაუსვეს კითხვა თქვა, რომ არ გადააყენებდა და მისი გადადგომის მოთხოვნას სისულელე უწოდა. არადა, ერთი დღის წინ ამბობდა, რომ გამოძიებაში პრობლემები იყო და ამის გამო გახდა შსს-ში რებრენდინგის განხორციელება საჭიროო. პრემიერმა, ფაქტობრივად, უკან წაიღო თავისი სიტყვები. სხვანაირად ვერ ვხსნი მის ასეთ სახეცვლილებას. ერთი მხრივ, მან აღიარა, რომ უწყებაში პრობლემებია და მეორე მხრივ, თქვა, არ შევეხები იმ ადამიანს, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებაზეა პასუხისმგებელი და ვერ აგვარებსო.
მთავრობის მეთაურმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა და სწორედ აქ გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა. გახარიამ ყველაფერი ჟურნალისტებს დააბრალა და მათ უთხრა, რა უნდა გადავაყენო გომელაური, საიდან მოგაქვთ ეს სისულელეებიო. საიდან მოიტანეს და მისი წინა დღის განცხადებებიდან. თუ სისტემაში პრობლემებია და მას მინისტრი ვერ აგვარებს, პრემიერმა ის უნდა გაუშვას. ლოგიკურად ასეა.
მას შემდეგ, რაც გახარიამ უკან დაიხია, გომელაურმა საჭიროდ აღარ მიიჩნია მთავრობის ადმინისტრაციასთან ხალხის მიყვანა და გახარიასთვის თითის დაქნევა.
_ აქცია ხომ მაინც გაიმართა?
_ დაანონსებული იყო და ვიღაცები მაინც მივიდნენ. მთლად გაუქმება არ გამოვიდოდა. ძალიან აშკარა გახდებოდა, ვინ იდგა ამის უკან. ბიძინას ჩარევით პრობლემა მოგვარდა და გომელაურს თითის დაქნევა აღარ დასჭირდა. ივანიშვილის კარზე პირველობისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენციაა.
_ მთავრობის წევრები პატრონის კარზე პირველობისთვის იბრძვიან, ამასობაში კი ქვეყანა კრიმინალურ ჭაობში ეფლობა.
_ სხვანაირად ვერ იქნება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში პირველხარისხოვანი არის ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დაცვა. ამის მერე ფიქრობენ სახელმწიფოზე. შედეგიც აშკარაა. ორი სახელმწიფო ერთ ტერიტორიაზე ვერ იარსებებს. ივანიშვილი კი, ფაქტობრივად, ცალკე სახელმწიფოა. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ორი სახელმწიფო იყოს ერთ მიწაზე _ ერთი საქართველო და მეორე ივანიშვილი. „ოცნების“ ლიდერის ამ მიწაზე სახელმწიფოდ დამკვიდრება ასე მარტივი არ იქნება _ ტერიტორიაზე ან ერთი უნდა დარჩეს, ან _ მეორე.
_ თქვენი აზრით, ამ ტერიტორიაზე რომელ სახელმწიფოს დარჩება გამარჯვება _ ბიძინას თუ საქართველოს?
_ რა თქმა უნდა, დარჩება სახელმწიფო, რომელსაც 2000-წლიანი და უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს. ივანიშვილი პირველი კი არაა, ვინც ამ ქვეყანას შემოესია და მის დამორჩილებას ცდილობს. ისეთი დამპყრობლები შემოგვსევიან, მათ ივანიშვილს არც კი შევადრი. ყველა იმპერიის წინააღმდეგ მოგვიწია ბრძოლა, მაგრამ დღემდე მოვედით. საბჭოთა კავშირის მძლავრი მანქანა პირდაპირ საქართველოზე იყო მომართული, მაგრამ ეს ქვეყანა დღეს თავისუფალია.
საბოლოო ჯამში, საქართველო ივანიშვილთან ბრძოლაში გაიმარჯვებს, მაგრამ სასურველია, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ბრძოლა, რათა ხვალ ახალი მაჩალიკაშვილები, სირაძეები, სარალიძეები, შაქარაშვილები, ბაჩალიაშვილები არ მივიღოთ. ამ სისტემის შეცვლა გარდაუვლად აუცილებელია. სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით, მაგრამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.

შორენა მარსაგიშვილი