ლადო პაპავა: „გაგვიმართლა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში მთავრობის სათავეში გიორგი გახარია იდგა“

ეკონომიკა კორონავირუსის მძევალი გახდა, _ ეს მოცემულობა უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება და ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთებაც შეუძლებელია. პანდემიის პირობებში მსოფლიო ახალ რეალობასთან შეგუებასა და კოვიდ-19-თან ერთად ცხოვრებას სწავლობს, საქართველო კი კვლავ ინარჩუნებს „მწვანე ზონის“ სტატუსს.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას გაცხადებული ჰქონდა პირველი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტული მიმოსვლის აღდგენა, ამ ეტაპზე ავიარეისები კვლავ შეწყვეტილია.

რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა საქართველოს მთავრობის მუშაობა პანდემიის პირობებში? ღირს თუ არა ტურისტების მიღება ეკონომიკური თვალსაზრისით? როგორ უნდა უპასუხოს კორონა პანდემიის შედეგად მიღებულ ეკონომიკურ ზიანს ქვეყანამ?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ აკადემიკოს ლადო პაპავას ესაუბრება:

_ ბატონო ლადო, „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ ეკონომიკა კორონავირუსის მძევალი გახდა და შედეგები მოგვიანებით აისახებოდა. ასევე გამოიყენეთ ტერმინი კორონომიკა. დღევანდელი მოცემულობით რა ზიანი მოუტანა პანდემიამ ეკონომიკას?
_ მკითხველს შევახსენებ, რომ ტერმინ კორონომიკის ავტორია აჯით დე ალვისი, პროფესორი შრი-ლანკიდან, რომელმაც ორი სიტყვა _ კორონა და ეკონომიკა _ გააერთიანა და, შესაბამისად, გამოვიდა კორონომიკა, რაც ნიშნავს ეკონომიკას კორონავირუსის პანდემიის პირობებში. ეს ვირუსი ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. ამიტომ სანამ არ არსებობს ვაქცინა და უშუალო სამკურნალო პრეპარატები, ამ ვირუსის შესაჩერებლად მთავარი მექანიზმი დისტანციის დაცვაა… მაგრამ დისტანციის დაცვა ყველა სფეროში ვერ მოხერხდება. ამიტომ დისტანციის დასაცავად ერთადერთი მექანიზმი ადამიანებს შორის კონტაქტების შეზღუდვაა, რამაც გამოიწვია კიდეც ეკონომიკის გაჩერება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ორას ქვეყანაში. ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ამ კრიზისის საფუძველი არ დევს ეკონომიკაში, ეს კრიზისი არ დაწყებულა ეკონომიკაში დაშვებული შეცდომების, მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, იგი ეკონომიკაში გარედანაა შემოტანილი, რადგან პანდემიითაა გამოწვეული. სანამ მედიკოსები, მიკრობიოლოგები და ფარმაკოლოგები არ შეიმუშავებენ უშუალოდ კორონავირუსის მკურნალობის ეფექტიან მეთოდებს, სანამ არ შექმნიან ადეკვატურ ვაქცინას, მანამ ეს კრიზისი არ დასრულდება. დღეს ეკონომისტებს ამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ინსტრუმენტი არ გააჩნიათ. ამიტომ კრიზისის საბოლოო შედეგებზე საუბარი შეუძლებელია. მარტივ მაგალითს მოვიყვან: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თქვა, რომ საქართველოში 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა 4% იქნება, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს პროგნოზის თანახმად კი _ 5,4%. სხვადასხვა ექსპერტული შეფასებით ზოგი 2%-ს, ზოგიც _ 7%-ს ამბობს. მე არც ერთ პროგნოზს არ ვიზიარებ მარტივი მიზეზის გამო: ეკონომისტებმა არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, ისიც კი არ ვიცით, იქნება თუ არა მეორე ტალღა და თუ იქნება, რამდენად ძლიერი აღმოჩნდება იგი. იმასაც ამბობენ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში უკვე მეორე ტალღა დაიწყო, თუმცა შესაძლებელია, ჯერ პირველი ტალღა არც იყოს დასრულებული. ესეც არ იციან ვირუსოლოგებმა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური შედეგების შეფასება კრიზისის დასრულებამდე შეუძლებელია. ეკონომისტებს დღეს მხოლოდ ერთი ამოცანა აქვთ: მოსახლეობასა და ბიზნესს შეუმსუბუქონ კრიზისით გამოწვეული შედეგები, რომ ეკონომიკა, როგორც ასეთი, გადარჩეს.
_ ეკონომისტებისთვის სიახლე იყო, როცა ეკონომიკა ვირუსის მძევალი გახდა ამ პანდემიის პირობებში. რა გამოცდილება დააგროვეთ და რა გასწავლათ ეკონომიკური თვალსაზრისით კრიზისმა?
_ ამ კრიზისის დასრულებამდე აუცილებლად გვექნება გასააზრებელი ის, რომ მისი განმეორების საფრთხე მაღალია. თუ არის კოვიდ-19, არ არის გამორიცხული, გაჩნდეს, მაგალითად, კოვიდ-22 ან კოვიდ-24. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და საქმიანობა ასეთი შეზღუდვების პირობებში, რაც მოითხოვს ეკონომიკის რეორიენტირებასაც, ანუ ეკონომიკის სტრუქტურის, მიზნების შეცვლას.
ფაქტია, რომ მთელი მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა ამ ვირუსის გავრცელებას. გავიხსენოთ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებები: „არანაირი შეზღუდვები არ იქნება, ჩამოყალიბდება ჯოგური იმუნიტეტი და პრობლემა მოიხსნებაო“. მან კორონავირუსი ისე აღიქვა, როგორც სეზონური გრიპი. შედეგად მიიღო ის, რომ, სამწუხაროდ, თავადაც დაემართა ეს სენი და ქვეყანაშიც მძიმე ვითარება შეიქმნა. ჩვენმა მეზობელმა სომხეთმაც არ მიიღო თავიდან მკაცრი ზომები და ვნახეთ, როგორც გავრცელდა ვირუსი. პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი თავის ოჯახთან ერთად დაავადდა კიდეც. გერმანიამაც თავიდან არასერიოზულად შეხედა სიტუაციას, თუმცა შემდეგ, როცა მასობრივად გავრცელდა, პროცესებს „მოუჭირა ხელი“ და საკმაოდ კარგადაც მართა, თან ძლიერი ეკონომიკა აქვს და დისციპლინებური ერია. საქართველო კი ეკონომიკურად სუსტია, მმართველობითი ვერტიკალი ჩამოყალიბების პროცესშია, ეკონომიკა კი ტურიზმზე იყო ჩამოკიდებული, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის „აქილევსის ქუსლია“.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ეკონომიკა უნდა რეორიენტირდეს. ეკონომისტებს გაქვთ კონკრეტული მოდელი?
_ ჩემს ხედვას გაგიზიარებთ, რომელიც ცნობილი ეკონომისტების მოსაზრებებს ეფუძნება. ვცდილობ, არ ჩამოვრჩე ამ პუბლიკაციებს, მაგრამ რასაც ვამბობ, ეს სულაც არ არის ახალი. კერძოდ, კორონავირუსი რომც არ ყოფილიყო, ეს მაინც უნდა გაგვეკეთებინა.
ჩვენნაირი ბუნებრივ-კლიმატური პირობების მქონე ქვეყანაში შიმშილის პრობლემა რომ არსებობს, ეს დანაშაულია! ჩვენი შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს სოფლად, ხოლო სოფლის მეურნეობის წილი მთლიან ეკონომიკაში არის მხოლოდ 8%, ანუ ჩვენი შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ჩვენი ეკონომიკის მეათედზე ნაკლებს ქმნის. და ეს მაშინ, როცა მრეწველობა, პრაქტიკულად განუვითარებელია. ამიტომ პირველ რიგში მისახედია ერთწლიანი კულტურები, რომ მარცვლოვანი კულტურების წარმოების გაზრდით შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება. იგივე ეხება მეცხოველეობას, მეფრინველეობას. მისახედია ეს ყველაფერი! იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ სოფლის მეურნეობა გვჭირდება იმდენად, რამდენადაც სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა გადავწყვიტოთ. თუმცა არ შეიძლება, სოფლის მეურნეობა იყოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რადგან სოფლის მეურნეობაში შექმნილი დამატებული ღირებულება ძალიან მცირეა. შედეგად, ყველა ის ქვეყანა თუ რეგიონი, რომელიც აგრარულია, იმავდროულად, ღარიბია.
აუცილებელია დავიწყოთ ქვეყნის ეკონომიკის ინდუსტრიალიზაცია, მრეწველობის აღდგენა და მისი შექმნა ახალ ტექნოლოგიურ საფუძველზე. კომუნისტების დროს საქართველოში 130-მდე კვების მრეწველობისა და სხვა გადამუმაშავებელი მცირე საწარმო იყო. კომუნისტების დროს ნამდვილად არ მივტირი. რომელ რეგიონს რა ნედლეული აქვს, იმის მიხედვით უნდა გადამუშავდეს იგი ადგილზევე. რეგიონში, სადაც, მაგალითად, ვაშლი მოჰყავთ, რატომ არ შეიძლება იქ მცირე ზომის საკონსერვო ქარხნის გახსნა, სადაც იმ რეგიონის მოსახლეობა დასაქმდება?! ამის განვითარება შეიძლება. ამასთან დაკავშირებით მახსენდება მთავრობის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, მაგრამ მისი სუსტი მხარეა ის, რომ ფულს სასტუმროებზეც და სხვა ტურისტულ ობიექტებზეც ხარჯავს. ამ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ჰქვია და არა _ „დაასვენე საქართველოში“.
ასევე აუცილებელია, სტრატეგიულად შევცვალოთ ჩვენი ეკონომიკა, ანუ უნდა გადავიდეთ მისი განვითარების ისეთ მოდელზე, რომელიც მსოფლიოში უკვე 20 წელია, პოპულარულია და რომელსაც ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა ჰქვია. ამ შემთხვევაში შეიქმნება ძალიან მაღალი დამატებული ღირებულება. ეს არის ის ეკონომიკა, რომელიც სიმდიდრის მომტანია. მაგალითად, ესტონეთი ჩვენნაირი წარსულის მქონე პოსტსაბჭოთა ქვეყანაა. გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა კავშირის დროს მეცნიერების თვალსაზრისით ჩამორჩენილი იყო, დღეს კი სკაიპის (შკყპე) სამშობლოა. საზღვარგარეთ, საერთაშორისო ქსელ „გლობასელის“ მომსახურებას რომ ვიყენებთ, ასევე ტაქსით მომსახურების კომპანია „ბოლტის“ აპლიკაციას _ ისინიც ესტონური პროდუქტებია. ამ კომპანიების შემოსავლის ნაწილი ესტონეთში მიდის. ეს არის მაღალინტელექტუალურ შრომაზე დაფუძნებული ეკონომიკა, რაც უფრო რთული შესაქმნელია და დრო დასჭირდება.
_ საქართველოს მაგალითზე რამდენად რეალურია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნა?
_ სწრაფად არ გაკეთდება, მაგრამ დასაწყებია. თუ დღეს დავიწყებთ, სავარაუდოდ, 10 წლის მერე გვექნება შედეგი და თუ 5 წლის შემდეგ, მაშინ 15 წლის მერე გვექნება ეფექტი.
მაღალინტელექტუალური შრომა და ინტელექტუალური პროდუქტების შექმნა სწორედ მეცნიერებაშია შესაძლებელი, მეცნიერება კი ჩვენთან, პრაქტიკულად, უყურადღებოდაა მიტოვებული. ამიტომ ახალგაზრდები თუ მეცნიერებით ინტერესდებიან, საზღვარგარეთ მიდიან, ჩვენს ქვეყანაში არ რჩებიან, რადგან აქ პერსპექტივა მცირეა. შესაბამისად, ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების სისტემის გააზრება უნდა დავიწყოთ მეცნიერებით, რასაც უნდა მოჰყვეს საუნივერსიტეტო, პროფესიული და სასკოლო განათლების სისტემის სრულყოფა.
უნივერსიტეტები დამოკიდებული არიან სტუდენტის მიერ მოტანილ ფულზე ან გრანტით, ან „ჯიბით“. როცა ცუდი სტუდენტი გყავს, მაქსიმალურად ცდილობ, არ გარიცხო, რადგან უნივერსიტეტს ფული დააკლდება. აქცენტი კეთდება ფულზე და არა სწავლების ხარისხზე. არცთუ დიდი ხნის წინ გახლდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ჩვენ გვყავდა სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა _ 22 ათასი. როგორც რექტორს, ხშირად განმიცხადებია, _ ჩვენ რომ გვყოლოდა 17 ათასი სტუდენტი, თვისებრივად გავაუმჯობესდებდით სწავლების ხარისხს, მაგრამ 11 მილიონ ლარზე მეტს დაკარგავდა უნივერსიტეტი, რაც საარსებოდ სჭირდება. მაშასადამე, აუცილებელია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. უნდა შეიცვალოს პროფესიული განათლება და, შესაბამისად, სასკოლო განათლება.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსის გამო ბევრ ცნობილ კომპანიას თავისი ქარხნები გააქვს ჩინეთიდან. დადგა საკითხი იმის შესახებ, შესაძლებელი თუ არა რამდენიმე ქარხნის ახალ ლოკაციად საქართველოს განხილვა? პრინციპში, ეს შეიძლება, რადგან საქართველოს ერთდროულად აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. თან საქართველო გეოგრფიულად ჩინეთსა და ევროკავშირს შორისაა. ლოკაციაც და ხელშეკრულებებიც გვიწყობს ხელს. რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყნაა, რომელსაც ეს ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის უახლოეს მომავალში არც განიხილება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არსებობა.
თუ ჩინეთიდან გადმოტანილი ქარხანა ჩვენთან აშენდება, იმ პრობლემის წინაშე დავდგებით, რასაც კვალიფიციური მუშახელის არარსებობა ჰქვია. დასავლეთ საქართველოში რკინიგზა რომ გაჰყავთ, ქართველებთან ერთად ჩინეთიდან ჩამოყვანილი მუშახელი მუშაობს, რადგან ყველა კვალიფიკაციის ინჟინერი და მუშა არ გვყავს. ამიტომაც პრობლემის აღმოფხვრა განათლებიდან უნდა დავიწყოთ. თუ ქარხანა აშენდა და მუშახელი შემოიყვანეს, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება, თუმცა ეს არ იქნება ინკლუზიური, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკის ზრდით გამოწვეულ შედეგებს მოსახლეობა ვერ იგრძნობს. მოსახლეობა ეკონომიკური ზრდის შედეგებს მაშინ გრძნობს, როცა თვითონ არის პროცესში ჩართული და ეკონომიკის ზრდის კვალობაზე ის მეტ შემოსავალს იღებს.
გავიხსენოთ, რომ ქუთაისში ჩინელები აპირებდნენ ელექტრომობილების ქარხნის აშენებას. ამ თემის შესახებ დიდი ხანია, არაფერი გვსმენია და ეს აუცილებლად განსაახლებელია, რადგან ჩინური ელექტრომობილების პოტენციური ბაზარი ევროკავშირი იქნება, მაგრამ ამ ქარხანაში თავიდან თანამოქალაქეთა მცირე რაოდენობა დასაქმდება. ამიტომაც ჩვენი მიდგომების შეცვლაა აუცილებელი.
ამავდროულად, საქართველოს სჭირდება ტურიზმი _ ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი, მაგრამ ტურიზმი ეკონომიკის მთავარი დარგი არ უნდა იყოს. შარშან „ბიძია“ პუტინი გაგვიბრაზდა და რუსი ტურისტების შემოსვლა საქართველოში შეზღუდა, წელს კორონავირუსმა შემოგვიტია და ეს ისევ უარყოფითად აისახა ჩვენს ეკონომიკაზე, ამიტომ ტურიზმი ვერ იქნება ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი და, თანაც, სტაბილური საყრდენი.
_ როგორ შეაფასებთ მთავრობის მუშაობას პანდემიის პირობებში? რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ანტიკრიზისული გეგმა?
_ მთავრობის მუშაობას, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მხოლოდ დადებითად ვაფასებ. მედიკოსებმა ბოლომდე არ იციან, რასთან გვაქვს საქმე; ეკონომისტებს კრიზისის დაძლევის ინსტრუმენტი არ გააჩნიათ, რადგან კრიზისი მედიცინაზეა მიბმული; მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ზუსტ რეკომენდაციებს ვერ იძლევა. ამის ფონზე, მსოფლიოს არც ერთმა ქვეყანამ არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ჩვენს სამეზობლოშიც, _ თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთშიც, _ ყველგან მძიმე მდგომარეობაა. ამის ფონზე, საქართველოს მთავრობამ ბატონი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ყური დაუგდო ეპიდემიოლოგებს, ვირუსოლოგებსა და ინფექციონისტებს. ყველა ის ქვეყანა, რომელმაც ეკონომიკას მისცა უპირატესობა და ასეთი ქვეყნები ბევრია, ჩვენზე უარეს მდგომარეობაში ჩავარდნენ. სომხეთში თითქმის 30 ათასი ინფიცირებულია, მაშინ როცა ჩვენთან ჯერ ათასიც არ არის. ამიტომ როცა არ იცი, რასთან გაქვს საქმე, ყოველთვის ფრთხილად უნდა იმოქმედო. გავიხსენოთ, თავიდან საქართველოს მთავრობამ ავიამიმოსვლა აკრძალა ჩინეთთან, ირანთან, შემდეგ იტალიასთან, ეტაპობრივად შემოჰქონდა შეზღუდვები. რაღაც პერიოდის განმავლობაში მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები მუშაობდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი გაჩერდა, რეგიონების ნაწილი ჩაიკეტა და ამ მიზნით ჯარიც კი გამოიყენეს, საზღვარი მაქსიმალურად კონტროლდებოდა. ჩვენი მოქალაქეები დაბრუნდნენ საზღვარგარეთიდან და ორკვირიან კარანტინში 4-5-ვარსკვლავიან სასტუმროში იმყოფებოდნენ, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებდა. თან საქართველოს ეკონომიკა სუსტად განვითარებულია. ამიტომ პრემიერ-მინისტრისა და მთლიანად მთავრობის საქმიანობას დადებითად ვაფასებ. ფაქტებზე დაყრდნობით ვამბობ ამას: ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო 15 ქვეყანაში ფრენების აღდგენის შესახებ და პოსტსაბჭოთა სივრციდან, არაევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, მხოლოდ საქართველო მოხვდა ამ სიაში. ამიტომ შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ: მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები დაიდო და გაგვიმართლა, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში საქართველოს მთავრობას ბატონი გიორგი გახარია ედგა სათავეში, რომელსაც კარგი მმართველობითი უნარები აღმოაჩნდა. რაც შეეხება მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ჩვენ ვერ შევაფასებთ, რამდენად სწორი იყო ეს ნაბიჯები, რადგანაც არავინ იცის, რა არის სწორი, მაშინ როცა საქმე გაქვს ამოუცნობ ფენომენთან. ამ პირობებში იმაზე საუბარი, თუ რომელი მოდელია სწორი _ ქართული, შვედური, ბრიტანული თუ სომხური, ჯერჯერობით, ვერ ვიტყვით. მხოლოდ შედეგებით უნდა გავაკეთოთ დასკვნები. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანდაცვის თვალსაზრისით საქართველო ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიცხვშია, ანუ ჩვენი მწირი რესურსი სწორად გამოვიყენეთ.
_ თქვენ ახსენეთ ავიამიმოსვლის აღდგენა. საქართველოს აქვს „მწვანე ზონის“ სტატუსი და შეუძლია აღადგინოს ფრენები, თუმცა ხელისუფლება თავს იკავებს. რამდენად სწორია ეს ეკონომიკური თვალსაზრისით?
_ ტურისტული სეზონი ისედაც ჩავარდნილია. იმ ქვეყნებში, საიდანაც ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ, ეკონომიკა გაჩერებულია. ჩვენთან ტურისტები, ძირითადად, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოდიოდნენ, რომლებთანაც საზღვრების გახსნა გამოუსწორებელი შეცდომა იქნება. რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის მოსაზრება, რომ ტურისტების შემოსვლით ეპიდემიური ვითარების გაუარესების იმდენად მაღალი რისკებია, რომ არ გვიღირსო, _ ვეთანხმები!!! ტურიზმის გახსნა იმდენ შედეგს არ მოგვცემს, რამდენადაც რისკს გაზრდის. ეს რისკი კი ხარჯიანია და არ არის გამართლებული.
_ ამ ყველაფრის პარალელურად გაიზარდა საგარეო ვალი, ეს რა რისკების შემცველია და ოპოზიცია ხშირად აპელირებს ამ თემაზე. რამდენად გამართლებულია მათი შეფასებები?
_ ზუსტად იმიტომ, რომ ქვეყანა ეპიდემიური პროცესების მართვის თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდა, საქართველოს შეღავათიანი სესხით და გრანტით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა. ჯამურად, ეს თანხა 3,5 მილიარდი დოლარია, რაც ძალიან დიდია მცირე საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს თანხა მოგვცეს, რათა „მწვანე ზონის“ სტატუსი შევინარჩუნოთ. დამოუკიდებლად ეს რესურსები არ გვქონდა, თანაც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 1 მილიარდ 800 მილიონით შემცირდა. რაც შეეხება ოპოზიციას, სწორედ მათ არ აქვთ ხმა ამოსაღები: 2008 წლის აპრილში ნახევარი მილიარდი დოლარის ევროობლიგაციით სესხი რისთვის აიღეს?! ახლა კი იმისთვის ავიღეთ, რომ მოსახლეობასაც და ბიზნესსაც დავეხმაროთ. რამდენ ხანს გასტანს ეს კრიზისი, არავინ იცის. სანამ არ იქნება ვაქცინა და მკურნალობის ეფექტიანი გზები, ეკონომიკაში არსებითად არაფერი შეიცვლება. ასე რომ, საგარეო ვალის აღება ჩემთვის გასაგებია, მით უფრო ყველა ის დონორი, რომელიც საქართველოს გვერდით დაუდგა, ამ ფულის გამოყენების სისწორეს გააკონტროლებს. გასათვალისწინებელია, რომ ნახევარ მილიარდამდე დოლარი ეროვნულ ბანკს მიეცა, რადგან გაცვლითი კურსის სტაბილურობა შენარჩუნდეს. ასე რომ, ყველაფერი მიზნობრივია.
ოპოზიცია იმისთვის არსებობს, რომ მთავრობა აკრიტიკოს. თუმცა არის ზნეობრივი ფაქტორები, რომელიც მიზანშეწონილია, დაცული იყოს. არცთუ იშვიათად ოპოზიცია შეიძლება სწორად აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ოპოზიცია რაიმე საკითხში აკრიტიკებს ხელისუფლებას, თავად რამდენად აქვს ამის მორალური უფლება? ახლა, როცა ოპოზიცია აკრიტიკებს მთავრობას იმაში, რომ არ შეცვალა ესა თუ ის სისტემა, რომელიც ოპოზიციის მიერაა შექმნილი, ისმის კითხვა, _ რატომ შექმნეს ასეთი სისტემა ან ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყვნენ, შეცვლიდნენ?! ჯერ ოპოზიციაში არიან, ხელისუფლებაში არ მოსულან და რამდენ აგრესიასა და მუქარას გამოხატავენ. მეტიც, სიებსაც ადგენდნენ, ხელისუფლებაში რომ მოვიდოდნენ, ვის დაიჭერდნენ. თუ მათ თავისნაირი აგრესიული ამომრჩეველი არ ჰყავთ, ნორმალური ადამიანი ხმას რატომ მისცემს? მე „ქართული ოცნება“ სხვადასხვა მიზეზთა გამო ხშირადაც გამიკრიტიკებია, მაგრამ ეს მიზეზები ვერ შეედრება იმ ბოროტებას, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას ხდებოდა.
დღევანდელი მდგომარეობით „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების გარდა ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მოქმედი ხელისუფლების ჩანაცვლება შეუძლია. „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება კი ნიშნავს, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, ბოკერიასა და მერაბიშვილის აგრესიულობის რეალობაში გადატანას. გავიარეთ ეს და აღარ გვინდა! მიუხედავად იმ შეცდომებისა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მმართველობის 8-წლიან პერიოდში დაუშვა, ეს ნამდვილად არ არის იმ მასშტაბის, რაც უკვე ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობისას. თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს სერიოზული ხარვეზები, „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ, საშიშია. ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ საკმაო უპირატესობით გაიმარჯვებს.
_ კორონავირუსი „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მომგებიანი პარტნიორი აღმოჩნდა? როგორც ოპოზიცია აცხადებს, ამ თემას იყენებს თუ არა მმართველი გუნდი თავის სასარგებლოდ?
_ კორონავირუსი სპეციალურად არ დაუმთხვევიათ საარჩევნო პერიოდისთვის, ეს არ შეუკვეთავს არც ბიძინა ივანიშვილს ან თუნდაც დონალდ ტრამპს, რომელსაც ასევე 2020 წელს აქვს არჩევნები. ეპიდემია არავის „ეკითხება“, როდის გაჩნდება… ჩვენ კი საარჩევნო ვადები კონსტიტუციურად გვაქვს განსაზღვრული.
მთავრობა, რომელმაც წარმატებულად გაართვა თავი პანდემიას, ორ ფრონტზე მოქმედებს: ერთზე ასრულებს თავის საქმიანობას, რაც ევალება, როგორც მთავრობას და მეორეზე უნდა, რომ არჩევნები მოიგოს. ყველა მთავრობა ასე იქცევა, ოღონდ ზოგი ამას თავს აბამს, ზოგი კი _ ვერ. გიორგი გახარიას მთავრობას კრიზისულ ვითარებაში ქვეყნის მართვის უნარი აღმოაჩნდა. თუ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ბ-ნი გახარიას მთავრობა რაიმე სერიოზულ შეცდომას არ დაუშვებს, საკმაოდ რეალური შანსი აქვს არჩევნების მოსაგებად. იმ შემთხვევაშიც, თუ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ დასჭირდება კოალიციური მთავრობის შექმნა, საპარლამენტო რესპუბლიკაში ამ კულტურის განვითარებას, მხოლოდ და მხოლოდ, მივესალმები.

ნენე ინჯგია