მთავარი ბლოგი რამ მოკლა „შაქარა“?

რამ მოკლა „შაქარა“?

846
0
გაზიარება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან დღემდე ისმის კითხვა, _ ვინ მოკლა „შაქარა“. ვგონებ, უპრიანია დავსვათ კითხვა, _ რამ მოკლა „შაქარა“? რა არის ის მიზეზები, რომელიც გარდაუვლად აყენებს ამ შედეგს?

ჩემი აზრით, ვიდრე არ გავცემთ პასუხს ამ კითხვას (რამ მოკლა „შაქარა“), ყოველთვის გამოჩნდება ის „ვინ“, ვინც მოკლავს სხვა „შაქარას“. დიახ, რომც გაეცეს პასუხი კითხვას, ვინ მოკლა „შაქარა“ და გავიგოთ კიდეც, რომელმა არაკაცმა და ნაძირალამ მოკლა „შაქარა“, სამომავლოდ აუცილებლად გამოჩნდება სხვა არაკაცი, რომელიც მოკლავს სხვა „შაქარას“.
„შაქარა“ მოკლა ამ ხელისუფლების პირობებში თავაშვებულმა კრიმინალმა და აღორძინებულმა კრიმინალურმა მენტალიტეტმა. დიახ, არსებული კრიმინოგენური ვითარებაა ერთ-ერთი უპირველესი „რამ“, რამაც მოკლა „შაქარა“. არსებული კრიმინოგენური ვითარება ლოგიკური შედეგია იმ განუკითხაობისა და დაუსჯელობის, რომელიც სუფევს ქვეყანაში. არსებულმა ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან მისცა გაუგონარი ბიძგი დღეს არსებულ ვითარებას _ ციხეებიდან ათასობით კრიმინალის გამოშვებით, რაც, თავის მხრივ, ის ერთადერთი დაპირება იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პირნათლად შეასრულა. დაპირება მიცემული ქურდული სამყაროსათვისდახმარებისა და მხარდაჭერის სანაცვლოდ, რაც ამ სამყარომ აღმოუჩინა მათ ხელისუფლებაში მოსვლისას. ამიტომ ამ მიმართულებით აუცილებლად „დიდი პატივიცსემით“ უნდა მოვიხსენიოთ ღირსი დედანი ამა ხელისუფლებისა _ „წმინდა დიდმოწამე ნანა კაკაბაძე“ და „წმინდა ეკა ბესელია მართალი“ და, თავისთავად ცხადია, თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც „გაგებით მოკიდებისკენ“ მოგვიწოდებდა და მათთან ერთად ყველა, ვინც მხარს უჭერდა ციხეებიდან ათასი ჯურის კრიმინალის, პედოფილისა და ჯაშუშის გამოყრას და მათ თავებზე პოლიტიკური დევნილის დიადემის დადგმას. დღეს ბევრი მათგანი, ვინც იმ გაუგონარ პროცესში მონაწილეობდა, უკვე ოპოზიციაშია და კდემამოსილად იწყევლება. მათი გამოშვებით გახშირდა კრიმინალი, აირია მონასტერი, რასაც, აგერ უკვე, მერვე წელიწადია, „გაგებით ვეკიდებით“.
მხოლოდ გახშირებული კრიმინალი ვერ წააქეზებს ყველა ჯურის არაკაცს საიმისოდ, რომ მანაც მკვლელობა ჩაიდინოს. აქ მთავარი ის კი არაა, რომ ვიღაც კლავს და მეც მოვკლავ, არამედ ის, რომ ის ვიღაც, ვინც კლავს, არ ისჯება, დაუსჯელობაა და სწორედ ეს დაუსჯელობა ხდება მასტიმულირებელი იმისა, რომ ყველა ნაძირალა იოლად სჩადის მკვლელობას.
როდესაც დაუსჯელობას ვამბობთ, უნდა ვიგულისხმოთ ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ დაუსჯელობაა. უბრალო დაუსჯელობის ატმოსფერო მაშინაა, როცა ხელისუფლება მართლა უნიათოა, ყველა სტრუქტურა მოშლილია და არ შესწევს ძალა აღასრულოს სახელმწიფოს ფუნქცია _ დასაჯოს კანონდამრღვევი. ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა ასე რომ იყოს! არა, ბატონებო, ჩვენ ბევრად უარეს დღეში ვართ! სახელმწიფოს სწორედაც რომ შესწევს ძალა, აქვს შნო! და ამ შნოს ძალიან კარგად იყენებს დამნაშავეთა სასარგებლოდ! სწორედაც რომ შესაშური პროფესიონალიზმით ანადგურებენ მტკიცებულებებს, რევენ კვალს და მფარველობენ დამნაშავეებს! ცხადია, ისინი ასე იქცევიან მხოლოდ მაშინ, როდესაც არაკაცი და ნაძირალა დამნაშავე მათი ნათესავი ან კლანის წევრია, მაგრამ, რატომღაც, სულ ისე ხდება, რომ ყველა არაკაცი მათიანია! ცხადია, ეს გადასარევად იციან სხვა არაკაცებმა, რომელთაც ჯერაც არ ჩაუდენიათ დანაშაული, მაგრამ იციან, რომ როცა ჩაიდენენ, მათაც აუცილებლად გამოუჩნდებათ თავისი მფარველი იქ, ზემო ეშელეონებში და თუ უკიდურეს შემთხვევაში მთლად ვერ დაიძვრინეს თავი და ცოტა ხანს ციხეში მოხვდნენ, არც იქ გაწირავს ვინმე, რადგან ციხე ქურდებისაა, აუცილებლად გამოძებნიან ლინკს ქურდებთან და ხელშეუხებლად იქნებიან ის ცოტა ხანი.
მივდივარ ისევ შეკრულ ჯაჭვთან _ პოტენციურ დამნაშავეს არ ეშინია არც პოლიცია-პროკურატურის, რომ ისინი მის დანაშაულს გამოიძიებენ და დაისჯება და არც ციხის, რომელიც ქურდებისაა. კი მაგრამ, რომელი პოლიციის უნდა ეშინოდეთ, რომელიც მათ მფარველობს? ან რომელიც მიდის ადგილზე, მოჰყავს ფოტოგრაფი და არც „კითხულობს“, იქ რა მოხდა? თუ რომელიც პატრულთან დარეკვის სცენას დგამს?
მორიგი და უმთავრესი „რამ“, რამაც მოკლა „შაქარა“, გახლავთ უკან შემობრუნებული კრიმინალური მენტალიტეტი და ის უსულგულობა, რაც ჩვენდა საუბედუროდ დამახასიათებელი აღმოჩნდა ამ საქმეში ფიგურანტი ახალგაზრდობისთვის.
ყველაფერი იწყება იმით, რომ „პატრულში დარეკვა ტეხავს“ და მთავრდება იმ შედეგით, რომელიც დადგა! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და იმ წვეულების მასპინძელსა თუ მონაწილეებს რომ ელემენტარულად გამოეძახათ პატრული, იქ გამოცხადებული ორი პატრული, სხვა თუ ვერაფერი, საფრთხობელას როლს მაინც შეასრულებდა, მაგრამ, რატომღაც, პატრულში არავინ დარეკა. ასე მოიქცნენ იქ და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყველგან ასე იქცევიან, იშვიათი შემთხვევების გარდა. თავის დროზე, მახსოვს, ერთმა წარჩინებულმა მსახიობმა პოლიციაში დარეკვა ჩაშვებად გამოაცხადა, სწორედ ამ მენტალიტეტს უწოდა მიხეილ სააკაშვილმა „ჩასარეცხი მენტალიტეტი“, რაც, ლუბიანკიდან მიღებული ინსტრუქციით ქართულმა წითელმა ინტელიგენციამ ტანზე შეიზილა და საქმე ისე გამოიყვანა, რომ თითქოს სააკაშვილმა ისინი ჩარეცხა _ კულტურის, მეცნიერების ღვაწლმოსილი მუშაკები. არადა, საქმე ეხებოდა სწორედ მენტალიტეტს _ მენტალიტეტს, რომლისთვისაც პოლიციაში დარეკვა ჩამშვებობაა.
წლების მანძილზე ეს მენტალიტეტი შეირყა, გაჩნდა ნდობა პატრულის მიმართ, ყინული გალღვა, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, ყველაფერი პირიქითაა. ერთიცაა, როდესაც ახალგაზრდა მოისმენს ბრეგვაძის „სატელეფონო ზარს“ 112-ში, დარეკავს მისი მოსმენის შემდეგ ოდესმე პატრულში? ჯერ ერთი, ჩნდება სრულიად საფუძვლიანი ეჭვი ამ ზარის ნამდვილობის შესახებ და რომც ნამდვილი იყოს, ღირს კი დარეკვა და იმ პატრულის გამოძახება, რომელიც სრულიად კონკრეტულ ლოკაციას ვერ აგნებს? პოლიციელი კი არა, ყველა ტაქსისტი აგნებს უკვე ნავიგაციით ნებისმიერ ლოკაციას _ დაწყებული წერა-კითხვის უცოდინარით, დამთავრებული ორდიპლომიანით!
დავუბრუნდეთ მთავარს. მთავარი კი ისაა, რომ ყველამ, მათ შორის, ყველა არაკაცმა, ზუსტად იცის, რომ არავინ გამოიძახებს პატრულს. სწორედ ეს აძლევს მათ მეტ სითამამესაც და მეტ თავისუფლებასაც თავის აღვირახსნილ ქმედებაში. იციან, რომ არავინ გამოიძახებს პატრულს და შემთხვევით არ გადაეყრებიან პოლიციელს, რომელსაც შერჩენილი აქვს პროფესიული ღირსება და ადამიანობა.
ასეთ დროს პოლიციის, პატრულის არგამოძახება მანკიერებაა, დანაშაულის ტოლფასია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ვინმეს გვიკვირს. ეს მუდამ ასე იყო და გამონაკლისი სულ რამდენიმე წელი გახლდათ, როდესაც ეს მენტალიტეტი შეირყა. ანუ გულზე ხელს თუ დავიდებთ, ეს არც არავის გვიკვირს, რასაც ვერ ვიტყვით იმ უსულგულობაზე, რაც გამოიჩინეს „შაქარას“ თანატოლებმა, მისმავე მეგობრებმა თუ თავდამსხმელებმა.
ხდება ჩხუბი, თავპირის ლეწვა, იმ დონის, რომ წვეულება იშლება. წვეულების ჩაშლის მერე იწყება ანგარიშსწორების მომდევნო ეტაპები… და ამ ყველაფრის მიუხედავად, თემქაზე წვეულებას აგრძელებენ… არ აქვს მნიშვნელობა, იციან თუ არ იციან, სადაა მათი მეგობარი! უკეთეს შემთხვევაში, მათ არ იციან, სადაა მათი მეგობარი, რომელიც ნადირებს გაექცა! ისინი დგანან და ღრეობენ! მათი თანატოლებიდან ვიღაცამ ცხადია, ზუსტად იცის, სადაცაა „შაქარა“, როცა მას არაგვში ეძებენ მთელი 4 დღე. ვიღაცამ კი არა, ვგონებ, ბევრმაც, ვინც მონაწილეობდა მის მკვლელობაში! ქვეყანა ეძებდა, ისინი კი იდგნენ და დუმდნენ.
ვიღაც ღრეობდა და ნეტარების ნექტარს წოვდა, ვიღაც უტიფრად დუმდა. პატრულში არდარეკვა ცხადია, თავის გაგრძელებას პოულობს გამოძიებასთან ართანამშრომლობაში! ჩვენებების ცვლაში! რომელსაც ვეღარ გაიგებ, გამოძიების ბრალია თუ მათივე ადვოკატების, რომელთა მიზნებიც საეჭვოა(?!!).
მთელ ამ პროცესში გაუგებარია, ვინ ბრალდებულია და ვინ _ დაზარალებული, ვინ „შაქარას“ მეგობარია და ვინ _ მკვლელი. ამდენად, თუ მიუკერძოებლები ვიქნებით, უნდა ვთქვათ, რომ ესაა გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა, სადაც ყველა ერთად მონაწილეობდა.
კიდევ ერთი მთავარი „რამ“, რამაც მოკლა „შაქარა“, ის სისასტიკე და დაუნდობლობაა, რომელიც სრულიად ლოგიკურად აგრძელებს მეგობრების უსულგულობას. დიახ, როდესაც შენს მეგობარს შეუძლია ჩხუბში მიგატოვოს და თვითონ თემქაზე, მუხიანში, ვაკეში, ვერასა თუ ოქროყანაში ისე გააგრძელოს ღრეობა, რომ ნამუსმა არც შეაწუხოს, რაღა გასაკვირია მტრისგან ის სისატიკე, რომელსაც ემსხვერპლა 19 წლის ბიჭი? და მაინც ისმის კითხვა, _ რა კვებავს ამ სისასტიკეს, ამ დაუნდობლობას? რატომ მიაჩნია ერთ ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს სხვა ახალგაზრდა მათ ასეთ მტრად, რომ მზადაა, მოკლას?
ასეთი რა მოხდა, რა ვერ გაიყვეს, რომ ასე სასტიკად ცემაში ამოხადეს სული? ამის ჩამდენს რომ მოუყვე, როგორ ხოცავდნენ ოსმალეთის იმპერიის სულთნები თავის კონკურენტ ძმებს, უტიფრად გაიკვირვებს და შეიცხადებს. სულთნები სამ კონტინეტზე გადაჭიმულ იმპერიას ვერ იყოფდნენ ძმებთან და თქვენ, თქვენ რას ვერ იყოფთ? ან რა ღირსება გაქვთ ისეთი, რომ ვითომ მისი შეურაცხყოფისთვის მზად ხართ, 19 წლის ბიჭი ასე სასტიკად სცემოთ და მოკლათ?
ან რომელ ღირსებაზეა ლაპარაკი, როდესაც საქმე ეხება სპორტსმენების გამოძახებას? რომელ პროფესიულ ღირსებაზეა საუბარი, როდესაც ადამიანი მზადაა, თავისი კუნთები აამუშაოს „გამოძახების“ შესაბამისად _ კორცხელში იქნება ეს თუ ნებისმიერ გარჩევასა და ჩხუბში?
ცოტა შორიდან მინდა დავიწყო საუბარი პროფესიულ ღირსებაზე. დიდი საოპერო მომღერალი, მაია თომაძე, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი და მეგობარი იყო. ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთ დაბადების დღეზე ვიღაც გაკადნიერდა და მაია თომაძეს სთხოვა, ემღერა. პასუხი არ გაინტერესებთ? _ მე ჩანგლის წკარუნზე არ ვმღერი! დიახ, ოპერის მომღერალი, ვისაც პროფესიული ღირსება აქვს, სუფრებზე შეკვეთით არ მღერის! სპორტსმენი, ვისაც პროფესიული ღირსება აქვს, გამოძახებით და შეკვეთით კუნთებს არ ათამაშებს კორცხელსა თუ არაგვის პირას!
შემთხვევითი ხომ არაა, სწორედ, გამოძახებაზე მომუშავე სპორტსმენების ორი ისტორიის თანხვედრა დროში? მით უმეტეს, რომ ორივე ისტორია დასრულდა მკვლელობით და არა ცემით!
კიდევ რამ მოკლა „შაქარა“? ოპოზიციისა და ეკლესიის დუმილმაც ხომ არა? თურმე, ნუ იტყვით და ეკლესიის საქმე არ ყოფილა ამ პროცესებში ჩარევა! ზუკა თუ ლუკასთან წევს მათი საქმეა, მზად არიან, „ტაბურეტკა“ იშიშვლონ და რუსთაველზე გახვითქვამდე ირბინონ და თურმე ქვეყანაში კაენის ცოდვის მძინვარება მათი საქმე იმ დონეზეც არ ყოფილა, ერთი განცხადება რომ გააკეთონ! გაოგნდები, რა მორჩილი დედაეკლესია გვყავს, რა თავმოდრეკით ელოდება გამოძიების დასრულებას…
ხელისუფლება საქმეს ფარცხავს და ოპოზიცია, როგორც ასეთი, გატრუნულია!
კიდევ რამ მოკლა „შაქარა“? იმ მანკიერმა მიდგომამაც ხომ არა, რომელიც სწორედ მისმა მკვლელობამ შეარყია? აქამდე რა მკვლელობებიც კი მომხდარა, ყველას ხმაურისა თუ მდუმარების ბედს წყვეტდა მოკლულის ოჯახი! ვიღაც იბრძოდა, ვიღაც ჩუმდებოდა. როგორც წესი, ხმას იღებდა იშვიათი გამონაკლისი, უმეტესობა კი დუმდა. კონკრეტულ შემთხვევებზე ვერ იტყვი, რა იყო მათი დუმილის მიზეზი, _ დაშინება, მოსყიდვა თუ, უბრალოდ, ბრძოლის ოვსილის არქონა, მაგრამ ფაქტია, თუ ოჯახი ხმას არ იღებდა, საზოგადოებაც ჩუმდებოდა.
სწორედ ეს წესი დაირღვა ახლა! მედია არ ჩუმდება, საზოგადოება არ ჩუმდება, ქუჩაში არ გამოდის, მაგრამ სოცქსელები, ტელეეკრანები დუღს! ვგონებ, ის სწორი პროცესი ვითარდება, რაც გააჯანსაღებს ზოგადად სიტუაციას!
დიახ, როდესაც ხდება მკვლელობა, მით უმეტეს ახალგაზრდის, ისიც ასე ბურუსით მოცული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს და რა პოზიცია უკავია მოკლულის გინდა უახლოეს, გინდაც შორეულ ნათესავს! მათ უფლება აქვთ: იმთავითვე მიუტევონ მკვლელებს ან მუქთად გაწირონ მოკლული ან ძვირად ან, უბრალოდ, ჩაიქნიონ ხელი, მაგრამ საზოგადოებას უფლებაც გვაქვს და ვალდებულებაც, ყველაფრის მიუხედავად მოვითხოვოთ საქმის ბოლომდე, მიუკერძოებელი გამოძიება! მედიამ დასვას კითხვები, აწარმოოს ალტერნატიული გამოძიება და მკვლელების მფარველი ხელისუფლება იძულებული გახადოს და დაასჯევინოს მკვლელები!
როდესაც დავამკვიდრებთ ამ სტანდარტს, რომ არანაირი აზრი არ ექნება მოკლულის ოჯახის, ახლობლების პოზიციას, აღარც ერთი ხელისუფლება აღარ შეეცდება მათთან „დალაგებას“ _ არც ფულით, არც ძალით.

რეზო შატაკიშვილი

დატოვეთ კომენტარი